სამკურნალო წერილები
ეს ნაყენი, გარდა ხველისა, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ზოგადი სისუსტის დროს შეგიძლიათ ცოტაოდენი ცხელ ჩაიში ან ყავაში ჩაასხათ და ისე მიიღოთ.
ნაყენი საკმაოდ გემრიელია, თუმცა მისი უზომო სმა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტისა, არ შეიძლება.
* ბრონქიტს შველის ალთეს ფესვის ნაყენიც: 1 კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ხახვი, კიდევ 20 წუთი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ, დღეში 3-4-ჯერ.
კბილის ტკივილის დროს
ამას წინათ გვიან ღამით კბილი ისე ამტკივდა, ლამის კედლებზე გავედი. არადა, იმ შუაღამისას სად წავსულიყავი?! ბედად, მეზობელმა მომიკაკუნა - რაღაც დასჭირდა და შინ არ აღმოაჩნდა. ტკივილისგან გამწარებული რომ დამინახა, მაშინვე მითხრა, ორ-სამ საშუალებას გასწავლი, ტკივილს ექიმთან მისვლამდე მაინც გაგიყუჩებსო. მინდა, ეს წამალი თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავაცნო.
* კბილის ტკივილს ძალიან სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარში - პირში უნდა ჩაიგუბოთ. ეს ნახარში ღრძილების ტკივილის დროსაც მისწრებაა. თუ ცოტაოდენ ბერთოლეს მარილსაც შეურევთ, ღრძილები უფრო მალე დაგიამდებათ.
* ღრძილებს უხდება მასაჟი - მტკივანი ადგილის ზელა და სრესა (ოღონდ - იმ შემთხვევაში, თუ ჩირქგროვა არ გაქვთ).
* პირში გამოივლეთ თბილი მარილწყალი - ტკივილი დაგიცხრებათ.
* მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა.
გასწავლით სხვა საშუალებებსაც, რომლებიც თავად გამომიცდია: თუ კბილები მორყეული გაქვთ:
* 2 ჩ/ჭ არაყში ჩაუშვით 15 ცალი დაფნის ფოთოლი და 2-3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გამოივლეთ თბილ-თბილი დღეში 2-3-ჯერ.
* ჟოლოს (ან მაყვლის), კაკლისა და პიტნის ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ცხელი ღვინის ძმარი, გააჩერეთ 3 დღე. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.
პაროდონტოზის დროს:
* მიირთვით ბევრი ნიორი და უმი კარტოფილი.
* ძალიან სასარგებლოა პირის ღრუში ზღვის მარილის წყალხსნარის გამოვლება (ნახევარი ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე). ის აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას, ათეთრებს და ამაგრებს კბილებს.
ჰაიმორიტი თავს აღარ შეგახსენებთ
სიცივეში ჰაიმორიტი ხშირად მიმწვავდებოდა. ათასი წამალი ვსინჯე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მივაგენი ბებიაჩემის ჩანაწერებს, სადაც რამდენიმე საინტერესო რეცეპტი აღმოვაჩინე. მათი გამოყენება თქვენც შეგიძლიათ.
* აკაციის პარკებიდან თესლი გადმოყარეთ, პარკები კი გაახმეთ და დაფქვით. იყნოსეთ ბურნუთივით. შესაძლებელია ამგვარად მიღებაც: ცოტაოდენი ფქვილი დანის წვერით აიღეთ და პენიცილინის ხსნარში გახსენით. ჩაიწვეთეთ ცხვირში დღეში ერთხელ, ერთი წვეთი, ვინაიდან საკმაოდ მტკივნეულია.
ჰაიმორიტის დროს ცხვირი, შუბლი და თავი თბილად უნდა გქონდეთ. თავსაფარი და შარფი მოიხვიეთ არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ღამითაც. ძილის წინ ისუნთქეთ ცხელი ორთქლით, გამოირეცხეთ ცხვირი თბილი მარილწყლით ან გულყვითელასა და გვირილის სუსტი ნახარშით.
ტკივილი დაცხრება, თუ ერთი საათის განმავლობაში შვიდჯერ დალევთ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს.
ქალურ პრობლემებსაც მოევლება...
მქონდა გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ციკლიც - არეული, მოუწესრიგებელი. იმხანად სოფლად ვცხოვრობდი, ამიტომ ექიმთან მისვლა ვერ მოვახერხე. ისევ ხალხურ მეთოდებს მივმართე. მკურნალობამ შედეგი მართლაც გამოიღო, ასე რომ, ამ რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით გასწავლით:
* 100 გ მუხის ფოთოლს დაასხით თეთრი ღვინო და დადგით თბილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.
* აიღეთ 2 სუფრის კოვზი ალუბლის ქერქი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე და მთელი ღამით ასე დატოვეთ. დილით გადაწურეთ, გაყავით ოთხად და მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ხახვის კანი ადუღეთ 3 ლიტრ წყალში (ნახარში მუქი წითელი უნდა იყოს). სვით 1 ჩაის კოვზი უზმოზე, დილით ან საღამოს.
ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდები
დიდი ხანია ვაგროვებ ხალხურ რეცეპტებს. მინდა, ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ. გთავაზობთ ფსორიაზის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.
სახალხო მკურნალები ფსორიაზს ამგვარად მკურნალობენ:
* თავდაპირველად დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ თხლად წაისვით ასეთი მალამო: ერთმანეთში აურიეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ბავშვის კრემი და 2 ჩაის ჭიქა არყის მალამო.
* არყის მალამო: შემოდგომაზე მოკრეფილი არყის ხის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გააშრეთ ჩრდილში. მომინანქრებულ, მინის ან თიხის ჭურჭელში 1 სმ-ის სისქეზე ჩადეთ სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაფშვნილი ფოთოლი, შემდეგ ისევ სოლიდოლი (სოლიდოლის საცხი იყიდება აფთიაქებში), ისევ ხის ფოთოლი და ასე შემდეგ. ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავი (შეგიძლით, ცომიც მოუსვათ, ჰაერი რომ არ შევიდეს), შედგით ჰაერღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე ასეთი რეჟიმით ათბეთ: 2 საათი თბება, 1 საათი აცივებთ. შემდეგ გაფილტრეთ, ფოთოლიც კარგად გამოწურეთ.
* ნარევი ერთგვაროვანი რომ გახდება, კარგად შეიზილეთ დაზიანებულ კანში. მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 30-40 წვეთი არალიის ნაყენი ცივ ანადუღარ წყალთან ერთად. ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 20 გრამი არალიის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას. მიიღეთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია.
* თუ დაზიანებული კანი გექავებათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და გულდასმით გაიმშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. ქერქოვანი კერები თანდათანობით გაქრება და ქავილიც გაივლის.
*თუ დაზიანებულმა კანმა მუქი მოლურჯო ფერი მიიღო, ისვით შემდეგი მალამო: ერთმანეთში აურიეთ 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 5-6 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო.
*ეს ნაზავიც ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველი მალამოს მსგავსად, მკურნალობის ბოლომდე იყენებენ. ამ დროს არალიის ნაყენის სმა უნდა შეწყვიტოთ.
*ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150-200 გ ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ფესვი დააყენეთ 1 ლ 40%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. 10 დღე მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მომდევნო 4 დღე - 1 ჩაის კოვზი.
როგორ ვუმკურნალოთ სიცხესა და ყელის ტკივილს აბების გარეშე
ჩემი გოგონა სულ პატარა იყო, როდესაც სიცხემ აუწია და უბნის ექიმმა გართულების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკი დაუნიშნა. შემდგომაც, საკმარისი იყო, ტემპერატურას ოდნავ მოემატა, რომ ექიმი ანტიბიოტიკის მიცემას მირჩევდა. მოგვიანებით, როდესაც ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაზე ანალიზი გავუკეთეთ, აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ჩემს შვილზე აღარ მოქმედებდა. როცა ბიჭი შემეძინა, ყოველგვარ წამალზე უარი ვთქვი. როცა ბავშვებს სიცხე უწევთ, ფილტვების მოსასმენად ექიმს ვიძახებ და თუ ანთება არ აქვთ, მაღალ ტემპერატურას საკუთარი მეთოდებით ვებრძვი. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გასწავლოთ:
* აიღეთ ჭარხალი, გახეხეთ (1 ჭიქა უნდა გამოვიდეს), დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ. ანგინის დროს ყელშიც გამოავლეთ.
სიცხეს და ყელის ტკივილს ეს საშუალება ძალიან უხდება. თუ ბავშვებს ახველებთ კიდეც, ვუკეთებ ინჰალაციას და ვასმევ გულყვითელას ჩაის: 1 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაფშვნილ გულყვითელას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარეს, ვახურავ თავზე და 15 წუთს ვაჩერებ. ვატკბობ 1-2 ჩაის კოვზი თაფლით ან მურაბით და ვასმევ თბილ-თბილს მთელი დღის განმავლობაში.
ფსორიაზის დროს ორკბილა გიშველით
ჩემს მეუღლეს ფსორიაზი დაემართა. კანი ისეთ დღეში ჩაუვარდა, რომ ვეღარავის ენახვებოდა. რა საშუალება არ ვცადეთ, მაგრამ არაფერმა უშველა. შემდეგ ერთმა ახლობელმა მირჩია, ორკბილას ნახარში ასვი და კანზეც უსვიო. ვცადეთ და მართლა მოუხდა, ორიოდე თვეში შინიდან გასვლაც შეძლო და უწინდებური ხალისიც დაუბრუნდა.
* ორკბილას ნახარში ძალიან ადვილი მოსამზადებელია: 3 სუფრის კოვზ დაფშვნილ, გამხმარ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი, დადგათ ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღოთ, შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში გაცივებამდე გააჩეროთ და გაწუროთ. უნდა სვათ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.
საფენებისთვის ნახარში იმავე წესით მოამზადეთ, ოღონდ ნახევარი ულუფა. შიგ დაასველეთ ტილოს ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ და დილა-საღამოს დაიფინეთ დაზიანებულ კანზე.
უკვდავას ნაყენი ნაღვლის ბუშტს მოგირჩენთ
ნაღვლის ბუშტი ბავშვობიდან მაწუხებდა. ცხიმიან კერძს შევჭამდი თუ არა, ტკივილი და გულისრევა მეწყებოდა. ჩემი ახლობელი ხალხური მედიცინით არის გატაცებული. სწორედ მან მირჩია უკვდავას ნაყენის მიღება. მისი წყალობით დღეს აღარც კი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სად მაქვს. გთავაზობთ რეცეპტს:
* 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და თავდახურულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. დროდადრო ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ, ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და 2Dდღით ბნელ, გრილ ადგილას დადგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-* -ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
თაფლის მასაჟი ცელულიტის წინააღმდეგ
მინდა გასწავლოთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ცელულიტს ხალხური მეთოდით.
* ცელულიტიან კანზე თხლად წაისვით თაფლი, მჭიდროდ მიიჭირეთ ხელისგული და მაშინვე მოიშორეთ. ასე განაგრძეთ, ვიდრე თაფლი არ განაცრისფრდება და ერთ ადგილას არ მოიყრის თავს.
პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. თაფლიანი კანიდან ხელისგულის "აფხრეწისას" ვაკუუმის ეფექტი იქმნება. სწორედ ეს ეფექტი შლის კანქვეშა ცხიმოვან კაფსულებს და კანიდან ცხიმის გამოწოვას უწყობს ხელს. არ შეგეშინდეთ, თუ პროცედურის დროს კანი გაგიწითლდათ, გაგიხურდათ და აგტკივდათ. თაფლის მასაჟი დღეგამოშვებით გაიკეთეთ. მასაჟიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყალი გადაივლოთ, ოღონდ უსაპნოდ. რამდენიმე მასაჟის შემდეგ კანი შეიძლება ოდნავ გაუხეშდეს, არც ამან შეგაშინოთ - როგორც კი მასაჟების კურსს დაასრულებთ, კანი სირბილესა და სინაზეს დაიბრუნებს. მასაჟების კურსის განმავლობაში უნდა იკვებოთ მსუბუქად, უმთავრესად მცენარეული საკვებით. ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ძეხვს, შებოლილ ხორცს. ნურც ტკბილეულსა და შაქარს მიეძალებით. ნუ დანაყრდებით ძილის წინ.
აბზინდა - არომატული მკურნალი
ახალგაზრდობაში სისხლნაკლულობა მქონდა - ადვილად ვიღლებოდი, გამუდმებით სისუსტეს ვგრძნობდი, ავადმყოფურად ფერმკრთალი ვიყავი... დედა გამუდმებით რაღაც ნაყენებს მასმევდა, კალორიული კერძების ჭამას, ვაშლისა თუ პომიდვრის წვენის სმას მაიძულებდა. შემდეგ სადღაც აბზინდის ნაყენის რეცეპტს წააწყდა. ამ ნაყენის სმა დავიწყე და სულ მალე გამოვკეთდი.
* დედა აბზინდას თვითონვე აგროვებდა მაისში, ახმობდა და ინახავდა (ვისაც სახლში აბზინდა გაუხმია, ეცოდინება, რა სასიამოვნოა იმ ოთახში ძილი, სადაც ეს მცენარეა გაშლილი: ჰაერში სასიამოვნო არომატი ტრიალებს და გამოღვიძებული თავს არაჩვეულებრივად გრძნობ). ნაყენს კი ასე ამზადებდა: 100 გ აბზინდას ასხამდა ნახევარ ლიტრ არაყს და 1 კვირა აჩერებდა, შემდეგ იღებდა 5 წვეთს, 30 მლ წყალში აზავებდა და უზმოზე მასმევდა.
დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ და აყვავებული აბზინდის დანახვაზე საოცარი სიამოვნების განცდა მეუფლება.
ბალზამი, რომელიც ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ
ათასი რამ მაწუხებს, მაგრამ ყველა ავადმყოფობას წარმატებით ვებრძვი ბალზამით, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ.
* უნდა აიღოთ 200 გ ასკილი, 100 გ ფიჭვის კვირტი, 100 გ ფარსმანდუკი, 10 გ აბზინდა. აურიოთ ერთმანეთში, დაასხათ 3 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩადგათ მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელში და 4 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩეროთ. შემდეგ შეფუთოთ და ერთი დღე-ღამით დადგათ. ამის შემდეგ უნდა გაწუროთ, დაუმატოთ 200 მლ ალოეს წვენი, 250 მლ კონიაკი, 500 გ თაფლი, კარგად აურიოთ და კიდევ ერთი დღე გააჩეროთ.
ბალზამი უნდა მიიღოთ რეგულარულად 6 თვის განმავლობაში, 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე, მომდევნო ორი თვის მანძილზე - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, შემდეგ 1 თვე შეისვენოთ და მკურნალობა განაგრძოთ.
ქალურ პრობლემებს სამყურა შველის
ახალგაზრდობაში ოპერაციის გაკეთება მომიხდა, რის შემდეგაც საშვილოსნოდან სისხლდენა დიდხანს არ შემიწყდა. რასაკვირველია, ანემია დამემართა. ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ ვიტამინებს და რკინის პრეპარატებს, მაგრამ მაინცდამაინც ვერ მიშველა. ჰემოგლობინი საგრძნობლად დაეცა. სისხლდენასაც ვერაფრით ვაჩერებდი - ცოტა ხნით წყდებოდა, შემდეგ კი ისევ იწყებოდა. ბოლოს დეიდაჩემმა, რომელიც სამკურნალო მცენარეებით იყო გატაცებული, სამყურა მომიტანა და მითხრა, ეს მცენარე ანემიასა და სისხლდენას შველისო. მისი მომზადებისა და მიღების წესებიც მასწავლა:
* 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ სამყურას ყვავილს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვაყენებთ. პირველ დღეებში ვიღებთ თითო სუფრის კოვზს 2-3 საათში ერთხელ. როდესაც სისხლდენა შესამჩნევად იკლებს (შესაძლოა, შეწყდეს კიდეც), ვიწყებთ ანემიის მკურნალობას - ვიღებთ 1/2 ჩაის ჭიქა ნაყენს დღეში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
ერთი თვის შემდეგ ჰემოგლობინი შევიმოწმე და საკმაოდ მომატებული აღმომაჩნდა. ექიმს ეგონა, ეს მის მიერ გამოწერილი წამლების დამსახურება იყო, მე კი ამ ერთი თვის მანძილზე არც ერთი აბი არ მიმიღია... ჩემი აზრით, სამყურას ყვავილი ყოველი შემთხვევისთვის ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შინ.