მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში
- მათი წყალობით მზის სხივის ენერგიის ხარჯზე წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნება გლუკოზას (ან სხვა შაქრების) მოლეკულები, ჟანგბადი კი თანაპროდუქტის სახით გამოთავისუფლდება.
ბევრი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თანამედროვე დონეზე განვითარება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გარს მცენარეული სამყარო ერტყა, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს, რაც კი არსებობისთვის სჭირდებოდა: საკვებს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს, საწვავს, ავეჯს, ჭურჭელს, წამლებს, საღებავებსა და სხვა სასარგებლო ნივთებს.
მცენარეთა როლი არც სადღეისოდ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა და გაცილებით შესამჩნევი გახდა - ისინი ჩვენთვის მატერიალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური სიამოვნების წყაროს წარმოადგენენ.
-
მცენარეები ბუნებაში
- მონაწილეობენ არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანულის წარმოქმნაში, ფოტოსინთეზის საშუალებით მცენარეულ პროდუქტებში დიდი რაოდენობით ქიმიურ ენერგიას ქმნიან.
- ხელს უწყობენ ატმოსფეროში ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადის დონის შენარჩუნებას და ხელს უშლიან ჭარბი ნახშირორჟანგის დაგროვებას.
- გადამწყვეტ როლს ასრულებენ მინერალური და ორგანული ნივთიერებების ბრუნვაში, რითაც უზრუნველყოფენ უწყვეტ სიცოცხლეს დედამიწაზე.
- გავლენას ახდენენ კლიმატზე, პლანეტის ტემპერატურულ რეჟიმზე. მათი საშუალებით ქვეითდება გარემოს ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებლამდე.
- მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადი იცავს ბიოსფეროს მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც დამღუპველად მოქმედებენ დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე.
- მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგის ფორმირებაში ნეშომპალას სახით.
- წინ ეღობებიან ნიადაგის ეროზიას, ამაგრებენ ქანებს.
- განაპირობებენ წლის დაგროვებას დედამიწის ზედაპირზე, ხელს უწყობენ მდინარეებისა და ჭაობების წარმოქმნას.
- მცენარეებში მიმდინარე ფოტოსინთეზური პროცესების შედეგად წარმოიქმნება სასარგებლო წიაღისეული, ნახშირი, ტორფი, რომელსაც ადამიანი საწვავად იყენებს.
- ქმნიან კლიმატს, ასუსტებენ ქარის სიჩქარეს, ასუსტებენ სიცხეს.
- ასუფთავებენ ჰაერს მტვრისა და აირებისგან.
- აქვთ უდიდესი კვებითი მნიშვნელობა.
- ატმოსფეროში გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც დამღუპველად მოქმედებენ დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე, ბაქტერიებსა და ვირუსებზე.
- გიგანტური "მწვანე ფაბრიკა~ მიკროსკოპული ქლოროფილის მარცვლების დახმარებით მზის ენერგიას მცენარის სასიცოცხლო ენერგიად - მის ფოთლებად, ღეროდ, ნაყოფად, თესლად, ბოლქვად გარდაქმნის.
ამრიგად, მცენარეები დედამიწაზე სიცოცხლის გარანტები არიან. სწორედ ამიტომ ადარებენ მათ მითიურ პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოსტაცა ღმერთებს და ხალხს აჩუქა.
-
ადამიანის ცხოვრებაში
ადამიანის ცხოვრებაში მათი როლის მიხედვით შეიძლება გამოიყოს მცენარეთა რამდენიმე ჯგუფი:
- საკვები მცენარეები
- მარცვლეული. ცხოვრება წარმოუდგენელია ხორბლისა და მისი ნაწარმის, უწინარეს ყოვლისა, პურის გარეშე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია ბრინჯის როლიც.
- ბოსტნეული. გამოყენების მხრივ პირველ ადგილს იკავებს კარტოფილი, რომელიც მართლაც რომ მსოფლიო პროდუქტია. მას მოსდევს კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო და ხახვი.
- ხილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი და ატამი. ზოგან, მათ შორის - საქართველოში, ყურძენი. არანაკლები დანიშნულება აქვს ციტრუსებს: ფორთოხალს, მანდარინს, ლიმონს, ფეიხოას და სხვა.
- პარკოსნები. მსოფლიო მნიშვნელობის პროდუქტებია ბარდა, ლობიო და სოია.
- ზეთოვანი მცენარეები - მზესუმზირა და ზეთისხილი.
- შაქრის წარმომქმნელი მცენარეები - შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი.
- სამკურნალო მცენარეები
- ტექნიკური მცენარეები, რომლებსაც მრეწველობაში ნედლეულად იყენებენ:
- ბოჭკოვანი მცენარეები;
- ეთერზეთები;
- კაუჩუკის შემცველი მცენარეები;
- მცენარეები, რომელთაგანაც საღებავებს ამზადებენ;
- სამშენებლო მასალები;
- ცელულოზა - გამოიყენება საქაღალდე მრეწველობაში, როგორც საწვავი ხელოვნური აბრეშუმი;
- მცენარეები, რომლებიც იცავენ ადამიანს ინდუსტრიული ხმაურისგან;
- დეკორატიული, ესთეტიკური მნიშვნელობის მცენარეები, რომლებიც ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას.
მწვანე ფერი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს. იგი ნაკლებად ღლის თვალს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის დაღლილობას, დაძაბულობასა და სტრესს. ტყეში, მინდორში, ყვავილების სურნელის, ხის ფოთლებისა და ბალახის შრიალის ფონზე ადამიანი იოლად აღიდგენს ფიზიკურ და ემოციურ ძალებს.
-
მცენარეების ქიმიური პორტრეტი
ბუნების მწვანე შვილების ქიმიური პორტრეტი მრავალფეროვანია. ისინი, გარდა საკვები ნივთიერებებისა, უამრავ სამკურნალო ნივთიერებასაც შეიცავენ. მათ შორის:
- ეთერზეთებს. ისინი მცენარეებს შესანიშნავ სურნელსა და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებენ. ყველა ეთეროვან ზეთს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისება აქვს. სწორედ ამის წყალობით აუმჯობესებენ ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარს. ზოგიერთი მათგანი ანთების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება. ეთერზეთები საკვების მიღების შემდეგ ნაწლავების გზით გადადიან სისხლში. მათი ორგანიზმში შეღწევა შესაძლებელია მასაჟითა და ინჰალაციითაც. ეთერზეთებით მკურნალობას არომათერაპია ეწოდება.
- მთრიმლავ ნივთიერებებს. ისინი მცენარეს წებვადობას სძენენ, ორგანიზმში, ლორწოვან გარსებზე ქმნიან სპეციალურ დამცავ ფენას, რომელიც მას მიკროორგანიზმების შეჭრისგან იცავს. მთრიმლავ ნივთიერებებს სამკურნალო თვისებებიც აქვთ. ისინი დაზიანებულ ადგილებს გაღიზიანებისა და ანთებისგან იცავენ. სწორედ მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო გამოიყენება ზოგიერთი სამკურნალო მცენარე ჭრილობების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წყლულების სამკურნალოდ.
- მცენარეულ ლორწოს. ეს ტკბილი, ჟელეს მსგავსი, ჰიგროსკოპული თვისებების მქონე სუბსტანციაა. "ჰიგროსკოპული~ ნიშნავს, რომ იგი იზიდავს წყალს და წყლის შეწოვისას წებოვან სითხედ გადაიქცევა. მცენარეულ ლორწოს განსაკუთრებული დამამშვიდებელი ზემოქმედების უნარი აქვს. იგი ლორწოვან გარსსა და კანზე დამცავ ფენას ქმნის, რითაც ამცირებს გაღიზიანებას და ანთებას. ლორწოვანი ნივთიერებები ხელს უწყობენ წყლის შეწოვას ნაწლავებში, აუმჯობესებენ კუჭის მოქმედებას და დამამშვიდებლად მოქმედებენ ნაწლავებზე.
- საპონინებს. ეს გახლავთ სპეციფიკური ქიმიური ნაერთები, რომლებიც წყალში არევის შემდგომ საპნის მსგავს ქაფს ქმნიან. მათ ბუნებრივი საპნის დასამზადებლად იყენებენ. განსაკუთებით აღსანიშნავია სტერეოსაპონინები, რომელთა სტრუქტურა და ფუნქცია ადამიანის სასქესო ჰორმონებისას ჰგავს.
- ანტრაქინონებს - ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის კუნთების შეკუმშვას და იწვევენ კუჭის მოქმედებას.
- ფლავონოიდებს. ზოგიერთი ბიოფლავონოიდი ჩ ვიტამინის შემცველია. ამ ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, შავი მოცხარი და ალუბალი. ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს. მათ იყენებენ კაპილარების სისუსტის, მცირე სისხლჩაქცევების, სისხლდენების დროს.
- ალკალოიდებს. ამ ნივთიერებათა შემცველობა და მოქმედების უნარი სხვადასხვა მცენარეში სხვადასხვანაირია. ზოგიერთ მათგანს ნარკოტიკული თვისებები ახასიათებს, ამიტომ ჭარბი მიღება საშიშია, რადგან იწვევენ თრობას, ეიფორიას, აყალიბებენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
- მწარე ნივთიერებებს. მათ მრავალი მცენარე შეიცავს. ისინი უმთავრესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე მოქმედებენ, ხელს უწყობენ საკვების მომნელებელი წვენისა და ფერმენტების გამოყოფას კუჭსა და ნაწლავებში, ასტიმულირებენ ღვიძლიდან ნაღვლის გამოყოფას. ზოგიერთი მწარე ნივთიერება ამაგრებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული და ანტისიმსივნური საშუალება, ხსნის დაძაბულობას და ხელს უშლის ანთებითი პროცესის პროგრესირებას.
-
მცენარეული საკვების თავისებურებანი
საკვების იმ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან, რომელიც დღეს არსებობს, თანამედროვე ადამიანი ირჩევს იმას, რომელიც მას ამა თუ იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას თითქმის ყველგან იპყრობს ე.წ. ორგანიზმის დამცავი პროდუქტები - ხილი და ბოსტნეული.
მათ რამდენიმე საერთო ნიშანი ახასიათებთ:
- წარმოადგენენ წყალში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალური მარილების ძირითად წყაროს.
- მცენარეული უჯრედისის მნიშვნელოვანი შემცველობის გზით აძლიერებენ ნაწლავის პერისტალტიკას და ხელს უწყობენ მის დროულ დაცლას.
- ხილისა და ბოსტნეულის ჭამის დროს აუცილებელია ინტენსიური ღეჭვა, რაც აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას და აუმჯობესებს საკვების შეთვისებას. დადგენილია, რომ საკვებში ბოსტნეულის დამატებისას ძლიერდება ცილების შეწოვა.
- წყლის უხვი შემცველობის გამო კარგად კლავენ წყურვილს, მათში არსებული კალიუმის მარილები კი ხელს უწყობენ შარდის გამოყოფას.
- ხილისა და ბოსტნეულის დიდ ნაწილს მცირე კალორიულობა და დიდი მოცულობა ახასიათებს, რის წყალობითაც იწვევენ სწრაფ დანაყრებას და თავიდან გვაცილებენ გაცხიმოვნებას
- ხილსა და ბოსტნეულში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმის მარილები და ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოძევებას.
- ხილი და ბოსტნეული ნაკლებად შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში აზოტნაერთებს წარმოქმნიან, ამიტომ ისინი ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ ორგანიზმს.
საერთო თვისებების გარდა, თითოეული სახეობის ხილსა და ბოსტნეულს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები აქვს.