ფსიქოლოგიური დახმარება
ძალიან მინდა პროფესია შევიცვალო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ვეტერინარი გამოვსულიყავი, მაგრამ მშობლებმა გადამაფიქრებინეს - არაპრესტიჟულიაო. საბოლოოდ ეკონომისტი გავხდი, მაგრამ ჩემი პროფესია არ მიყვარს. სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ ჩემს აუხდენელ ოცნებას, ფულიც მაქვს განათლების მისაღებად, მაგრამ მაშინებს ის, რომ სტუდენტები და ლექტორები დამცინებენ - მე ხომ პატარა აღარ ვარ. თანაც სანამ სწავლას დავასრულებ, 40 წელსაც მივუკაკუნებ, ამ ასაკში კი კარიერის დაწყება ძნელია. როგორ მოვიქცე? მაია, 34 წლის
ერთი ცნობილი ანეკდოტისა არ იყოს, ვეტერინარი იქნებით თუ ეკონომისტი, 40-ისა მაინც გახდებით. მაგრამ ერთია იმის ცოდნა, რომ სანუკვარ ოცნებას აისრულებთ, და მეორე - იმისა, რომ არც კი გიცდიათ ოცნებისთვის ხორცის შესხმა. იქნებ მაინც გაბედოთ. ბოლოს და ბოლოს, ორი დიპლომი სჯობს ერთს. რაც შეეხება თანაკურსელებსა და მათ დამოკიდებულებას, ამაზე ფიქრიც არ ღირს - თქვენ ხომ განათლების მისაღებად აბარებთ უმაღლეს სასწავლებელში და არა იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ. ლექტორებს კი, როგორც წესი, უყვართ მოწიფული სტუდენტები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ და რომელთათვისაც სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხიარული სტუდენტური ცხოვრება.
ამ რამდენიმე ხნის წინ ქმარს გავეყარე. იმ დღიდან თითქოს გამოცვალესო - დაიწყო ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ ბავშვს ცუდად ვუვლი, ცუდად ვზრდი, არ ვყიდულობ მისთვის იმას, რაც საჭიროა... ჩვენს საერთო ნაცნობებთან გამუდმებით იმაზე ლაპარაკობს, რა ცუდი ცოლი ვიყავი და ცუდი დედა ვარ.... ეს ისეთი აშკარა სიცრუეა, დედამისიც კი არ ეთანხმება. არ ვიცი, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს მასთან ამის შემდეგ... ინგა, 32 წლის
თქვენი ყოფილი ქმრის საქციელი გასაგებია. მას გაუჭირდა თქვენთან განშორება და იმისთვის, რომ არ იგრძნოს ტკივილი, დანაშაული და დარდი, ცდილობს, მხოლოდ უარყოფითი კუთხით დაგინახოთ, დაარწმუნოს სხვებიც და საკუთარი თავიც, რომ განხეთქილება მხოლოდ თქვენი ბრალია. გარდა ამისა, თქვენი ერთად ცხოვრების განმავლობაში ალბათ ბევრი ნეგატიური ემოცია დაუგროვდა და აი, ახლა გამოხატავს. თუ თქვენს ყოფილ ქმარს ზედმეტი მოსდის, ეცადეთ, მასთან ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ვალდებული არ ხართ, მისი უსაფუძვლო ბრალდებები მოითმინოთ.
რაც შეეხება ბავშვს, მისი ამბები შეგიძლიათ დედამთილის პირით შეატყობინოთ. კიდევ ერთი: არავითარ შემთხვევაში არ შეუშალოთ ხელი მამისა და შვილის ურთიერთობას - თქვენს კონფლიქტს ბავშვი არ უნდა ემსხვერპლოს.
როცა ჩემი ქმარი გავიცანი, ის აქტიურად მისდევდა სპორტს, ჰქონდა შესანიშნავი აღნაგობა, დაკუნთული სხეული... ჩვენი შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ მან ვარჯიშს თავი დაანება და ძალიან გასუქდა. ამის გამო ინტიმურ სფეროშიც შეგვექმნა სირთულეები, რადგან უწინდებურად აღარ მიზიდავს. მისი სიმსუქნე მაღიზიანებს კიდეც... მაგრამ როგორ ვუთხრა ეს ისე, რომ არ ვაწყენინო? ლიკა, 29 წლის
ასეთ დელიკატურ თემას მართლაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. აქცენტი უნდა გააკეთოთ არა იმაზე, როგორი გახდა თქვენი ქმარი ახლა, არამედ იმაზე, როგორი მომხიბვლელი და სპორტული იყო ადრე. გადაკვრით მიანიშნეთ, რომ როცა ის პირველად დაინახეთ, თქვენ მოგხიბლათ მისმა სპორტულმა ფიგურამ და დაკუნთულმა სხეულმა. გამოთქვით აგრეთვე შეშფოთება მისი ჯანმრთელობის გამო - ზედმეტი წონა ხომ დამატებითი დატვირთვაა ორგანიზმისთვის, მათ შორის - გულისთვისაც. ყველაზე უკეთ კი შეიძლება პირადმა მაგალითმა გაჭრას - თქვენ თვითონ მოჰკიდეთ ხელი სპორტს და სთხოვეთ ქმარს, კომპანიონობა გაგიწიოთ.
ბებიაჩემი გულწრფელად ზრუნავს ჩემზე და ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მისი მცდელობა, დაზოგოს ჩემი ფული, მაღიზიანებს. ხშირად ყიდულობს გაიაფებულ ჭურჭელს, თეთრეულს, ზოგჯერ - ტანსაცმელსაც, რომ "მისმა შვილიშვილმა მაღაზიებში არ ირბინოს და ფული არ ხარჯოს"... რა თქმა უნდა, მე ვიღებ მის საჩუქრებს, - ხომ ვერ ვაწყენინებ, - მაგრამ ყველაფერს კარადაში ვინახავ და ვივიწყებ. ბებია კი გამუდმებით მეკითხება, რატომ არ ვიცვამ მის ნაყიდ ხალათს ან არ ვხმარობ საწოლის თეთრეულს. მეც ათასგვარ ტყუილს ვიგონებ, მაგრამ ამან უკვე დამღალა... როგორ მოვიქცე? ია, 27 წლის
ბებიას საყვარელ შვილიშვილზე ზრუნვას ვერ აუკრძალავ. შეგიძლიათ, მისი მზრუნველობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ: თუ ბებიას მოსწონს ფასდაკლებით ნივთების შესაძენად სიარული, სთხოვეთ გიყიდოთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ, მაგალითად, ხელსაწმენდები ან ისეთი ნივთი, რომელსაც ძებნა სჭირდება, თუნდაც ვარდისფერ-ნაცრისფერი გადასაფარებელი. თქვენ მიიღებთ იმას, რაც გსურდათ და გულწრფელ მადლობას გადაუხდით ბებიას დახმარებისთვის. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს თვითონ ბებია, რაკი ეცოდინება, რომ თხოვნა შეგისრულათ!
შეგიძლიათ, სხვა ისეთი რამეც სთხოვოთ, რისთვისაც თავად ვერ იცლით. მაგალითად, კომუნალური გადასახადის გადახდა. გახსოვდეთ: ასაკოვანი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ მას ოჯახის წევრებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქმარი მღალატობს, მაგრამ თვითონ კატეგორიულად უარყოფს ამას... რამდენიმე ხნის წინ დამირეკა ქალმა, რომელიც ამბობს, რომ მისი საყვარელია, მეუღლე კი მიმტკიცებს, არავინ მყავსო... მარი, 28 წლის
ქმრის ღალატის არავითარი საბუთი არ გაქვთ; მაშ, რატომ უნდა დაუჯეროთ უცხო ადამიანს და არა მამაკაცს, რომელთანაც ამდენი წელია ცხოვრობთ? და თუ მართლა გატყუებთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენთან განშორება არ სურს. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გაარკვიეთ, თავად რას გრძნობთ მეუღლის მიმართ.
რამდენიმე წლის წინ ერთ ყმაწვილს ვხვდებოდი. კარგა ხანი გავიდა, ვიდრე მივხვდი, რას წარმოადგენდა ის სინამდვილეში. მან ბევრ ჩემს მეგობარს ფული გამოართვა სესხად და არ დაუბრუნა... ჩვენს ურთიერთობაშიც ყველაფერი ვერ იყო რიგზე - ერთი-ორჯერ ხელითაც შემეხო... რა თქმა უნდა, დავშორდი. ახლახან კი შევიტყვე, რომ ეს ბიჭი ჩემს ნაცნობ გოგონას ხვდება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე: გავაფრთხილო ეს გოგონა თუ არ ჩავერიო? ალბათ, არც დამიჯერებს და ჩემთან ურთიერთობასაც გაწყვეტს. ნინო, 24 წლის
დაფიქრდით, რას იგრძნობდით თავად, რომ გაგეგოთ, რომ თქვენმა რომელიმე ნაცნობმა იცოდა თქვენი შეყვარებულის მანკიერი თვისებების შესახებ, მაგრამ არაფერი გითხრათ. ალბათ, ძალიან გაბრაზდებოდით. გაფრთხილებულია - ესე იგი შეიარაღებულია... გამორიცხული არ არის, იმ გოგონამ არ დაგიჯეროთ, მაგრამ თუ სიმართლეს ეტყვით, ის უფრო ყურადღებით იქნება და თუ ახალი შეყვარებული უხეშად მოექცევა ან ფულთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს, ეცოდინება, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. გირჩევთ, გაესაუბროთ, რათა მართალი იყოთ საკუთარ თავთან და სინდისის ქენჯნამ არ დაგტანჯოთ.