სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ერთ ზაფხულს ჩემმა ქალიშვილმა 18 წლის შვილიშვილთან ერთად სოფელში გამიშვა დასასვენებლად. იმ წელიწადს მარწყვის შესანიშნავი მოსავალი მოვიდა. ჩვენც ვჭამეთ, ახლობლებსაც მოვუკითხეთ და სამურაბედაც ბლომად დაგვრჩა. დროდადრო მარწყვის, მარწყვისა და კვერცხის, მარწყვისა და არაჟნის ნიღბებს ვიკეთებდით. მეც და ჩემმა შვილიშვილმაც საკმაოდ დავიკელით წონა და ენერგიითა და ხალისით ავივსეთ. როდესაც ჩემი ქალიშვილი და სიძე ჩვენს მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, გაოცებულები დარჩნენ. ეს კიდევ არაფერი - ერთი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ აღარც გული მაწუხებდა და ეგზემაც სადღაც გაქრა. თავდაპირველად არც კი მიფიქრია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მარწყვი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის შესახებ ზოგი რამ წავიკითხე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნამდვილი განძია, ეს მთელი აფთიაქია - გულსაც უხდება, სისხლძარღვებსაც, უძილობასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბრონქიტისა და ანგინის არაჩვეულებრივი წამალიც არის. მას შემდეგ ყოველ წელიწადს იმდენი მარწყვი მომყავს, რომ მთელი ზაფხული მივირთვათ და მთელი წლის სამყოფი ჯანმრთელობა "მოვიმარაგოთ". 

 

რა შეუძლია იოდს

ამა თუ იმ დაავადებისგან განკურნება ზოგჯერ ისეთი უბრალო საშუალებით შეიძლება, ვერც კი წარმოიდგენთ. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა იოდის სპირტხსნარი. თურმე იოდი მხოლოდ ჭრილობების დასამუშავებლად როდი ყოფილა სასარგებლო. ალბათ გაგიგონიათ, რომ მტკივან კუნთზე იოდის ბადეს იკეთებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტას თუ ეცოდინება იოდდეფიციტის დასადგენი ერთი მარტივი ხერხი: უნდა დააკვირდეთ, რამდენად სწრაფად გაქრება კანიდან იოდის ბადე; თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმს იოდი ჰკლებია. ამ რამდენიმე ხნის წინ კი შევიტყვე, რომ იოდი იმუნიტეტსაც აძლიერებს. მეგობრებთან ერთად სალაშქროდ გავემგზავრე. გზად თავსხმა წვიმაში მოვყევით. დავსველდი და გვარიანად გავცივდი - ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ცხვირიდან ჩამომდიოდა, მაგრამ "საველე აფთიაქში" მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი აბები, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი აღმოგვაჩნდა. უეცრად ერთმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, მთხოვა ფეხზე გამეხადა და ქუსლებზე იოდი წამისვა. ამ უჩვეულო "წამლის" იმედი მაინცდამაინც არ მქონდა, ხელი ჩავიქნიე, დავწექი და დავიძინე, დილით კი გაციების კვალიც აღარსად იყო. მოგვიანებით კიდევ რამდენიმეჯერ გამოვიყენე ეს მეთოდი. ვფიქრობ, გაციების ასეთ მარტივ და საიმედო წამალს ყველა უნდა იცნობდეს.

 

როგორ დავანებე თავი სიგარეტს

28 წლისამ ცოლის შერთვა გადავწყვიტე. საცოლეს ჭირვეული ხასიათი აღმოაჩნდა. მეც, - მოგეხსენებათ შეყვარებული კაცის ამბავი, - თვალებში შევყურებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რით მესიამოვნებინა. ვეწეოდი, რაც ჩემს საცოლეს არ მოსწონდა. ეს საკმაო აღმოჩნდა, რომ ამ მავნე ჩვევას გადავჩვეოდი. თავდაპირველად ვცადე, სიგარეტი მზესუმზირათი შემეცვალა, შემდეგ - საწუწნი აბებით, შემდეგ ასანთის ღერის კვნეტა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ - მოწევის სურვილი თავს არ მანებებდა. ერთ დღეს დედაჩემმა სადღაც ძველ ხალხურ რეცეპტს მიაგნო, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. თითქმის ორი თვის განმავლობაში ვმკურნალობდი. ამ ხნის მანძილზე ჩემმა ორგანიზმმა უამრავი ტოქსინი გამოაძევა. თავს დღითი დღე უკეთ ვგრძნობდი, თუმცა ჯანმრთელობას არც მანამდე ვუჩიოდი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიქრა მოწევის სურვილი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ შვრიის მოზრდილი კონა და კარგად დაკუწეთ, საღამოს დაასხით ორი ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით წამოადუღეთ, 5 წუთს ადუღეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ. საღამოს მოიმზადეთ მეორე ნახარში, რომელიც ამგვარად მზადდება: აიღეთ 100-100 გრამი შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვის ბურღული, ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთს. ნახარში ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამის შემდეგ.

 

ვისაც ვენები აწუხებს

მეორე მშობიარობის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ქათქათა და მოხდენილი ფეხები ჩალურჯებულმა, დაბერილმა ვენებმა დაფარა. გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ყველა მათგანი შევათანხმე ექიმებთან და დავიწყე მკურნალობა. შედეგით გაოცებული დავრჩი და მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

ცხენისწაბლას ნაყენი

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი

  • აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები

  • ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: ვედროში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს.

ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი

  • აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5 ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით - იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით. 

სვია

  • ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

ქრისტესისხლას ნაყენი ანგინას შველის

ხშირად მემართებოდა ანგინა. დედა მიმზადებდა ბალახის ნაყენს, რომელიც ძალიან მალე მიქრობდა ანთებას. ამ რეცეპტით დღემდე ვსარგებლობ - შვილებსა და შვილიშვილებს ვმკურნალობ. ნაყენი იოლი მოსამზადებელია:

  • 1 სუფრის კოვზ გამხმარ ქრისტესისხლას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ, ვიდრე სასიამოვნოდ თბილ ტემპერატურამდე არ გაგრილდება. შემდეგ გაფილტრეთ. დღის განმავლობაში იმდენჯერ გამოივლეთ ყელში, რამდენჯერაც შეძლებთ. რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებთ პროცედურას, მით მალე მორჩებით.

ნაყენი აცხრობს ყელის შეშუპებას, აქრობს ანთებას, აყუჩებს ტკივილს. არ შეგეშინდეთ, რომ ქრისტესისხლა მოგწამლავთ - ვინ მოთვლის, რამდენჯერ გამომიყენებია ეს საშუალება, სხვებისთვისაც მისწავლებია, მაგრამ არასოდეს არავითარი გართულება არ გამოუწვევია.

 

სამყურამ სასწაული მოახდინა

ოპერაციის შემდეგ საშვილოსნოდან სისხლდენა კარგა ხანს გამიგრძელდა. ამან, რასაკვირველია, ანემია გამოიწვია. ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ ვიტამინებსა და რკინის პრეპარატებს, მაგრამ ბევრს ვერაფერს მშველოდა, რადგან სისხლდენას ვერაფრით ვაჩერებდით - მცირე ხნით წყდებოდა, შემდეგ კი ისევ იწყებოდა. ერთ დღეს მეზობელმა სამყურა ბალახი შემომიტანა და მითხრა, ეს მცენარე ანემიასა და სისხლდენას შველისო და მომზადებისა და მიღების წესებიც მასწავლა.

  • 1 სუფრის კოვზ სამყურას გამხმარ, დაქუცმაცებულ ყვავილს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ვაყენებთ 1/2 საათს. პირველ დღეებში ვიღებდი თითო სუფრის კოვზს ყოველ 2-3 საათში ერთხელ. 3-4 დღის შემდეგ სისხლდენამ შესამჩნევად იკლო, მაგრამ ნაყენის სმა მაინც გავაგრძელე, ოღონდ ამჯერად ანემიის სამკურნალოდ - 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. ამ ხნის განმავლობაში სისხლდენა აღარ მქონია. ერთი თვის შემდეგ სისხლის ანალიზი ავიღე და ჰემოგლობინი საკმაოდ მომატებული აღმომაჩნდა.

 

შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკშიც

გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო. გწერთ 75 წლის ქალი, რომელიც, ღვთის შეწევნით, თავს კარგად გრძნობს. თავს ვალდებულად ვთვლი, გასწავლოთ გულის ტკივილის, ჰაერის უკმარისობის, მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამლის მომზადება. ეს რეცეპტი ახალგაზრდობაში ერთმა ექიმმა მომცა, რომელიც სამკურნალო მცენარეების შესწავლით იყო გატაცებული. ამ რეცეპტით ბევრჯერ მისარგებლია და საკმაოდ შედეგიანადაც.

  • ერთმანეთში კარგად აურიეთ 100 მლ შავბალახას, 100 მლ იორდასალმის, 100 მლ კუნელის, 50 გ პიტნისა და 50 გ კატაბალახას ნაყენი, დაუმატეთ კარგად დაფქული 25 გ მიხაკი, ჩაასხით ბოთლში და გააჩერეთ 10 დღე. მიიღეთ 25-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 დღის განმავლობაში.

 

საქმეს გასტრიტამდე ნუ მიიყვანთ

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით, ბევრი მცენარეული რეცეპტი ვიცი და წარმატებითაც ვიყენებ. რამდენიმე წლის წინ წნევის დამწევი წამლის რეცეპტი შემოგთავაზეთ. ახლა მსურს, გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც კუჭი აწუხებს. კუჭის პრობლემები პირდაპირ ტკივილით როდი იწყება - მას წინ უძღვის მუცელში სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინღა მივდივართ ექიმთან, როცა ტკივილი აუტანელი ხდება, თან გვიკვირს - გასტრიტი, თანაც ქრონიკული, რამ გამიჩინა, ასე უცებ საიდან მეტაკაო. ჩემო კარგებო, კუჭს უნდა გავუფრთხილდეთ! მერწმუნეთ, ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე გეუბნებით. ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი, ჯანმრთელობა არც მახსოვდა. შედეგმაც არ დააყოვნა - გასტრიტი დამემართა. გადავწყვიტე, მცენარეებით მემკურნალა. უამრავი საშუალება ვცადე და მივაგენი კუჭის სპაზმისა და მუცლის შებერილობის მოსახსნელ შესანიშნავ საშუალებას.

  • აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ანისულის ნაყოფი, ერთი ჩაის კოვზი ცერეცოს ნაყოფი, ერთი ჩაის კოვზი კვლიავის ნაყოფი და ორი ჩაის კოვზი პიტნა. ამ მცენარეების შეძენა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთს. გააცივეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ კუჭის სპაზმის ან შებერილობის დროს.

ეს მცენარეები სრულიად უსაფრთხოა და არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. საკმარისია, ნაყენი ერთი კვირა მაინც სვათ, რომ თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თავს დროზე მიხედავთ, გასტრიტამდე საქმე არ მივა.


 

გრიპისა და გაციების დროს დიდგულა გიშველით

დიდგულა (ანწლი) საუკეთესოა არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც, მაგრამ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა - წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ სამკურნალოდ მასაც იყენებენ. მე შავ დიდგულაზე მოგახსენებთ. მას აქვს გაციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. სამკურნალოდ გამოსადეგია მისი თითქმის ყველა ნაწილი, ყვავილიდან ნაყოფამდე. მე ყვავილების ნაყენს ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების დროს.

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 45 წუთს და გაფილტრეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ცივი ნაყენით შეგიძლიათ ამოიბანოთ დაღლილი და მტკივანი თვალები. მერწმუნეთ, ყოველგვარი გაღიზიანება გაქრება. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები.

 

გაიწმინდეთ სახე მრავალძარღვათი

ორი წლის წინ სახე სულ დამუწუკებული მქონდა, მაგრამ დღეს სარკეში ჩახედვა მიხარია. ბებიამ მასწავლა წამალი, რომელიც ყოველგვარ ლოსიონსა და მალამოს სჯობია - ჩვეულებრივი მრავალძარღვა. მინდა, თქვენც მოგითხროთ, როგორ მოვირჩინე სახის კანი. ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ჩაიტაროთ უბრალო კოსმეტიკური პროცედურები, რომლებიც კანს სილამაზეს დაუბრუნებს, თქვენ კი თავდაჯერებას შეგმატებთ.

  • გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოკრეფილი ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები, შეამშრალეთ ხელსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთს. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ფაქიზად მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით.

მრავალძარღვას ფოთლები ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და ჩააწყვეთ სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის პაკეტში. ეცადეთ, არ დააზიანოთ.

 

ქერის "ყავა" ენერგიით აგავსებთ

არ მესმის, რატომ იწყებს ხალხი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავად გახდება და რატომ არ ცდილობს მანამდე ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შერყეული ჯანმრთელობის მკურნალობა გაცილებით ძნელი და ძვირია, ვიდრე მისი შენარჩუნება. გაზაფხულზე ბევრი მოთენთილობას უჩივის, ადვილად იღლება და სულ ეძინება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ქერის მეშვეობით. ხალხური მედიცინა ძველთაგანვე იყენებდა ქერის ნაყენს ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. მე ყოველ დილას სწორედ ქერის ნაყენით ვიწყებ.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქერის მარცვალი, ვარდკაჭკაჭას ფესვი და რკო. თუ გაქვთ, ამ ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ ჭვავი და შვრია (ნახევარზე ნაკლები). ეს ყველაფერი დაფქვით და ერთმანეთში აურიეთ. 2-3 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ქაფის წარმოქმნამდე. ნახარში შეგიძლიათ დალიოთ დღეში 2-3-ჯერ. დაგიცავთ ავიტამინოზისგან.

გთავაზობთ მეორე, ასევე მეტად სასარგებლო ნახარშის რეცეპტსაც:

  • 1/2 ჭიქა დაფქულ ქერს დაასხით 2 ლიტრი  წყალი და ადუღეთ 2,5 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. შემდეგ გაფილტრეთ, წამოადუღეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი როზმარინის ფოთოლი (შეგიძლიათ, როზმარინის ნაცვლად გამოიყენოთ პიტნის, ბარამბოს, შავი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ფოთლები). შეფუთეთ და 1/2 საათს გააჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ გაფილტრეთ. მიიღეთ ყოველდღე, დღეში 3 ჭიქა. დილაობით ნაყენს შეგიძლიათ დაამატოთ 30 წვეთი ჟენ-შენი.