სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ყელის ტკივილს დაგიამებთ

სუსტი ყელი მაქვს. საკმარისია, ოდნავ აცივდეს ან რამე ცივი შევჭამო, რომ მაშინვე მიძნელდება ნერწყვის ყლაპვა და ცოტა ხანში ყელის ძლიერი ტკივილი აღარ მაძინებს. ბოლო დროს ნაცნობის რჩევით ყელის ტკივილს ანისულისგან მომზადებული წამლით ვებრძვი.

  • უნდა აიღოთ ჭიქანახევარი ანისულის თესლი და დაასხათ იმავე რაოდენობის ცივი წყალი, ადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, რომ შეგრილდება, გაფილტროთ და შეურიოთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი, შემდეგ კვლავ ცეცხლზე შემოდგათ და კიდევ ერთხელ წამოადუღოთ. ვიდრე გაცივდება, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი.

სწრაფი ეფექტისთვის უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ამ წამლის სმა 10 დღემდე შეგიძლიათ, ვიდრე სიწითლე და ტკივილი არ გაივლის.

მყეფავი ხველის წამალი თალგამია

ქრონიკული ბრონქიტი მაქვს, აცივდებოდა თუ არა, ისეთი ხველა მეწყებოდა, არ მაძინებდა. ბოლოს, როგორც იქნა, გავიგე, რომ მკერდისმიერ, მყეფავ ხველას თალგამი არჩენს.

  • აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წმინდად გახეხეთ, მიღებულ ფაფას გამოადინეთ წვენი და დაამატეთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო.

უნდა მიიღოთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

თუ სურდო გაქვთ

სურდოთი გაჭედილ ცხვირს მშვენივრად ხსნის მიხაკის ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი მიხაკის თესლი, ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ, ვიდრე წყალი არ გაყავისფრდება. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი მინის ჭურჭელში ჩაასხით. როგორც კი ცხვირი გაგეჭედებათ, ნესტოებში რაც შეიძლება ხშირად იწვეთეთ 2-2 წვეთი.

უნებლიე შარდვას მრავალძარღვა შველის

ჩემი დისშვილი საკმაოდ მოზრდილი გახლდათ, ისევ შარვალში რომ ისველებდა. საკმარისი იყო, თამაშში გართულიყო ან ოდნავ აღელვებულიყო, - ისე გაეპარებოდა ხოლმე შარდი, ვერც კი გრძნობდა. დიდი ხნის უშედეგო მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტეთ, ხალხური მედიცინაც გვეცადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, თაფლითა და მრავალძარღვათი ამ პრობლემას თავი დავაღწიეთ.

  • პირველი პირობა ასეთია: ბავშვმა დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ძილის წინ უნდა მიიღოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, პარალელურად კი უნდა ასვათ მრავალძარღვას ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთოთ, გააჩეროთ ასე 1 საათი და შემდეგ გადაწუროთ. უნდა მისცეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, თუმცა შედეგს 5-7 დღეში შეამჩნევთ.


კრაზანა და ბანანი სახის კანს გაგიახალგაზრდავებთ

39 წლის ვარ. რაც თავი მახსოვს, სახის კანს მოვლას არ ვაკლებ. მიუხედავად ამისა, როდესაც წელს ზღვაზე დასვენების შემდეგ შინ დავბრუნდი, ლამის გული გამისკდა - კანი გამოფიტული და მოშვებული მქონდა, ნაოჭები - მომრავლებული. მეგობრებს შევჩივლე და შედეგმაც არ დააყოვნა - მეორე დღესვე მაგიდაზე მშრალი კანის მოსავლელი უამრავი რეცეპტი გაჩნდა. ყველას ის ვამჯობინე, რომელიც უკვე ნაცადი მქონდა:

  • უნდა აიღოთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი და დაასხათ ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩეროთ სიცივეში და გადაწუროთ.

ეს ნაყენი კარგია ნაოჭების პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება მოშვებული კანის მოჭიმვას, ამას მშვენივრად ახერხებს ბანანის ნიღაბი:

  • მწიფე ბანანი კარგად გასრისეთ, დაამატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. ნიღბის გაკეთებამდე სახეზე წაისვით ჩვეული მკვებავი კრემი, შემდეგ კი სახე ბანანის ფაფით დაიფარეთ. ნიღაბი რომ გაშრება, ახალი ულუფა წაისვით. ზემოდან შეგიძლიათ დოლბანდი დაიფაროთ, რომ სწრაფად არ გამოშრეს.

ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 30-40 წუთი და ბამბის ტამპონით მოიშოროთ. მკურნალობის კურსი 10 პროცედურაა.

ნაღვლის ბუშტის ანთება ვეღარ შეგაშინებთ

ნაღვლის ბუშტის ანთებით წლობით ვიტანჯებოდი, ყოველ ლუკმას შიშით ვიდებდი პირში და კვირაში 4-5-ჯერ გამოწერილივით მქონდა შეტევა. უამრავი წამალი ვსინჯე, ბოლოს კი აი, რამ მიშველა:

  • უნდა დააქუცმაცოთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხათ ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ჭურჭელი ჩადგათ ორთქლის აბაზანაში და გააჩეროთ 15 წუთი, გადმოდგათ და გადაწუროთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ, 1 სადილის კოვზი. 2-3 კვირის შემდეგ შესამჩნევ შვებას იგრძნობთ.

წონის დაკლება ასეც შეიძლება

2010 წელი ჩემთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - როგორც იქნა მოვერიე თავს და მშობიარობის შემდეგ მომატებული 30 კილოგრამიდან დიეტის წყალობით 12 მოვიცილე. ამის გამო უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობდი, მაგრამ საგონებელში ჩავვარდი, როდესაც აგარაკიდან შინ დაბრუნებულმა მადას ვერაფერი მოვუხერხე - გამგელებული ვჭამდი და ტანჯვა-წამების ფასად დაკლებულ კილოგრამებს ხელახლა ვიმატებდი. ბოლოს კი შევიტყვე, რომ წონის დაკლება ასეც ყოფილა შესაძლებელი:

  • უნდა აიღოთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილი, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, შემდეგ აიღოთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ჩაისავით დააყენოთ, შემდეგ გადაწუროთ და სვათ თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.

შემოდგომაზე სისხლძარღვებს მომაგრება სჭირდება

შემოდგომაზე სისხლძარღვებს მომაგრება რომ სჭირდება, კარგა ხანია ვიცი და უკვე 4 წელია, ამას რეგულარულად ვაკეთებ. თქვენც იმავეს გირჩევთ, მით უმეტეს, რეცეპტი არც ისე რთულია:

  • აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი კატაბალახას ხმელი, დაფხვნილი თესლი. დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 2 კვირაა. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი ერთხელ კიდევ გაიმეორეთ.


რინიტს იოლად მოირჩენთ

სურდო ვის არ ჰქონია, ასე რომ, ყველამ იცის, რამდენი უხერხულობა მოაქვს ამ თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემას. სამკურნალოდ უამრავი ფართოდ რეკლამირებული საშუალება ვცადე, მაგრამ მათი ხმარებისას ცხვირში წვასა და სიმშრალეს ვგრძნობდი, ამიტომ ისევ ბუნებრივ საშუალებებს დავუბრუნდი. ახლა, როგორც კი ცხვირში მომიჭერს, ამ ნაყენს ვიმზადებ:

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ძირს, ვასხამთ 100 გრამ ზეთს (უმჯობესია, ზეითუნისა იყოს) და 10 დღით ვაჩერებთ სითბოში. შემდეგ ვიწვეთებთ 1-2 წვეთს ორივე ნესტოში დღეში 1-2-ჯერ. წამლის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ნიორი ათეროსკლეროზს თავიდან აგაცილებთ

ნიორი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ, ხოლო ძველ ეგვიპტეში ამ ბოსტნეულს მხოლოდ ფარაონები და ქურუმები მიირთმევდნენ. მე პროფესიით გეოლოგი ვარ და მედიცინისა ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ათეროსკლეროზი რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ტვინს აზიანებს, ვიცი. გადავწყვიტე, მას ხალხური საშუალებებით ვებრძოლო. მეზობელმა ამისთვის ნივრის ნაყენი მირჩია. ვერ გეტყვით, რამდენად დაიკლო ათეროსკლეროზის განვითარების რისკმა, მაგრამ რაც ამ ნაყენის მიღება დავიწყე, თავს ნამდვილად უკეთ ვგრძნობ.

  • აიღეთ 250 გრამი ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 0,5 ლიტრი სპირტი ან 1 ლიტრი არაყი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. დადგით ბნელ, თბილ ადგილას. დღეში 2-3-ჯერ შეაჯანჯღარეთ. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მზად არის. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნივრის კომპრესები ვენებს უხდება

ეს რამდენიმე ხანია, ვენები მაწუხებს, ზაფხულში კი ტკივილი და ფეხების სიმძიმე სულმთლად გაუსაძლისი გახდა. მეგობარმა ეს კომპრესი მირჩია. ვსინჯე და მართლაც მიშველა - მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, კარგა ხანია, ვენებს თავი აღარ წამოუყვიათ. აი რეცეპტიც:

  • აიღეთ თეთრი ნიორი (ნივრის კანი უნდა იყოს თეთრი და არა მონაცრისფრო), დანაყეთ ან გახეხეთ, შემდეგ 1 წილს შეურიეთ 2 წილი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და ეს ნარევი დაიდეთ გამობერილ ვენებზე. დააფარეთ პერგამენტი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.

ასეთი კომპრესი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. დილით ფეხები დაიბანეთ, გადაიხვიეთ ელასტიკური ბანდი და ჩაიცვით წინდები.

საზამთროს თესლის სამკურნალო თვისებები

საზამთროს თესლის სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. XIII საუკუნის ცნობილი არაბი ექიმი მაჰმუდ იბნ-ილიასი წერდა, რომ საზამთროს თესლი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. დიდ განსწავლულობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ერთ რეცეპტს მეც შემოგთავაზებთ.

  • დანაყეთ საზამთროს თესლი ქვასანაყში, დაასხით ცივი ანადუღარი წყალი თანაფარდობით 1:10, 6-8 საათით დააყენეთ და დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 0,3-0,5 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30-60 წუთით ადრე. შეგიძლიათ, დაამატოთ თაფლი ან შაქარი.

ეს ნაყენი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა. ასევე შეიძლება მიიღოთ თირკმელკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.


მამაკაცური მარცხისგან ეს წამალი გიხსნით

ოჯახურ იდილიას ზოგჯერ ინტიმური პრობლემები არღვევს. მამაკაცის სქესობრივი უძლურების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც რაც უფრო ადრე დაადგენთ მიზეზს და დაიწყებთ მკურნლობას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. მე მინდა გასწავლოთ ამ პრობლემის მოგვარების ხალხური საშუალება, რომელიც თავად მაქვს გამოცდილი. უნდა დავიწყოთ სწორი კვებით. უარი ვთქვათ მაღალკალორიულ, ცხიმიან, ცომეულ, ნახშირწყლოვან საკვებზე და უპირატესობა მივანიჭოთ მცენარეულს, განსაკუთრებით - ნიგოზს. ცილოვანი საკვებიდან სასარგებლოა თევზი, ქათმის ხორცი.

  • არსებობს აღგზნების ხელშემწყობი წამალიც: წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 20-20 გრამი ლეღვისა და შავი ქლიავის ჩირი და ქიშმიში, დაუმატეთ 10-15 ნიგოზი, კარგად აურიეთ და მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი, თან დააყოლეთ კეფირი.

მუცლის შებერილობას კამის ნაყენი შველის

სოფლად სიდედრ-სიმამრს ვესტუმრე. რა თქმა უნდა, ქართული ადათისამებრ გამიმასპინძლდნენ. ნოყიერი ვახშმის შემდეგ გულძმარვამ და მუცლის შებერილობამ შემაწუხა. უახლოეს აფთიაქამდე ალბათ რამდენიმე კილომეტრი იქნებოდა, თანაც გვიანი საღამო იყო... სხვა გზა უნდა მომენახა და მოვნახე კიდეც.

  • ჩემი სიდედრ-სიმამრი, როგორც სოფლის ყველა მცხოვრები, მეურნე ხალხია, პატარა ბოსტანიც აქვთ. გამოვართვი 1 სუფრის კოვზი კამის თესლი, დავასხი 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გავაჩერე და გადავწურე. 20 წუთში ერთხელ ყლუპ-ყლუპად ვსვამდი. ასე დავაღწიე თავი უხერხულობას.

ჭინჭარი თმის ცვენას აჩერებს

რა სიახლეც არ უნდა შემოგვთავაზოს თანამედროვე კოსმეტოლოგიამ, ნატურალურ პროდუქტებსა და საოჯახო რეცეპტებზე დაფუძნებულ შინაურ კოსმეტიკას ვერაფერი შეედრება. მისი ერთადერთი ნაკლი შრომატევადობაა, თუმცა არსებობს მარტივი და სწრაფი საშუალებებიც, რომელთა დახმარებით სილამაზეს მაცივრიდან გამოღებული ჩვეულებრივი პროდუქტებითაც კი შევინარჩუნებთ. აი თუნდაც თმის ცვენის საწინააღმდეგო ნაყენის რეცეპტი:

  • აიღეთ 100 გრამი ჭინჭრის ხმელი ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ამდენივე ძმარი. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით (უსაპნოდ) ყოველდღე იბანეთ თავი. უკეთესი ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 4-ჯერ დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნახარში: 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლსა და ფესვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გადაწურეთ.

თმის ძირებს კვერცხის ცილა, შავი პური, კეფირი და ხახვიც ამაგრებს. ლიმონის წვენი უკვალოდ აქრობს ხახვის სუნს.

  • აურიეთ ერთმანეთში ხახვისა და ლიმონის წვენი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი კაკაო და მწიკვი მოდუღებული ინა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია თმის ზრდის დასაჩქარებლად და ძირების გასამაგრებლად. ვისაც ღია ფერის თმა აქვს, ჯობს კაკაო რეცეპტიდან ამოიღოს, ხოლო ინის ნაცვლად გვირილა გამოიყენოს.