ფსიქოზი - მისი მიზეზები, ფორმები და მკურნალობა
- ქალბატონო მანანა, რას წარმოადგენს ფსიქოზი? მისი რომელი ფორმაა გავრცელებული ყველაზე მეტად?
- ფსიქოზი ფსიქიკის მძიმე დარღვევაა, რომლის დროსაც ავადმყოფის მიერ რეალური სამყაროს აღქმა მკვეთრად არის დარღვეული. ეს ვლინდება ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილებით, სხვადასხვა სიმპტომითა და სინდრომით. ტერმინი "ფსიქოზი" არ ნიშნავს კლინიკურ დიაგნოზს. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ის არის სიმპტომი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის დროს. ფსიქოზი უმეტესად ენდოგენური - შინაგანად წარმოშობილი - დაავადებების (ბერძ. Endo - შინაგანი, genesis - წარმომავლობა) ფარგლებში ვითარდება. მათ მიეკუთვნება შიზოფრენია, შიზოტიპური და შიზოაფექტური აშლილობა, აგრეთვე - გუნება-განწყობის ანუ აფექტური აშლილობა. ამ დაავადებების დროს განვითარებული ფსიქოზი ყველაზე მძიმე და გახანგრძლივებული ფსიქიკური პათოლოგიაა. ფსიქოზსა და შიზოფრენიას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ, რაც ძირეულად არასწორია, რადგან ფსიქოზური სიპტომები შეიძლება შეგვხვდეს მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების დროს - ისეთებისა, როგორებიც არის ალცჰაიმერის დაავადება, მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, ეპილეფსია, ოლიგოფრენია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია... ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს გარდამავალი ფსიქოზური მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის მიღება, ასევე - ფსიქოგენური ანუ რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც ვითარდება ძლიერი ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ახლობლის დაკარგვის, სიცოცხლისათვის საშიში სტრესული სიტუაციისა და სხვათა გამო. ასევე გვხვდება ინფექციური (მძიმე ინფექციური დაავადებით გამოწვეული), სომატოგენური (მძიმე სომატური პათოლოგიის, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად განვითარებული) და ინტოქსიკაციური ფსიქოზები. ამ უკანასკნელის ყველაზე მკაფიო მაგალითია ალკოჰოლური დელირიუმი - "თეთრი ცხელება“. ამ ფსიქოზებს ეგზოგენურს უწოდებენ (ბერძ. Exo - გარე, genesis - წარმოშობა). ამრიგად, მიზეზის მიხედვით განასხვავებენ ენდოგენურ (მას მიეკუთვნება შიზოფრენია, შიზოაფექტური აშლილობა, აფექტური აშლილობის ფსიქოზური ფორმები), ორგანულ, სომატოგენურ, ფსიქოგენურ (სიტუაციური, რეაქტიული) და ინტოქსიკაციურ ფსიქოზებს. მოსახლეობის საშუალოდ 3-5 პროცენტს აღენიშნება ენდოგენური ფსიქოზი. ზუსტი მონაცემები ეგზოგენური ფსიქოზების გავრცელების შესახებ არ მოიპოვება. ისიც უნდა ითქვას, რომ „ფსიქოზი“, საზოგადოდ, ფართო ცნებაა და აერთიანებს სხვადასხვა დაავადების თანმხლებ სხვადასხვა სიმპტომს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი (მოწამვლა), ასევე შინაგანი (გენეტიკური მიდრეკილება). ამიტომ მიჩნეულია, რომ ფსიქოზი არ არის დიაგნოსტიკური ტერმინი. ფსიქოზების კლასიფიკაციას ახდენენ აგრეთვე კლინიკური სურათის, წამყვანი სიმპტომების (სინდრომული კლასიფიკაცია) მიხედვით. აქედან გამომდინარე, იხმარება შემდეგი ტერმინები: პარანოიდული, მანიაკური, დეპრესიული, იპოქონდრიული, დეპრესიულ-პარანოიდული, დეპრესიულ-იპოქონდრიული ფსიქოზი.
- რა სიმპტომები ახასიათებს ფსიქოზის ამა თუ იმ ფორმას? რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
- ფსიქოზის ძირითადი ნიშნებია:
- ჰალუცინაციები - ანალიზატორის მიხედვით გამოყოფენ სმენით, მხედველობით, ყნოსვით, ტაქტილურ-სომატურ ჰალუცინაციებს. ყველაზე ხშირია სმენითი ჰალუცინაციები, ე.წ. ხმები. როდესაც საქმე ეხება სმენით ჰალუცინაციებს, ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმები, რომლებიც კარნახობენ, რა გააკეთოს და რა - არა; ხმებმა შეიძლება მიაყენონ შეურაცხყოფა, აიძულონ გარკვეული ქმედების ჩადენა. თუ ეს მხედველობითი ჰალუცინაციებია, ადამიანი შეიძლება ისეთ რამეს ხედავდეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მისთვის ეს ჰალუცინაცია სრულიად რეალურია ხოლმე.
- ბოდვითი იდეები - ადამიანს შეიძლება შთაგონებული ჰქონდეს მცდარი რწმენა ან წარმოდგენები. მაგალითად, შეიძლება ეგონოს, რომ მის აზრებს ტელევიზია ან რადიო გადასცემს, ანდა მის მოქმედებას სპეციალური სამსახური აკონტროლებს სხივების, რადიაციის მეშვეობით. თავი მიაჩნდეს იესო ქრისტედ ან უცხოპლანეტელად, გადაჭარბებულად ეჭვიანობდეს და საჩუქრად მორთმეულ შოკოლადის კოლოფში მოწამვლის მცდელობას ხედავდეს (პარანოია ან დევნის მანია). პაციენტს შეიძლება მიაჩნდეს, რომ დაავადებულია უკურნებელი სენით, შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული და ოპერაციულ ჩარევას ითხოვდეს. არსებობს აგრეთვე ცოლქმრული ეჭვიანობის, გამომგონებლობის, განდიდების, სასიყვარულო ბოდვითი იდეები.
- გუნება-განწყობის აშლილობა - გამოიხატება დეპრესიული ან მანიაკური მდგომარეობით. დეპრესიის დროს აღინიშნება გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, მელანქოლიური, დაწეული, სევდიანი განწყობილება, გარე სამყარო შავბნელ ფერებში ეხატებათ, წარსული აღიქმება როგორც შეცდომებისა და ცოდვათა ჯაჭვი. დაქვეითებულია მადა და დარღვეულია ძილი. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ასევე ინტელექტუალური და მოტორული შენელება, თვითბრალდების იდეები, ფიქრები თვითმკვლელობაზე. მანიაკური მდგომარეობა კი ვლინდება გუნება-განწყობის უსაფუძვლო აწევით, აზროვნებისა და მოძრაობების აჩქარებით. ამ დროს ადამიანს აქვს ძილის ნაკლები მოთხოვნილება, საკუთარ შესაძლებლობებს არაადეკვატურად აფასებს, აქედან გამომდინარე, სახავს არარეალურ, ზოგჯერ ფანტასტიკურ გეგმებს. ხშირია ნარკოტიკების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, განურჩეველი სქესობრივი კავშირების დამყარება.
- აბნეული აზროვნება - ავადმყოფს უჭირს გამართულად აზროვნება საათების ან, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი ფიქრები აბნეულად და სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. დარღვეულია ლოგიკური თანამიმდევრობა. წინადადებები ფრაგმენტული და არეულ-დარეულია.
- არაადეკვატური ემოციები - მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი შეიძლება იცინოდეს, როდესაც ვითარება ტირილს მოითხოვს და პირიქით, ტიროდეს, როცა სატირალი არაფერი ხდება. ზოგჯერ შესაძლოა სრულიად უემოციოც იყოს.
- ნეგატიური სიმპტომები - აპათია. ავადმყოფი შეიძლება ემოციურად და სოციალურად პასიური იყოს. ამ მდგომარეობას მოტივაციის დეფიციტი, შემცირებული სამეტყველო ლექსიკა და უემოციობა ახასიათებს. ამ დროს პაციენტებს დაქვეითებული აქვთ ურთიერთობის უნარი, ამასთან ერთად კი თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვისაც.
- რა იწვევს ფსიქოზს?
- ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორთა ურთიერთქმედება გავლენას ახდენს დაავადების დასაწყისზე, მიმდინარეობასა და შედეგზე. ენდოგენური ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის ზემოქმედებაზე. ესენია:
- თანდაყოლილი მიდრეკილება - აწეული მგრძნობელობა სპეციფიკური პირობების მიმართ;
- გარეგანი მიზეზებით განპირობებული სტრესი.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პიროვნებას, რომელსაც ახასიათებს თანდაყოლილი გამოხატული მგრძნობელობა ფსიქიკური დაავადებების მიმართ, სულ მცირე გარეგანი სტრესიც ჰყოფნის დაავადების პროვოცირებისთვის. შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის - გენეტიკური მიდრეკილებისა და სტრესის - თანაარსებობა, როგორც წესი, აშლილობის მიზეზი ხდება.
ეგზოგენური ფსიქოზის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- სხვადასხვა ნივთიერების (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი) ხანგრძლივი მიღების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაცია;
- სომატური დაავადებები: ტვინის სიმსივნე, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება;
- შიდსი და ის ინფექციური დაავადებები, რომლებიც აზიანებს ტვინს;
- ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა;
- მძიმე ფსიქიკური ტრავმა, მაგალითად, ახლობლის დაკარგვა, სიცოცხლისთვის საშიში სტრესული სიტუაცია და სხვა.
- რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ფსიქოზი უპირატესად? სქესსა და ასაკზე დამოკიდებულებით თუ ახასიათებს ფსიქოზის ამა თუ იმ ფორმას რაიმე თავისებურება?
- მიზეზთა გამო, რომლებიც ბოლომდე ჯერაც არ არის შესწავლილი, ფსიქიკური დაავადებები უმთავრესად გარდატეხის პერიოდში იჩენს თავს. ფსიქოზური ეპიზოდი უფრო ხშირად ახალგაზრდებს უვითარდებათ. ყოველი 100 ახალგაზრდიდან სამს აქვს ფსიქოზური ეპიზოდის გამოცდილება. ისიც უნდა ითქვას, რომ უმეტესობა გამოჯანმრთელდება. ფსიქოზი ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირი სიხშირით იჩენს თავს.
- რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?
- დიაგნოზს სვამენ პაციენტის კლინიკური ინტერვიუირების საშუალებით, ფსიქიკური სტატუსის შესწავლით (რისთვისაც გამოიყენება შეფასების სკალები) და ქცევაზე დაკვირვებით. პაციენტის ქცევის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ ოჯახის წევრებსაც. ეგზოგენური ფსიქოზის გამოსარიცხად საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება.
- საჭიროა თუ არა დიფერენციული დიაგნოსტიკა?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ფსიქოზი - ენდოგენურმა ფსიქიკურმა აშლილობამ თუ გარეგანმა ფაქტორებმა: ინფექციამ, ინტოქსიკაციამ, მძიმე სომატურმა დაავადებამ თუ ფსიქიკურმა ტრავმამ. ამის შემდეგ დიფერენციული დიაგნოსტიკის გზით უნდა დავადგინოთ, რომელი ფსიქიკური აშლილობის ფარგლებში განვითარდა ფსიქოზი. ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები განისაზღვრება კლინიკური სიმპტომებით, სოციალური დისფუნქციით და დაავადების ხანგრძლივობით.
- რით განსხვავდება ფსიქოზი ნევროზისგან?
- ფსიქოზისგან განსხვავებით, ნევროზული აშლილობების დროს რეალური სამყაროს აღქმა არ არის დარღვეული, შენარჩუნებულია კრიტიკული დამოკიდებულება დაავადების მიმართ. ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები ანუ აზროვნების, ცნობიერების და აღქმის პათოლოგია - ნევროზის დროს არ შეინიშნება. გარდა ამისა, ნევროზით დაავადებულ ადამიანებს არ ახასიათებთ სოციალურად მიუღებელი ქცევა. თუმცაღა ნევროზული აშლილობისას ირღვევა ადამიანის სოციალური ფუნქციობა.
- რას გულისხმობს ფსიქოზის მკურნალობა დღეს?
- მკურნალობა ფსიქოზის მიზეზზეა დამოკიდებული. ენდოგენური ფსიქიკური აშლილობის დროს განვითარებული ფსიქოზის მკურნალობა გულისხმობს ფსიქოფარმაკოთერაპიას და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს - ფსიქიატრიულ რეაბილიტაციასა და ფსიქოთერაპიას. მძიმე ქრონიკულ ფსიქიკურ აშლილობათა მკურნალობის თანამედროვე ეტაპად ითვლება ფსიქიატრიული რეაბილიტაცია. ამ დროს ხდება პაციეტების სოციალურ უნარ-ჩვევათა ტრენინგი, რაც ხელს უწყობს მათი სოციალური ფუნქციობის გაუმჯობესებას და შემდგომ დასაქმებას.
- ხშირად ადამიანები ერიდებიან ფსიქიატრთან ვიზიტს და ფსიქოლოგის კონსულტაციას სჯერდებიან, რაც არასწორია - ასეთი მიდგომის შედეგად დაავადება მძიმდება და მძიმე გართულებებს აძლევს დასაბამს...
- საქმე ის არის, რომ ფსიქიკური დაავადებები თითქმის ყოველთვის იწვევს სტიგმას. სტიგმა ნიშნავს დაღს, იარლიყს და გამოიხატება ფსიქიკურად დაავადებულთა მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებით. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები ხშირად სირცხვილს განიცდიან, მალავენ, რომ ფსიქიკური პრობლემები აწუხებდათ ან ფსიქიკურად დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავთ. იმის გამო, რომ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ფსიქიკური დაავადებებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ, ასევე - სტიგმის გამოც, ისინი, ვისაც მკურნალობა სჭირდება, არ მიმართავენ ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებებს, ანდა მიმართავენ სხვა სპეციალისტებს (თერაპევტს, ნევროპათოლოგს) და ამის გამო სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გარეშე რჩებიან. არადა, სათანადო მკურნალობისა და მოვლის შემთხვევაში ფსიქიკურ დაავადებათა ნაწილი იკურნება, ძალიან ხშირად კი მიიღწევა მყარი რემისია, ანუ სოციალური გამოჯანმრთელება.
- 13 სექტემბერს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ გამართა პრემიერა რეჟისორ ნინო შონიას დოკუმენტური ფილმისა "ზღვარზე ვარ". ფილმი ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრებას ეხება...
- არა მხოლოდ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრებას, არამედ ფსიქიატრიული საავადმყოფოს გარე სერვისების მნიშვნელობასაც მათი მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში. ფილმში ნაჩვენებია პაციენტების ცხოვრება, ის, თუ როგორ შეძლეს მათ დაავადებასთან გამკლავება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რეაბილიტაციის სამსახურები, რომლებიც მხარში ედგნენ მათ. მაგალითად, ასეთი სერვისის ერთ-ერთი ფორმაა საზღვარგარეთ კარგად აპრობირებული, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მობილური გუნდი. ესაა მრავალპროფილური ბრიგადა, რომელიც შინ აკითხავს ფსიქიკური პრობლემის მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც მიზეზთა გამო თავს არიდებენ მკურნალობას, თავად არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მკურნალობა სჭირდებათ. სპეციალისტების გუნდი ცდილობს, ისინი მკურნალობაზე დაიყოლიოს, ამავე დროს, ეხმარება მათ ყოფით თუ სამედიცინო პრობლემებთან გამკლავებაში. ფსიქიატრიული რეაბილიტაციისას ხდება ქრონიკული ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანის სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენა-დასწავლა. რეაბილიტაციის შემდეგ ადამიანებს, რომლებმაც დაავადების გამო დაკარგეს სამსახური, მეტად შესწევთ უნარი, ახალი საქმიანობა დაიწყონ ან ძველს დაუბრუნდნენ. საერთოდ, სოციალური კონტაქტებისა და უნარ-ჩვევების აღდგენას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც მათ დასაქმებას. ფილმი გამოკვეთს იმ გარემოებას, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სტაციონარებთან ერთად აუცილებელია საავადმყოფოსგარე სამედიცინო და სოციალური სერვისები. ასეთი სერვისის მაგალითია ზემოხსენებული მობილური გუნდი, ასევე - რეაბილიტაციური დღის ცენტრები, დასაქმების სამსახური, დაცული საცხოვრისი... სტაციონარული მკურნალობა საავადმყოფოსგარე სერვისების განვითარების გარეშე ხელს ვერ შეუწყობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეფორმა გულისხმობს პაციენტების მკურნალობას რაც შეიძლება ნაკლებად შემზღუდავ გარემოში, ოჯახისა და საზოგადოებისგან ხანგრძლივი იზოლირების გარეშე. აუცილებელია ბალანსის დაცვა სტაციონარულ და სტაციონარგარე სერვისებს შორის. ასეთი ბალანსირებული მოვლა ბევრად უფრო ჰუმანური და ხარჯეფექტურია, რადგან ამცირებს პაციენტების ინვალიდობას, რითაც საბლოოდ ხელს უწყობს მათი ნაწილის შემდგომ დასაქმებას. დასაქმება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შემოსავლის წყაროც არის და რეაბილტაციის საშუალებაც. შრომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის თვითშეფასებისა და სოციალური როლის ფორმირებისთვის. გვინდა, ამ ფილმით კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პაციენტებს სჭირდებათ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და არა დიდი ხნით ინსტიტუციონალიზაცია ანუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვა (რაც, ამავე დროს, საკმაოდ ძვირი ჯდება). ადამიანები, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ ფსიქიკური აშლილობა, რეაბილიტაციის შემდეგ სხვაზე დამოკიდებულნი აღარ არიან და დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ.