ვის უნდა მიმართოთ ნევროზისა და დეპრესიის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის უნდა მიმართოთ ნევროზისა და დეპრესიის სამკურნალოდ

რას აღნიშნავენ ისინი, როგორია ამ სიტყვებით გამოხატულ მოვლენათა არსი, რამდენად მართებულია ჩვენი შეხედულება ნევროზისა და დეპრესიის შესახებ და ყოველთვის ვიცით თუ არა, რომელ სპეციალისტს მივმართოთ მკურნალობისთვის? ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დავით ზურაბაშვილი.

-ჩვენს მკითხველებს შესაძლოა გაუკვირდეთ, რომ სტრესის, ნევროზის, დეპრესიის შესახებ სასაუბროდ ფსიქიატრს ვეწვიეთ, თუმცა საზღვარგარეთ ეს სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. ალბათ ბუნებრივი იქნება, თუ საუბარს სწორედ იმ საკითხის გარკვევით დავიწყებთ, როდის ჯობს, საკონსულტაციოდ ფსიქიატრს მივმართოთ.

- პაციენტთათვის მართლაც საინტერესოა, ვის კომპეტენციაში შედის სტრესის, ნევროზის, დეპრესიის მკურნალობა. ამ მდგომარეობათა მკურნალობა იმ ექიმის კომპეტენციაა, რომელსაც სერტიფიკატით მინიჭებული აქვს ექიმ ფსიქიატრის კვალიფიკაცია. სწორედ ექიმ ფსიქიატრს აქვს შესაბამისი განათლება და უფლება, მართოს სტრესი, ნევროზი და დეპრესია. აღნიშნულ მდგომარეობათა არასწორი მართვის შემთხვევაში სტრესი ძლიერდება, ძლიერდება ნევროზი, ღრმავდება დეპრესია. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც მხოლოდ შიზოფრენიას მკურნალობს. რეალურად ფსიქიატრის მოვალეობაა, შეუქმნას ადამიანს ფსიქიკური ფუნქციების, ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტი. ყველა ადამიანი თავს ისე უნდა გრძნობდეს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს.

-რას ნიშნავს სიტყვა "სტრესი"? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ მოვლენას?

- სტრესი არის ადამიანისთვის მოულოდნელი მდგომარეობა, უეცარი ვითარება ან ისეთი ინფორმაციის მიღება გარე სამყაროდან, რომელიც ძირითადად უარყოფით ემოციასთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, სტრესი ხანმოკლე, ერთჯერადი მოვლენაა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა მცირე სტრესებით. ეს აიძულებს ჩვენს გონებას, იპოვოს გამოსავალი და განვითარდეს. სწორედ ეს არის სტრესის დადებითი მხარე. თუმცა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სტრესი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და სიტუაციის ანალიზის უნარი. სწორედ ამ დროს ვითარდება სტრესთან დაკავშირებული დისკომფორტი.

-დაგვეთანხმებით, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებზე ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. რატომ ვერ უმკლავდება ზოგიერთი ჩვენგანი სტრესს, რა უწყობს ხელს სტრესის პასუხად მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას?

- ადამიანის ორგანიზმის მიერ სტრესის "მონელების" (თუ შეიძლება ასე ითქვას) უნარი დამოკიდებულია იმ ენერგეტიკულ პოტენციალზე, რომელიც ჰქონდა ადამიანს სტრესის მიღებამდე. გარდა ამისა, სტრესზე პასუხი დაკავშირებულია ხასიათის იმ თავისებურებებთან, რომლებიც ყველა პიროვნებისთვის ინდივიდუალურია. მკითხველისთვის ნათელი რომ გახდეს, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული სიტუაცია. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი. ორივე მათგანმა დაკარგა სამსახური. ერთი მათგანი სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ამბობს: "დავიღუპე, რა მეშველება!" მეორე კი ოპტიმისტურად აცხადებს: "დიდი ამბავი, უკეთესს ვიშოვი!" პირველი პიროვნების რეაქციის ვექტორი მიმართულია რეგრესისკენ, ნევროზისკენ, ხოლო მეორე უმალვე გამოსავლის ძიებას იწყებს და სავსეა იმედით, რომ ყოველივე არა მარტო გამოსწორდება, არამედ კიდეც გაუმჯობესდება.

-რა არის სტრესზე პათოლოგიური რეაქციის საფუძველი, არსებობს თუ არა მისი "მატერიალური სუბსტრატი"?

- სტრესის დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესების მთელი წყება, რომლებიც უეცრად აღმოცენდება და მალევე უბრუნდება ნორმას. როგორც აღვნიშნეთ, სტრესი ხანმოკლე მოვლენაა, ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სტრესი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მოკლე ხნით პიროვნების ცხოვრების ხარისხს აუარესებს. მართალია, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედებით ადამიანს შეიძლება სტრესზე მწვავე რეაქცია განუვითარდეს, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა და იმედია, ჩვენს მკითხველებს არასოდეს მოუწევთ ასეთ მოვლენასთან შეჯახება.

-რა გზით შეიძლება ვებრძოლოთ სტრესს?

- სტრესის მკურნალობა გულისხმობს ხანმოკლე და მცირე მედიკამენტურ ჩარევას და ფსიქოლოგიურ სერვისს - ფსიქოლოგიურ დახმარებას. გარდა ამ ღონისძიებებისა, ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთთანადგომა და თანაგრძნობა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ მედიკამენტურ და არამედიკამენტურ ღონისძიებებთან ერთად სტრესთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც მორწმუნისთვის მოძღვართან, საკუთარი აღმსარებლობის სასულიერო პირთან ურთიერთობას მოაქვს.

-დაგვეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ შფოთავენ. საამისოდ მათ ჩვენი აზრით ძალიან მცირე მიზეზიც ჰყოფნით. "გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა" - ხშირად ასეთ დიაგნოზს სვამს ექიმი. რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული მდგომარეობა?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისას ადამიანი დროებით თითქმის სრულიად კარგავს შრომის უნარს, ერღვევა ძილი. ყურადღებას იპყრობს ვეგეტატიური გამოვლინებებიც - დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვითარდება ტაქიკარდია ანუ გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, ტრემორი, პირის სიმშრალე, თავბრუხვევა, შარდის შეკავება ან, პირიქით, გახშირებული შარდვა, ფაღარათი. ღამით, ძილის დროს, პაციენტი ძლიერ ოფლიანდება და იძულებული ხდება, რამდენჯერმე გამოიცვალოს თეთრეული. განსაკუთრებით თვალში საცემია თავის ოფლიანობა და ბალიშის დასველება. დაავადების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მონიტორინგს ატარებს ფსიქიატრი.

-რა განაპირობებს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, როგორ ვითარდება ის?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ერთბაშად არ იწყება. ეს არის პროცესი, რომელიც ნელ-ნელა, თვეების განმავლობაში ვითარდება. რა თქმა უნდა, მდგომარეობას საფუძვლად უდევს თავის ტვინის, ნერვული სისტემის სტრუქტურებში აღმოცენებული ნატიფი ცვლილებები, თუმცა მათი დეტალური განხილვა მკითხველთათვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

-როგორია მკურნალობის ტაქტიკა შფოთვითი აშლილობის დროს?

- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისას აუცილებელია, ფსიქიატრმა ჩაატაროს საკმაოდ ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა. რაც მთავარია, ასეთი მკურნალობა ეფექტურია. დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არის უამრავი თანამედროვე მედიკამენტი. თუ ისინი კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნა, შესაძლოა, დაავადების სიმპტომატიკა მალე მოიხსნას და პაციენტმა თავი კარგად იგრძნოს.


-როგორია თანამედროვე შეხედულება ნევროზის შესახებ, რამდენად აქტუალურია ასეთი დიაგნოზი და რა სიმპტომებით ვლინდება ის?

- "ნევროზული რეგისტრის აშლილობა" - ასე ჟღერს დღეს ეს დიაგნოზი. ნევროზის შესახებ საუბრისას იუმორით ვამბობთ, რომ დღეს ყველა ჯანმრთელ ადამიანს ნევროზი უნდა ჰქონდეს. ყოველდღიურად იზრდება ცხოვრების რიტმი, განუხრელად იმატებს ტონუსი, ამ ფონზე კი ჩვენ ჯერ ვერ ვისწავლეთ და ჩვევად ვერ ვაქციეთ დასვენება შაბათ-კვირას... ჩამოთვლილი ფაქტორები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ნევროზი გვქონდეს. ხატოვნად თუ ვიტყვით, ნევროზის სიმპტომი შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ის შეიძლება იქცეს ნებისმიერი დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილების მიზეზად. ნევროზის ერთ-ერთი ყველაზე "პოპულარული" ფორმაა კარდიონევროზი - მდგომარეობა, როცა ადამიანს აქვს გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ კვლევის ამჟამად არსებული მეთოდების წყალობით კარდიოლოგები სავსებით სარწმუნოდ გამორიცხავენ გულის ყოველგვარ დაავადებას. ხშირად ასეთი პაციენტები ეჭვით ეკიდებიან ექიმის დასკვნას, რომ ჯანმრთელი გული აქვთ და ექიმს სრულიად დაუმსახურებლად დაბალ კვალიფიკაციას მიაწერენ.

-"დეპრესია აქვს" - ბოლო ხანს ეს დიაგნოზი ერთგვარად მოდურიც კი გახდა. რას ნიშნავს რეალურად სიტყვა "დეპრესია" და როგორ ვლინდება ის?

- სიტყვა "დეპრესიას" რიგითი მოქალაქენი ხშირად არასწორად იყენებენ. ეს მნიშვნელობა არ შეესაბამება ტერმინის რეალურ სამედიცინო შინაარსს. ჩვენში გუნება-განწყობილების ოდნავ დაქვეითებასაც კი დეპრესიას ეძახიან და უბრალო უგუნებობის გამო საკუთარ თავს "დეპრესიის" დიაგნოზს უსვამენ. ამ "დაავადების" შესახებ არცთუ იშვიათად პიროვნება მოღიმარი სახით ყვება, რაც სრული შეუსაბამობაა. დეპრესიას უპირველეს ყოვლისა ვიზუალური გამოხატულება აქვს. დეპრესიის დროს ფსიქიატრები პაციენტის გამომეტყველების ცვლილებათაგან ყურადღებას ვაქცევთ "პიეროს თვალებს". ალბათ მკითხველსაც წარმოუდგა თვალწინ თოჯინის მჭმუნვარე სახე... საკუთარ ავადმყოფობაზე მხნედ მოსაუბრე ადამიანს არ შეიძლება დეპრესია ჰქონდეს.

-რის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანს დეპრესია აქვს და როდის არის აუცილებელი ფსიქიატრის კონსულტაცია?

- დეპრესიისთვის დამახასიათებელია პიროვნების ფსიქიკური და ფიზიკური ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითება, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა. პაციენტმა შესაძლოა უარი თქვას ჭამაზე, პირად ჰიგიენაზე. ზოგიერთი ოთახში ფარდასაც კი ხურავს. დეპრესიით დაავადებულისთვის ყველანაირი ფიქრი დისკომფორტის მომგვრელია, ის ვერ ხედავს ცხოვრებაში ნათელ წერტილს. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია.

-რამდენად ხშირია დეპრესია და რომელ ასაკობრივ ჯგუფშია უფრო მაღალი მისი აღმოცენების ალბათობა?

- დეპრესია საკმაოდ ხშირია, და არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშიც. მისი განვითარების ალბათობა და სიხშირე იმატებს ასაკთან ერთად, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, თუ ხანდაზმულ ადამიანს განმარტოებისკენ ლტოლვას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, უმიზეზო უგუნებობას ან ზემოთ აღწერილ რომელიმე სიმპტომს შევამჩნევთ.

-თქვენ დაავადების საკმაოდ მძიმე სურათი აღწერეთ. როგორია დეპრესიის მკურნალობის პრინციპი?

- სათანადო მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა - პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ის ვეღარ გრძნობს დისკომფორტს, რომელიც მკურნალობამდე ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ანტიდეპრესანტია ხელმისაწვდომი, მაგრამ პაციენტთა საყურადღებოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს პრეპარატები სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. არამც და არამც არ შეიძლება ანტიდეპრესანტის მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ "მეზობელს უშველა".

-"სტრესი", "ნევროზი", "დეპრესია" - ბევრს ასეთი დიაგნოზი არაფრად მიაჩნია, რადგან პაციენტს არც გულის დაავადება აღმოაჩნდა, არც სიმსივნე... არის შემთხვევები, როცა ავადმყოფის ახლობლები ამ სიტყვების გაგონებისას ექიმის კონსულტაციასაც აღარ თვლიან საჭიროდ და პაციენტის მიმართ პრეტენზიაც კი უჩნდებათ. "ხომ ხედავ, არაფერი გჭირს!" - გაისმის საყვედურით სავსე სიტყვები. ადამიანს, რომელიც თავისი ავადმყოფობით ირგვლივ მყოფებს აწუხებს, ახლობლები თავს დასტრიალებენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ თავის თავში ჩაკეტილ პიროვნებას, რომელიც უსიტყვოდ განიცდის საკუთარ მდგომარეობას. რა შეიძლება მოჰყვეს ამ მდგომარეობათა იგნორირებას და სათანადო დახმარების გარეშე პაციენტის დატოვებას?

- სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტის ოჯახის წევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ავადმყოფის მდგომარეობას და მას სიმულაციას აბრალებენ; ეუბნებიან, რომ არაფერი სჭირს და ურჩევენ, ზოგჯერ მკაცრადაც სთხოვენ, "თავი ხელში აიყვანოს", "გუნებაზე მოვიდეს". ასეთი მიდგომა არასწორია. ადამიანს "გუნებაზე მოსვლა" რომ შეეძლოს, ამას გააკეთებდა კიდეც. სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვუხსნით პაციენტთა ოჯახის წევრებს, რომ ავადმყოფს თანადგომა და თანაგრძნობა სჭირდება და არა დატუქსვა და კატეგორიული ტონი. ჩივილების იგნორირებისას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და დეპრესია ღრმავდება, პაციენტი თავს უარესად გრძნობს, სათანადო მკურნალობისას კი თანამედროვე საშუალებების წყალობით მდგომარეობა დროულად გამოსწორდება.


-დაგვეთანხმებით, რომ მრავალ ძლიერმოქმედ პრეპარატს დღეს ისე იღებენ, როგორც ბანალურ ვალერიანს ან მენთოლიან წვეთებს. რა საფრთხეს შეიცავს ასეთი მიდგომა?

- ასეთი მიდგომა მიუღებელია არა მარტო ფსიქიატრიაში, არამედ საზოგადოდაც. სამწუხაროდ, იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც პაციენტები დეპრესიის დროს თავად იღებენ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს რეკომენდებულ პრეპარატებს და პირიქით. ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და მათი მკურნალობის პრინციპებიც სხვადასხვაა. მედიკამენტს, მეტადრე - ადამიანის ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე მოქმედ პრეპარატს, მხოლოდ ექიმი უნდა ნიშნავდეს.

-როგორია ფსიქოთერაპიის როლი ჩამოთვლილ მდგომარეობათა მკურნალობაში?

- არის შემთხვევები, როცა ფსიქოთერაპია წარმოადგენს დამხმარე მეთოდს მედიკამენტური მკურნალობის ფონზე, ზოგიერთი მდგომარეობისას კი მთავარ როლს სწორედ ფსიქოთერაპია ასრულებს, ხოლო მედიკამენტები შედეგის უფრო სწრაფად მიღწევაში გვეხმარებიან.

-როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა, როცა ჩვენს გვერდით ვინმეს დეპრესია, სტრესი ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა აქვს?

- არსებობს საუკეთესო ანტიდეპრესანტი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე არ იყიდება. ეს არის ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უნდა გვქონდეს ერთმანეთის მოსმენის, გაგების, ერთიმეორისთვის დადებითი ემოციების გადაცემის უნარი, ამ ყოველივეს რეალური და არა მხოლოდ ფორმალური სურვილი. ჩვენ ეს შეგვიძლია, ოღონდ მაშინ, თუ მართლა მოვინდომეთ.

-რით შეიძლება ვუშველოთ თავს სტრესის, პანიკური შეტევისა თუ დეპრესიის შემთხვევაში? რა გზით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა?

- დეპრესიას, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ნევროზს, სტრესს ნამდვილად ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ვაჯობოთ მათ. შური, ბოღმა, ეჭვიანობა და სხვა ამგვარი გრძნობები სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც სულიერ გვალვას იწვევს. წარმოვიდგინოთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრება მობიბინე მინდორია. რაც უფრო ნაკლებია ჩვენს ცხოვრებაში შური, ბოღმა, ეჭვიანობა, მით უფრო მეტი ყვავილი აყვავდება ამ მინდორში. ამასთანავე, აქტიურად უნდა დავამკვიდროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. მისი ძირითადი პრინციპებია:

  • უარი ნარკოტიკს;
  • ალკოჰოლის მიღება მხოლოდ ზომიერი რაოდენობით, სათანადო სიტუაციისა და განწყობის დროს;
  • აქტიური სპორტული ცხოვრება;
  • სილაღე და ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები.

სტრესის, ნევროზისა და დეპრესიის შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ენდოკრინული დაავადებების დროს აღმოცენებულ ფსიქიკურ დარღვევებს. ამ პრობლემის მნიშვნელობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ მეცნიერთა ნაწილი დღეს ცალკე დარგად გამოყოფს ფსიქოენდოკრინოლოგიას, ენდოკრინოლოგიურ ფსიქიატრიას. ის შეისწავლის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრების ფსიქოტროპულ ზემოქმედებას, ფსიქოზების დროს განვითარებულ ენდოკრინულ ცვლილებებს, ენდოკრინული დაავადებების დროს აღმოცენებული ფსიქიკური ცვლილებების მკურნალობას. მიუხედავად ენდოკრინული სისტემის დაავადებათა მრავალფეროვნებისა, შეიძლება დავასახელოთ პაციენტის ფსიქიკაზე მათი ზემოქმედების საერთო ნიშნები: ადვილად დაღლა, უხალისობა, ზოგჯერ - მეხსიერების დაქვეითება. შესაძლოა თავი იჩინოს დეპრესიამ, იკლოს ცხოვრებისადმი ინტერესმა, მადა ან წყურვილი გაძლიერდეს ან შესუსტდეს. არც ერთი დაავადების დროს არ არის გამორიცხული ფსიქოზის აღმოცენება. თითოეული პათოლოგიის დროს მოსალოდნელია დამახასიათებელი ცვლილებები:

  • ადისონის დაავადებისას, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების დეფიციტით, პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ძლიერი სისუსტე, გამოფიტვა, დეპრესია. არ არის გამორიცხული მწვავე ფსიქოზი.
  • ორგანიზმზე კორტიზოლის - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონის - ჭარბი რაოდენობის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს კუშინგის სინდრომს, რომელსაც ახასიათებს სისუსტე, ადინამია, დეპრესია, ზოგჯერ - აგზნებადობა და გაღიზიანებადობა, ემოციური კონტროლის კარგვა. პაციენტის ნერვული სისტემისა და ფსიქიკის ცვლილებას ჭარბ ჰორმონებთან ერთად დაავადების ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომი - მაღალი არტერიული წნევაც განაპირობებს.
  • თირეოტოქსიკოზის დროს ყურადღებას იპყრობს პაციენტის არამდგრადი განწყობილება - ფეთქებადობა, ხშირი უმიზეზო ტირილი, ადვილად, უმიზეზოდ აგზნება. ავადმყოფი ვერ იტანს ხმამაღალ ბგერებს, კაშკაშა შუქს, ადვილად იღლება. არის ფსიქოზის შემთხვევებიც. აღწერილია შემთხვევები, როცა თირეოტოქსიკოზის დროს ექიმების ყურადღებას უწინარესად სწორედ პაციენტის პიროვნული თვისებების ცვლილება, უცნაური ქცევა იპყრობს.
  • მიქსედემის - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის - შემთხვევაში ხშირია მოვლენათა მიმართ გულგრილობა, დეპრესია, აპათია, შენელებულია აზროვნება.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს აღინიშნება გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, ადვილად დაღლა. ზოგჯერ ვლინდება მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდიც. პაციენტის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს დაავადების დროს ცხოვრების განსაზღვრული წესის დაცვის აუცილებლობა - მიღებული საკვების რაოდენობისა და ხასიათის მუდმივი კონტროლი, მედიკამენტების რეგულარული მიღება და ინსულინის ინექციები. ზოგ შემთხვევაში, უპირატესად - ჰიპოგლიკემიის დროს, შესაძლოა განვითარდეს აგზნება, შემდეგ კი გულყრა. აღწერილი სიმპტომების აღმოცენებას, გარდა უშუალოდ დიაბეტისა, მასთან ხშირად ასოცირებული არტერიული ჰიპერტენზია და ათეროსკლეროზიც უწყობს ხელს

უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღწერილი სიმპტომების აღმოცენებისას პაციენტები ზოგჯერ სრულიადაც არ თვლიან საჭიროდ ექიმთან ვიზიტს და თავად იწყებენ "მკურნალობას" სხვადასხვა დამამშვიდებელი საშუალებითა თუ ანტიდეპრესანტით. ბუნებრივია, პაციენტი ვერ დაადგენს, რომ მისი გუნება-განწყობისა და ფსიქიკის ცვლილების მიზეზი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა და არა ნერვები. ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე კი მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდეთ. გამოცდილი ექიმი ადვილად მიხვდება, რომ ფსიქიკის ცვლილების საფუძველი ესა თუ ის ენდოკრუნული დაავადებაა და პაციენტს ენდოკრინოლოგთან ვიზიტს ურჩევს. ხშირად საკმარისია ძირითადი დაავადების ჰორმონული მკურნალობა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამასთან ერთად აუცილებელია ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების დანიშვნა, მკურნალობის წარმართვა ფსიქიატრის მონაწილეობით.