ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ჩემი ქმარი ჩვენს გოგონას ხშირად ანებივრებს სასუსნავით. ვცდილობ ავუხსნა, რომ ორი წლის ბავშვისთვის სიმინდის ბურბუშელა, ჩიპსები და ჩუპა-ჩუპსი მავნეა, მაგრამ თავისას არ იშლის - ცოტ-ცოტა არაფერს დაუშავებსო. როგორ გადავარწმუნო? ირინა, 28 წლის

მამაკაცებს უყვართ არგუმენტებით კამათი - ეს არ დაივიწყოთ. როცა ქმარს სთხოვთ, არ შეიძინოს ბავშვისთვის მავნე ტკბილეული, ის ამას მისი ავტორიტეტისადმი კონკურენციად აღიქვამს. სჯობს აუხსნათ, რა ზიანს აყენებს შაქარი კბილებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას, მოიხმოთ სამედიცინო სტატისტიკა.

გოგონას გასანებივრებლად სხვა საშუალება მოძებნეთ: ახალი წიგნი, ასაწყობი ნახატები; თუ მაინცდამაინც ტკბილეულს გთხოვთ, უყიდეთ ქიშმიში. ამავე დროს, ისიც გაითვალისწინეთ, რომ გოგონა ვერ შეძლებს მთელი ცხოვრება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებას, ამიტომ მიეცით მავნე პროდუქტებისადმი ადაპტაციის საშუალებაც.

საუკეთესო მეგობარი თანდათან მშორდება. ერთი წლის წინ გათხოვდა, ბავშვიც შეეძინა. თავდაპირველად ჩვენს ურთიერთობას არაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. მე მგონი, პრობლემა ის არის, რომ მის ქმარს არ მოვწონვარ. როგორ შევინარჩუნო მეგობარი? ნატა, 31 წლის

აეწყვეთ თქვენი მეგობრის ტალღაზე. რა აღელვებს მას ამჟამად ყველაზე მეტად? ალბათ, ბავშვის მოვლასა და აღზრდასთან დაკავშირებული ლიტერატურა, კარგი პედიატრის პოვნა, ზედმეტი წონისგან გათავისუფლება.

დაეხმარეთ მას: ერთად იარეთ მაღაზიებში, ჩაეწერეთ ფიტნესკლუბში. მალე ის ადაპტაციას მოახდენს თავის ახალ როლთან და თქვენი ძველი ურთიერთობაც აღდგება. რაც შეეხება მისი ქმრის თქვენდამი დამოკიდებულებას, ეცადეთ, არ გააღიზიანოთ: ნუ დაურეკავთ მეტისმეტად ხშირად და გვიან, ნუ ესაუბრებით საათობით. ჰკითხეთ მეგობარს, ხომ არ სურს, ბავშვი ერთად გაასეირნოთ. ვფიქრობ, ის წინააღმდეგი არ იქნება, ერთმანეთს შეუთავსოს სასიამოვნო და სასარგებლო.

ჩემი ცხოვრება შესანიშნავად აეწყო - მყავს ქმარი, მშობლები, მაქვს საყვარელი სამუშაო. მაგრამ ბოლო დროს გამიჩნდა შიში, რომ აუცილებლად რაღაც შემემთხვევა, მაგალითად, ღამით თავს დამესხმებიან, მცემენ და გამაუპატიურებენ. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენს უბანში ასეთი რამ რამდენიმჯერ უკვე მოხდა. გამუდმებით ვთხოვ მამას ან ქმარს, სამსახურის შემდეგ შემხვდნენ და სახლში წამიყვანონ, მაგრამ ესეც არ მშველის, ბოლომდე მაინც ვერ ვმშვიდდები. ელენე, 32 წლის

თქვენ განუწყვეტლივ მომავალზე ფიქრობთ, გინდათ დარწმუნდეთ, რომ არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ, და რადგან ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, გიპყრობთ შიში. ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რა შემიძლია გავაკეთო საფრთხის თავიდან ასაცილებლად?"

არ შეიძლება, ყველაფრის გეშინოდეს; უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ალბათობა: შევარჩიოთ ყველაზე უსაფრთხო მარშრუტი სამსახურიდან სახლამდე, ყურადღებით ვიყოთ, რომ ვინმე არ აგვედევნოს, მოვიფიქროთ, როგორ ვუხმოთ მშველელს თავდასხმის შემთხვევაში. უბანში მომხდარ ყველა შემთხვევას საკუთარ თავზე ნუ გადაიტანთ - ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი მიზეზი აქვს და მათი განმეორება სრულიადაც არ არის გარდაუვალი.


მშურს ჩემი თანატოლების - 30 წლისთვის მრავალმა მათგანმა რაღაცას მიაღწია, მე კი არაფერი გამომდის. თუმცა მიმაჩნია, რომ ნიჭიერი ვარ. უბრალოდ, დრო და ძალა არ მყოფნის თვითრეალიზაციისთვის. არის სხვა პრობლემაც: სწრაფად მეცვლება ინტერესები. ხშირად ვმონაწილეობ პროექტებში, სემინარებში, გამოფენებში. ასეთ დროს მაქვს განცდა, რომ ვიღაცას ვჭირდები, რომ ვიხსნები. მაგრამ მორიგი პროექტი მთავრდება და ისევ მეჩვენება, რომ დროს ვკარგავ - მე ხომ მეტი შემიძლია! ნინო, 27 წლის

ინტერესთა სიმრავლე გახასიათებთ, ესე იგი, მრავალმხრივი, შემოქმედი პიროვნება ბრძანდებით, შემოქმედი ადამიანებისთვის კი დამახასიათებელია აღმასვლა და დაცემა. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რათა გაიაზროთ მიღებული გამოცდილება, დაგებადოთ ახალი იდეები. ამიტომ აღიქვით ეს როგორც სტიმული მომავალი მიღწევებისთვის. შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში დეპრესიამ რომ არ შეგიპყროთ, გამოიყენეთ ეს დრო გადადებული საქმეების მოსაგვარებლად, მერე კი თვალი გადაავლეთ თქვენი პიროვნული თუ პროფესიული ზრდის შედეგებს.

ეცადეთ, სისტემურად გაიაზროთ ის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობთ. შესაძლოა, ისინი სხვადასხვა სფეროს ეხებოდეს, მაგრამ მიმართული იყოს ერთი და იმავე პრობლემის გადასაჭრელად. ფართო, მრავალმხრივი ცოდნა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

იმ კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობ, მუშაობს ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონს. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ჩემდამი ინტერესს ამჟღავნებს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ადგილიდან არ იძვრის იმის გამო, რომ მისი დანახვისას ვიბნევი, მეშინია, საუბრისას რამე სისულელე არ წამოვროშო, უნიჭოდ არ ვიხუმრო ან მის თვალში ცუდი სპეციალისტის შთაბეჭდილება არ დავტოვო. მასთან საუბრის დამთავრებას ვჩქარობ, ხოლო როცა მიახლოვდება, ისე ვიქცევი, თითქოს კოლეგასთან საუბრით ვიყო დაკავებული. მშვენივრად მესმის, რომ ყველაფერს თვითონვე ვაფუჭებ, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. სოფო, 26 წლის

კარგია, რომ ამჩნევთ და აღიარებთ საკუთარ შეცდომებს - ასე მათი გამოსწორება გაცილებით ადვილი იქნება. შეუძლებელია მოიპოვო თავდაჯერება, გახდე თამამი და ენამოსწრებული, გადალახო საყვარელი მამაკაცის დანახვით გამოწვეული მღელვარება მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გინდა. თავდაპირველად ეცადეთ, უფრო და უფრო მეტხანს ესაუბროთ.

ნუ გაიქცევით! გადააქციეთ ყველა თქვენი ნაკლი ღირსებად: არ იცით რა უპასუხოთ? - გულახდილად უთხარით, რომ მისმა კითხვამ დაგაბნიათ; დაიბენით? - დასცინეთ საკუთარ თავს და თქვენი საქციელი მღელვარებით ახსენით.

თქვენი სიმპათიური კოლეგა ემოციურ და ნაზ არსებად აღგიქვამთ, მამაკაცების უმრავლესობას კი ქალიშვილის ასეთი ქცევა მისი დაცვის, მასზე ზრუნვის სურვილს აღუძრავს. როცა მასთან პროფესიულ საკითხებზე მსჯელობა ჩვევაში გადავა, თვითონვე შეამჩნევთ, რომ უკვე ნაკლებად ღელავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, სრულიად ბუნებრივად და გაცილებით ლაღად მოიქცეთ.

ჩემს 13 წლის ვაჟს ყურის გახვრეტა სურს. არ ვიცი, რა ვუთხრა. ერთი მხრივ, ის უკვე აღარ არის ბავშვი და მისთვის კატეგორიულად რამის აკრძალვა არ შემიძლია; მეორე მხრივ, ყურის გახვრეტა ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც ეს მოდის უბრალო მიმდევრობა იყოს. საზოგადოდ, ძალიან მაღიზიანებს, როცა ბიჭები მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობას. როგორ გადავაფიქრებინო? სალომე, 35 წლის

შვილთან ერთად განიხილეთ მისი მომავალი იმიჯი, იქნებ რაიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღოთ - იმისთვის, რომ ანგარიშგასაწევი პიროვნება გახდე, სრულიადაც არ არის საჭირო ყურის გახვრეტა. გაუზიარეთ თქვენი ახალგაზრდობისდროინდელი შთაბეჭდილებები, უთხარით, როგორი ბიჭები უფრო მოსწონთ გოგონებს, რა არის მათთვის მამაკაცურობის კრიტერიუმი და ა.შ. იქნებ თქვენმა შვილმა სხვაგვარად შეხედოს ყურის გახვრეტას.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოზარდებს უყვართ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. მათი აზრით, ყურის გახვრეტა - საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის სრულიად უწყინარი მცდელობაა. ბავშვები, რომლებიც 13-14 წლის ასაკში სხვადასხვა იმიჯის მორგებას იწყებენ, 3-4 წლის შემდეგ პოულობენ საკუთარ სტილს. მკაცრი აკრძალვები და შეზღუდვები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ აფერხებს და აჭიანურებს თვითიდენტიფიკაციის პროცესს.