სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

.

  • თმის ცვენის წამალი

თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვარ. პრობლემების მოგვარებაში ხშირად დამხმარებიხართ. განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი ჟურნალის იმ ნაწილს, სადაც მკითხველების მიერ გამოგზავნილი სამკურნალო წერილებია დაბეჭდილი. მცენარეული წამლებით მკურნალობა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი მგონია. თქვენს ჟურნალში ხშირად წამიკითხავს თმის ცვენის მიზეზებისა და სამკურნალო საშუალებების შესახებ. მე ხშირად ვიღებავ თმას სხვადასხვა ფერის საღებავებით, რაც, ბუნებრივია, თმაზე უარყოფითად მოქმედებს. დამეწყო ცვენა, თმის ღერებიც ადვილად მტვრევადი და თხელი გახდა... მინდა, თმის ცვენის წამლის დამზადების წესი გასწავლოთ - იქნებ სხვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 კვერცხის გული, აურიეთ და წაისვით თავის კანზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ შამპუნით და გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

  • უკვდავა დაბალი წნევისგან გიხსნით

დაბალწნევიანი ვარ, მაგრამ ახალგაზრდობაში ამას არ შევუწუხებივარ. ბოლო ხანს კი ჰიპოტონიის გამო უკვე ვგრძნობ დისკომფორტს, რასაც გადაღლასა და გაზაფხულს ვაბრალებ. ალბათ, ბევრია ჩემს დღეში. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მათაც ვასწავლო მცენარეული წამალი, რომელიც ეფექტურიც არის და იოლი მოსამზადებელიც.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული უკვდავა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ თბილად და 30-40 წუთით დადგით. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • ხახვი ძლიერი ხველისგან გიხსნით

სუსტი ჯანმრთელობის გამო იოლად ვცივდები. გაციება ხშირად მირთულდება ხანგრძლივი, მტანჯველი ხველით, ხმის წასვლითა და ჰაერის უკმარისობის შემაწუხებელი შეგრძნებით. ბევრი ქიმიური წამლის მიღება არ მიყვარს. გარდა უკიდურესი შემთხვევებისა, ვცდილობ, გაციებას და მტანჯველ ხველას შინაური, მცენარეული საშუალებით ვუმკურნალო.

აიღეთ ნახევარი კილოგრამი გაფცქვნილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი და ეს ყველაფერი 3 საათის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 1 ლიტრ წყალში. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ ბოთლში, მოუკარით თავი და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 5-ჯერ.

  • ლიმონის ნაყენი თმას ბზინვარებასა და სილამაზეს შესძენს

ყოველთვის ვნატრობდი, ლამაზი და მბზინავი თმა მქონოდა. არც ერთი რეკლამირებული საშუალება, რომელზეც კი ხელი მიმიწვდა, გაუსინჯავი არ დამრჩენია. ჩემი ამ გატაცების შესახებ ყველა ნაცნობმა იცის. ერთხელ თანაჯგუფელმა ასეთი რეცეპტი მასწავლა:

აიღეთ 4 ლიმონის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და 15 წუთს დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. მიღებული ნახარში გადაივლეთ თმაზე კვირაში 1-ხელ.

  • ნიორი და ლიმონი გრიპისგან გიხსნით

მოგეხსენებათ, ზამთარი გრიპის სეზონია. ბევრს საკმაოდ მძიმედ გადააქვს ეს დაავადება. ცხადია, მისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომაც ყველა გრიპის საპროფილაქტიკო საშუალებებს დაეძებს. მეც ვიცი ამ დაავადების თავიდან აცილების ერთი ხერხი, რომელიც, მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით თქვენს მრავალრიცხოვან მკითხველს გავაცნო.

აიღეთ 2 კბილი ნიორი და 2 ცალი ლიმონი, გახეხეთ, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, 3 დღით, შემდეგ გადაწურეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე.

პირშუშხა მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებაა

დიდი ხანი არ არის, რაც 40 წელს გადავაბიჯე. დამეწყო თავის ტკივილი კეფის არეში, თავბრუხვევა. როდესაც წნევა გავიზომე, მომატებული აღმომაჩნდა. იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც ჯანმრთელობას გულისყურით ეპყრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს გამოკვლევების ჩასატარებლად. საბედნიეროდ, წნევას ჩემს ორგანიზმში ძირეული ცვლილებები ჯერჯერობით არ გამოუწვევია, ამიტომ არც სერიოზული მკურნალობ დამჭირდა. ვიცავ დიეტას და ვსვამ მცენარეულ, ჩემ მიერ მომზადებულ წამალს, რომელიც ძალიან მშველის:

გახეხეთ პირშუშხა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ჭარხლისა და სტაფილოს წვენი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი და 1 ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე.

  • სალბის აბაზანები პოდაგრით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ

ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია პოდაგრით გამოწვეული ტკივილი, დამეთანხმება, რომ ის საშინლად მტანჯველია. დიდი ხანია ეს დაავადება მაწუხებს, უკვე სახსრებიც დეფორმირებული მაქვს. ნათესავმა, რომელიც ამავე დაავადებით იტანჯება, ეს აბაზანები მირჩია. უნდა გითხრათ, რომ ტკივილებიც დამიცხრა და ის კოჟრებიც გაიწოვა, ხელ-ფეხზე პერიოდულად რომ მიჩნდებოდა.

აიღეთ ორი 50-გრამიანი კოლოფი სალბი, დაასხით 6 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთს. როდესაც ხსნარი იმ ტემპერატურამდე გაგრილდება, რომელსაც გაუძლებთ, შეგიძლიათ, ამ ნახარშის აბაზანა მიიღოთ. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია. აბაზანაში ჩაწოლამდე 1 ლიტრი ნახარში ცალკე ჭურჭელში გადაასხით და ცხელი შეინახეთ, რათა დროდადრო ჩამატოთ აბაზანაში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. აბაზანის შემდეგ ჩაიცვით თბილი წინდები და ხელთათმანები და დაწექით. ყურადღებით იყავით, რომ ამ პროცედურის შემდეგ არ გაცივდეთ. აჯობებს, თუ მას ძილის წინ ჩაიტარებთ.

  • ჭარხალი ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა

რამდენიმე წლის წინ ნაღვლის ბუშტმა შემაწუხა. ჩავიტარე გამოკვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები მქონდა. არც ოპერაციის გაკეთების საშუალება მქონდა და ვერც ხანგრძლივ მკურნალობას შევძლებდი, ამიტომ ისევ ხალხურ წამლებს მივანიჭე უპირატესობა, მით უმეტეს, რომ სოფლად ვცხოვრობ და ჩემთვის ეს უფრო ხელმისაწვდომია.

აიღეთ 5-6 საშუალო ზომის ჭარხალი, გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ 5ლ წყალში. ხარშეთ დიდხანს, ვიდრე ნახარში არ გასქელდება და სიროფს არ დაემსგავსება. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ამბობენ, რომ ეს სიროფი ნაღვლის ბუშტში კენჭებს ნელ-ნელა შლის და შედარებით უმტკივნეულოდ გამოაქვს. გამოკვლევა ვეღარ ჩავიტარე, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

  • სლოკინმა რომ არ შეგაწუხოთ

მე და ჩემი მეუღლე მაზლთან ერთად ქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი მშობლები კი _ რაიონში. შემოდგომაზე სოფლიდან მეზობელი გვესტუმრა. რამდენიმე კვირა ჩვეულებრივ ვცხოვრობდით. ერთ დილით საშინელი სლოკინის ხმამ გამაღვიძა, რომელიც ჩემი მაზლის ოთახიდან მოდიოდა. საწყალს თურმე მთელი ღამე სლოკინში გაეთენებინა. რა არ ვცადეთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველეთ. ჩვენი გასაჭირი სტუმარმაც შეიტყო და რამდენიმე ხერხი გვასწავლა, რომლებმაც მართლაც გამოიღო შედეგი.

  1. შეიკავეთ სუნთქვა, ხელები გადაიტანეთ ზურგის უკან და მტევნები გადააჭდეთ ერთმანეთს. გადაიხარეთ წინ და მოსვით რამდენიმე ყლუპი დაბალ სკამზე მდგარი ჭიქიდან. სლოკინი მაშინვე გაგივლით.
  2. მუდმივი სლოკინის შემთხვევაში ყოველ დილით, ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, შესვით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. სლოკინი 3-5 დღეში გაივლის, მაგრამ წყლის სმა ორი კვირა მაინც უნდა განაგრძოთ.
  3. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1 ს/კ გარეული პიტნის წვენი და ისევ წამოადუღეთ, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

  • მჟავე კომბოსტოს მარილწყალი მხოლოდ ნაბახუსევზე როდია კარგი

ლოთი ნამდვილად არ ვარ. ვსვამდი, მაგრამ იშვიათად, მხოლოდ ქორწილებსა და დღეობებში, ლუდზე კი, ისევე, როგორც ყველა მამაკაცი, უარს არასდროს ვამბობდი. თითქოსდა, რა უნდა დააკლოს კაცს ერთმა ბოთლმა ლუდმა? ბევრს მართლაც ვერაფერს აკლებს, მაგრამ ხომ არიან სუსტი ღვიძლის პატრონებიც, ვისთვისაც დალევა კატეგორიულად აკრძალულია? ალბათ მეც ასეთი ვიყავი და მომიწია კიდეც ექიმთან სიარულმა. მითხრეს, დიეტას თუ არ დაიცავ, ღვიძლს ისე დაიზიანებ, ვეღარაფერი გიშველისო. დავიწყე დიეტა, მაგრამ მარჯვენა მხარეს უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი თავს არ მანებებდა.

იმ ზაფხულს მე და ჩემი მეუღლე იმერეთში წავედით ბებიის მოსანახულებლად. ბებიაჩემმა ჩემი სატკივარი რომ შეიტყო, მაშინვე წამლობას შეუდგა. არ დაიჯერებთ და მისი უებარი წამალი მჟავე კომბოსტოს მარილწყალი აღმოჩნდა. ბებიის რჩევით, ორი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარ ჭიქა მჟავე კომბოსტოს წყალს ვსვამდი. მას მერე ღვიძლი სად მაქვს, ისიც კი დამავიწყდა. სხვათა შორის, ნაწლავების მოქმედებასაც ვუჩიოდი (ხან ფაღარათი მაწუხებდა, ხან შეკრულობა). მჟავე კომბოსტოს წვენმა ეს პრობლემაც მომიხსნა.

  • შემაწუხებელი კბილის ტკივილი

ხალხური მედიცინით ახალგაზრდობაში დავინტერესდი. იყო დრო, როდესაც თვითონვე ვაგროვებდი ბალახებს, ყვავილებს, ფოთლებს, ფესვებს. იმ დროს არც ერთი კბილი არ მქონდა გაფუჭებული და სტომატოლოგთანაც რეგულარულად დავდიოდი პროფილაქტიკური გასინჯვისთვის. მიუხედავად ამისა, ერთ ღამეს კბილი ისე ამტკივდა, რომ კინაღამ კედლებზე გავედი. იმ შუაღამისას ექიმს სად ვნახავდი, მაგრამ, ჩემდა ბედად, მეზობელს არ ეძინა. ისეთი შინაური წამლები მასწავლა, რომ ტკივილიც დამიცხრა და მშვიდადაც დამეძინა. რასაკვირველია, მეორე დღეს სტომატოლოგსაც მივაკითხე.

აი ჩემი მეზობლის რეცეპტები:

  1. ძლიერი ტკივილის დროს ლენცოფას ფოთლებისა და თესლისგან გააკეთეთ სიგარეტი, დაუმატეთ კარტოფილის ფოთლები ან თამბაქო. მოუკიდეთ და კვამლი მტკივანი კბილისკენ მიმართეთ.
  2. ჩაიდანში ჩადეთ მბჟუტავი ნახშირი, ზედ დააყარეთ ლენცოფას თესლი და ფოთლები. ჩაიდანს თავზე დაახურეთ, ცხვირზე კი ჩამოაცვით რეზინის მილი და ისე მიმართეთ, რომ კვამლი მხოლოდ პირის ღრუში მოხვდეს, ოღონდ არ შეისუნთქოთ. ტკივილი მალევე ჩაცხრება.
  3. გველის სუროს ნაყენი ძალზე ეფექტურია კბილის ტკივილის და პირის ღრუში ცუდი სუნის დროს. ნაყენი ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ერთ საათს გააჩერეთ. გამოივლეთ პირის ღრუში რამდენიმე წუთით, დღეში 3-4-ჯერ.

  • ცხვირიდან სისხლდენა

ბავშვობიდან მოყოლებული, თუ ცხვირს ძლიერად მოვიწმენდდი ან წკიპურტი მომხვდებოდა, მაშინვე სისხლდენა მეწყებოდა, თანაც იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ შეწუხებული ვიყავი. ნესტოებში ხან დამწვარ, ხან კალციუმიან ბამბას მიდებდნენ... დედაჩემმა გამოსაკვლევად ექიმთან წამიყვანა. სისხლის დაავადება გამორიცხეს და სისხლძარღვებს დააბრალეს. მართლაც, სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელი საშუალებების მიღებამ მდგომარეობა გააუმჯობესა.

ასაკის მატებასთან ერთად სისხლდენა დავიწყებას მიეცა. ახლა მხოლოდ გრიპის ან გაციების დროს თუ შემახსენებს ხოლმე თავს, ისიც _ შედარებით მსუბუქად. კარგად მახსოვს, იმ პერიოდში რა საშუალებებს ხმარობდნენ ჩემი მშობლები, რათა სისხლდენა შეეჩერებინათ. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ.

  1. ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩაასხით 1/4 ლიმონის წვენი ან ერთი ჩაის კოვზი ძმარი (მაგრამ არა ესენცია), ან კიდევ ჩაყარეთ 1/3 ჩაის კოვზი შაბი. მიღებული სითხე შეისრუტეთ ცხვირით და შეიკავეთ 3-5 წუთს. ამ დროს ნესტო თითით დაიცეთ. პროცედურისას არ დაწვეთ, იჯექით ან იდექით მშვიდად. შუბლსა და ცხვირზე მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინული.
  2. თუ სისხლი მარჯვენა ნესტოდან მოგდით, მარჯვენა ხელი ასწიეთ თავს ზემოთ, თუ მარცხენა ნესტოდან _ მარცხენა ხელი. ეს მეთოდი სისხლდენას ეფექტურად აჩერებს.
  3. ამ მეთოდის გამოყენებისას დამხმარე დაგჭირდებათ. ნესტოდან სისხლდენის დროს ავადმყოფი ორივე ხელს მაღლა სწევს, მეორე ადამიანი კი სისხლმდინარ ნესტოს (თუ სისხლი ორივედან დის _ ორივეს) 3-5 წუთით აჭერს ხელს. სისხლდენა მალე შეწყდება.
  4. გახეხეთ ფარსმანდუკის ქორფა ფოთლები და ჩაიდეთ ნესტოში. შეგიძლიათ, წვენი გამოწუროთ და ის ჩაიწვეთოთ. წვენი უფრო ეფექტურიც კია.

  • ისევ უძილობის შესახებ

საკმაოდ დიდხანს მაწუხებდა უძილობა. რა არ ვცადე _ ძილის წინ თაფლიანი წყალი, საღამოს მოციონი, თბილი რძე... არაფერმა მიშველა და ვინ იცის, ახლაც ასეთ დღეში ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ოჯახის ექიმი. სწორედ მან მასწავლა თავშავას ნაყენის მომზადება, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ დაახლოებით ერთ საათს და გაწურეთ. ეს ნაყენი ჩაის ნაცვლად დალიეთ საღამოს ან ღამით, ძილის წინ. შეგიძლიათ, დაატკბოთ თაფლით.

ნაყენი არაჩვეულებრივად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც: გაიკეთეთ საფენები ან დაიბანეთ თავი, ანდა დალიეთ ნახევარი ჭიქა.

უძილობისა და ნევრული სისტემის გამოფიტვის დროს მეტად ეფექტურია ნაღველას ნახარშიც: 2 სუფრის კოვზი ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ნერვული სისტემის განსამტკიცებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი: აიღეთ თითო ფლაკონი შავბალახას, კატაბალახას, კუნელისა და იორდასალმის ნაყენი, აურიეთ ერთმანეთში, ერთი საჩაროზე კოვზი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ერთხელ _ აუცილებლად ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთები.