სინათლე ძლივს დავინახე
საავადმყოფოში თეთრხალათიან მამაკაცთან ქალბატონი მიდის და ეკითხება: "ექიმო, თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით?" "არა, მაგრამ ნახვა შემიძლია".
მამაკაცი ექიმს მიმართავს: "ძალიან მტკივა, ექიმო!" ექიმი სწრაფად პასუხობს: "თუ მართლა გტკივათ, მაშინ მოვკვეთთ". პაციენტს თვალები უფართოვდება, ექიმი კი განაგრძობს: "მოვკვეთთ და არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ... ოჯახი... სამუშაო... მთელი ხელფასი - ცოლს..."
"ექიმო, სიკვდილის ძალიან მეშინია!" "ნუ ღელავთ, ბატონო, პირველად ყველას ეშინია..."
ექიმის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შედის. "გაიხადეთ, ქალბატონო!" "სიამოვნებით. იცით, დიდი ხანია, ასეთი მიმზიდველი წინადადება არავის მოუცია..."
ექიმის კაბინეტში: "ეს - დაღლილობის, ეს სტრესის საწინააღმდეგოდ, ეს კი დეპრესიისთვის..." "გმადლობთ, ექიმო, მაგრამ არყის გარდა არაფერი გაქვთ?!."
ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: "ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ". დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: "თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია".
ახლა ფეხზე გული წამოდგა: "უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე". დანარჩენები: "არა, უშენოდ დავიხოცებით". ასე სათითაოდ ყველა ორგანო - ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი - წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა.
მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: "მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია". "რომელი ხარ შენ? - იკითხა ტვინმა, - ფეხზე წამოდექი". "ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი".
სარეკლამო განცხადებიდან: "თუ დიარეამ (კუჭის აშლილობამ) მოულოდნელად შემოგიტიათ, საპასუხო დარტყმა მიაყენეთ - გაიკეთეთ ოყნა".
"თქვენთვის აუცილებელია, მუდამ რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდეთ, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - სხვაგვარად დეპრესიას თავს ვერ დააღწევთ. გაიხსენეთ, ამ დღეებში რამე სასიხარულო ხომ არ მომხდარა?" "როგორ არა, ექიმო, - გამოცოცხლდა პაციენტი, - გუშინწინ ჩემი მეზობელი ახალთახალი მერსედესით ბოძს შეეჯახა!"
ექიმის კაბინეტში საშინლად მთვრალი პაციენტი შევიდა. ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უთხრა: "აი, სმის კიდევ ერთი მოყვარული მობრძანდა". "შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ, ექიმო?! მე მოყვარული კი არა, პროფესიონალი ვარ!!!"
"მიშველეთ! - გაისმის მატარებლის ვაგონში სულის გამყინავი ხმა, - არის აქ ექიმი?!" "მე ვარ ექიმი! - გამოვარდა მეზობელი კუპედან ნახევრად შიშველი მამაკაცი, - ვის სჭირდება დახმარება?" "მე!!! - მხიარულად პასუხობს ერთ-ერთი მგზავრი, - მითხარით, რა ჰქვია ყელის დაავადებას? ექვსი ასოა!"
კუჭში გამხსნელი პრეპარატის რეკლამიდან: "ჩვენი უახლესი წამალი ისე რბილად და ნაზად მოქმედებს, რომ ადამიანს ძილსაც კი არ ურღვევს!.."
ერთი ქირურგი მეორეს ეუბნება: "იცი, როდესაც პაციენტს პირველად ფეხი მოვკვეთე, მღელვარების გამო შეცდომაც კი დავუშვი. "იმედია, არც ისე სერიოზული..." "არა-ა, უბრალოდ ფეხი ამერია..."
ინგლისელი, ფრანგი და ქართველი ქალბატონები გათხოვდნენ. თაფლობის თვის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. ინგლისელი ქალბატონი მეგობრებს ეუბნება: "ქორწილის შემდეგ ქმარს გამოვუცხადე, რომ არც რამის გარეცხვას ვაპირებდი, არც დალაგებას და არც უთოობას! ისე გავიდა სახლიდან, ხმა არ ამოუღია. ორიოდე დღის შემდეგ უკან დაბრუნდა და რაღაც უნივერსალური მოწყობილობა მოიტანა, ინსტრუქციის მიხედვით ააწყო და ახლა ის ჩემს მაგივრად ყველაფერს აკეთებს, მე კი ვისვენებ!
ფრანგი ქალბატონი ამბობს: "ჩემს ქმარს მეც იგივე გამოვუცხადე. ისიც სახლიდან გავიდა. სამი დღე აღარ გამოჩენილა, მეოთხე დღეს დაბრუნდა და შინამოსამსახურე მოიყვანა. ახლა ის აკეთებს ყველაფერს, მე კი ვისვენებ!"
ქართველი ქალის ჯერიც დადგა: "მეც ვუთხარი ჩემსას, რომ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. ისიც სადღაც წავიდა. ერთი დღე არ დამინახავს, არც მეორე დღის განმავლობაში მომიკრავს თვალი, მესამე დღეს კი მარცხენა თვალით სინათლე დავინახე..."