ციტრუსის სურნელი საახალწლო სუფრაზე
სასიამოვნო განწყობას ამძაფრებს. ეს სასარგებლო მცენარეები ზამთრისა და ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოში გავრცელებული ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავი ციტრუსებია: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი. ზამთარში ციტრუსის წვენი გემრიელიცაა და გაციებისგან დამცავიც. რადგან ამ პერიოდში გაციების საფრთხე დიდია, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც იმუნიტეტის ამაღლება სჭირდებათ. ციტრუსებში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ვირუსებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ეხმარება ზრდასა და განვითარებას.
ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად, ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი კი – მინერალური ნივთიერებებით (კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით), ლიმონმჟავათი; პექტინითა და ფიტონციდებით – ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით. თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, ენერგიით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის დარეგულირებული გექნებათ.
ალბათ, იცით, რომ ორგანიზმი D ვიტამინს მხოლოდ მზის სხივების წყალობით იღებს. ზამთრის ღრუბლიან დღეებში ლიმონიანი ჩაი მზის სხივების შესანიშნავი ალტერნატივაა. ლიმონში ყველაზე მეტია ციტრონი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს და ელასტიკურობას მატებს წვრილ სისხლძარღვებს. ამ ანტიოქსიდანტს „ახალგაზრდობის შადრევანს“ უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. ლიმონიანი ჩაის მიღება სასურველია შუადღისას და საღამოს, მანდარინი – ლანჩზე ან სადილად, გრეიპფრუტის წვენი კი – მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
დაიხსომეთ: ციტრუსი სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ გაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი თუ გრეიპფრუტი მაშინვე მიირთვით, ახალგამოწურული წვენი კი 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ. ციტრუსებისთვის დამახასიათებელია გლიკოზიდების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებებით განსაკურებით მდიდარია გრეიპფრუტი და მანდარინი. ლიმონში უხვად არის კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები. მანდარინს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვს, ამიტომ უებარია გაციებისას. გრეიპფრუტი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ინფექციური დაავადების ან გადაღლის შემდეგ ორგანიზმს ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება.
მიუხედავად ყველაფრისა, ციტრუსებით პირის ჩატკბარუნება ყველას როდი შეუძლია. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით – ფორთოხალი, ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა, გრეიპფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა, ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას. საუბრობენ გრეიპფრუტის შეუთავსებლობაზე მედიკამენტებთან. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და ამავე დროს გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მათ, ვინც ციტრუსის წვენს ანტიდეპრესანტების ფონზე სვამს – დეპრესია დაეუფლოთ. ქიმიური ნაერთების უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს, ხოლო ფურანოკუმარინი – ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს – ამუხრუჭებს მათ მოქმედებას.
მაშ, უარი ვთქვათ გრეიპფრუტზე? რა თქმა უნდა, არა, აი, სიფრთხილე კი აუცილებელია. გრეიპფრუტის წვენი უნდა დაივიწყოთ, მაგალითად, შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
- ანქსიოლიტიკების;
- ანტიარითმიული საშუალებების (ამიოდაროინი, კვინიდინი);
- ანტიბიოტიკების (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);
- ანტიჰისტამინური საშუალებების (ფექსოფენატინი);
- ანტიკოაგულანტების (ვარფარინი);
- ანტიეპილეფსიური საშუალებების (კარბამაზეპინი);
- ბეტა-ბლოკატორების (კარვედილოლი);
- ჰორმონული პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლონს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს;
- ანტიდეპრესანტების (სერტალინი, ფლუვოქსამინი);
- ოპიოიდური ანალგეტიკების (ალფენტალინი, ფენტალინი, სუფენტანილი);
- ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებების (ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების (ინტრაკონაზოლი);
- ხველების საწინააღმდეგო საშუალებების (დექსტრომეტორფანი);
- სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციკლოფოსფამიდი, ეტოპოსიდი, ტამოქსიფენი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი).
ჩამოთვლილი მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოქმედი ნივთიერებები მითითებული იქნება ინსტრუქციაში.