"მოთხოვნისამებრ წარსადგენად"
პაციენტის სასთუმალთან ექიმი ზის და ანალიზის პასუხებს ჩაჰყურებს. ნელ-ნელა იღუშება. ავადმყოფი მის გამომეტყველებას ადევნებს თვალს და შეშფოთებული მიმართავს: "ექიმო, იმედია, ცუდი არაფერია!" "რა თქმა უნდა, არა, - ამშვიდებს ექიმი, - მაგალითად, ორგანოებზე მონადირეებში თქვენ უკვე არავითარ ინტერესს არ გამოიწვევთ".
რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტს გახარებული ექიმი აუწყებს: "თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს: იქ, სადაც თქვენი მეუღლე თქვენთვის აკლდამას აშენებდა, ნავთობი აღმოაჩინეს!!!"
ანალიზების გაცნობის შემდეგ ექიმი პაციენტს ეუბნება: "ნუ ნერვიულობთ, ხარივით ჯანმრთელი ბრძანდებით! თქვენი ჯანმრთელობის პატრონი ცოლს, შვილებსა და მეგობრებსაც იმქვეყნად გაისტუმრებთ". "მართლა, ექიმო, თუ ამას იმიტომ მეუბნებით, რომ თავი კარგად ვიგრძნო?"
ხანდაზმული წყვილი ტელევიზორს უყურებს, რომელშიც რომელიღაც ექსტრასენსი მკურნალობის სეანსს ატარებს. "მეგობრებო, - შთაგონებით ამტკიცებს ის, - მინდა, თითოეულ თქვენგანს დავეხმარო. ცალი ხელი ტელევიზორის ეკრანს მიადეთ, მეორე კი იმ ადგილას მიიდეთ, სადაც გტკივათ და მე განგკურნავთ". კაცი ტელევიზორთან მივიდა, ცალი ხელი ეკრანს შეახო, მეორე კი მუცელს ქვემოთ მიიდო. ამის დანახვაზე ცოლმა სინანულით ჩაილაპარაკა: "ეგ მკვდრის გაცოცხლებას კი არ დაგვპირებია..."
ბოლო დროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც დამკვიდრდა სავიზიტო ბარათების დარიგების ტრადიცია, რაც ამა თუ იმ მომსახურების არაპირდაპირი რეკლამაა. ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც თურქმენეთში იყო მივლინებით, გული ცუდად გაუხდა. გამოიძახა სასწრაფო, რომელიც ორიოდე წუთში მოვიდა. რაღაც წამალი გაუკეთეს და ყოველი შემთხვევისთვის სავიზიტო ბარათიც დაუტოვეს.
სასწრაფოს წასვლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა ბარათის უკანა მხარეს შემდეგი წარწერა აღმოაჩინა: "სარიტუალო მომსახურება - ყველა საზრუნავს ჩვენს თავზე ვიღებთ!"
"თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - კარგი და ცუდი". "კარგით დაიწყეთ". "წინა გასინჯვის შემდეგ თქვენი სასქესო ასო ოთხი სანტიმეტრით გაიზარდა". "ამას რა სჯობია! და ცუდი რაღაა?" "იცით, ეს სიმსივნის ნიშანია..."
პაციენტი ექიმს ეხვეწება: "ექიმო! დამეხმარეთ! მე თქვენ უამრავ ფულს მოგცემთ, ოღონდ დამეხმარეთ!" ექიმი: "ჯერ ფული! კარგად გიცნობთ, რა შვილებიც ხართ ეს პაციენტები: დაეხმარები ადამიანს და - არავითარი მადლიერება! წევს კუბოში და ისე იყურება, თითქოს საერთოდ არ გიცნობდეს!"
- სუნთქავს? - დიახ! - პულსი? - ჯერჯერობით აქვს. - თვალის გუგები? - სინათლეზე რეაგირებენ. - ფეხები? - ორივე ადგილზეა. - არა, ეს არ მაინტერესებს. თბილია? - თბილია. - ინსტრუმენტებიდან რამე ხომ არ დაგვრჩა? - უკვე გადავთვალე. ყველა ადგილზეა. - თუ ასეა, კოლეგებო, მაშინ გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!
შუახნის მამაკაცს გულის ოპერაცია გაუკეთეს. საავადმყოფოდან გაწერის წინ ექიმმა უთხრა, რომ მას ახლა ოცი წლის ყმაწვილის გული აქვს და აღარაფრის აღარ უნდა ეშინოდეს. ბედნიერი მამაკაცი შინისკენ გაქანდა და მაშინვე ცოლს დაუწყო არშიყი.
"ძვირფასო, გამიგონია, რომ როცა ადამიანს გული აქვს დაავადებული, სექსი საშიშია, - უთხრა ცოლმა, - იქნებ ექიმისთვის გეკითხა...
მამაკაცი ისევ საავადმყოფოში გავარდა და ექიმს ყველაფერი უამბო. ექიმმა გაიცინა და ცნობის წერას შეუდგა: "მე, ექიმი ესა და ეს, რომელმაც ამა და ამ პაციენტს გავუკეთე გულის ოპერაცია, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ავადმყოფის გულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მეთოდით და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქონიოს სქესობრივი კონტაქტი ყოველგვარი გვერდითი მოვლენისა და გართულებების გარეშე. ხელმოწერა..." სხვათა შორის, რა ჰქვია თქვენს ცოლს?"
"იცით, რა, არ არის საჭირო სახელის ჩაწერა, უბრალოდ, დაწერეთ: "მოთხოვნისამებრ წარსადგენად".
საოპერაციო მაგიდაზე მამაკაცი წევს: "ექიმო, ნარკოზი ხომ არ დაგავიწყდათ?!" "ნარკოზი?! რა საჭიროა ნარკოზი? დაინახავთ, რასაც ახლა გაგიკეთებთ და ისედაც გაითიშებით".
დაბოლოს, ფრთიანი ფრაზა, რომელიც ნაცნობი სექსოლოგისგან მოვისმინე: "თუ თქვენს კომპიუტერში მუდმივად ცხოვრობენ ვირუსები, საკითხავია, პირველ რიგში ვის სჭირდება მკურნალობა!"