ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა – ეს სიტყვები ერთმანეთის სინონიმებია
ხშირად გვხვდება კვლევები, სტატიები, სიუჟეტები თუ ღონისძიებები, სადაც საუბარია მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე. ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო ბევრმა სახელმწიფომ, კერძო კომპანიამ და ცალკეულმა ადამიანმა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს უზიარებენ.
WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა. თუმცა, ამ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის და დეფიციტური კვლევების გამო, რთულია მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის სრულად აღრიცხვა, ამიტომ ეს რიცხვი რეალურად უფრო მაღალია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. თუმცა, შესაძლოა, ბევრისთვის ჯერ არ იყოს ბოლომდე გასაგები, რას ნიშნავს ან რას მოიცავს მენტალური ჯანმრთელობა.
რა უნდა ვიცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ
1. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა – ეს სიტყვები ერთმანეთის სინონიმებია.
2. მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ მენტალური აშლილობის დიაგნოზის უქონლობას არ ნიშნავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს და გამოხატავს მდგომარეობას, რომელშიც:
- ადამიანი თავს კარგად გრძნობს;
- აცნობიერებს იმას, რომ აქვს უნარი, გაუმკლავდეს ცხოვრების ჩვეულ სირთულეებს და სტრესს;
- იყოს პროდუქტიული და ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
3. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის (მაგ.: დეპრესიის, შფოთვის) მწვავე ფორმას არ გულისხმობს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ჩვენგანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ხშირად ამას ჩვენ ირვლივ მიმდინარე ყოველდღიური მოვლენები – დაძაბული, არასტაბილური გარემო, ცხოვრების ტრანზიციულ ეტაპზე ყოფნა თუ დამთრგუნველი სიახლეები/გამოცდილებები განაპირობებენ.
4. მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე. მოსახლეობის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია, რადგან მენტალურად ჯანმრთელი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადება უფრო პროდუქტიული და წარმატებულია.
5. მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი სრულფასოვანი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურად კარგად ყოფნა. სრულფასოვანი ჯანმრთელობა მენტალურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას აერთიანებს, სწორედ ამიტომაა, რომ ამ სფეროების გავლენა ერთმანეთზე და, ზოგადად, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე საკმაოდ დიდია.
უფრო კონკრეტულად მენტალური ჯანმრთელობა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- ემოციური მდგრადობა – გულისხმობს თვითშეფასებას, საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას, გრძნობების გაზიარების უნარს, ასევე სხვების დაფასებას და საკუთარი ემოციების კონსტრუქციულად მართვას.
- სოციალური კეთილდღეობა – მენტალური ჯანმრთელობა დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობების ხარისხს და, ზოგადად, ურთიერთობების შენარჩუნების უნარს, რაც ჩვენს სოციალურ კეთილდღეობას, სოციუმში ყოფნით სიამოვნების მიღებას და ახალი ურთიერთობების დამყარებას განაპირობებს.
- კოგნიტური მდგომარეობა – ის, თუ როგორ და რა საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას გარე სამყაროდან, როგორ გადავამუშავებთ და ვაანალიზებთ, ვიმახსოვრებთ, ვაზროვნებთ და ვჭრით პრობლემებს, დიდწილად სწორედ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული. შესაბამისად, მენტალური კეთილდღეობის გავლენა აშკარაა როგორც ჩვენში მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებზე, ისე გარემოებრივი, ინტელექტუალური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის საკითხებზეც.
უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა და მასზე ზრუნვის საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. საბედნიეროდ, ორგანიზაციებმა და კომპანიებმა სოციალური კეთილდღეობის ფარგლებში ღიად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, შფოთვის დაძლევის ტექნიკები, ფრუსტრაციის გადალახვა, პოზიტიური აზროვნება და სხვა.
შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გააზრების შემდეგ მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა უკვე ბევრი ადამიანისათვის პრიორიტეტული ხდება.
სიმპტომი არის ნიშანი, რომელიც ჩვენი ფსიქოლოგიური რესურსის ამოწურვაზე მიგვანიშნებს. ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის ჩამოყალიბება ხდება ბიოლოგიური ფაქტორების, ადრეული ბავშვობის გამოცდილების და სოციალური თუ ეკონომიკური გარემოპირობების გავლენით. ეს ფაქტორები შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველი ან საწყისი მოცემულობა. თუმცა მასში ცვლილებების შეტანა – გაუარესება ან გაუმჯობესება – მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს გარემოში მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი ყოველდღიური ჩვევების შედეგად ხდება.
მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას, რაც აისახება ჩვენს ფიქრებზე, ქცევებსა და იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ ზოგადად თავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც შინაგანი თუ გარე ფაქტორების საფუძველზე, გვაქვს რეალური მიზეზი, ვიყოთ ცუდ ხასიათზე, გვქონდეს რთული ემოციური ფონი, უარყოფითი განცდები ან ფიქრები, რომლებიც დროებითია და ვიცით, რითია გამოწვეული, არ არის იგივე, რაც მენტალური აშლილობის ქონა. თავის მხრივ კი, მენტალური აშლილობის არქონა არ გულისხმობს სრულფასოვან მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენი მენტალური კეთილდღეობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული – მასზე გავლენას ახდენს ჩვენი ფინანსური, სოციალური, ფიზიკური მდგომარეობა და სხვა.
როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა გვქონდეს?
ცხოვრების ყველა მონაკვეთში გვხვდება სირთულეები, რომელთა გადალახვა გვიწევს. თუმცა ის რესურსი, რომლითაც ცხოვრებისეულ სირთულეებს და სტრესს ვუმკლავდებით, ყველას ინდივიდუალურად გვაქვს გამომუშავებული.
როგორც ფიზიკურად ინტენსიური და ხშირი დატვირთვის შემთხვევაში ძალა გამოგველევა და ამას ჩვენი სხეულის რომელიმე არეში ტკივილით მივხვდებით, ასევე შეიძლება ამოიწუროს ჩვენი მენტალური რესურსიც, რომლითაც სხვადასხვა ფორმით და სიხშირით წარმოქმნილ ცხოვრებისეულ სირთულეებს ვუმკლავდებით. ამ შემთხვევაშიც სიმპტომი არის ნიშანი, რომელიც ჩვენი ფსიქოლოგიური რესურსის ამოწურვაზე მიგვანიშნებს.
სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგვანიშნებდეს:
- გვირჩევნია თავი შორს დავიჭიროთ ჩვენი ოჯახის წევრებისგან და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილიც აღარ გვაქვს;
- ვკარგავთ იმ აქტივობების მიმართ ინტერესს, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებდა (ხატვა, სეირნობა, მეგობართან სტუმრად მისვლა, საინტერესო ლექციის მოსმენა, წიგნის კითხვა...);
- გვეცვლება ძილის რეჟიმი: ბევრი ძილი ან პირიქით – უძილობა;
- გვეცვლება კვების რეჟიმი: მომატებული მადა ან პირიქით – უმადობა;
- უენერგიობა – ძილის ხანგრძლივობის და ხარისხის მიუხედავად, სისტემატიურად მცირე ენერგია გვაქვს;
- ხშირად მეორდება უარყოფითი განცდები, ფიქრები, მოგონებები, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევთ;
- გვეუფლება უიმედობის ან დაუცველობის ძლიერი განცდა;
- ყოველდღიური, თუნდაც მარტივი საქმეების შესრულება რთული ან შეუძლებელი ხდება (სამსახურებრივი ვალდებულებები, ბავშვების მოვლა, ოთახის დალაგება);
- გვეცვლება ხასიათი – ვხდებით აგრესიულები და/ან მუდმივად გაღიზიანებულები ვართ;
- გვეუფლება უცნაური და გახშირებული დაბნეულობა, გულმავიწყობა, შიში და შფოთვა;
- ვიწყებთ თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარებას ან უკვე არსებობის შემთხვევაში – ხდება მოხმარების გახშირება;
- გვიჩნდება სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების აზრი;
- ვლინდება მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური ჰალუცინაციები ან ბოდვითი აზრები.
მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული დიაგნოზებია:
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ ასაკში, რადგან გენეტიკასა და ადრეული ბავშვობის გამოცდილებასთან ერთად, მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ჩვენი ცხოვრების წესი და ყოველდღიურობაც ახდენს. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას დეპრესია წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე გამოვლინება აქვს:
მსუბუქი, საშუალო და მძიმე დეპრესია – დეპრესიის ძირითადი ნიშნებია თვითშეფასების დაქვეითება, დაბალი ენერგია და განწყობა, ინტერესების დაკარგვა, შესაძლოა თავის ტკივილი, ძილის და კვების რეჟიმის ცვლილება, კონცენტრაციის და მობილიზების სირთულე, ხშირად განმეორებადი უარყოფითი ფიქრები და განცდები, როგორებიცაა უიმედობა, სასოწარკვეთილება და დანაშაულის განცდა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ დეპრესია მეტია, ვიდრე მხოლოდ სევდა ან მწუხარება. სევდა ბუნებრივი ემოციაა, რომელიც დროდადრო შეიძლება დაგვეუფლოს, ხოლო დეპრესია ჩამოთვლილიდან არაერთი სიმპტომის ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც გამოხატულია ყოველდღიურად და გრძელდება, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში.
ასევე ძალიან გავრცელებულია შფოთვითი დიაგნოზები, სადაც ერთიანდება შფოთვითი და პანიკური შეტევები, გენერალიზებული შფოთვა, სოციალური ფობია და სხვა ფობიები. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შფოთვა არ არის მხოლოდ ნერვიულობა, როგორც ყოველდღიურ ტერმინოლოგიაში ვიყენებთ ხოლმე. შფოთვით დიაგნოზზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როდესაც შფოთვა ხშირი და გადაჭარბებულია მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით ან შიში, რომელიც გვეუფლება რაიმე ობიექტის მიმართ, გადამეტებული და ყოვლისმომცველია, რაც ხელს გვიშლის კვლავინდებურ ფუნქციონირებაში.
ხშირად, ეს ორი მენტალური პრობლემა ერთადაც ვლინდება ხოლმე, თუმცა, როგორც სხვა ცხოვრებისეული პრობლემების დიდი ნაწილი, დროებითი და მოგვარებადია, ასევეა მენტალური პრობლემების უმეტესობაც. დიაგნოზები და სახელები კი უბრალოდ აერთიანებს გარკვეულ ნიშნებს იმისათვის, რომ როგორც ინდივიდუალურად, ისე ფსიქოთერაპევტის ჩართულობითაც უფრო მარტივად შევძლოთ ამ პრობლემასთან გამკლავება.
როგორ მივხვდეთ, რომ საჭიროა მივმართოთ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს?
როგორც ფიზიკური დისკომფორტის შემთხვევაში ვაკითხავთ ექიმს და ვიტარებთ შესაბამის მკურნალობას, ისე ნებისმიერი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის ან სირთულის წარმოშობისას, რომელსაც:
- დამოუკიდებლად ან ოჯახის წევრების დახმარებით ვეღარ ვუმკლავდებით,
- ხელს გვიშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში და ჩვენი მოვალეობების შესრულებაში,
- ჩვენი ცხოვრების ხარისხის საერთო მაჩვენებლზე უარყოფითად მოქმედებს,
დგება საჭიროება, მივმართოთ სპეციალისტს. ის დაგვეხმარება ვიპოვოთ გზები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებთ წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დაგეხმარებათ პრობლემის დროულად იდენტიფიცირებაში და რაც უფრო მალე შეამჩნევთ წარმოქმნილ ცვლილებებს, მით უფრო მარტივი იქნება ამ პრობლემის მოგვარება.
მსუბუქი ან საშუალო ხარისხის მენტალური პრობლემის დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ფსიქოთერაპიაც საკმარისია ხოლმე. ქრონიკული ან მძიმე მდგომარეობისას კი, ფსიქოთერაპიასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების გამოყენებაც, მკურნალობის მეთოდი ყველასათვის ინდივიდუალურია და მისი შერჩევა, უმჯობესია, სპეციალისტთან შეთანხმებით მოხდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებსაც: როგორ ვიკვებებით, რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად, ძილის რეჟიმი რამდენად მოწესრიგებული გვაქვს და სხვ. ცხოვრების წესის ცვლილება ხშირად მნიშვნელოვნად გვეხმარება ცხოვრებისეული და მათ შორის მენტალური სირთულეების დაძლევაშიც.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ პრევენციისთვის ფსიქოთერაპევტს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია მივმართოთ. სამუშაო პროცესი დაგვეხმარება ჩვეულ ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სტრესთან გამკლავების ეფექტური გზებისა და დაძლევის ჯანსაღი მექანიზმების გამომუშავებაში, იმისათვის, რომ შემდგომში პრობლემა არ გამწვავდეს ან იმისათვის, რომ რთულ გამოწვევებს უფრო მომზადებულები დავხვდეთ.
მენტალური ჯანმრთელობა მეტია, ვიდრე მხოლოდ მენტალური დიაგნოზის უქონლობა და ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუშაობა – ფინანსური სტაბილურობისთვის, ვარჯიში – ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და მეგობრებთან ურთიერთობა – სოციალური კეთილდღეობისთვის.
გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ იზრუნოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას გულისხმობს. შესაბამისად, მისი გავლენა ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზეც ვრცელდება. მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ცხოვრების რომელიმე ერთ ეტაპზე მაინც ყველა ადამიანს აწუხებს. ამისათვის სამედიცინო დიაგნოზის ქონა აუცილებელი არ არის. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მუდმივი ძილიანობა, უენერგიობა, კვების და ძილის რეჟიმის მკვეთრი ცვლილება, უარყოფითი ფიქრების აკვიატება, ხასიათის გაუარესება, უიმედობის განცდა და სხვა.
იმისათვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს გავუმკლავდეთ, სასურველია, მივმართოთ სპეციალისტს და მედიკამენტებიც მხოლოდ მისი მეთვალყურეობით მივიღოთ. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც, რომელთა გამოყენებაც დამოუკიდებლად, ყოველდღიურად შეგვიძლია. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ იზრუნოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ისწავლეთ საკუთარ გრძნობებზე დაკვირვება – ხშირად ყოველდღიური საზრუნავი და გადატვირთული სამუშაო რეჟიმი ჩვენს გრძნობებზე დაკვირვების დროს აღარ გვიტოვებს, ამიტომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას მანამდე ვერ ვამჩნევთ, სანამ ფიზიკური სიმპტომებიც არ იჩენენ თავს. იმისათვის, რომ თქვენს ემოციურ მდგომარეობას თვალყური ადევნოთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოგეპაროთ, კარგი იქნება, თუ დაიწყებთ დღიურის წარმოებას, სადაც თქვენს გრძნობებს, დღის მთავარ მოვლენებს და განწყობებს თუნდაც სულ რამდენიმე სიტყვით აღწერთ. ემოციებზე დაკვირვებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გაზიარებაც, რაც ნეგატიური აზრებისგან დაცლასა და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
იმუშავეთ საკუთარი თავის მიმღებლობაზე – თანამედროვე კვლევების თანახმად, საკუთარი თავის მიღების დაბალ მაჩვენებელსა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი მიმღებლობა მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი და ფუნდამენტია. მიმღებლობა და პოზიტიური თვითშეფასება ჩვენს ისეთ უნარებზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა: საკუთარ ემოციებზე სწორი რეაგირება, სტრესისა და ბრაზის დაძლევის უნარი, რთულ გარემოებებთან გამკლავების საშუალებები და სხვა, რაც, თავის მხრივ, ჩვენი მენტალური მდგომარეობის საფუძველს ქმნის. მიმღებლობის ერთ-ერთი მთავარი სავარჯიშო წარსულში დაშვებული შეცდომების საკუთარი თავისათვის პატიებაა. გაიხსენეთ შემთხვევა, რომლის გამოც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ და ეცადეთ, თავი ისე გაიმხნევოთ, როგორც საუკეთესო მეგობარს გაამხნევებდით. ეს დაგეხმარებათ, გაიხსენოთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და ცხოვრება მშვიდად გააგრძელოთ.
იგრძენით და გამოხატეთ მადლიერება – თანამედროვე ფსიქოლოგიის თანახმად, ჩვენს ტვინში შფოთვას და მადლიერებას ერთდროულად თანაარსებობა არ შეუძლია, ამიტომ ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ შფოთვამ მოგიცვათ, გაიხსენეთ მომენტები, რომლის მადლიერიც ხართ. მადლიერების გრძნობის გამომუშავება თქვენს ტვინს დადებით მომენტებზე კონცენტრირებაში ეხმარება და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ყოველ დილით ან ღამით (ძილის წინ) ჩამოწერეთ 3 რამ, რისი მადლიერიც ხართ და 3 რამ, რისი მიღწევაც დღის განმავლობაში შეძელით. ეს დაგეხმარებათ, თქვენს თავს შეახსენოთ, რომ დღის განმავლობაში ყოველთვისაა ისეთი სულ მცირე რამ მაინც, რის გამოც იმედიანი და პოზიტიური განწყობა შეგიძლიათ შეინარჩუნოთ.
იყავით ფიზიკურად აქტიური – ვარჯიში ადამიანის ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონებით ამარაგებს, ამიტომ ის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების (მაგ. შფოთვის, დეპრესიის) დაძლევის ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებადაც კი მიიჩნევა. იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობა შეინარჩუნოთ, არაა აუცილებელი, სპორტდარბაზში დატვირთულად ივარჯიშოთ. მოძებნეთ სპორტის თქვენთვის საინტერესო სახეობა – ცურვა, სპორტული თამაში, აერობიკა ან, თუნდაც, უბრალოდ ბუნებაში სეირნობა და შეეცადეთ, კვირაში რამდენიმე დღე მას დაუთმოთ.
ყურადღება მიაქციეთ კვების და ძილის რეჟიმს – როგორც აღვნიშნეთ, მენტალური ჯანმრთელობა ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ეს პროცესი ორმხრივია. ფიზიკური კეთილდღეობისათვის დანერგილ ჩვევებსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ჯანსაღი კვება ორგანიზმს ყველა საჭირო საშენი მასალით ამარაგებს და გვეხმარება, დიდხანს შევინარჩუნოთ ენერგია და დადებითი განწყობა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმსაც, რაშიც როგორც ძილის ხანგრძლივობა, ისე მისი პერიოდულობა (დღისით ფხიზლად ყოფნა და ღამით ძილი) მოიაზრება.
დაისვენეთ ხარისხიანად – მუდმივ დაღლილობას, სამსახურით უკმაყოფილებას და ენერგიის დეფიციტს ხშირად „გადაწვამდე“ მივყავართ, რაც მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ხშირად ისეთი ფიზიკური სიმპტომების სახითაც ვლინდება, როგორებიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, არითმია და სხვა. გადაწვასთან გამკლავების და მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა ხარისხიანი დასვენებაა, რაც ყოველდღიური რუტინული საქმიანობისგან სრულად მოწყვეტას გულისხმობს.
გახსოვდეთ, მენტალური ჯანმრთელობა არ არის მიზანი, რომელსაც ერთხელ მივაღწევთ და თავს კარგად ვიგრძნობთ. ეს არის ყოველდღიური, მუდმივი და დინამიკური პროცესი, რომელზე ზრუნვაც პოზიტიური ჩვევების ყოველდღიურ შესრულებას მოიცავს.