პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება
;
-
ჩემმა დაქალებმა ჩააბარეს ინსტიტუტში, მე კი ვერა. ჩვენ ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდით. მათ გაიარეს კონკურსი, მე კი ვერ შევძელი. ახლა ძალიან მშურს მათი! განსაკუთრებით მაღიზიანებს მათი თანაგრძნობა. მესმის, რომ დროა თავი ხელში ავიყვანო და დავმშვიდდე, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხო ეს.
- შეეცადეთ ამ სიტუაციაში დაინახოთ როგორც მინუსები, ასევე პლუსები. ჯერ ერთი, თქვენ კიდევ გაქვთ დრო საიმისოდ, რათა დარწმუნდეთ, გსურთ თუ არა ის პროფესია, რომელზეც აპირებდით სწავლას. ასევე შეძლებთ უკეთ მოემზადოთ გამოცდებისთვის. შეგიძლიათ მუშაობაც დაიწყოთ. ამით შეძლებთ მიიღოთ არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ იშოვოთ საკუთარი ფული. დაბოლოს, თუ თქვენ ჩააბარებთ ისევ ამ სასწავლებელში, გეყოლებათ მეგობრები, რომლებმაც უკვე "აითვისეს ის ტერიტორა". ისინი დაგეხმარებიან სახელმძღვანელოებით, ტესტებით.
-
ჩემი ქმარი არ აღმაფრთოვანებს როგორც მამაკაცი. ერთად ვართ უკვე ორი წელია. ის ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანია. მაგრამ ჩვენი დაქორწინების შემდეგ ის აღარ აქცევს ყურადღებას საკუთარ თავს, წონაში მოიმატა და ღიპი დაედო... როცა ვიხსენებ, რომ ძალიან მიყვარდა და მისადმი ლტოლვა მქონდა, გუნება მიფუჭდება. ვოცნებობ კვლავ განვიცადო მძაფრი გრძნობები. ნუთუ მომიწევს სხვა მამაკაცის მოძებნა?
- როგორც ჩანს, თქვენი ქორწინება კრიზისს განიცდის. ეს ურთიერთობის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. მოგიწევთ პრობლემების გადაჭრა. ამის შემდეგ კვლავ გაგიჩნდებათ მის მიმართ ფაქიზი გრძნობები. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გამოიყენეთ ყოველი შანსი შეხედოთ ერთმანეთს სხვა თვალით, გახსნათ ერთმანეთის ახალი, უცნობი მხარეები. რაც შეეხება თქვენი ქმრის გარეგნულ მხარეს, ნუ გაკიცხავთ მას იმისათვის, რომ ფორმა ვერ შეინარჩუნა. უმჯობესია შესთავაზოთ ერთად ვარჯიში, ცხოვრების წესის შეცვლა.
-
ადრე ვთვლიდი, რომ მამა ჩემთვის იდეალი იყო, ახლა კი სრულიად გამიცრუა იმედები. ახლახან დედამ მიამბო, როგორც ტანჯავდა მას დედამთილი, მამა კი არასოდეს იცავდა. მიჭირს ახლა მამასთან ურთიერთობა და საერთოდ არ ვიცი, როგორი ურთიერთობა მექნება სხვა მამაკაცებთან...
- შეეცადე ამ ამბიდან სხვა დასკვნები გამოიტანო: რადგან გეგონათ, რომ თქვენი მშობლების ურთიერთობა იყო იდეალური, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად კარგი იყო. ისიც იცით ახლა, რომ ეს მათთვის არც ისე იოლი ყოფილა და მათ ამისათვის დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. თქვენც უნდა მოემზადოთ საიმისოდ, რომ როცა თქვენ ცხოვრებაში გაჩნდება მამაკაცი, მოგიწევთ სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვაც. ნუ გაკიცხავთ მამას - ჯერ ერთი, ეს დიდი ხნის წინ იყო. მეორეც, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება წყენა ჰქონდეს და გაბრაზდეს, - ეს დედათქვენია. მან კი უკვე აპატია მეუღლეს.
-
შეყვარებულთან უსიამოვნება მომივიდა, ცხელ გულზე ვუთხარი, რომ აღარ მინდა მისი დანახვა. ისიც აღარც მირეკავს და აღარც ჩემთან შეხვედრას ცდილობს. მე კი ის ძალიან მიყვარს! დედა მეუბნება, რომ არ არის საჭირო, უკან ვდიო. როგორ გამოვასწორო ჩემი შეცდომა? რა გავაკეთო ამისათვის?
- კატეგორიულად რომ გითხრათ, თქვენ მხოლოდ ორი გზა გაქვთ: ან თვითონ უნდა გადადგათ შერიგებისკენ ნაბიჯი, ან უნდა იქონიოთ იმედი, რომ თქვენი შეყვარებული გადაწყვეტს დაგიბრუნდეთ. მაგრამ მისი მხრიდან ინიციატივას ალბათ დიდხანს უნდა ელოდოთ, რადგან თვითონვე გამოუცხადეთ, რომ მისი ნახვა აღარ გინდათ. არჩევანი თქვენზეა. სამომავლოდ კი გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს იხმაროთ მკვეთრი გამონათქვამები, თუკი არ იქნებით მზად ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტისთვის.
-
ჩემი 2 წლის ბიჭუნა ყველგან "კუდივით" დამყვება. მარტო დარჩენისას კი ისტერიკაში ვარდება. ძალიან დამღალა! ტუალეტში შესვლისას კარის დაკეტვის საშუალებას არ მაძლევს! არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
- ბევრი ბავშვი ჭირვეულობს, როცა დედას ვერ ხედავს. მხოლოდ დედის თანდასწრებით გრძნობენ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ. აუცილებლად აგრძნობინეთ პატარას, რომ თქვენ ახლოს ხართ (დაელაპარაკეთ მას დახურული კარიდანაც). გამოუმუშავეთ ახალი ჩვევები. თუ ბევრ რამეს ისწავლის (ხატვას, კუბურებით ან სხვა სათამაშოებით თამაშს), მაშინ აუცილებლად მოძებნის თავისთვის რაიმე გასართობს და თქვენს "კუდში დევნასაც" თავს დაანებებს.
-
ჩემი საყვარელი მამაკაცი ჩემზე ათი წლით უმცროსია. შესანიშნავი, ფაქიზი ურთიერთობები გვაქვს. ის მთავაზობს დაქორწინებას. მაგრამ მეშინია, რომ ჩვენს ქორწინებას მომავალი არ ექნება! ან იქნებ მე ვცდები?..
- თქვენს კითხვაზე ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თქვენი ურთიერთობის შემდგომი გამოცდის შემდეგ. გარდა ამისა, ქორწინების სიმტკიცეს განსაზღვრავს არა იმდენად მეუღლეთა ასაკი, რამდენადაც მათი პასუხისმგებლობა, სიმწიფე და მზაობა იმისათვის, არა მარტო აიღონ თავიანთ თავზე მოვალეობანი, არამედ შეასრულონ ისინი. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, თუ რას გულისხმობს თითოეული თქვენგანი ცნებებში "ოჯახი" და "ურთიერთობა", როგორ წარმოგიდგენიათ ქორწინების შემდეგ როლების განაწილება და რა შესაძლო სირთულეებს ხედავთ. მოგიწევთ მშვიდად იმსჯელოთ ყველაფერ ამაზე. კარგი იქნებოდა ასევე, თითოეულ თქვენგანს გაეცა პასუხი კითხვაზე, რატომ დაინტერესდით სხვა თაობის ადამიანით. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ ერთმანეთზე, მით უფრო გაგიიოლდებათ მტკიცე ოჯახის შექმნა.
-
ვშიშობ, რომ ფლირტი ჩემს კოლეგასთან ძალიან შორს შეიძლება წავიდეს... მე ძალიან მომწონს ეს ადამიანი, მაგრამ მე ქმარი მყავს. ვაითუ ჩემმა გატაცებამ ყველაფერი დამავიწყოს?! როგორ შევაჩერო საკუთარი თავი?
- ფლირტი რომ მსუბუქი და უმნიშვნელო ყოფილიყო, თქვენ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებდით მის შეწყვეტას. მაგრამ თქვენ გეშინიათ საკუთარი ემოციების, გაქვთ დანაშაულის განცდა ქმრის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაქვთ საბაბი შფოთისათვის. შეეცადეთ, არ დარჩეთ მარტო თქვენს სიმპათიურ კოლეგასთან ერთად. თანამშრომელთა კომპანიაში ყოფნისას ხშირად მოყევით რაიმე თქვენი მეუღლის ან ოჯახური ამბის შესახებ, რათა არ დაკარგოთ რეალობასთან კავშირი. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ შენიშნავთ, რომ თქვენი თაყვანისმცემელი უფრო თავშეკავებული გახდება თქვენთან ურთიერთობაში.
-
ვოცნებობ ჩავიცვა ექსტრავაგანტული და მაცდუნებელი ტანსაცმელი, მაგრამ მერიდება ჩემი ფიგურის გამო... ხანდახან მაღაზიაში ვხედავ სიმპათიურ კაბას და მაშინვე ვხსნი საკიდიდან, შემდეგ კი, როცა მახსენდება ჩემი გამობურცული მუცელი და ფართო თეძოები, გასინჯვასაც ვერ ვბედავ...
- ნებისმიერი ადამიანი ფიგურის ინდივიდუალური თავისებურებებით გამოირჩევა, რომელთა დემონსტრირებასაც ის არ ისურვებდა გარშემომყოფთათვის. მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თქვენს მიერ მოწონებულ ტანსაცმელზე უარის თქმის მიზეზი. თუ დიდი ხანია ოცნებობთ კაბებზე - იქნებ ეს სურვილი გახდეს სტიმული იმისათვის, რომ დაიწყოთ ვარჯიში რომელიმე სპორტკლუბში. სხეულის რაიმე ნაკლი შეიძლება დაფაროთ კაბაზე მოსაცმელის ჩაცმით.