ჯანჯაფილი
ამ დრომდე იზრდება ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, დასავლეთ აფრიკაში, იამაიკაზე, ბარბადოსზე. ჯანჯაფილის ღერო სწორმდგომია, მომრგვალო, ფოთლები – მთლიანი.
ენერგეტიკული ღირებულება – 100გ:
- კალორიები (კკალ) – 79;
- ლიპიდები – 0,8 გ;
- ქოლესტერინი – 0 მგ;
- ნატრიუმი – 13 მგ;
- კალიუმი – 415 მგ;
- ნახშირწყლები – 18 გ;
- ცილები – 1,8 გ;
- ასკორბინის მჟავა – 5 მგ;
- კალციუმი;
- რკინა – 0,6 მგ;
- D ვიტამინი;
- მაგნიუმი – 43 მგ.
ჯანჯაფილი მძაფრი და ცხარე, განსაკუთრებული არომატის მქონე ფესვია, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. მას მრავალ თვისებას მიაწერენ, რომელთა უმრავლესობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.
ჯანჯაფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესსა და გულისრევას. ეს ნივთიერება მუშაობს როგორც კუჭ-ნაწლავზე, ისე ნერვულ სისტემაზე და ასე აკონტროლებს გულისრევას.
ჯანჯაფილი ეფექტურია მენსტრუალური ტკივილის დროს. კვლევის თანახმად, 500-2000მგ ჯანჯაფილის მიღება მენსტუალური პერიოდის დაწყებამდე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ბევრი კვლევის მიხედვით, ჯანჯაფილი ისეთივე ეფექტურია, როგორიც სხვადასხვა მედიკამენტი, მაგალითად, იბუპროფენი.
ჯანჯაფილი თუ დრამინა? ერთ-ერთი თანამედროვე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯანჯაფილი უფრო ეფექტურია მოძრაობითი დაავადების დროს, ვიდრე დრამინა. ის უფრო ძლიერად ამცირებს თავბრუხვევის, გულისრევის, ღებინებისა და ცივი ოფლიანობის სიმპტომებს.
ჯანჯაფილი ეფექტური და უსაფრთხოა (დღეში ერთი გრამი) ორსულთა ტოქსიკოზის დროსაც. მნიშვნელოვნად ამცირებს გულისრევის შეგრძნებას და პირღებინების სიხშირეს. ღებინების საწინააღმდეგო წამლებისგან განსხვავებით, კოჭას ორსულთათვის არ აქვს გვერდითი მოვლენა და ეფექტისთვის ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო.
ჯანჯაფილს აქვს ძლიერი ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური თვისებები. ჯინჯეროლი – ეს ნივთიერებაა კოჭაში, რომელიც პასუხისმგებელია ჯანჯაფილის ანთების საწინააღმდეგო თვისებებზე. სწორედ ეს არის მიზეზი, ჯანჯაფილის მიღების შემდეგ ოსტეოართრიტისა და რევმატული ართრიტის მქონე პაციენტებს სახსრების ტკივილი რომ უმცირდებათ. კლინიკური კვლევებით დამტკიცდა, რომ ართრიტიანი პაციენტების 75%-სა და კუნთური დისკომფორტის მქონე პაციენტთა 100%-ს შეუმცირდა ტკივილის შეგრძნება და შეშუპება. ეს კი გამოიწვია იმან, რომ ჯინჯეროლი ბოჭავს აზოტის ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზმში დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალს – პეროქსინიტრიტს წარმოქმნის. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ კოჭა თრგუნავს პროანთებითი შენაერთების (ციტოკინები, ქემოკინები) წამოქმნას.
ჯანჯაფილი სიმსივნის წინააღმდეგ. მინესოტის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ ჯინჯეროლი ებრძვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგმა კი აჩვენა, რომ ჯანჯაფილი ეფექტურია საკვერცხის კიბოს უჯრედების გამრავლების ასარიდებლად. ფიქრობენ, რომ ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ანთებითი პროცესები დიდად განსაზღვრავს საკვერცხის სიმსივნის განვითარებას, ჯანჯაფილი კი, როგორც აღვნიშნეთ, ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქემოთერაპიული აგენტების მიმართ სიმსივნური უჯრედები რეზისტენტული (გამძლე) ხდება, ეს ეფექტი კი კოჭას არ ახასიათებს.
ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნიტეტს. კოჭა არა მარტო გაგათბობთ ზამთრის ცივ დღეებში, არამედ წარმოქმნის ჯანმრთელ ოფლიანობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია გაციებისა და ვირუსის დროს. სინამდვილეში, კარგ ოფლიანობას იმაზე მეტი დადებითი ეფექტი აქვს, ვიდრე უბრალოდ ორგანიზმის დეტოქსია. გერმანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ოფლი შეიცავს ძლიერ ანტიმიკრობულ აგენტს, ებრძვის ისეთ მიკრობებს, როგორებიცაა – E.ცოლი და Staphylococcus aureus (კანის ინფექციების ძირითადი გამომწვევი), რაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან გამკლავებაში.
ჯანჯაფილი კონცენტრირებულია აქტიური ნივთიერებებით, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის აუცილებელი.
ჯანჯაფილის ორი ან სამი ნაჭერი ცხელ წყალში სრულიად საკმარისია მისი დადებითი თვისებების მისაღებად. ართრიტიანი პაციენტებისთვის კი სადილში ჩამატებული 1სმ ჯანჯაფილის ნაჭერი საკმარისი აღმოჩნდა სიმპტომების აღმოსაფხვრელად (გაზრდილი დოზით ეფექტს უფრო მალე მიაღწიეს).
როგორ ავარჩიოთ კოჭა?
- აარჩიეთ ახალი ჯანჯაფილი, ახალს მაქსიმალური ოდენობით აქვს ჯინჯეროლი და ანტიანთებითი შენაერთი, აქტიური პროტეაზა. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კოჭა იყოს მყარი და გლუვი, არ ჰქონდეს ნადები. ჯანჯაფილი იყიდება ორი სახით – ახალგაზრდა და მომწიფებული. აზიის გარდა, ყველა ქვეყანაში გვხვდება მომწიფებული ჯანჯაფილი, რომლის კანიც მაგარია და საჭიროებს გაფცქვნას.
- გაუფცქვნელი კოჭა ინახება მაცივარში 3 კვირამდე, საყინულეში კი – 6 თვემდე.
- დაფქული ჯანჯაფილი ინახება მშრალ და ცივ ადგილას, კარგად დახურულ შუშის კონტეინერში. მაცივარში შენახული გაძლებს ერთი წელი.
- თუ საჭმლის მომზადების დასაწყისში კოჭას დაამატებთ, სადილი უფრო დახვეწილ არომატს შეიძენს, მომზადების ბოლოს დამატებისას კი მკვეთრ გემოს მიიღებს.
რეკომენდებული მაქსიმალური დოზა:
- 4 გრამი (2 ჩ. კ. დაფქული ან 4 ჩ. კ. გახეხილი);
- ორსულთათვის – 1 გრამი დაფქული (1/2 ჩ. კ. დაფქული ან 1 ჩ. კ. გახეხილი);
- არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ბავშვებისათვის.
საყურადღებოა ჯანჯაფილის მიღება გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის და მათთვისაც, ვინც სისხლის გამათხელებელს სვამს.
ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) წონის დასაკლებად
„როგორც ვიცით, ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რომ დაიწვას კალორიები, ჯანჯაფილსაც შეუძლია მსგავსი დამატებითი ეფექტის მიღწევა მეტაბოლიზმის მეტად გასააქტიურებლად. ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების სანელებლად. მას შეუძლია დახმარება წონის კლების დროს. მართალია, ჯანჯაფილი ვერ შეცვლის დაბალკალორიულ დიეტას, მაგრამ გააძლიერებს ვარჯიშისა და დიეტის ეფექტს“.
ჯანჯაფილს დიდი ისტორია აქვს და ტიბეტური რეცეპტებით ის ცხელ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომლებიც ახურებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯანჯაფილში ფიტონციდებისა და ეთერული ზეთების შემცველობით. ეს ნივთიერებები ამაღლებენ ორგანიზმის ტემპერატურას და აჩქარებენ მეტაბოლიზმს. ასეთი გზით ორგანიზმი უფრო აქტიურად წვავს კალორიებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის გამოკვეთილი გემო თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს, ამის გამო მადა ქვეითდება და ადამიანთა უმეტესობა ნაკლებს ჭამს. პოპულარული მითის მიუხედავად, ჯანჯაფილის ჩაი არ წვავს ცხიმებს და არ ბლოკავს მათ.
ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ზღვის ავადმყოფობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
ჯანჯაფილის მრავალგვარად გამოყენება შეიძლება, მათ შორის, სხვადასხვა კერძის სანელებლად ან ჩაის სახით. საჭმლის მიღებამდე შეიძლება ჯანჯაფილის ფესვის ნაჭრის დაღეჭვაც.
სამეცნიერო კვლევები
სადღეისოდ ჯანჯაფილი მსოფლიოს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამ მცენარემ ყურადღება მიიპყრო დიეტურ საშუალებად გამოყენების თვალსაზრისითაც. ჩატარდა უამრავი კვლევა (1200-ზე მეტი) და გამოქვეყნდა ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც კოჭას ფარმაკოლოგიური თვისებების შესწავლას ეძღვნება.
ჰოლანდიის მაასტრიჰტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წონის კლებაში ჯინჯერის ეფექტი კოფეინის ეფექტს შეადარეს. ჰოლანდიელი მკვლევრების აზრითვე, ჯინჯერი ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის დონეს და შეიძლება სიმსუქნის საწინააღმდეგოდ გამოყენებაც. დასკვნების მიხედვით, მეტაბოლიზმის დონე 20%-მდე მატულობს.
იაპონელი მკვლევარი ლ. კ. ჰანი ამბობს, რომ ჯინჯერი ქმნის თერმოგენეზისს, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. მან ჩაატარა კვლევები თაგვებზე, რომლებმაც, მაღალკალორიული დიეტის მიუხედავად, პარალელურად ჯინჯერის გამოყენებით მაინც დაიკლეს წონა. ეს კვლევები გამოქვეყნდა 2008 წელს იაპონელი ფარმაცევტების საზოგადოების ჟურნალში („Journal ofthe Pharmaceutical Society ofJapan“), რომელსაც თან ერთვოდა ქუვეითის უნივერსიტეტის მეცნიერების მსგავსი კვლევებიც.
ჯინჯერს შეუძლია მადის შემცირება, რადგან ის მარეგულირებლად მოქმედებს სისხლში შაქრის დონესა და ქოლესტერინზე, რაც აღნიშნულია 2006 წელს „British Journal ofNutrition“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
2004 წლის „Biological and Pharmaceutical Bulletin“-ის სტატიის მიხედვით, ჯინჯერი თრგუნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) პროდუქციას. კორტიზოლი სტეროიდი ჰორმონია, რომელიც საჭიროა ენერგიის რეგულაციისა და მობილიზაციისათვის. თუმცა ქრონიკული სტრესი კორტიზოლის დონეს ძალიან ამაღლებს, რაც ხელს უწყობს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და წონის მატებას.
უკანასკნელი კვლევები 2012 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის სიმსუქნის კვლევის ცენტრში ჩატარდა 10 ჭარბწონიან მამაკაცზე. საცდელი ჯგუფის წევრები ჯანჯაფილის ჩაის სვამდნენ ჩვეულ საუზმესთან ერთად. მეცნიერთა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ჩაიმ მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა დანაყრების გრძნობაზე.
გარდა ამისა, ჯანჯაფილს ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური თვისებები აქვს, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ბევრ ორგანოსა და სისტემაზე, მათ შორი – ფილტვებზე, კუჭ-ნაწლავზე, ღვიძლზე, გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემებზე.
ჯანჯაფილის ეფექტურობა
ცხიმის წვა. დადგენილია, რომ შეიძლება ჯანჯაფილის გასახდომად გამოყენება, თუმცა დამხმარე საშუალებად.
2010 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ყოველდღიურ გამოყენებას შეუძლია ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ტკივილის 25%-ით შემცირება.
ანტიდეპრესიული ეფექტი. წინასწარი კვლევების მიხედვით, ჯანჯაფილის ზოგიერთ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია სეროტონინის რეცეპტორებთან შეკვრა და განგაშის გრძნობის ამგვარად დათრგუნვა, ასევე განწყობილების გაუმჯობესება.
- სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება;
- გულისრევის შეგრძნების მოხსნა;
- აჩქარებს ნაწლავების მობილურობას (შეუძლია დიარეის გამოწვევა);
- სედაციური ეფექტი;
- ანტიბაქტერიული ეფექტი;
ჯანჯაფილი არაა რეკომენდებული:
- ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის;
- კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს;
- ღვიძლის დაავადების დროს;
- ჰემოროის დროს, ასევე სისხლდენისკენ მიდრეკილებისას;
- მაღალი წნევის დროს, ინფარქტის, ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების დროს;
- ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
მერილანდის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ისეთი გვერდითი ეფექტებისაგან თავის ასარიდებლად, როგორებიცაა – დიარეა, კუჭის წვა, ჯანჯაფილის დღიური დოზა არ უნდა იყოს 4 გრამზე მეტი.