სამკურნალო წერილები
ხალხური მედიცინის ის ზოგიერთი მეთოდი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია, შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე მედიცინის მიერაც. ხალხური მედიცინა სამკურნალო მცენარეებით და სხვა ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას გულისხმობს. ჩვენც პერიოდულად შემოგთავაზებთ ამ რეცეპტებს.
-
გაციებისას შინაური თაფლი გამოგადგებათ
მინდა, შემოგთავაზოთ შინაური თაფლის რეცეპტი, რომელსაც გაციებისას წარმატებით გამოიყენებთ. ცაცხვის ყვავილები გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი,3-5 წუთს ადუღეთ და 10-12 წუთს დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ (გამოწურეთ ყვავილებიც), დაამატეთ შაქარი (0,5 ლიტრ წყალზე - 1 კგ) და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც შაქარი მთლიანად გალღვება, ცხელ-ცხელი ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ სიგრილეში, ზამთარში კი გახსენით და გამოიყენეთ. თაფლი შეგიძლიათ მიიღოთ ჩაის სახით: 1 ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და მიირთვით დღეში 2-3-ჯერ.
-
ქუთუთოს თრთოლისას
ხდება ხოლმე, რომ ქუთუთო ან ლოყა თითქოსდა უმიზეზოდ იწყებს თრთოლას. თუ ეს მტკივნეული არ არის და არც მაინცდამაინც ხშირად მეორდება, მისგან თავის დაღწევას მარტივი საშუალებით შეძლებთ. მაგრამ თუ უნებლიე მოძრაობანი მეტისმეტად ხშირია, აჯობებს, ექიმს მიმართოთ, რათა თავიდან აიცილოთ დიდი უსიამოვნება.
აი ეს რეცეპტი: აიღეთ 50 გ გულყვითელას ბალახი, დაასხით 1 ლიტრი წითელი ღვინო, ერთი კვირით დააყენეთ, გაწურეთ, ნარჩენი გამოწურეთ და მიიღეთ 50 გრამი ჭამის შემდეგ, დღეში სამჯერ.
ეს ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და საოჯახო აფთიაქში შეინახოთ. სწრაფი ვარიანტი: 50 გ მაიორანს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, 5-10 წუთით დააყენეთ, მიიღეთ 2/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
-
შარდის ბუშტის ანთება
როგორც კი ფეხები გამიცივდებოდა, მაშინვე მეწყებოდა გახშირებული შარდვა, ტკივილი და წვა მოშარდვისას. მითხრეს, შარდის ბუშტის ანთება გაქვსო. დანიშნულ მკურნალობას ვიტარებდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, დამატებით ბალახეული მეთოდებიც მეცადა. ამან ძალიან დააჩქარა ჩემი განკურნება და ამჟამად თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო:
- აიღეთ 200-300 გ სიმინდის ულვაში ან ალუბლის ყუნწი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ. მიიღეთ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე.
- 200 გ ნიახურის ძირი ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და 2-3 წუთს ადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
-
მასტოპათიის მკურნალობის ხალხური მეთოდები
მინდა, შემოგთავაზოთ მასტოპათიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. ისინი პირადად გამოვცადე და მერწმუნეთ, ძალიან მარგო.
- 1 ს/კ კრაზანას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ, როგორც ჩაი. გამოიყენეთ კომპრესებისთვის.
- აიღეთ 1 ს/კ ცერეცოს ნაყოფი, 1 ს/კ გვირილის ყვავილი, 2 ს/კ ალთე და 2 ს/კ ძირტკბილას ფესვი. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თბილი, თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
- აიღეთ 2 ს/კ წითელი მატიტელს ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. გამოიყენეთ საფენების სახით.
-
ისევ გახველებთ
დაზამთრდებოდა თუ არა, მაშინვე ხველას მაწყებინებდა. დავიტანჯე. საზოგადოებაში ტრიალსაც კი ვერიდებოდი. აბა, რა სასიამოვნოა, გაუჩერებლად რომ ახველებ და ხალხს საუბარს არ აცდი...
ექიმმა ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი დამისვა. რით არ ვიმკურნალე: ანტიბიოტიკებით, ამოსახველებელი საშუალებებით... ხალხური რეცეპტებიც ვცადე. რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებით მარგო.
- ბოლოკში გააკეთეთ პატარა ღრმული, ჩადეთ თაფლი და ბოლოკი ლამბაქზე მოათავსეთ, რათა წვენი არ დაიღვაროს. ერთი დღის შემდეგ ლამბაქი სავსე იქნება სასარგებლო წვენით. დალიეთ იგი სუფრის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამამდე.
- ერთმა მოხუცმა ქალბატონმა ძილის წინ მშრალი ინჰალაციების გაკეთება მირჩია: ბალიშის ქვეშ ვიდებდი ნაჭრის ტომარაში ჩაყრილ ევკალიპტის ფოთლებს. ევკალიპტის ეფექტი უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, დაძინებამდე ორი საათით ადრე ბალიშის ქვეშ სათბურასაც ვიდებდი. ასეთი ინჰალაციები საკმაოდ დიდხანს ვიკეთე, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. ახლა კი ბალიშის ქვეშ ფიჭვის წიწვით სავსე ტომარა მიდევს.
-
ნაღრძობისა და დაჭიმულობის სამკურნალოდ
ფეხის ოდნავი გადაბრუნება და კოჭი უკვე ნაღრძობი მქონდა. რა საშუალებას არ მივმართე. ბოლოს ექიმების რჩევით რამდენიმე მეთოდზე შევჩერდი. იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
ნაღრძობი და დაჭიმული ადგილი შეიხვიეთ და მოასვენეთ. შემდეგ მოამზადეთ წიწვების, კაკლის ფოთლების, თივის ნახარში და გაიკეთეთ თბილი აბაზანა ან დაიდეთ სველი საფენი. ამის შემდეგ დაიდეთ მრავალძარღვას, კაკლის ან კომბოსტოს ფოთოლი და მჭიდროდ გადაიხვიეთ. დილისთვის შესივება ჩაცხრება, ტკივილიც თითქმის გაივლის.
ვიდრე ამ მეთოდს გამოიყენებდეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ კიდური მართლაც ნაღრძობია და არა მოტეხილი.
-
თუ ცივდებით და ყელი გტკივათ
როდესაც ვცივდები და ყელიც მაწუხებს, დღეში რამდენჯერმე ვიტარებ ასეთ პროცედურას: თავდაპირველად ყელში ვივლებ თბილ წყალს, რომელშიც გახსნილია ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი ან სოდა და რამდენიმე წვეთი იოდი. შემდეგ ვიღებ ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს (უმჯობესია ზეითუნისა) და ვივლებ ყელში იმდენ ხანს, რომ კბილებს შორის ქაფი წარმოიქმნას. ამასობაში ზეთი წყალივით თხიერი ხდება და ვღვრი. ამ პროცედურის შემდეგ ყელის ტკივილი გაგივლით და გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებით.
როდესაც გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებისთანავე, ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა: ჩაიდანს ადუღებული წყალი გამოავლეთ და ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ნიორი ან ხახვი, დაახურეთ სახურავი და ცხვირით ისუნთქეთ ამონაორთქლი. შეიძლება, ჩაიდანი ოდნავ გაახუროთ კიდეც, მაგალითად, შედგათ ნელ ცეცხლზე. ეს მცირედი ეშმაკობა საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ სასუნთქ გზებში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს და თავი დააღწიოთ დაინფიცირებას.
-
პალმის ზეთი იქთიოზის წინააღმდეგ
იქთიოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელსაც კანის გენერალიზებული გარქოვანება ახასიათებს. უამრავ წამალს ვიყენებდი, მაგრამ ამ რეცეპტმა მართლაც სასწაული მოახდინა და გოგონა გადამირჩინა. სცადეთ, იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
უნდა აიღოთ პალმის ზეთი და ავადმყოფს დაზიანებულ ადგილებში შეაზილოთ, ხოლო 1 ჩაის კოვზი დაალევინოთ. გარდა ამისა, გაუკეთეთ მარილის აბაზანები. საჭიროა, დაიორთქლოს მტკივანი ადგილები. კარგი იქნება, თუ წყალში ჩაამატებთ მკვდარი ზღვის მარილს. ბოლოს გარქოვანებული ადგილები დაუზილეთ სალიცილის მალამოთი. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ რეგულარულად და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.