დავეხმაროთ ერთმანეთს
-
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ
დიდი ხანია, მაწუხებს კუჭ-ნაწლავი, ამიტომ იძულებული ვარ, ხშირად დავიცვა დიეტა, უარი ვთქვა საყვარელ კერძებზე, ვსვა წამლები. დროდადრო ქიმიას ბუნებრივ საშუალებებს ვუნაცვლებ. მაგალითად, როცა მუცელი მტკივა ან სიმძიმის შეგრძნება მიჩნდება, ვიღებ ამ ნაყენს:
* აიღეთ 5 გრამი კატაბალახას ფესვი, ამდენივე კამის თესლი, 10 გრამი პიტნა, 30 გრამი გვირილის ყვავილი. 2 ჩაის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და სვით ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში.
იური ნაცვლიშვილი, გურჯაანი
-
ჭრილობა არ დაგიჩირქდებათ
სოფლად, ნაკვეთში მუშაობისას, ფეხი გავიჭერი. მაშინვე ვერ დავიმუშავე, მოგვიანებით კი შევამჩნიე, რომ მიჩირქდებოდა. სანამ საქმე გართულდებოდა, მეზობელმა მომაშველა მალამო, რომელმაც ჭრილობა მოაშუშა და შეხორცება დააჩქარა.
* 100 მლ სპირტს შეურიეთ 100 გრამი გამდნარი ცვილი და ნაღების კარაქი და წაისვით გამიზეზებულ ჭრილობაზე.
ზაზა გურციევი, გორი
დისკომფორტი მუცელში
მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა. არასწორი კვება, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს მავნე ჩვევებით, რომლებიც კვების კულტურას უკავშირდება. ზოგი დილაობით არ საუზმობს, სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ინაზღაურებს გამოტოვებულ ულუფას, მოშიებული ზომაზე მეტს მიირთმევს დასანაყრებლად. ბევრს სადილობა ტელევიზორის ყურებისას უყვარს.
არიან ისეთებიც, რომლებიც ჭამას წიგნის კითხვას, ჟურნალ-გაზეთების თვალიერებას უთავსებენ. ეს და სხვა მავნე ჩვევები ხელს უწყობს საკვების გაუცნობიერებლად, მექანიკურად ყლაპვას, რასაც გადაძღომამდე მივყავართ. გარდა ამისა, ისინი არღვევენ საჭმლის მონელების პროცესს, მის ცალკეულ რგოლებს, ნერწყვის გამოყოფა იქნება ეს თუ საჭმლის მომნელებელი წვენებისა, რადგან კითხვისა თუ ტელევიზორის ყურებისას ადამიანი ვერ ახერხებს ჭამის პროცესზე კონცენტრირებას, საკვების გემოსა და სურნელის შეგრძნებას, მათზე ყურადღების გამახვილებას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მონელებისთვის.
კვებას თავისი კულტურა აქვს და მისი დარღვევის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდი დატვირთვა ადგება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნე ჩვევა საბოლოო ჯამში მუცელში დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევასა და სხვა ჩივილებს განაპირობებს. მავნე ჩვევაა ჩიპსებით, არომატული ორცხობილებითა და სხვა სასუსნავით დანაყრებაც. ისინი გაჯერებულია მავნე ნივთიერებით - არომატიზატორებით, სტაბილიზატორებით, საღებავებითა და სხვა დანამატებით, რომლებიც ასევე აჩენს მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას. გირჩევთ, ამ მავნე პროდუქტების ნაცვლად ორგანიზმისთვის სასარგებლო ხილი, ხაჭო, წვენი მიირთვათ.
მუცელში აღმოცენებული დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ჭარბი მიღებაც. უჯრედისით მდიდარი საკვები, ჩვეულებრივ, აირების წარმოქმნას უწყობს ხელს. მიაქციეთ ყურადღება საკვებ რაციონს - ბევრ კომბოსტოს, ბარდასა და ლობიოს ხომ არ მიირთმევთ. მუცელში დისკომფორტს გაზიანი სასმელებისა და ზომაზე მეტი შავი პურის მიღებაც იწვევს. ერთ-ერთი მიზეზია ცხიმიანი საკვების უხვი მიღებაც, განსაკუთრებით - საღამოობით. ეს მხოლოდ დისკომფორტს კი არა, სერიოზულ დაავადებებსაც უდებს სათავეს.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/3167-diskomforti-mucelshi.html