ფიტოთერაპია
ჯანმრთელობის ფასი მშვენივრად ვიცი, ამიტომ ენდოკრინოლოგს დროულად მივაკითხე. მან სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი პრეპარატები გამომიწერა. მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ანტიდიაბეტური აბები მთელი სიცოცხლე უნდა მესვა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ხალხურ საშუალებებს შორის შაქრის დონის დამაქვეითებელი რეცეპტების ძებნა და რამდენიმე საჩემო ვიპოვე კიდეც. უკვე ხუთი წელია, რაც ფონს მათი წყალობით გავდივარ. ანტიდიაბეტური აბებით მკურნალობის სრულ კურსს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვიტარებ, დანარჩენ დროს კი მცენარეთა ნაყენს ვსვამ.
აი ჩემი მხსნელი რეცეპტები:
- აიღეთ 15-20 გრამი მწვანე ლობიოს გამხმარი პარკი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 3-4 საათს ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
- 20-20 გრამ მოცვის, ჭინჭრისა და ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ფოთლებს დაასხით 1-1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
ამ რეცეპტების მიხედვით მომზადებული წამლების დალევამდე აუცილებლად სთხოვეთ ნებართვა მკურნალ ექიმს, მათი დალევისას კი შაქრის კონტროლი არ დაგავიწყდეთ, რადგან ისინი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ძალით მოქმედებს.
ნინო ლეჟავა, ლანჩხუთი
ბებოს მალამომ დამწვრობის კვალი გამიქრო
ოჯახში წესად გვაქვს - ძველით ახალ წელს სოფელში, ბებიასთან ერთად ვხვდებით. ტრადიცია არც შარშან დაგვირღვევია და 12 იანვარს ბებოს ვესტუმრეთ.
გარეთ საოცრად თოვდა, საახალწლო სამზადისმა და სოფლის კოლორიტმა უამრავი ტკბილი მოგონება გამოაღვიძა ჩემში. ვიჯექი ბუხართან და ფიქრით ბავშვობის საყვარელ ადგილებში დავნავარდობდი. უცებ ბებომ დამიძახა, ჩაიდნით წყალი მომიტანეო. მეც წამოვფრინდი და იქვე მდგარ სკამს დავეჯახე, რომელზეც მდუღარე წყლით სავსე ქვაბი იდგა. ქვაბი გადმობრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა.
ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხებზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დარჩებაო. მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, თებერვლის ბოლოსთვის კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.
გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს. ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.
- ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.
მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.
ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება.
ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.
ქეთი ვასაძე, ქუთაისი
ზედმეტი არაფერი ვარგა
ჩვენს ეზოში რამდენიმე თვის განმავლობაში სამი ვაჟკაცი დაიბადა. ძმებივით იზრდებოდნენ. მშობლები შვილების მოვლაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. კარგ მოვლად სამივე ოჯახს კარგი კვება მიაჩნდა და როგორც შეეძლოთ, ტენიდნენ პატარებს საჭმელს. ერთს მაინც განსაკუთრებით ”გაუმართლა” - 2 წლის ასაკში მის ვაჟს ზედმეტი წონის გამო ჯერ სასუნთქი სისტემის, ხოლო შემდეგ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. რაც დედამ დააკლო, დაუდევარმა პედიატრმა დაამატა - პატარა ჰორმონული პრეპარატებით გაჭყიპეს და სულ მალე ბავშვს კარგად ჩამოყალიბებული ბრონქული ასთმა და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდა.
მეზობლებს ძლიერ გვებრალებოდა. ორიოდე ნაბიჯს გაირბენდა თუ არა, ქოშინი ეწყებოდა და ცუდად ხდებოდა.
დადგა ზაფხული და ბავშვი აგარაკზე წაიყვანეს. იქიდან აშკარად გამოკეთებული დაბრუნდა. ცოტა წონაშიც მოეკლო და თავისუფლადაც სუნთქავდა.
ყველა დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ყველაფერი ერთი ხალხური საშუალების დამსახურება ყოფილა, რომელიც დედისთვის ერთ-ერთ დამსვენებელს ესწავლებინა.
აი, რამ უშველა ჩემს მეზობელს:
- აიღეთ ვირისტერფას 40 ფოთოლი, ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში (სასურველია, ჭაჭისა იყოს) და 1 ღამით გააჩერეთ. ეს ფოთლები, ვიდრე არ გამოილევა, ყოველ საღამოს დააკარით ბავშვს გულმკერდზე.
ერთი კურსის დასრულების შემდეგ მკურნალობა ასეთი სქემით განაგრძეთ: ვირისტერფას 40 ფოთოლი კვლავ ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში და კვლავ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ, პირველ საღამოს ბავშვს გულმკერდზე დაადეთ ერთი ფოთოლი, მეორე საღამოს - კვლავ ერთი ფოთოლი, ოღონდ არა გულმკერდზე, არამედ ზურგზე - ბეჭებს შორის, მესამე დღეს - ერთი ფოთოლი კვლავ გულმკერდზე, მეოთხე დღეს - კვლავ ზურგზე და ასე გააგრძელეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოგელევათ.
დავით გობრონიძე, თბილისი
ბარბარეს წამალი ყველას გიშველით
იმ ავადსახსენებელ აგვისტოს ჩემი ვაჟი საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში სამხედრო-სავალდებულო სამსახურს იხდიდა. ომი რომ დაიწყო, მოსვენება დავკარგე. ის რამდენიმე დღე თვალი არ მომიხუჭავს. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, როცა დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი ვაჟი გორის ჰოსპიტალში იწვა.
შვილი შინ წავიყვანე, მაგრამ ძალიან სუსტად იყო. აქეთ - სტრესი, იქით - მუცლის ღრუს მძიმე ოპერაცია... აღარ ვიცოდი, რით მეშველა.
საგონებელში ჩავარდნილს მხსნელად დეიდაშვილი მომევლინა - წმინდა ბარბარეს რეცეპტი მასწავლა და მითხრა, აი, ნახავ, ბარბარეს სასწაულმოქმედმა ძალამ და ამ წამალმა რამდენიმე დღეში ფეხზე თუ არ დააყენოსო.
ბევრი აღარ მიფიქრია, წამალი მაშინვე მოვამზადე. მით უმეტეს, ზაფხული იდგა და არც ნედლეულის შოვნა გამჭირვებია.
ზუსტად 5 დღეში ჩემი ვაჟი ფეხზე წამოდგა და უკეთესობისკენ წავიდა.
მინდა, ბარბარეს წამალი ყველას ვასწავლო, რათა გასაჭირში გამოიყენონ და მის სამკურნალო ძალაში დარწმუნდნენ.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი კოწახურის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 10 მლ 40%-იანი სპირტი ან არაყი, დააყენეთ სითბოში 14 დღით, ვიდრე არ მიიღებთ გამჭვირვალე, ალუბლისფერ, არომატულ, ოდნავ მომჟავო სითხეს.
ეს ნაყენი უნდა დაილიოს 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
მკურნალობის კურსს იმეორებენ 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ. ნაყენი გამოიყენება ოპერაციის შემდგომ, როცა ადამიანს დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული.
- კარგია კოწახურის ფესვისა და ქერქის ნახარშიც: 10 გრამ ქერქსა და 15 გრამ ფესვს უნდა დაასხათ 300 მლ ცივი წყალი და ხარშოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთს. შემდეგ გააცივოთ, გაწუროთ და ადუღებული წყლით შეავსოთ საწყის მოცულობამდე. უნდა მიიღოთ 50 მლ დღეში 3-ჯერ.
ნინო ვერულაშვილი, ბორჯომი
რადიკულიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები
აცივდება და მწვავდება ჩვენი სატკივარიც... არცთუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთ გამოცემაში წავაწყდი ხალხურ რეცეპტს, რომლითაც ათეულობით წელია ვსარგებლობ. ეს წამალი იოლი მოსამზადებელია და ძალიან უხდება რადიკულიტს. იქნებ ეს რეცეპტი თქვენც იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:
- აიღეთ ნახევარი კილოგრამი კედრის გირჩი, ამდენივე შაქრის ფხვნილი და ერთი ლიტრი არაყი. ეს ყველაფერი ჩაყარეთ დიდ ქილაში, კარგად აურიეთ, დაახურეთ სახურავი და ერთი თვით ან თვენახევრით დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, და ყოველდღე ურიეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათი ადრე. სვით, ვიდრე ნარევს სულ არ გაათავებთ.
თუ ნაყენს წელიწადში ერთხელ მიიღებთ, მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, ხოლო თუ მკურნალობის ორ კურსს მაინც ჩაიტარებთ შემოდგომასა და გაზაფხულზე, რადიკულიტი კარგა ხანს აღარ შეგახსენებთ თავს. პირადად მე ბოლო ერთი წელიწადია, შეტევა არც კი მქონია. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემ მიერ მოწოდებული რეცეპტი თქვენც გამოგადგებათ.
ნარგიზა გიგაური
ჰიპერტონიით დაავადებულთა კალენდარი
დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვებრძვი დაავადებას, რომელიც, როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ეს არის ჰიპერტონია. მას შემდეგ, რაც 45 წლის გავხდი, მაღალი წნევა თავს აღარ მანებებს. დავიწყე იმ ხალხური რეცეპტების შეგროვება, რომლებიც ჰიპერტონიას შეეხებოდა და მგონი, უკვე ყველა რეცეპტი ვიცი, რაც კი საქართველოში გამოქვეყნებულა. ჰიპერტონიის სამკურნალოდ ჩვენს ხალხურ მედიცინას უამრავი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მოეპოვება. ერთ-ერთი მათგანია ძახველი. მას მეც ეფექტურად ვიყენებ, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ჰიპერტონიას სხვადასხვანაირად უნდა ვუმკურნალოთ. მაგალითად, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ ძახველის სიროფის სმას (სიროფს ასე ვამზადებ: ძახველს ვხეხავ და ვამატებ იმავე ოდენობის შაქარს). ძახველის სიროფი ძალიან გემრიელია. თუ შაქრის მიღება არ გსურთ, ძახველმა პირი რომ არ გაგიმწაროთ, უნდა მოყინოთ და ისე მიირთვათ.
- შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს: ერთ სუფრის კოვზ მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით დღეში სამჯერ. ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.
ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150-ზე ზემოთ ერთხელაც არ ამწევია, რაც ჩემი ასაკისთვის - 57 წლის გახლავართ - თითქმის დაუჯერებელია.
გიორგი თუშიშვილი
ვუმკურნალოთ სურდოს ბალახებით
დიდი ხანია მესმის, რომ სურდო წელიწადში 2-3-ჯერ ნორმალური და სასარგებლოც კია. ეს იმიტომ, რომ მსუბუქ ვირუსულ ინფექციას ჩვენი ორგანიზმი სამედიცინო დახმარების გარეშეც უმკლავდება, ამ დროს კი ძლიერდება იმუნიტეტი, იზრდება ორგანიზმის თავდაცვითი ძალები. ხატოვნად რომ ვთქვათ, სურდო ორგანიზმისთვის ერთგვარი იმუნური ვარჯიშია, ამიტომ ის მადლიერების გრძნობით უნდა მივიღოთ.
მაგრამ რომელ მადლიერებას უნდა განიცდიდეს ის, ვისაც ცხვირიდან განუწყვეტლივ ჩამოსდის?
- ბევრი სურდოს დაწყებისთანავე იმარაგებს წვეთებს და უკონტროლოდ იწვეთებს ცხვირში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობაა. ცხვირის ლორწოვანი გარსი ასეთ ბარბაროსულ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. იქნებ შედარებით რბილი და ბუნებრივი საშუალებები გვესინჯა? მაგალითად, აფთიაქში იყიდება ბალახი - ეფედრა. თუ მისგან ნახარშს კოლოფზე მითითებული რეცეპტით მოამზადებთ და მითითებული წესითვე მიიღებთ, სურდო გაივლის ან შემსუბუქდება.
- გარდა ამისა, გირჩევთ, მოიკრიბოთ გამბედაობა და ყოველდღიურად (თუ შეძლებთ, დღეში რამდენჯერმეც კი) გამოირეცხოთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით: ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ეს ხსნარი მორიგეობით შეისრუტეთ ორივე ნესტოთი, მერე კი პირიდან გადმოღვარეთ. ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია. მართალია, პროცედურა საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს, მცირედი დისკომფორტი მოითმინოთ, ვიდრე უკონტროლოდ გამოიყენოთ ქიმიური ნაერთები.
ბელა ბიჭიაშვილი
შტოში - ჯანმრთელობის საბადო
რომ არა ეს არაჩვეულებრივი კენკრა, გარდამავალ ასაკს ასე იოლად ვერ გადავიტანდი. შტოში ბუნებისგან ნაბოძები ნამდვილი საუნჯეა. მან დამავიწყა ავიტამინოზი, მტკივანი თირკმელები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ხალხური მედიცინა მას თურმე ღვიძლის, პანკრეასის დაავადებების, ჰიპერტონიის, გლაუკომის, დიაბეტის, რევმატიზმის, ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის დროსაც იყენებს. გაციებისა და თავის ტკივილის დროს ხომ შტოშის მორსი პირდაპირ მისწრებაა.
- ყოველდღე, ჭამიდან ჭამამდე, მიირთვით 50-100 გრამი შტოში, უმჯობესია, უშაქროდ და უთაფლოდ. შაქრის დამატება კარგია მაშინ, როდესაც გინდათ, დასწიოთ არტერიული წნევა, ხოლო თაფლით შეზავებული შტოში არაჩვეულებრივია ხველის დროს. შტოშის მორსი ასე მზადდება: დასრისეთ ნახევარი ჭიქა შტოში და დაამატეთ ნახევარი ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი. სვით მთელი დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ: კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს შტოშის გამოყენება არ შეიძლება. შტოში ძალიან ადვილი შესანახია: შეგიძლიათ, გაყინოთ ან ქილებში ჩაყაროთ, წყალი დაასხათ და საკუჭნაოში დადგათ. ასე შტოშში შემავალი ყველა ვიტამინი ცოცხალი რჩება.
მანანა ურუშაძე
სახსრებში თუ გტეხთ
მინდა, გაგაცნოთ სახსრების სამკურნალო შინაური მეთოდი. მე მას უკვე დიდი ხანია ვიყენებ და ნაცნობ-ახლობლებსაც ვურჩევ. მერწმუნეთ, ყველა კმაყოფილია.
- მალამოსთვის დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი წითელი ღვიის ეკალი და ექვსი სუფრის კოვზი დაფხვნილი დაფნის ფოთოლი. აურიეთ ერთმანეთში და ეს ნარევი კარგად გაქენით 12 სუფრის კოვზ ახალ კარაქში (კარაქი შინაური სჯობს, მაგრამ მაღაზიისაც გამოგადგებათ. მთავარია, ახალი და ხარისხიანი იყოს). მიღებული მალამო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიზილეთ მტკივან ადგილებში. შეინახეთ მაცივარში. შვებას მალევე იგრძნობთ. ტკივილიც გაგივლით.
გიორგი გაგუა