ბერგამოტის არომატი
ჩვენს დახლებზე ბერგამოტიანი კანფეტები და სხვა სასუსნავებიც ხშირად არის გამოფენილი. არც ბერგამოტიანი კოსმეტიკური საშუალებებია უკვე ჩვენი მოსახლეობისათვის უცხო. ერთი სიტყვით, ბერგამოტის არომატი ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკონდიტრო წარმოებაში ბერგამოტის ეთერზეთს ნაკლები გამოყენება აქვს.
ბევრმა არც იცის, რომ ბერგამოტი ლიმონისა და მწარე ფორთოხლის (პომერანცის - ერთ-ერთი მარადმწვანე ჯიშის) შეჯვარებით მიღებული მარადმწვანე ციტრუსია. ბერგამოტის მოშენება-გახარება და შესაბამისად, გაყიდვა, დაიწყეს იტალიურ ქალაქ ბერგამოში. აქედან მომდინარეობს მცენარის სახელწოდებაც. თუმცა, ბერგამოტის სამშობლო რეალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც დღემდე პლანტაციების უმრავლესობა იტალიელებს ეკუთვნით. კალაბრიას პროვინციაში ამ მცენარის ნარგავებს ტერიტორიების უდიდესი ნაწილი უჭირავთ. სწორედ აქ ხდება ნამდვილი ბერგამოტის კულტივირება, რადგანაც ამ ციტრუსოვანი მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნიადაგია.
ბერგამოტი ფართოდაა გავრცელებული ბრაზილიაში, არგენტინასა და ჯორჯიას შტატში. მას შეხვდებით აგრეთვე ჩინეთსა და ინდოეთში, კავკასიის შავიზღვისპირეთის ნოტიო სუბტროპიკებში.
ბერგამოტის ნაყოფი მსხლისებრი ან სფეროსებრი ფორმისაა, სასიამოვნო მომჟავო გემო აქვს. ქერქი მდიდარია ეთერზეთებით, რომლებიც განსაკუთრებულად ფასობს პარფიუმერულ წარმოებასა და კულინარიაში, გამოიყენება არომათერაპიისათვის და ნატურალური კოსმეტიკის დასამზადებლად. ბერგამოტად არის წოდებული იტალიაში გავრცელებული მსხლის ერთ-ერთი ჯიშიც.
ძველად ბერგამოტის ეთერზეთებს პირის ღრუში ცუდი სუნის ჩასახშობად და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებდნენ. ბერგამოტის ეთერზეთი გახლდათ ძირითადი კომპონენტი პირველი ოდეკოლონისა, რომელიც მსოფლიოში 1676 წელს შეიქმნა.
-
ბერგამოტის გამოყენება
ბერგამოტის ეთერზეთებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპულ სამზარეულოში. მათ ამატებენ ნაყენებში, ლიქიორებში, ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის კერძებში, სხვადასხვა ჩაროზში. ამ უკანასკნელში დასამატებლად ბერგამოტის ეთერზეთებს ცხიმიან ან შაქრიან საფუძველს უერთებენ. ცხიმიან საფუძვლად იყენებენ კარაქს, კვერცხის გულს ან გამდნარ შოკოლადს, შაქრიან საფუძველს კი თაფლი ან სიროფი ქმნის.
საბერძნეთში განსაკუთრებით პოპულარულია ბერგამოტის ქერქისაგან დამზადებული მურაბა. ევროპასა და რუსეთში კი ბერგამოტიანი ჩაი, რადგან ის განსაკუთრებული ენერგიითა და სიმხნევით აღავსებს ადამიანს.
-
ბერგამოტისა და მისი ეთერზეთის სასარგებლო თვისებები
ბერგამოტის ეთერზეთი გამოიყენება სამკურნალო და საპროფილაქტიკო მიზნით. ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა: ზრდის შრომისუნარიანობას, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, გამოიყენება ანგინისა და დეპრესიის სამკურნალოდ, მადის გასაძლიერებლად.
ბერგამოტის ეთერზეთის გამოყენება რეკომენდებულია ცხიმიანი კანის მქონე პირებისათვის, რადგანაც არეგულირებს ქონის ჯირკვლების ფუნქციას, ავიწროებს ფორებს და ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
-
უკუჩვენებები
ბერგამოტის ნაყოფი შეიცავს ფუროკუმარინებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის გაძლიერებულ პიგმენტაციას. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა.
ბერგამოტის ნაყოფისა და მისი ეთერზეთის ჭარბად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, დამწვრობაც კი მიიღოთ, განსაკუთრებით მზიან ამინდში.