ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ამასთან, მამაკაცებს ყველაზე ხშირად ლამაზი და ახალგაზრდა ცოლის ღალატი აშინებთ. ქალები კი წარმატებულ, საზოგადოებაში მყარი პოზიციის მქონე მამაკაცებს ენდობიან ნაკლებად.
ფსიქოლოგები 4 სახის ეჭვიანობას გამოყოფენ: ზოგი მათგანი ანგრევს ურთიერთობას, ზოგი კი ხელს უწყობს მათ გაძლიერებას.
პრევენციული
ტირანისა და მსხვერპლის კლასიკური ურთიერთობის ფორმაა. ეჭვიანი ადამიანი ცდილობს აღკვეთოს შესაძლო სასიყვარულო კავშირები და ხელოვნურ შეზღუდვებს უწესებს მეორე ნახევარს. მაგალითისთვის: მამაკაცი მეუღლეს საღამოებზე წასვლას უკრძალავს იმ მიზეზით, რომ სხვა კაცების გარემოცვაში აღმოჩნდება. ქალი კი, მკაცრად აკონტროლებს ქმრის სახლში დაბრუნებას, რათა უკანასკნელმა ახალი ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლოს. სინამდვილეში, შეზღუდვას არანაირი შედეგი არ მოაქვს, პირიქით, მეტად აღძრავს ინტერესს „აკრძალული ხილის“ მიმართ. შედეგად კი მოსალოდნელი ეჭვი მართლდება.
რეაქციული
ეჭვიანობის ყველაზე უბრალო და გასაგები სახეა. დაოჯახებული ადამიანი შეხვედრისას სასიყვარულო ხასიათის ურთიერთობას აბამს, ღალატის გამჟღავნება, რა თქმა უნდა, მეორე ნახევრისთვის განრისხებისა და უარყოფითი ემოციების მომტანია. რეაქციული ეჭვიანობა რეალურად მომხდარი ქმედების გამოძახილია. ჩვეულებრივ, ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად უფრთხილდებიან ურთიერთობებს და რჩეულის დაკარგვას გაურბიან.
რეტროაქტიური
ეჭვიანობის ეს სახე პარტნიორის წარსულით არაჯანსაღ დაინტერესებას გულისხმობს. რეტროაქტიური ეჭვიანობა მსუბუქი ფორმით ყველა ჩვენგანს განუცდია. ხდება მაშინ, როცა ჩვენი რჩეულის ყოფილი თაყვანისმცემლების გახსენებისას, მცირედ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას ვგრძნობთ. მაგრამ, როცა ეჭვიანობის გრძნობა ძლიერია, მაშინ საკმაოდ მტკივნეულად ვლინდება: ადამიანი თავის მეგობარს ხშირად ეკითხება წარსულზე, სოციალურ ქსელებში ათვალიერებს მის ძველ გვერდებს, თავს იტანჯავს მათზე მუდმივი ფიქრით. რეტროაქტიური ეჭვიანობის საფუძველი ჩვენივე კომპლექსებია. მასთან ბრძოლის წესი ერთია – ავიმაღლოთ თვითშეფასება.
შფოთვითი
შფოთვითი ეჭვიანობა ადამიანს აიძულებს მუდმივად დაძაბული იყოს. ყოველდღიური უბრალო ურთიერთობები ეჭვიანობის მიზეზი ხდება. მეორე მხარის შემთხვევით ღიმილს საწინააღმდეგო სქესის მიმართ, უკვე შეუძლია ეჭვის გამოწვევა. მომავლის უსაფუძვლო შიში შფოთვითი ეჭვიანობის თანმდევია. იგი თავისი არსით ნერვული აშლილობაა და უკავშირდება შინაგან მღელვარებას, თავდაუჯერებლობას, ურთიერთობების მუდმივ წყურვილს.
ეჭვიანობის რომელი ფორმაა სასარგებლო წყვილისთვის?
ტრადიციულად, ითვლება, რომ ეს ფეთქებადი გრძნობა ვნებს ურთიერთობებს. თუმცა, მეცნიერებმა 144 წყვილი გამოიკვლიეს და დაადგინეს. რომ:
- შფოთვითი სახის ეჭვიანობა, შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს ურთიერთობებისთვის, რადგან, როგორც წესი, ეს უკანასკნელნი ცდილობენ მეტად მიიპყრონ მეორე ნახევრის ყურადღება და გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.
- ადამიანები რეაქციული ეჭვიანობით, რომლებიც მრისხანებას განიცდიან მოღალატის მიმართ, ხშირად ამჟღავნებენ შფოთვითი ფორმის ეჭვიანობასაც. ისინი ცდილობენ მეტად საინტერესო და სასურველნი გახდნენ საყვარელი ადამიანისთვის, რაც ხშირად თვითგანვითარების საფუძველია. მამაკაცები იშვიათად ირჩევენ მსგავს გზას, მათმა უნდობლობამ შესაძლოა სამუდამოდ დაანგრიოს ურთიერთობა.
- რეაქციული ეჭვიანობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა, რამდენადაც გამართლებულია და გამოხატავს სიყვარულს რჩეულის მიმართ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოღალატე მეორე მხარის მიმართ გულწრფელ განწყობას და სიტუაციის შეცვლის სურვილს ქცევით დაადასტურებს.
ადამიანებისთვის, რომელთაც ეჭვიანობის სხვა ფორმა აწუხებთ, მნიშვნელოვანია, გაარკვიონ, რითაა გამოწვეული მათი განცდა: პარტნიორის მიმართ უნდობლობით, კომპლექსებით, შიშებით თუ მისაკუთრების სურვილით. ხშირად ეჭვიანობა ნამდვილ გრძნობას ფარავს. როდესაც მივხვდებით, რომ პრობლემა ჩვენშია და არა ჩვენს ახლობელ ადამიანში, შევძლებთ მას გავუმკლავდეთ.
რა არის ეჭვიანობა? აკვიატებული ნევროზი? განსაკუთრებული ტიპის აშლილობა? პარანოია? იქნებ პარანოიდული აშლილობა უფრო მძიმე დაავადების გამოვლინებაა?
ეს კითხვა აწუხებთ არა მხოლოდ ქალებს, რომლებიც ეჭვიანობის მსხვერპლნი ხდებიან, არამედ მამაკაცებსაც. ბევრს სურს, თავი დააღწიოს ამ არა მხოლოდ მისთვის, არამედ საყვარელი ადამიანისთვისაც მტანჯველ გრძნობას. ამერიკელმა მეცნიერმა, დევიდ ლესტერმა, გამოიკვლია რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ეჭვიანობის გამო სამი წლის წინ გაჰყროდნენ ცოლებს. გამოკვლევის შედეგებმა მეცნიერთა სამყარო გააოცა: გამოკვლეულთა უმრავლესობა მეორედ აღმოჩნდა დაქორწინებული და, რაც მთავარია, არავითარი „პარანოია“ და „აკვიატება“ აღარ აწამებდათ. მეუღლეებად ისეთი მოკრძალებული, უჩინარი, არაფრით გამორჩეული, შეუხედავი ქალები აერჩიათ, მათზე ეჭვიანობა შეუძლებელი იყო. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ამ მამაკაცებმა გააცნობიერეს თავიანთი პრობლემა, შეეგუვნენ მას და ისეთი პარტნიორები აირჩიეს, რომლებიც მათში ოტელოს არ გააღვიძებდნენ.
ავსტრალიელმა ფსიქოთერაპევტმა, ვან ვალდმა, ორმოცი წელი შესწირა ეჭვიანობის პრობლემის შესწავლას და ამ მიმართულებით მომუშავე მთელი სამეცნიერო სკოლა შექმნა. აი, რა გაარკვია მან: ეჭვიანი მამაკაცების დაახლოებით ნახევარს მეგობარი გოგონას გვერდით სხვა მამაკაცის წარმოდგენაც კი, თურმე, ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში აცოფებდა; გრძნობდნენ, რომ შეყვარებულს აუცილებლად მოსთხოვდნენ ერთგულებას და რადაც უნდა დასჯდომოდათ, მიაღწევდნენ კიდეც ამას. ამ ტიპის მამაკაცები ცოლქმრობის პირველივე წუთებიდან იწყებდნენ ეჭვიანობას. მეორენი, მათთვისვე მოულოდნელად, დაქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდებოდნენ ეჭვიანები, გამუდმებით თან სდევდათ ცოლის ღალატზე ფიქრი, თვითონვე უკვირდათ და ცდილობდნენ, ამაზე აღარ ეფიქრათ, მაგრამ ამაოდ. კაცები, რომლებმაც ცოლის შერთვამდე არ იცოდნენ, რა იყო ეჭვიანობა, დაქორწინების შემდეგ ფსიქოპათებად იქცნენ, რომლებიც თავიანთ „წყეულ“ ცოლებს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.
დიდი ხანი არ არის, რაც მკვლევრებმა ერთი რამ აღმოაჩინეს: თურმე, ეჭვიანი მამაკაცები სხვებზე 10-15 წლით ნაკლებს ცოცხლობენ. ისინი უმეტესად ჰიპერტონიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადდებიან და დაახლოებით 60 წლის ასაკში იღუპებიან. ეჭვიანობის შეტევის დროს (არცთუ იშვიათად – უამისოდაც) მამაკაცებს არტერიული წნევა მაღლა უწევთ, კუნთები ეძაბებათ, ტვინის ქერქის ელექტრული აქტივობა პიკს აღწევს და ისე ინტენსიურად განიმუხტება, რომ ეპილეფსიის შეტევას მოგვაგონებს. სისხლის ფორმულაც კი იცვლება. 35 წლის ეჭვიანი მამაკაცი გარეგნობით ორმოცდაათი წლისას ჰგავს, თავი კი უფრო მოხუციც ჰგონია. მრავალი მათგანი თვითონვე ხვდება, სწორად რომ არ იქცევა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეჭვი როგორმე მოიშოროს. რას აღარ აკეთებენ: ზოგი ცდილობს, ცოლის წარსულზე ყველაფერი შეიტყოს (ეგებ ამის შემდეგ მაინც მოისვენოს!), ზოგი წამლებს სვამს. ზოგიერთი მართლაც ახერხებს განკურნებას, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ ცოტა ხნით მშვიდდება და მერე ხელახლა იწყებს ეჭვიანობას. ასეთ მამაკაცთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სავსებით ჯანმრთელია. ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ვერც კი უხსენებთ, ექიმთან მისვლაზე კი გაყრის შიშით თუ დაითანხმებთ. უცნაური ის არის, რომ თუმცაღა დარწმუნებულნი არიან, რომ ცოლები ღალატობენ, მათი დაკარგვა მაინც არ სურთ.
როგორ დავეხმაროთ მათ?
ეს ეჭვები იმდენად უსაფუძვლოა, საბუთები კი ისეთი უსუსური, რომ ფსიქოთერაპევტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით – ახალგაზრდები, დიდი ენთუზიაზმით ჰკიდებს ხელს ეჭვიანთა ქცევის კორექციას; ზოგიერთი მსუბუქ ნეიროლეპტიკებსაც იშველიებს. განსაკუთრებით ჯიუტებისთვის იყენებენ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდს, ხანგრძლივი ფსიქოანალიზიდან და გეშტალტტექნიკიდან (რომელიც ფსიქიკურ განცდაზე ზემოქმედებას გულისხმობს) დაწყებული, ჰიპნოზითა და ძლიერმოქმედი პრეპარატებით დამთავრებული; ქმნიან ეჭვიანი მამაკაცების ფსიქოთერაპიულ ჯგუფებს, სადაც ისინი, ანონიმური „ალკოჰოლიკების“ დარად, ერთმანეთს ეხმარებიან. სამწუხაროდ, არც ერთი მეთოდი ბოლომდე საიმედო არ გახლავთ. რაკი ფსიქოთერაპიული მეთოდების ტრადიციულმა არსენალმა დამაკმაყოფილებელი შედეგები ვერ გამოიღო, სპეციალისტთა დიდმა ნაწილმა მათზე უარი თქვა. ზოგიერთმა მათ ნაცვლად ასეთ ხერხს მიმართა: „მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვენს ცოლს ღალატისადმი აქვს მიდრეკილება, მოთხოვნილება, რომ მიგატოვოთ. სხვა მხრივ მასთან არაფერი გაქვთ სადავო – მეტი ნაკლი მას არ გააჩნია. ვინაიდან თქვენ გიყვართ ეს ქალი, ვერ შეეგუებით მის დაკარგვას და არ აპირებთ მასთან განშორებას, მოდი, მივუდგეთ მის ამ მიდრეკილებას როგორც ადამიანურ სისუსტეს და შევეგუოთ, სცადეთ გიყვარდეთ იგი ისეთი, როგორიც არის“. მეტი ეფექტისთვის კი ფსიქოთერაპევტები საგანგებო ჰიპნოზურ შთაგონებასაც იშველიებენ. ამგვარი ზემოქმედების შემდეგ ეჭვიან მამაკაცს დაძაბულობა უქრება. მართალია, სანაცვლოდ ითრგუნება და ხშირად დეპრესიაც ეუფლება, მაგრამ ამას უფრო ადვილად იტანს, ვიდრე ეჭვით გამოწვეულ მღელვარებას. ემოციური წონასწორობა მალე აღუდგება, მეუღლეს აღარ აწამებს და მათი ცოლქმრული ცხოვრებაც კალაპოტში დგება.