მარწყვი
ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. 100 გ მარწყვის კვებითი ღირებულება 10 კალორიაა. შეიცავს 0,7გ ცილას, 0,4გ ცხიმს და 6,3გ ნახშირწყლებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის მარწყვი. უმთავრესად მის ნაყოფს იყენებენ, მაგრამ სასარგებლოა ფოთლები და ფესურებიც. უმი კენკრა კარგი დიეტური პროდუქტია. სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, ავიტამინოზისას, მძიმე დაავადების შემდეგ. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე ციებ-ცხელების, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების წამალს. ფოთლებისა და ფესურების ჩაი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინოვანი სასმელია. მარწყვი შესანიშნავი საშუალებაა ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შესავსებად. მარწყვი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქვს შარდმდენი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში. მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვს აქვს უნიკალური თვისებებიც, მაგალითად, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ამ კენკრით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მის ნაყენს ასმევდნენ. კოსმეტოლოგიაში მარწყვის ნიღბებს იყენებენ. ეს შესანიშნავი საშუალებაა მისი ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
მავნე თვისებები
მარწყვი ფრთხილად უნდა მიირთვან მგრძნობიარე და ალერგიულმა ადამიანებმა. მისი თესლი საკმაოდ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ამიტომ უნდა ერიდონ ისინიც, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აწუხებს, აქვს ქრონიკული დაავადება და იღებს წამლებს.
* * *
დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, მისი მწიფობის მოკლე პერიოდში უნდა მოვასწროთ 10 კგ-ის შეჭმა. მარწყვის ღირსებად ითვლება ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ატიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. მარწყვის ფოთლებში ვიტამინები უფრო მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში. მინერალების მარაგი, რომელშიც შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს იგი ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვი ეფექტურად გამოდევნის ჭიებს. განსაკუთრებით კარგია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, ზრდის კუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი. ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავას და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი. სასურველია, უშუალოდ მოხმარების წინ გარეცხოთ, თანაც სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს. მარწყვი გაყინვას ცუდად იტანს და გალღობისას სტრუქტურა ეცვლება. თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს.
- თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი ან კოლიტი გაქვთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის მისწრებაა. 50 გ კენკრას დაასხით 200მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ 50 მლ.
- თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა მიირთვით და ტკივილი გაივლის;
- გამხმარ მარწყვს ადუღებულ წყალს ასხამენ და გაციების დროს სვამენ; ფოთლების ნაყენს ანგინის დროს ყელში ივლებენ;
- უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
მარწყვის ფოთლების ნახარშის ჩაი ცნობილია როგორც სისხლგამწმენდი, სისხლის წარმქომნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. ჩაის მომზადების წესი ასეთია: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ერთი მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 15წთ გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ. ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ ტბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით!