დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
წითელ ქარს კომბოსტო და ცარცი შველის
ამ რამდენიმე ხნის წინ წითელი ქარი დამემართა. მთელი ქვედა კიდური მუხლიდან ტერფამდე შემიწითლდა, მტკიოდა და ისე მეწვოდა, თითქოს ცეცხლი მიკიდიაო. დავიწყე ძველი გაზეთების ქექვა და ვიპოვე ერთი რეცეპტი, რომელიც ადრე ერთმა ნაცნობმაც მირჩია. მკურნალობას მაშინვე შევუდექი. ვიღებდი კომბოსტოს ფოთოლს, ვასველებდი წყალში და სარეცხის საპონს ვუსვამდი, ვიდებდი ფეხზე, დოლბანდით ვიხვევდი და ორი საათით ვიტოვებდი. ასე ვიქცეოდი დილა-საღამოს.
-
- გარდა ამისა, ვაქუცმაცებდი ცარცს და ვურევდი მის ფხვნილს პენიცილინში 1:1 თანაფარდობით. ამ ნარევს ვუსვამდი წითელ შალის ქსოვილზე და ამასაც ვიდებდი ფეხზე, ოღონდ ელასტიკური დოლბანდით ვიხვევდი და მთელი ღამით ვიტოვებდი.
გაითვალისწინეთ, წითელი ქარისას კანზე ცელოფნით დაფარება არ შეიძლება, წითელი შალის ქსოვილი კი კიდურიდან კარგად იწოვს მცხუნვარებას და სიწითლეს აქრობს, ამაში თავად დავრწმუნდი. ასე ვმკურნალობდი 10 დღე და ყველაფერმა გამიარა. ასე რომ, თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა აქვს, გამოსცადოს. ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ.
-
ანემიისას მიირთვით მსხალი
დადგა ზაფხული და ხეხილის ბაღებში მსხლის არომატი დატრიალდა. ბევრი გაურბის ამ ხილს - კალორიულიაო. ნეტავ იცოდეთ, რა სასარგებლოა იგი, განსაკუთრებით - ბავშვებისთვის. ბევრი სპეციალისტი ურჩევს მშობლებს, ზაფხულში პატარებს მსხალი აჭამონ, რადგან იგი მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის კუნთის მუშაობას, ადვილად ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს მადას. მსხლისგან შეგიძლიათ ასეთი წამალიც მოამზადოთ:
-
- აიღეთ მწიფე მსხალი, გასრისეთ და დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და ეს ნარევი აჭამეთ პატარებს დღეში 3-ჯერ, ჭამიდან ჭამამდე შუალედებში.
სასურველია, დღეში სამი მსხალი მაინც მიირთვან. ეს ნარევი აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას და მეტად სასარგებლოა ანემიის დროს. ნაწლავური მოშლილობების დროს მესამედ გასრესილ მსხალს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი შვრია და მოხარშეთ 2 ჭიქა წყალში, დადგით, გააცივეთ და მიეცით პატარას დღეში 4-ჯერ.
-
სახსრების ტკივილს კარტოფილი დაგიამებთ
მინდა შემოგთავაზოთ სახსრების ტკივილის დასაამებელი წამლის რეცეპტი.
-
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით პირშუშხა და კარტოფილი, გახეხეთ და დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და ფირფიტა გამოძერწეთ.
მტკივანი სახსარი დაიზილეთ მცენარეული ზეთით, ზემოდან კი კარტოფილისა და პირშუშხასგან მომზადებული ფირფიტა დაიდეთ, დაიფარეთ სახსარზე ცელოფანი, ზემოდან შემოიხვიეთ ნატურალური შალის ქსოვილი და ერთი საათი გაიჩერეთ. შეგიძლიათ იმეოროთ, ვიდრე ტკივილი სულ მთლად არ დაცხრება.
-
- კარგია ასეთი წესით მომზადებული წამალიც: აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი თაფლი, 150 გრამი არაყი, 50 გრამი ალოეს წვენი; ღამით გაიკეთეთ ამ მასის კომპრესები მტკივან ადგილზე და შალის ქსოვილით შეიხვიეთ.
-
ყაბაყი ალერგიას ათვინიერებს
ზაფხული ყაბაყის დროა. ეს ყველაზე უპრეტენზიო ბოსტნეულია, რომელსაც ადამიანისთვის საკმაოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. ყაბაყისგან ბევრი გემრიელი კერძი მზადდება - ეს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა თუ იცნობს მის სამკურნალო თვისებებს. ყაბაყის ყვავილების ნაყენი ძლიერ სასარგებლოა ალერგიული რეაქციების დროს, ოღონდ კი არ უნდა დაკრიფოთ, არამედ ჩამოცვენილი მოაგროვოთ.
- აიღეთ დაახლოებით 8-10 ცალი ასეთი ყვავილი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში, საკვების მიღებისგან თავისუფალ პერიოდებში.
ნაყენი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ალერგია წლების მანძილზე ტანჯავს. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეგიძლიათ უმკურნალოთ კანზე არსებულ პატარ-პატარა ტრავმებსა და ჭრილობებს. თუ მას დალევთ და ხელებზეც გადაივლებთ, ჭრილობები სწრაფად შეხორცდება.
-
კრუნჩხვისა და ფურუნკულების წამალი
მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ქვედა კიდურების კრუნჩხვები აწუხებს, გამოცდილება გავუზიარო.
-
- ნახევარ ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად გახსენით და დალიეთ - კრუნჩხვები იკლებს. აიღეთ 20 გრამი პროპოლისი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი კარაქი და აურიეთ ერთმანეთში. მიიღებთ ფაფისებურ მასას, რომელიც უნდა წაისვათ ფეხის იმ კუნთებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გეკრუნჩხებათ.
თუ კრუნჩხვების პარალელურად ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებაც გიჩნდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ დარღვეული გაქვთ კიდურებში სისხლის მიმოქცევა და ექიმთან უნდა მიხვიდეთ, რადგან ეს ისეთი სერიოზული დაავადებების ნიშანია, როგორიც არის ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული გაგანიერება. კიდევ მინდა გასწავლოთ, როგორ ებრძოლოთ ფურუნკულებს.
-
- აიღეთ 1 სადილის კოვზი მარილი, მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ჩაყარეთ მარილი, შედგით სუსტ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ.
ამ სითხეში ჩაუშვით სტერილური დოლბანდი, მსუბუქად გაწურეთ და დაიდეთ ფურუნკულზე, დაიმაგრეთ პლასტირით. ასეთი გადახვევები გაიკეთეთ ორ საათში 3-ჯერ, ბოლო კი ღამითაც დაიტოვეთ. რამდენიმე დღის შემდეგ ფურუნკულები მომწიფდება და მათგან საბოლოოდ გათავისუფლდებით.
-
თაფლი კუჭის წყლულის მორჩენაში დაგვეხმარა
მსურს შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელმაც ბიძაჩემს კუჭის წყლული მოურჩინა. იგი 76 წლის გახლდათ და ორგანიზმი დასუსტებული ჰქონდა, წყლული კიდევ უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას. ამ წამალმა 6 თვეში შეუხორცა წყლული და მას შემდეგ თავი აღარც შეუხსენებია.
-
- აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი 10-20%-იანი პროპოლისის სპირტხსნარი, 50 მლ 0,25%-იანი ნოვოკაინი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე. განსაკუთრებით ძლიერი ტკივილის დროს წამლის სმა 1-2 თვეა რეკომენდებული.
- ჩაყარეთ თასში 2 სადილის კოვზი ასკილი და 4 სადილის კოვზი შაქარი, გასრისეთ კარგად, მოათავსეთ მინის ქილაში და შედგით მაცივარში. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. ამ ნარევის მიღება შეიძლება დაახლოებით 20 დღის განმავლობაში. უხდება გასტრიტსაც.
- კუჭის წყლულს უხდება თაფლიც: დილით, საუზმემდე 1,5-2 საათით ადრე - 30-60 გრამი, სადილამდე 2 საათით ადრე - 40-80 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30-60 გრამი. მკურნალობის კურსი 26 დღეა. მიღებამდე თაფლი უნდა გააზავოთ თბილ ანადუღარ წყალში.