დავეხმაროთ ერთმანეთს
მარილებისგან იასამანი მოგარჩენთ
იასამანი ყვავილებიდან განსაკუთრებით მიყვარს, ამიტომ როდესაც მარილებისგან გაწამებულმა ამ წამლის ამბავი გავიგე, ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე მოვამზადე:
* უნდა მოაგროვოთ 20 გრამი იასამნის ყვავილი და გააშროთ ჩრდილში, შემდეგ დაასხათ 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10-თან და 8-10 დღის განმავლობაში დადგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით.10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30-30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ. პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივანი და მარილოვან-წანაზარდებიანი ადგილები.
ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 3-4 კვირაში უნდა იგრძნოთ.
კრიტიკულ დღეებში თავშავა და მარწყვბალახა დაგეხმარებათ
კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი მრავალი გოგონასთვის კარგად არის ნაცნობი. მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ხალხურ საშუალებებს მივაგენი, შვებით ამოვისუნთქე:
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი თავშავა და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და ჩაასხით თერმოსში. უნდა სვათ მენსტრუაციის დღეებში ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. ნაყენი ხსნის ტკივილებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქსურ პერიოდშიც, ჭარბი აღგზნებადობისა და უძილობის სამკურნალოდ.
- მარწყვბალახასგან წამალი ასე მზადდება: 20 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ადუღოთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. გააცივოთ და გადაწუროთ. უნდა მიიღოთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე.
თუ ციკლი აგერიათ, შეგიძლიათ დალიოთ 2 ჩაის ჭიქა გვირილის ცხელი ნაყენი ერთ ჯერზე ან ისევ თავშავას ენდოთ: 1 სუფრის კოვზ გამომშრალ ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ შეფუთული 40 წუთის განმავლობაში და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
გაიწმინდეთ ორგანიზმი
ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია თალგამის წვენი, იგი არეგულირებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი წიდის გამოყოფას. წვენის მოსამზადებლად თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი ახალი კარტოფილივით გაფხიკოთ. გაფხეკილი თალგამი შეგიძლიათ წვენსაწურში გაწუროთ, შეგიძლიათ წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გახვეული გამოწუროთ. გამონაწური მაცივარში უნდა შეინახოთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ ნებისმიერ დროს.
თალგამის წვენის სმის პერიოდში უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი.
- მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის გამონაწურიც 2-3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამისგან დაახლოებით 600-700 გრამი წვენი უნდა მიიღოთ.
ქუსლებზე კანი დაგისკდათ?
თუ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, დიდხანს ნუ იფიქრებთ, მიიღეთ სოდიანი წყლის თბილი აბაზანა. ფეხები თასში მანამდე გააჩერეთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო სითბოს არ დაკარგავს, მერე შეიმშრალეთ და გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე დაიდეთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და ასე დაწექით დასაძინებლად. დილით კომპრესი შეიხსენით, ფეხები ისევ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც. კანი დარბილდება და მისი მოცილება სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით გაცილებით გაადვილდება.
თუ ამ პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ქუსლები ისევ დაგისკდათ და გაგიუხეშდათ, მოამზადეთ ტუხტის ფესვების ნაყენი:
- აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. ხშირად ურიეთ. ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსახოცი და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე.
ეს პროცედურა ჩაიტარეთ - დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.
ფსორიაზი რომ არ გაგიმწვავდეთ
ამ საშუალებებით მკურნალობა საჭიროა წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა შეიძლება წელიწადის სხვა დროსაც, თუ დაავადებას გამწვავება შეატყვეთ.
- 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 3 ჯერზე. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა.
- აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ. ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს.
- 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 30 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ 10 წუთის განმავლობაში გააცივეთ, გადაწურეთ და მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ნერვებს გასაქანი არ მისცეთ
ერთი პერიოდი სამსახურში გამუდმებით სანერვიულო ამბები მხვდებოდა. დღის ბოლოს გულის არეში ტკივილი დამჩემდა. ბოლოს ასეთი შეგრძნება სიმშვიდის დროსაც მიჩნდებოდა. მივხვდი, რამე უნდა მეღონა. ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატებს რეგულარულად ვიღებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნერვების მოთოკვა უფრო და უფრო მიჭირდა. ბოლოს ჩემი გასაჭირი მეგობარს გავანდე და მან ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია:
- უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და 20 წუთი გააჩეროთ. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ.
მიღებული ნაყენი ორად უნდა გაყოთ. ნახევარს - დილით, ნახევარს კი საღამოს უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით დალიოთ. ნაყენის სმის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებისგან.
დისბაქტერიოზს მცენარეული ნაყენიც შველის
მამაჩემი სამხედრო მოსამსახურე იყო, ამიტომ ბავშვობა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მაქვს გატარებული. ერთი წლის რომ ვიყავი, მაგადანის ოლქში მოგვიწია ცხოვრება. როგორც დედა მიყვებოდა, აღმომაჩნდა დისბაქტერიოზი. პოლიკლინიკის პედიატრმა დედას ურჩია, ჩემთვის მცენარეული ნაყენით ემკურნალა და მისცა კიდეც მზა ნარევი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ როგორც კი საჭმლის მონელების დარღვევა შემაწუხებს, მაშინვე ამ წამალს ვიმზადებ.
- ნარევის შემადგენლობა ასეთია: კრაზანა - 1 წილი, გვირილა - 2 წილი, პიტნა - 2 წილი, მრავალძარღვა - 2 წილი. 1 სუფრის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩეროთ 30 წუთი. გადაწუროთ და მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით. კუჭის მოქმედება ორ დღეში მოგიწესრიგდებათ. თუ წამალს მოზრდილი ადამიანისთვის ამზადებთ, მაშინ 1 ჩაის ჭიქა წყალი 1 სუფრის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ.
კბილების გასათეთრებლად
ბევრი განიცდის დისკომფორტს იმის გამო, რომ ქათქათა კბილები არ აქვს. ამჟამად კბილების გათეთრების უამრავი გზა არსებობს. მართალია, მათი უმეტესობა დიდ დროსა და თანხას მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ყველასთვის ხელმისაწვდომია და სახლის პირობებშიც შეიძლება გამოვიყენოთ. ვიდრე მათ შესახებ მოგახსენებდეთ, დაიხსომეთ რამდენიმე რჩევა:
- კბილები ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გაიხეხოთ.
- დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.
- ერიდეთ შავ ჩაისა და ყავას.
- ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ვაშლი, სტაფილო და კიტრი.
ახლა კი გთავაზობთ დაპირებული მათეთრებელი საშუალებების რეცეპტებს:
- კბილებზე კარგად წავისვათ სუფრის მარილი და გამოვიხეხოთ.
- იმავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რომელიც კბილებს მინერალური ნივთიერებებით გაამდიდრებს.
- კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა კბილების გამოხეხვა ასეთი ნარევით: აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ძმარი, ამდენივე სოდა და მწიკვი მარილი. წაისვით ეს ნარევი კბილებზე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გამოივლეთ. ნარევი აშორებს კბილებიდან მუქ ლაქებს და ბაქტერიულ ნადებს.
დაღლილობა ხახვითა და თაფლით დაამარცხეთ
არავისთვის არის საიდუმლო, რომ XXI საუკუნეში ცხოვრების ტემპმა საოცრად მოიმატა, რამაც ქრონიკული დაღლილობა გამოიწვია, ეს უკანასკნელი კი უამრავი დაავადების სათავედ იქცა. მინდა შემოგთავაზოთ თაფლისა და ხახვის ნარევის რეცეპტი, რომელიც დაღლილობის დამარცხებაში დაგეხმარებათ.
- აიღეთ 1 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი, აურიეთ ერთმანეთში და დადგით ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღით მოათავსეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
სახის მოვლა ყველა ქალისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მომხიბვლელობა. მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი აზრით, ძალზე ეფექტური გამაახალგაზრდავებელი კოქტეილი. მის მომზადებას ორი კვირა მაინც სჭირდება, მაგრამ, მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს. ცალკე მზადდება ნიღაბი, ცალკე - ლოსიონი. ნიღბისთვის საჭიროა:
- 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი ან 2 პაკეტი გვირილის ჩაი;
- 1 ჩაის ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო;
- 1 კვერცხის გული;
- 1 ჩაის კოვზი თაფლი;
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი;
- პურის ფქვილი ან შვრია.
გვირილას დაასხით ღვინო და 2 კვირა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. კვერცხის გული შეათქვიფეთ თაფლსა და ზეთს. დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ღვინის ლოსიონი. ნარევი შეასქელეთ პურის ფქვილით ან შვრიით. სახე, კისერი, დეკოლტეს მიდამო გაიწმინდეთ, დაისველეთ ლოსიონით და წაისვით ნიღაბი. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ისევ გაიწმინდეთ ლოსიონით და წაისვით მკვებავი კრემი. ლოსიონით სახე დღეში 1-2-ჯერ გაიწმინდეთ, ნიღაბი კი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
დაფნის ფოთოლი ჯიბლიბოს დროს გიშველით
თვალზე ხშირად გამომდის ჯიბლიბო. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედავია, მტკივნეულია და საშინელ დისკომფორტს მიქმნის. რამდენჯერმე ექიმთანაც ვიყავი. რაღაცები გამომიწერეს და ვხმარობ კიდეც, რადგან თვალთან ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ვემადლიერები დაფნის ფოთლის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება:
- აიღეთ 2-3 დაფნის ფოთოლი, დაფშვენით რაც შეიძლება წვრილად და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ამ ნაყენში მოათავსეთ ბამბის ტამპონი და ჭურჭელს თავზე დაახურეთ. გააჩერეთ 10-15 წუთი. მერე ბამბა ამოიღეთ, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ მტკივან თვალზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, პერიოდულად დაასველეთ თბილ ნაყენში.
ღრძილებს მუხის ქერქით უმკურნალეთ
შარშან ზაფხულს მთაში გახლდით დასასვენებლად. იქიდან ქალაქამდე ჩამოსვლა ძნელი იყო, ამიტომ თან მთელი აფთიაქი წავიღე: წყალბადის ზეჟანგი, იოდი, ბინტი, ტკივილგამაყუჩებლები, სიცხის დამწევები და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამხმარი მცენარეებიც კი. ჩემს მეგობარს ღრძილები აწუხებდა და სწორედ იმ დღეებში გაუმწვავდა დაავადება. პირის ღრუში გაუჩნდა მცირე ზომის წყლულები, რომლებიც საშინელ ტკივილს აყენებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჭმელს პირს ვერ აკარებდა. გამახსენდა, რომ ჩანთაში დაფხვნილი მუხის ქერქი მედო და მოვუმზადე ნაყენი, რომელმაც ტკივილი და დისკომფორტი გაუქრო. მერე კი, თბილისში დაბრუნებულმა, ცხადია, მკურნალობა ექიმ სტომატოლოგთან გააგრძელა. გთავაზობთ ამ ნაყენის რეცეპტს:
- სუფრის კოვზ მუხის ქერქს უნდა დაასხათ
- ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგათ ნელ ცეცხლზე და ადუღოთ 15 წუთი.
შემდეგ გააცივოთ და გადაწუროთ. ივლეთ პირში ნახევარ საათში ერთხელ.