ჩია
რომ გადახდის საშუალებადაც კი იყენებდნენ. უკანასკნელ წლებში ჩიას თესლი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და დღეს მრავალი ადამიანის ყოველდღიურ რაციონშია. მასში თავმოყრილია იმ ნივთიერებათა უმრავლესობა, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება – ესენციური ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები.
რას შეიცავს
მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩიას თესლის შემადგენლობა.
ჩიას თესლი განსაკუთრებული საკვები პროდუქტების ჯგუფში შედის, რადგან გაცილებით მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ვიდრე პროდუქტების უმეტესობა.
ცხიმოვანი მჟავები
ბევრმა უკვე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის ესენციური ცხიმოვანი მჟავები. ეს მჟავები ორგანიზმში არ სინთეზდება, აუცილებლად საკვებიდან უნდა მივიღოთ. ჩიას თესლში კი ისინი უხვადაა. ომეგა-3 და ომეგა-6 უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ფუნქციობაში ეხმარება ტვინს და ამცირებს დეპრესიისკენ მიდრეკილებას. ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 7 გრამი ჩიას თესლი.
ცილები და ამინმჟავები
ჩიას თესლი მდიდარია ძვირფასი ცილებითაც, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ამ ცილებიდან ორგანიზმი იღებს საჭირო ამინმჟავებს, რომელთა წარმოქმნა თავად არ შეუძლია (ჩიას თესლის შემადგენლობაში შემავალი ოცამდე ამინმჟავადან რვა ესენციურია). ცილები კუნთოვანი ქსოვილის საშენი მასალაა და განსაკუთრებით საჭიროა დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს.
ნახშირწყლები
ჩიას თესლის ყოველდღიური ულუფიდან ორგანიზმი დაახლოებით 6,3 გ ნახშირწყლებს იღებს, რომლებიც ნელა და თანაბრად იშლება და გლუკოზაც ნელ-ნელა მიეწოდება სისხლს. ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ მალე არ გშივდება და ორგანიზმის ენერგეტიკული დონე დიდიხანს რჩება სტაბილური.
უჯრედისი
ჩიას თესლში შემავალი უჯრედისი დიდ როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში, ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის დაწევას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ამიტომ სასარგებლოა ყაბზობის დროს.
მინერალები
ჩიას თესლში თავმოყრილია ორგანოთა ნორმალური ფუნქციობისთვის საჭირო მინერალები: სპილენძი, რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი, კალციუმი. ისინი დიდ როლს ასრულებენ უჯრედებისა და სისხლის წითელი ელემენტების რეგენერაციაში, ხელს უწყობენ ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას. ანტიოქსიდანტი სელენი კი იცავს უჯრედებს და ანელებს დაბერების პროცესს.
ვიტამინები
ჩიას თესლი ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროა. სწორედ ჩიას შემადგენლობა განაპირობებს მის სასარგებლო თვისებებს.
ჩიას შემადგენლობაში შედის:
- ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, ომეგა-6 – რაც უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ეხმარება ტვინს ფუნქციონირებაში და ამცირებს დეპრესიისკენ მიდრეკილებას;
- უჯრედისი – ჩიას თესლში შემავალი უჯრედისი არეგულირებს საჭმლის მონელებას. სასარგებლოა ყაბზობის დროს;
- რკინა;
- სპილენძი;
- მაგნიუმი;
- მანგანუმი;
- კალციუმი;
- კალიუმი;
- ფოსფორი;
- სელენი – გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები იცავს უჯრედებს დაზიანებისა და დაბერებისგან;
- ვიტამინები: B1, B2, B3, B9 (ამ ვიტამინების გარდა, შეიცავს A ვიტამინსაც, რომელიც აუცილებელია თვალებისა და უმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის);
- ცილები – ჩიაში შემავალი ნახშირწყლები ორგანიზმში ნელ-ნელა იშლება, რაც ხელს უწყობს დიდი ხნის განმავლობაში ნაყროვანების შეგრძნებას.
ჩიაში შემავალი ამ მინერალების და ვიტამინების (B ჯგუფის ვიტამინების) წყალობით ის უზრუნველყოფს ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების რეგენერაციას.
ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულის კუნთს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. დადებითად მოქმედებს გულძმარვისა და უძილობის დროს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის კარგი წყაროა.
ჩია სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ, ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებენ. ამ დროს, სასურველია, ექიმთან კონსულტაციის გავლა.
რას უხდება
ჩიას თესლის ხანგრძლივი მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის კუნთს, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ანთების საწინააღმდეგო თვისების გამო კარგია ართროზის დროს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას. უხდება გულძმარვას და უძილობას. აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ანელებს დაბერების პროცესს. აჯანსაღებს თმასა და ფრჩხილებს. ენერგიის საუკეთესო წყაროა დიაბეტიანებისა და სპორტსმენებისთვის, ხელს უწყობს კუნთების ზრდას.
ერთი ჩაის კოვზი ჩიას თესლი ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში ამარაგებს ენერგიით.
სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებს – უმჯობესია, კონსულტაცია ექიმთან გაიარონ. არც ოპერაციის წინა პერიოდშია რეკომენდებული მისი მიღება. ფრთხილად უნდა იყვნენ ზემგრძნობიარე ადამიანებიც, რადგან ჩიას თესლმა – იშვიათად, მაგრამ მაინც – შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნუ მიიღებთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
საიდან მოდის
მართალია, სულ რამდენიმე წელია, რაც ჩიას თესლი მსოფლიოში პოპულარული გახდა, მაგრამ მას რამდენიმე ათასი წლის ისტორია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3000 წელს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები იყო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
ჩიას თესლს მექსიკური ჩიასგან (შალვია ჰისპანიცა) იღებენ. ეს მცენარე სალბის გვარს ეკუთვნის, რომელიც წინათ მხოლოდ მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ხარობდა. ის მაიას, ინკებისა და აცტეკების მთავარი საკვები იყო. მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ, რადგან სულ რამდენიმე გრამიც კი ძლიერ სამკურნალო თუ ძალის მომგვრელ ეფექტს ამჟღავნებდა.
აცტეკები კარგად იცნობდნენ ჩიას სასარგებლო თვისებებს და მცენარე დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. აგროვებდნენ მის თესლს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ: აზავებდნენ წყალში და ამგვარად მიღებულ ჟელეს მთელი დღე ჭამდნენ, რაც მათ ძალასა და გამძლეობას მატებდა, იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად, საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად, ნაყოფიერების ასამაღლებლად.
მექსიკაში მცხოვრები ტომი ტარაჰუმარა უხსოვარი დროიდან ცნობილია დიდ მანძილზე სიარულის უნარით. ამ ტომის ინდიელები დღეში 200-300 კილომეტრს გადიან ფეხით. ლეგენდების თანახმად, ამ ტომის ზოგიერთი მორბენალი 500 კილომეტრსაც კი ფარავდა. ამაში მათ ჩიას თესლი ეხმარებოდა.
სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ინდიელები დღესაც ამზადებენ სასმელს ჩიას თესლისგან, რომელსაც „ისკიატეს“ ეძახიან. ისინი თესლს წყალს ასხამენ და ლიმონს აწვეთებენ.
მას შემდეგ, რაც ესპანელები ცენტრალურ ამერიკაში გადასხდნენ და ჩიას მინდვრები გადაწვეს, რათა მკვიდრი მოსახლეობა დაესუსტებინათ და საბოლოოდ დაეპყროთ, ეს მცენარე თითქმის გაქრა. ბევრი მთებში გაიხიზნა და იქ დაიწყო ჩიას მოყვანა. ასე გადაარჩინეს მცენარე გადაშენებას. ჩია მექსიკის ზოგიერთ რეგიონში ველურადაც ხარობდა. საუკუნეების შემდეგ, მეოცე საუკუნის დაწყისში, ის ხელახლა აღმოაჩინეს.
ჩიას თესლზე მოთხოვნა დღიდან დღემდე იზრდება. მისი უპირატესობა ის არის, რომ ზრდა-განვითარებისთვის პესტიციდები არ სჭირდება, რადგან მავნებლები არ ეკარებიან, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი მათ მაინც იყენებს.
დღეს ჩია კომერციული მიზნით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის – ავსტრალიაში, ჩინეთსა და ინდოეთში.
ევროპაში ჩიას თესლის გამოყენება 2009 წლიდან მხოლოდ გამომცხვარ პროდუქტში იყო ნებადართული, ხოლო 2013 წლიდან ის შეფუთულ საკვებად აღიარეს.
ოდენობა
ჩიას თესლის მოხმარება ევროპაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც სპეციალისტებმა მისი თვისებები შეისწავლეს, ამერიკაში კი მას უკვე დიდი ხანია მოიხმარენ და ძალიან უყვართ. ევროკავშირში ნებადართული სადღეღამისო ოდენობა 15 გრამია – დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, ამერიკაში კი – 48 გრამი.
როგორ შევინახოთ
ჩიას თესლი დიდხანს ინახება მშრალ, გრილ ადგილას. სასარგებლო ნივთიერებები მასში 4-5 წელიც კი ძლებს.
როგორ მივიღოთ
ჩიას თესლს იყენებენ კულინარიაშიც. მისგან რამე გემრიელის მოსამზადებლად აუცილებელი არ არის, პროფესიონალი მზარეული იყოთ. ჩიას თესლს ნეიტრალური გემო აქვს და შეიძლება დაამატოთ როგორც ცხარე, ისე ტკბილ საკვებს, დესერტს თუ ნამცხვარს ან, თუ სახლში პურის ცხობა გიყვართ, ცომში შეურიოთ. მაგრამ მასში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება რომ აითვისოს ორგანიზმმა, უმჯობესია, ის უმად მიირთვათ, მანამდე კი, სურვილისამებრ, ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვათ.
საუზმეს – ფაფას, სალათს, იოგურტს – ჭამამდე 10-20 წუთით ადრე მოაყარეთ ჩიას მარცვლები.
თუ ჩიას თესლს უმად მიიღებთ, ეცადეთ, ბევრი წყალი სვათ, რადგან მარცვლები შთანთქავენ წყალს, ინახავენ და მერე ნელ-ნელა აწვდიან უჯრედებს, რაც ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჰიდრატაციას.