მე რამდენს გავქაჩავ?!
საოცრად მაკვარანცხი ენის პატრონია ჩემი მეგობარი გასტროენტეროლოგი. ერთხელ ნაცნობმა მიაკითხა და შესჩივლა: "მუდმივი კუჭის აშლილობით ვიტანჯები, დღეში ათჯერ მაინც მიწევს ტუალეტში სირბილი. იქნებ რამე წამალი დამინიშნო". "გასაგებია, ჩემო კარგო! გენაცვალე, - გასძახა ექიმმა ექთანს, - მიეცი ამ პაციენტს კუჭის ასაშლელი საშუალება. დალიე, მეგობარო, და ამიერიდან ტუალეტში კი აღარ ირბენ, არამედ სულ იქ იცხოვრებ! შემდეგი!"
უნდა ვაღიარო, რომ თავად ძალიან მეშინია კბილის ექიმების. თავის დროზე კბილების მოუვლელობის გამო, ასაკი რომ მომემატა, ცუდ დღეში აღმოვჩნდი. მიუხედავად შიშისა, მაინც მიწევს სტომატოლოგთან სირბილი, თუმცა ფეხები უკან მრჩება. ვცდილობ, თუ ექიმებზე რამე ანეკდოტს ან კურიოზს მოვკარი ყური, სტომატოლოგებზე გადავაკეთო. ამით თითქოს თავს ვიმშვიდებ და ჩემს "მწვალებლებსაც" ვაშაყირებ. მაგრამ თავად რომ კურიოზი გადამხდა, ისეთი მგონი არავის გადახდენია თავს.
ზემოთ შიში ვახსენე. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად კბილის ამოღების მეშინია. ერთხელ კბილი ძალიან ამტკივდა. სხვა გზა არ მქონდა და ჩემს მეგობარს მივაკითხე. პირის ღრუში ჩამხედა თუ არა, ამოსაღებიაო, - მითხრა. ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთება დიდი წვალებით ასე თუ ისე მოახერხა, მაგრამ როცა მარწუხი მომიახლოვა, ვერასდიდებით ვეღარ გამაღებინა პირი. ხან მეხვეწა, ხან მეჩხუბა, მაგრამ ვერაფერი მომიხერხა. ბოლოს მითხრა: "მოდი, ვცადოთ, ტკივილით მაინც აღარ გეტკინება - ნემსი გაქვს გაკეთებული, კბილი თითქმის მთლიანად მორყეულია, ძაფს მოგაბამ და..." დავთანხმდი. იცით, რა გამიკეთა?! კბილზე მაგარი კაპრონის ძაფი მომაბა, ძაფის მეორე ბოლო თავისი კაბინეტის კარის სახელურზე დაამაგრა და სანამ გაოცებული რამეს ვეტყოდი, დაიძახა: "შემდეგი!" კაბინეტის გარეთ ჩემი დაგვიანების გამო გამწარებული ხალხის უზარმაზარი რიგი იდგა...
ერთხელ სხვა მეგობარს, ასევე სტომატოლოგს, ვესტუმრე სამსახურში. მისი კაბინეტის წინ მდგარ რიგში ძველი ნაცნობი შევამჩნიე. გამოველაპარაკე, ინსტიტუტის ამბები გავიხსენეთ. მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემი მეგობარი გამოვიდა. გზადაგზა თითს იხვევდა. "ქალბატონო, - მიმართა იქვე მომლოდინე ახალგაზრდა ქალს, - თქვენს შვილს კბილში ბჟენი ჩავუდგი. თუ შეიძლება, მომდევნო საათ-ნახევრის განმავლობაში არ მისცეთ საშუალება, კიდევ ვინმეს უკბინოს". ამას ისეთი საწყალი და თან გამწარებული იერით ამბობდა, რომ სიცილი ვერ შევიკავეთ.
ეს ისტორია ამავე მეგობარმა მიამბო: "პაციენტი შემოვიდა ჩემთან. როგორც წესია, ისე მოვიქეცი - ღრძილისა და ლოყის ნაკეცს შორის ბამბის ბურთულები ჩავულაგე, კბილი დავუმუშავე, ბამბა გამოვუცვალე და პაციენტს ვუთხარი: "გადმოაფურთხეთ!" ქალბატონმა მარცხენა მხარეს სამჯერ გადააფურთხა: "ტფუ, ტფუ, ტფუ" - და ჩაილაპარაკა: "თვალი არ მეცეს!"
ორი მეგობარი საუბრობს: "იცი, რა ხოხმები ხდება ჩვენს ეზოში? მაგალითად, ამას წინათ ჩემმა მეზობელმა კბილის ექიმმა მანქანა შეიძინა..." "მერე რა არის ამაში სასაცილო?" - შეაწყვეტინა მოუთმენელმა მეგობარმა. "რა და, გუშინ თავის "ჭრელას" საბარგული ახადა, ხელში ბრტყელტუჩა დაიჭირა და დაუყვავა: "აბა, მეგობარო, ცოტა მოითმინე, ახლა ცოტათი გეტკინება!"
ესეც ნამდვილი ამბავია. ერთმა ქალბატონმა უკვე მეხუთედ მიუტანა კბილის ექიმს თავისი პროთეზი გადასაკეთებლად. "კარგი, გადავაკეთებ, - უთხრა გაღიზიანებულმა ტექნიკოსმა, - მაგრამ იცოდეთ, ეს უკანასკნელად ხდება. ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ეს პროთეზი შეიძლება თქვენს ყბას არ მოერგოს". "რა შუაშია ყბა? - გაიკვირვა პაციენტმა, - უბრალოდ, ჭიქაში არ ეტევა!"
ამავე კბილის ტექნიკოსმა, ძალიან გაბრაზებულმა, ყოფილ პაციენტს წერილი მისწერა: "როდის გადაიხდით საჭირო თანხას?! ბოლოს და ბოლოს მე თქვენ ჭამის საშუალება დაგიბრუნეთ!" პაციენტმა პასუხად მოსწერა: "თუ ჩემი მდგომარეობა უახლოეს ხანში არ გამოსწორდა, მაშინ კბილებს დაგიბრუნებთ უკან..."
ტელეფონის ყურმილში მამაკაცის შეშფოთებული ხმა ისმის: "ექიმო, მიშველეთ, ჩემი ცოლი თავს ცუდად გრძნობს!" "წურბელებმაც არ უშველა?" "არა, ბატონო, სამი ცალი შეჭამა და მეტს პირს აღარ აკარებს!.."
ნევროპათოლოგს პაციენტი შესჩივის: "ექიმო, მგონი სკლეროზი მაქვს. აი, მაგალითად, ცოლი მაღაზიაში მგზავნის, მივალ თუ არა მაღაზიის კართან, აღმოვაჩენ, რომ უკვე აღარ მახსოვს, რა უნდა მეყიდა!" ექიმმა გასინჯა და უთხრა: "არ ინერვიულოთ, ეს არაფერია, აგერ, ხედავთ, კაცი რომ დგას? მიდით და მაშინვე მიხვდებით, რა არის ნამდვილი სკლეროზი".
პაციენტი მიუახლოვდა მინიშნებულ მამაკაცს, რომელიც რატომღაც მთელ ტანზე ხელებს იტყაპუნებდა. "რას აკეთებთ?" - ჰკითხა გაკვირვებულმა პაციენტმა. "იცით, რაშია საქმე? მოშარდვა მინდა, მახსოვს, რომ სადღაც თმაშია, მაგრამ სად, აღარ მახსოვს!"
კომპიუტერის კარგად მცოდნეებს ეს ანეკდოტიც მოეწონებათ. ფსიქიატრთან პაციენტი მივიდა: "ექიმო, ვირტუალური პიროვნების გაორება მჭირს". "ეს რაღაა?" - გაუკვირდა ექიმს. "რა და, ბოლო დროს ჩემი მეორე მეილიდან პირველზე მომდის წერილები საკუთარი თავისგან".
"თქვენი ცოლის დაავადება სულაც არ გახლავთ საშიში, ამას ნევროზი ჰქვია და ასეთი დიაგნოზით ხალხი ძალიან, ძალიან დიდხანს ცოცხლობს", - ამშვიდებს მამაკაცს ნევროლოგი. "მე, ექიმო, მე რამდენს გავქაჩავ?!."
მსუქანი ქალბატონი მეგობარს ეჭორავება: "ჩემი პრობლემები ხომ იცი? ჰოდა, ექიმმა გასახდომად მირჩია, ვიჯირითო". "მერე როგორ არის საქმე?" "შესანიშნავად. ცხენი უკვე გახდა".