მამაკაცების მედიდურობა და ქალების თავმდაბლობა
როცა ადამიანებს თავიანთი ინტელექტის დონის შეფასებას სთხოვენ, უმეტესობა ამბობს, რომ საშუალოზე მაღალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) აქვს, რაც სტატისტიკურად ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ასეთი თვითშეფასება ნორმალური, ჯანსაღი კოგნიტური მიკერძოებაა და ვრცელდება ნებისმიერ სოციალურად სასურველ თვისებაზე, როგორებიცაა: პატიოსნება, მართვის უნარი და ა.შ. ეს შაბლონი მეტად გავრცელებულია და ცნობილია როგორც „საშუალოზე მაღალის ეფექტი“.
ახალ კვლევაში დევიდ რეილმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რამდენად თანმიმდევრულად აფასებენ მამაკაცები და ქალები თავიანთ IQ-ს. ამავდროულად, შეაფასეს ზოგადი თვითშეფასება და მასკულინური და ფემინური პიროვნული თვისებები.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ IQ-ს გადაჭარბებულად შეფასების მთავარი მიზეზები ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სექსი იყო. კაცად დაბადება და ძლიერი მამაკაცური თვისებების ქონა (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში) ასოცირდებოდა მაღალ ინტელექტუალურ თვითშეფასებასთან.
-
მამაკაცების მედიდურობა და ქალების თავმდაბლობა
ადამიანები, საკუთარი ინტელექტის გადაჭარბებულად შეფასების საერთო ტენდენციის მიუხედავად, სრულიად განსხვავებულები არიან. ზოგიერთს ეჭვი ეპარება თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, ხოლო ზოგიერთი გადაჭარბებულად აფასებს მას. თუმცა, მთლიანობაში, როცა ადამიანებს თავიანთი IQ-ს შეფასებას სთხოვენ, მამაკაცები ბევრად უფრო ჭკვიანებად აფასებენ თავებს, ქალები კი გაცილებით მოკრძალებულები არიან.
მკვლევრების დასკვნა შეესაბამება სხვა კვლევების შედეგებს. ფსიქოლოგმა, ადრიან ფურნემმა, ამ ეფექტს უწოდა „მამაკაცი მედიდურობა და ქალის თავმდაბლობა“. ეს ეფექტი ბევრ კულტურაში გვხვდება.
რატომ თვლიან კაცები თავს უფრო ჭკვიანებად, ქალები კი საკმარისად ვერ აფასებენ თავიანთ ინტელექტს?
-
IQ-ს სქესი არ განსაზღვრავს
ფსიქოლოგიისა და ინტელექტის მკვლევრები თანხმდებიან, რომ არ არსებობს უფრო „ჭკვიანი სქესი“. თუმცა, ამ მავნე ცნების გაბათილება მხოლოდ ინტელექტის შეფასების ობიექტური მეთოდების განვითარების შედეგად მოხდა.
ისტორიულად ითვლებოდა, რომ ქალები ნაკლებად ჭკვიანები იყვნენ, რადგან შედარებით პატარა თავის ქალა ჰქონდათ. თუმცა, ამავე ლოგიკით, სპილოს ინტელექტი, ჩვენსასთან შედარებით, ბევრად მაღალი უნდა იყოს. ამიტომ, როცა ტვინის ზომაზე ვსაუბრობთ, უფრო დიდი უფრო უკეთესს არ ნიშნავს.
გასულ საუკუნეში გენდერული სტერეოტიპები მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარებულ ქვეყნებში მათ, როგორც წესი, მხარს არ უჭერენ. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით სქესისა და ინტელექტის შესახებ იმპლიციტურ რწმენებზე, რადგან ფარული და ირიბი მიკერძოებები ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული.
სოციალური ფსიქოლოგიის კლასიკურ კვლევაში მკვლევრებმა მშობლებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი შვილების ინტელექტი. შედეგად, ვაჟები შეფასდნენ ბევრად უფრო ინტელექტუალურად, ვიდრე ქალიშვილები.
-
-
მშობლების მოლოდინებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს შვილების ინტელექტუალურ თვითშეფასებაზე და მომავალში აკადემიურ მოსწრებაზე.
-
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს გენდერული განსხვავებები თვითშეფასებაში, რადგან უფრო მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტს (მათ შორის, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს) უფრო პოზიტიურად უყურებენ. გოგონები და ქალები თავიანთ თავს მნიშვნელოვნად დაბალ შეფასებას აძლევენ, ვიდრე ბიჭები და მამაკაცები. ეს განსხვავება ვლინდება ადრეულ მოზარდობაში.
-
-
რა აღმოაჩინა კვლევამ?
მკვლევრებმა მონაწილეებს გააცნეს ინტელექტის შეფასების კრიტერიუმები და სთხოვეს, თავად შეეფასებინათ საკუთარი IQ. აუხსნევს, რომ საშუალო ქულა 100-ია და რომ ადამიანების 2/3 (66%) 85-დან 115 ქულამდე შუალედში ხვდება.
ავტორებმა მონაწილეები წინასწარ გააფრთხილეს, რომ საკუთარი IQ-ის შეფასების შემდეგ რეალური IQ ტესტის დაწერა მოუწევდათ. მკვლევრების აზრით, ეს ზედმეტი ტრაბახისაგან თავის არიდებასა და მამაკაცებისა და ქალების თვითშეფასების ზუსტ შემოწმებაში დაეხმარებოდათ.
მონაწილეებმა ასევე შეავსესზოგადი თვითშეფასების გასაზომი ტესტი და ბემის სქესის როლის კითხვარი (Bem Sex-Role Inventory), რომელიც ზომავს მასკულინურ და ფემინურ პიროვნულ თვისებებს. მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქოლოგიური სქესი (კონკრეტულად, მასკულინურობა ანუ მამაკაცურობა) იქნებოდა თვითშეფასების უკეთესი პროგნოზიორი, ვიდრე ბიოლოგიური სქესი (მამაკაცი ან ქალი დაბადებისას). შედეგებმა კი აჩვენა, რომ ბიოლოგიური სქესი რჩება ყველაზე ძლიერ ფაქტორად: მამრობითი სქესის წარმომადგენლები აფასებენ თავიანთ ინტელექტს უფრო მაღალი ქულით, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. თუმცა, ფსიქოლოგიური სქესიც საკმაოდ ძლიერი პროგნოზიორი იყო- მასკულინური სუბიექტები თავიანთ ინტელექტს უფრო მეტად აფასებდნენ (რაც მნიშვნელოვანია, ასოციაცია ფემინურობასთან არ ყოფილა).
ასევე გამოვლინდა ზოგადი თვითშეფასების მნიშვნელოვანი წვლილი მონაწილეთა ინტელექტუალურ თვითშეფასებაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მამაკაცები უფრო მაღალ თვითშეფასებას ავლენენ, ვიდრე ქალები.
-
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?
ამ გენდერულ განსხვავებებს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ახსნა, დაწყებული მშობლების დამოკიდებულებიდან გენდერული როლების შესახებ და დამთავრებული იმით, თუ რამდენ ქებას იღებენ ბავშვები მასწავლებლებისგან. თუმცა, ამ კვლევის შედეგები შეიძლება იყოს შორსმიმავალი და ახსნას ყველაფერი, დაწყებული გოგონების არჩევანით, არ განაგრძონ კარიერა მეცნიერებასა და ინჟინერიაში და დამთავრებული გენდერული ანაზღაურების სხვაობით.