დავეხმაროთ ერთმანეთს
* დაფქვით ანისულის თესლი, შეავსეთ ბოთლი მეოთხედზე, დაასხით ასკილის ზეთი ბოთლის შევსებამდე, დააყენეთ სიბნელეში ოცდაერთი დღით, დროდადრო შეანჯღრიეთ.
ოცდაერთი დღის შემდეგ ნაყენს უკვე წამლის თვისებები აქვს და შეგიძლიათ, ყურის ტკივილის დროს 2-3 წვეთი ჩაიწვეთოთ.
გაუხეშებულ კანს კარტოფილი დაგირბილებთ
მას, ვინც სო-ფლის მეურნეობას ეწევა, ხელებზე მალე უუხეშდება კანი. ქალები ამას მტკივნეულად განიცდიან, განსაკუთრებით ისინი, შაბათ-კვირას ნაკვეთზე რომ მუშაობენ, ორშაბათს კი სამსახურში მიდიან. მინდა, შევთავაზო მათ რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც კანს სწრაფად დაარბილებს.
- ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, მერე კარტოფილი ამოიღეთ და ნახარში 30 გრადუსამდე გააგრილეთ, ჩაყავით შიგ ხელები, გააჩერეთ 20 წუთი, მერე სუფთა წყალი გადაივლეთ და ხელის კრემი წაისვით.
შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ: უნდა მოამზადოთ კარტოფილის სქელი პიურე და სქლად დაიდოთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფაროთ, მერე კი სქელი შალი შემოიხვიოთ. 20-30 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.
საფუვრის ნიღაბი ნაოჭებს ებრძვის
საფუარი, რომლის გარეშეც პურპროდუქტების წარმოება წარმოუდგენელია, იმდენად მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომ კანზე საოცრად კარგ მატონიზებელ ზემოქმედებას ახდენს, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს დაბინძურებულ ფორებს. სწორედ ამიტომ საფუვრის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა მოშვებული კანის გასამკვირვებლად და ნაადრევი ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.
- აიღეთ 50 გრამი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ არაჟნის სისქის მასას. წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მკურნალობის კურსი 20 პროცედურას მოიცავს. ნიღაბი ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ. ნაადრევ ნაოჭებს ებრძვის კრაზანაც.
- აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი და დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გადაწურეთ. ეს ნაყენი კარგია მშრალი კანისთვის.
ბანანის მატონიზებელ თვისებებს ბევრი უკვე იცნობს, თუმცა ზოგიერთს, განსაკუთრებით - მშრალი კანის პატრონებს, მათი შეხსენება არ აწყენდათ.
- ჩანგლით გასრისეთ მწიფე ბანანი, დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, ზემოდან კი ბანანის ნიღაბი გადაისვით. ერთი ფენა რომ გაშრება, მეორე დაამატეთ. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, რომ სწრაფად არ გაშრეს.
ნიღაბი 30-40 წუთი დაიტოვეთ, მერე კი ფრთხილად მოიცილეთ ბამბის ტამპონით. მკურნალობის კურსი 10 პროცედურაა.
ასთმა ნუ შეგაშინებთ
ბრონქული ასთმა ჩვენი ოჯახური დაავადებაა. დიდი ხანია გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ისეთ გარემოში გვიტევდა, სადაც ნესტია და ტენიანობა მაღალია. არავინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ვირისტერფას საოცარი თვისებების შესახებ რომ არ შემეტყო. მისი ფოთლებისგან დამზადებულმა წამალმა მთელი ოჯახი ამოგვასუნთქა. მინდა, ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ.
- აიღეთ ვირისტერფას 40 ფოთოლი, ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში (სასურველია, ჭაჭისა იყოს) და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ.
ამგვარად დამუშავებული ფოთლები, სანამ არ გათავდება, ყოველ საღამოს დააკარით ბავშვს გულმკერდზე. ერთი კურსის ჩათავების შემდეგ მკურნალობა ასეთი სქემით გააგრძელეთ: ვირისტერფას 40 ფოთოლი ისევ ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში და ისევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ. პირველ საღამოს ბავშვს გულმკერდზე დააკარით ერთი ფოთოლი, მეორე საღამოსაც ერთი ფოთოლი, ოღონდ არა გულმკერდზე, არამედ ზურგზე - ბეჭებს შორის, მესამე დღეს - ერთი ფოთოლი ისევ გულმკერდზე, მეოთხე დღეს - ისევ ზურგზე და ასე გააგრძელეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოგელევათ. ეს რეცეპტი ასთმით დაავადებული პატარებისთვისაა. რაც შეეხება ასთმით დაავადებულ მოზრდილებს, მათთვის გთავაზობთ ასეთ ნაყენს:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დიდხანს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი უნდა მიიღოთ ყოველდღე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.
ბლეფარიტისა და კონიუნქტივიტის დროს კალანჰოეს ნახარში დაგეხმარებათ
ზაფხულში, აგარაკზე, დამიწითლდა ქუთუთოები, დამეწყო ცრემლების დენა, თვალების ქავილი და ჩხვლეტა. მეზობლად თვალის ექიმი ისვენებდა, გამსინჯა და მითხრა, კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი გაქვსო, მაგრამ არც აფთიაქი იყო ახლოს და ვერც წამლის ჩამოტანა ვთხოვე ვინმეს.Bგადავწყვიტე, რაც ხელთ მქონდა, იმით მემკურნალა. საბედნიეროდ, შინ ქოთნით კალანჰოე მქონდა, წამალი მისგან მოვამზადე და შვებაც სულ მალე ვიგრძენი:
- 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ კალანჰოეს ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთი ადუღეთ. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით გამოირეცხეთ თვალები დღეში 3-ჯერ.
მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო. გადავწყვიტე, ექმთან მისვლამდე იაფი და ბუნებრივი საშუალებები მესინჯა. ყველამ იცის, რომ ნიორი თმის ზრდას ასტიმულირებს. მეც მისი გამოყენება ვცადე და კმაყოფილი დავრჩი. გაგაცნობთ ჩემს რეცეპტს.
ნიორი ქერტლისა და თმის ცვენის წამალია
- ნიორი გახეხეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. წაისვით თავზე კვირაში ერთხელ, დაბანამდე 2 საათით ადრე. თუ მშრალი თმა გაქვთ, შეურიეთ ზეთი - თანაფარდობით 1:1. ასე იმკურნალეთ 2-3 თვის განმავლობაში. თმის ცვენა შეწყდება და თუ ქერტლი გაწუხებდათ, ისიც გაქრება.
ნიორი ანგინასაც შველის
როგორც კი შემცივდება, მაშინვე ანგინა მემართება, ყელი მტკივდება და ყლაპვა მიჭირს. ვმკურნალობ ნივრის ინჰალაციით, რომელიც ასე მზადდება:
- წვრილად დაჭერით 1 თავი ნიორი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ლიტრი წყალი და შედგით ქურაზე. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ. მეორე დღიდან ანგინა უკან დაიხევს.
სტომატიტის დროს სალბის ფოთლების ნაყენი გამოივლეთ
რამდენიმე ხნის წინ სტომატიტი დამემართა. ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი, საოცრად მტკიოდა და მეწვოდა პირის ღრუ, ენა და ღრძილები. დედაჩემმა მითხრა, რომ ბავშვობაში ამ დაავადებას სალბის ფოთლების ნახარშით მკურნალობდა. ვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. თქვენც სცადეთ:
- აიღეთ სალბის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, 4 ჩაის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. გამოივლეთ პირში დღეში რამდენიმეჯერ.
თმის ცვენას შეგიჩერებთ
თმის ცვენა პრობლემაა, რომლის წინაშე ზოგჯერ მედიცინის უახლესი მიღწევებიც კი უძლურია, ამიტომ მინდა, ჩვენს თანამემამულეებს ვასწავლო რამდენიმე ხალხური საშუალება - როგორც კი შეამჩნევენ, რომ თმის ცვენა დაეწყოთ, მაშინვე უნდა შეუდგნენ მკურნალობას, რათა პროცესი არ გაძლიერდეს და სავალალო შედეგით არ დასრულდეს.
- აიღეთ 50 გრამი მშრალი ჭინჭრის ფოთოლი, ჩაყარეთ 1 ლ ღვინის ძმარში, გააჩერეთ სიბნელეში 7-10 დღე, გადაწურეთ და თმაშეთხელებულ ადგილებზე წაისვით.
შეგიძლიათ, სცადოთ ასეთი ნაზავიც: 2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. შეიზილეთ თმის ძირებში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხელი წყლით ჩამოიბანეთ. რამდენიმე კვირაში თმის ცვენა წყდება და ახალი ამოდის.
- თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენიც. აიღეთ 10 გრამი კრაზანას ხმელი ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის), გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და მინის დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ამ ნაყენით გაიწმინდეთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.
იმკურნალეთ გემრიელად
მინდა გასწავლოთ ჩემი საყვარელი ხალხური რეცეპტი, რომელიც აქვეითებს მაღალ წნევას და იმავე დროს ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს. წამალი ადვილი მოსამზადებელია:
- აიღეთ 200 გ წითელი ჭარხლის წვენი, ამდენივე თაფლი, აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 100 გ შტოში და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნაყენს არავითარი უკუჩვენება არ აქვს, ამიტომ მისი მიღება დიდხანს შეიძლება. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ-დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ ნაყენის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ, მაცივარში ვინახავ და 3-3-კვირიან კურსებად ვიღებ, შუალედებში 10-12 დღე ვისვენებ. ამ წამლის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი თვისება ის არის, რომ ის ნატურალურია და მთელ ორგანიზმს აჯანსაღებს.
თალგამი მეტ პატივისცემას იმსახურებს
თალგამს არაფრად ვაგდებდი, ვიდრე არ შევიტყვე, რომ მისი წვენი ძლიერი და ეფექტიანი ორგანიზმის გამწმენდი საშუალება ყოფილა. იგი ხელს უწყობს წიდის გამოტანას, თირკმელებიდან ქვიშის გამოძევებას.
- თალგამი გაწმინდეთ და კარგად გარეცხეთ, ახალი კარტოფილივით გაფხიკეთ და წვენსაწურში გაწურეთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ თალგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდით გამოწუროთ წვენი. გამონაწური მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, სურვილისამებრ.
ვიდრე თალგამის წვენს სვამთ, უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ ცომეული, ცხიმიანი სადილები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის ერთი კურსისთვის საჭიროა 10 კგ-მდე თალგამი. ეს 2-3 თვე უნდა გეყოთ. ერთი კურსის შემდეგ აუცილებელია 3-4-თვიანი შესვენება, მერე კი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიმეოროთ.