ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ჩემი მული გამუდმებით ჭკუას მასწავლის. მისი აზრით, "ოჯახის ქალად ღმერთს არ ვუქნივარ" და საერთოდ არ შევეფერები მის ძმას. რაც მთავარია, ამას ყოველთვის სხვის გასაგონად ამბობს, მაგრამ ჩემს ქმარს აზრადაც არ მოსდის, გამომესარჩლოს. მულის სიტყვებზე მეტად ეს მწყინს... ელენე, 22 წლის

შეეფერებით თუ არა ერთმანეთს და როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს, ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი მეუღლის საქმეა. ყველა, ვინც მასში ცხვირის ჩაყოფას ეცდება, ოჯახური საზღვრების დამრღვევია. თუ თქვენს ქმარს ეს არ აღელვებს, შესთავაზეთ წარმოიდგინოს, როგორ აძლევს მისი და მითითებებს იმის თაობაზე, როგორ უნდა მართოს მანქანა...

იმედია, თქვენ უფრო დამოუკიდებელი და ფსიქოლოგიურად უფრო მომწიფებული პიროვნება ხართ. დაეხმარეთ ქმარს, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოეყოს თავის ოჯახს და ცალკე ბინა მოძებნოს. ასე სიტუაციაში ცალკე ცხოვრება საუკეთესო გამოსავალია.

ჩემი შეყვარებული რაიონიდან არის ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მინდა, ჩემს მშობლებს გავაცნო, მაგრამ ვერ გამიბედავს - ისინი მაშინვე ამიკრძალავენ მასთან შეხვედრას და მეტყვიან, რომ ჩემს შეყვარებულს მხოლოდ ჩემი ბინა და მდგომარეობა აინტერესებს, ეს კი ნამდვილად არ არის მართალი! ნატული, 19 წლის

მოდი, სიმართლე ვთქვათ: თავს ვერავინ დადებს, რომ იცის, რას ფიქრობს მასზე სხვა, თუნდაც საყვარელი ადამიანი. რა სურს მას თქვენგან, ეს მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. გარდა ამისა, გახსოვდეთ: თქვენ ყველაფერს თქვენებურად ხედავთ, მშობლები კი თავისებურად. საომრად ნუ განეწყობით. რაც უფრო მეტად აჯანყდებით, თქვენი დაშოშმინების მით უფრო ძლიერი სურვილი გაუჩნდებათ მშობლებს. ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და, რაც მთავარია, მშობლებთან ურთიერთობის გარკვევაში შეყვარებული არ ჩარიოთ - ეს ნამდვილად არ იქნება სწორი.

მინდა, მკერდი ერთი-ორი ზომით გავიზარდო, პლასტიკური ოპერაციისთვის საჭირო თანხაც დიდი ხანია შევაგროვე, მაგრამ ჩემი შეყვარებული ყოველგვარი ქირუგიული ჩარევის წინააღმდეგია და ცდილობს გადამათქმევინოს, მარწმუნებს, რომ მას ისედაც მოვწონვარ. აღარ ვიცი, რა ვქნა. ქეთი, 23 წლის

როგორც ჩანს, თქვენ გიჭირთ მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ... იქნებ იცით კიდეც - ასეთი სერიოზული ჩარევის წინ ექიმები პაციენტებს უამრავ კითხვას უსვამენ და განსაზღვრულ დროს აძლევენ მოსაფიქრებლად. კარგად დაფიქრდით, რის მიღწევა გსურთ მკერდის გადიდებით? იქნებ ეს სხვა გზითაც მოახერხოთ. კიდევ ერთი: როგორც ჩანს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიძლება სხვებმა განაგონ და თუ თქვენს შეყვარებულს თქვენი გადაწყვეტილება არ მოეწონა, მზად ხართ, მაშინვე გადაიფიქროთ. დაფიქრდით: მიგაჩნიათ თუ არა თავი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონად, მზად ხართ თუ არა, პასუხი აგოთ საკუთარ საქციელზე?

მე მგონი, ჩემს მეგობარს ჩემი შურს. გამუდმებით დამცინის, ხან ჩემს ვარცხნილობას იგდებს მასხრად, ხან მეუბნება, რომ უშნოდ და უგემოვნოდ მაცვია, რომ ფორმა დავკარგე და გავსუქდი... ეს იმიტომ, რომ მე კარგ ბიჭს ვუყვარვარ, ის კი არავის აინტერესებს. როგორ მოვიქცე? ტატა, 20 წლის

თუ თქვენთვის მასთან მეგობრობა ძვირფასია, გულახდილად ესაუბრეთ. როგორც ჩანს, მას ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს და თავს ვერაფერს უხერხებს, ვერ აცნობიერებს საკუთარ ტკივილს. მოუსმინეთ მას, თუნდაც ისევ შეურაცხგყოთ. თუ მოთმინებას მოიკრებთ, ალბათ თანდათან ისიც გააცნობიერებს, რა ხდება მის თავს. იქნებ ჯობდეს, რამდენიმე ხანს ერთმანეთს არ შეხვდეთ, რათა საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.

ჩემი 8 წლის ბიჭი დაუკითხავად იღებს ფულს. ჩუმად ამოაცურებს ხოლმე ჩემი საფულიდან ხან ხუთ ლარს, ხან ათს. ჯიბის ფულს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ... ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება. თითქოს მეთანხმება და პატიებასაც ითხოვს, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. რაში ხარჯავს ამ თანხას, არ ამბობს... როგორ გადავაჩვიო ქურდობას? მარიტა, 30 წლის

ასეთ ადრეულ ასაკში ბავშვს თავადაც არ ესმის, რა ხდება მის თავს, მით უმეტეს არ შეუძლია, თავისი საქციელის მიზეზი მშობლებს აუხსნას, ამიტომ სწორედ უფროსების ამოცანაა, დაეხმარონ ბავშვს ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოგვარებაში. დაფიქრდით, რას გამოხატავს თქვენი შვილი ასეთი საქციელით. იქნებ ყურადღება, ურთიერთგაგება აკლია? იქნებ სურს, მისი პიროვნებით დაინტერესდეთ და არა მისი ნიშნებით? ეცადეთ, მეტი ხანი გაატაროთ მასთან, ესაუბრეთ, უამბეთ თქვენს სამუშაოზე, მოძებნეთ საერთო საქმე, უბრალოდ მიეალერსეთ. შესაძლოა, ეს საკმარისი აღმოჩნდეს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ის გასწავლით, როგორ იგრძნოთ თავი კომფორტულად, უფრო მეტად როგორ დაუახლოვდეთ ერთმანეთს.


სამსახურში სერიოზული უთანხმოება მაქვს. ჩემი თანამშრომელი ქალი ხშირად მიჩივის ხელმძღვანელობასთან. საკმარისია, თუნდაც რამდენიმე წუთით დავიგვიანო ან ჩემი მოვალეობის გამო უკმაყოფილება გამოვთქვა, რომ მაშინვე უფროსთან გარბის ენის მისატანად. რატომ არ ვეხატები გულზე, წარმოდგენა არ მაქვს, თანამდებობაც და ანაზღაურებაც ერთნაირი გვაქვს. თამარი, 32 წლის

როგორც ჩანს, თქვენს კოლეგას სურს, თქვენზე უკეთესი გამოჩნდეს. ასე იქცევიან ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანები, რომელთაც არ შესწევთ უნარი, გაუძლონ კონკურენციას, აგრეთვე - ცუდი მუშაკები. მათთვის კოლექტივში დამკვიდრების ერთადერთი საშუალება ჩივილია. თქვენ ამ დაპირისპირებას გაუძლებთ, თუ წარმოაჩენთ თქვენს ყველა ღირსებას და ეცდებით, თანამშრომლებმაც და ხელმძღვანელობამაც დაინახონ, რომ შესანიშნავად უძღვებით საქმეს და ყველა მოვალეობას პირნათლად ასრულებთ.

ქმართან განქორწინებული ვარ, მაგრამ ის ათასგვარ საბაბას ეძებს ჩემთან შესახვედრად. მოდის ბავშვთან, ითხოვს სხვადასხვა ნივთს, წიგნებს, ჭურჭელს, სულ ჩემს გვერდით ტრიალებს, არ მაძლევს საშუალებას, პირადი ცხოვრება მოვიწყო. როგორ ავუხსნა, რომ ყველაფერი დამთავრდა? ნანა, 29 წლის

თქვენთვის თუ ყველაფერი დამთავრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ყოფილი მეუღლეც ასე ფიქრობს. შესაძლოა, მისი მიჯაჭვულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ხომ არ აძლევთ ამის საბაბს? ზოგჯერ ქალები გაუცნობიერებლად ეკეკლუცებიან ყოფილ ქმრებს და ამავე დროს ხელს ჰკრავენ მათ, რათა სინანული აღუძრან ("ხედავ, როგორი ქალი მიატოვე? დიახ, უნდა დაიტანჯო!"). ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ტრავმირებულია განქორწინებით და ცდილობს, ამგვარად შენიღბოს ტკივილი.

ვგრძნობ, რომ ინტერნეტდამოკიდებული გავხდი, რაც სამსახურშიც და სახლშიც ძალიან მიშლის ხელს. დღეში რამდენჯერმე შევდივარ საიტზე, ვკითხულობ გზავნილებს, ვწერ პასუხებს, ვაკეთებ შენიშვნებს და ვტოვებ კომენტარებს. ეს უზარმაზარ დროს მართმევს. როგორ მოვწყდე ინტერნეტს? თინიკო, 28 წლის

უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულების მიზეზი უნდა გაარკვიოთ. პრობლემები ხომ არ გაქვთ სამუშაოზე, ოჯახურ ან პირად ცხოვრებაში? თუ ასეა, შესაძლოა ინტერნეტი თქვენთვის ერთგვარი თავშესაფარი იყოს. არ ღირს ამ ჩვევასთან ბრძოლა. რაც უფრო მეტად ეცდებით, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ მისგან თავის დაღწევა. უმჯობესია, პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. როცა ამას მოახერხებთ, დამამშვიდებელი საშუალებები აღარ დაგჭირდებათ.

ნამდვილი უბედურება მჭირს - ძალიან მაღალი ვარ და ჩემთან მეგობრობა არავის სურს. გოგონებს ჩემი სიმაღლის გამო ჩემს გვერდით გავლა რცხვენიათ. ჩემს ფონზე ისინი უბრალოდ ქონდრისკაცებს ჰგვანან. ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ - ისინი რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩამივლიან ხოლმე. როგორ მოვიქცე? ლიკა, 23 წლის

ის, რასაც თქვენ აღწერთ, მოზარდი ასაკის პრობლემაა, როცა ადამიანს სურს იპოვოს "თავისიანები" და ყოველგვარი განსხვავება - წითური თმა, სათვალე, სიმსუქნე - გაუცხოებას იწვევს. როგორც ჩანს, თქვენ ჩარჩით ამ პრობლემებში და ვერ გადახვედით პიროვნების განვითარების მომდევნო საფეხურზე, როცა ადამიანი აფასებს თავის განსაკუთრებულობას, უნიკალურობას. გამოირჩეოდნენ მასისგან - აი, რისკენ ისწრაფვიან ადამიანები, როცა ეძებენ და იმკვიდრებენ საკუთარ ადგილს სოციუმში, ირჩევენ პარტნიორს, რომელიც მათ ინდივიდუალურობას დააფასებს.

მეტი ურთიერთობა გქონდეთ იმ ნაცნობებთან, რომლებიც გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ.