პულსი და წნევა
რა არის ჩვენი პულსი
ჩვენი პულსი, რომელსაც ძირითადად მაჯაზე, ცერა თითის გაყოლებაზე გავლებულ ხაზზე მეორე, მესამე და მეოთხე თითების ერთდროული მსუბუქი ზეწოლით ვსინჯავთ და ერთი წუთის განმავლობაში ვითვლით, არის ერთი წუთის განმავლობაში ჩვენი გულის შეკუმშვათა სიხშირე. სიშვიდისას გულის მუშაობა და შესაბამისად, პულსიც მინიმალურია, რადგანაც ჩვენს ორგანიზმს სისხლის ყველაზე ნაკლები რაოდენობა სჭირდება. ჯდომისას ან წოლისას, როცა ადამიანი მშვიდადაა, მოსვენებულია და ავად არ არის, ნორმალური პულსი შეიძლება 60-დან 100-მდე მერყეობდეს.
რა ფაქტორები მოქმედებენ პულსზე
პულსი ადამიანის ორგანიზმის ის მახასიათებელია (პარამეტრია), რომელიც მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით შეიძლება შეიცვალოს. ჯანმრთელი ადამიანის პულსი იცვლება შემდეგი სახის ზემოქმედებით:
- გარემოს ტემპერატურა - ტემპერატურის ან ტენიანობის ზრდისას ადამიანის გული მეტ სისხლს „გადატუმბავს“, რის გამოც გულისცემისა და შესაბამისად პულსის სიხშირე იზრდება;
- სხეულის პოზიცია - სხეულის მდებარეობის შეცვლისას, მაგალითად, წამოდგომისას ან წამოჯდომისას, პულსი ოდნავ ხშირდება. ეს არის ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური რეაქცია. რამდენიმე წუთის შემდეგ პულსი ნორმას უბრუნდება.
- ემოციები - სტრესის, შფოთვის ან ჩვეულო ბედნიერებისას, ემოციის ზეგავლენით, გულისცემათა სიხშირე იმატებს;
- სხეულის ზომები - ჩვეულებრივ, სხეულის სიმაღლე და წონა, რომელიც ნორმის ფარგლებშია, პულსის სიხშირეზე არ ახდენს ზეგავლენას. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ სიმსუქნისას, როცა სხეულის წონა მნიშვნელოვნადაა მომატებული, გულისცემის სიხშირე და შესაბამისად, პულსიც,უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონისას;
- მედიკამენტები - გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად, კარდიოლოგიური დაავადებების დროს ფართოდ გამოყენებული ბეტა ბლოკერები და ზოგიერთი კალციუმის ანტაგონისტი, პულსის შენელებას იწვევს. პულსის სიხშირე მატულობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული მედიკამენტების, კოფეინის ზემოქმედებით;
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი პულსი
ჩვენი პულსის სიხშირე უნდა ვიცოდეთ, რათა სწორად შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა. ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობებთან შეთავსებული დონე კი ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის აუცილებელია. მაგალითად, აერობული, ე. წ. „გულის ვარჯიში“ ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ამავე დროს, მსგავსი ვარჯიშისას გულისცემისა და პულსის სიხშირე რამდენიმე წუთით მატულობს.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ხელს უწყობს გულის გაძლიერებას, სისხლის უფრო ეფექტურად გადატყორცნას, მაღალი სიმკვრივის, ანუ „კარგი ქოლესტეროლის“ მატებას და დაბალი სიმკვრივის, ანუ „ცუდი“ ქოლესტეროლის კლებას, რაც ამცირებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.
როგორია პულსის ნორმა
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის პულსი შეიძლება მერყეობდეს წუთში 60-დან 100-მდე. პულსის სიხშირე ფიზიკური დატვირთვისას იზრდება. ბუნებრივია, იბადება შეკითხვა - რა მაჩვენებლამდეა მიზანშეწონილი პულსის მატება ფიზიკური აქტივობის შედეგად? უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული პიროვნებისათვის გულისცემის (პულსის) მაქსიმალური სიხშირე. ის მარტივი ფორმულით გამოითვლება - 220-ს მინუს ადამიანის ასაკი. საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვისა პულსმა ამ მაქსიმუმის 50%-85%-ს უნდა მიაღწიოს. საშუალოდ კი, ასაკის მიხედვით, ფიზიკური დატვირთვისას პულსის მაქსიმალური სამიზნე სიხშირე ასე გამოიყურება:
- ასაკი 20 წელი - 100-170 წუთში
- ასაკი 30 წელი - 95-162 წუთში
- ასაკი 35 წელი - 93-157 წუთში
- ასაკი 40 წელი - 90-153 წუთში
- ასაკი 45 წელი - 88-149 წუთში
- ასაკი 50 წელი - 85-145 წუთში
- ასაკი 55 წელი - 83-140 წუთში
- ასაკი 60 წელი - 80-136 წუთში
- ასაკი 65 წელი - 78-132 წუთში
- ასაკი 70 წელი - 75-128 წუთში
ბავშვის პულსი
მოზრდილის მსგავსად, ბავშვის პულსიც იცვლება ფიზიკური აქტივობისა და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით. თუმცა სიმშვიდის დროსაც კი ბავშვების პულსი ასაკის მიხედვით განსხვავებულია და 1 წუთის განმავლობაში არის:
- ახალშობილობიდან 1 თვის ასაკამდე - 70-დან 190-მდე
- 1-დან 11 თვის ჩათვლით - 70-დან 190-მდე
- 1-დან 2 წლის ჩათვლით - 80-დან 130-მდე
- 3-დან 4 წლის ჩათვლით - 80-დან 120-მდე
- 5-დან 6 წლის ჩათვლით - 75-დან 115-მდე
- 7-დან 9 წლის ჩათვლით - 70-დან 110-მდე
- 10 წლიდან და უფროსი ასაკისათვის - 60-დან 100-მდე
როგორც ვხედავთ, ბავშვის ნორმალური პულსის სიხშირე გაცილებით მაღალია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ესე იგი, ის ხშირად ნორმალურია მაშინაც კი, როცა ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვს პულსი აჩქარებული აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზრდილი ადამიანის მსგავსად, ბავშვის პულსი იცვლება ფიზიკური აქტივობის, ძილ-ღვიძილის, სიმშვიდისა და სტრესის, ავადმყოფობის დროს. უხშირესად, ბავშვთა შორის პულსის მაჩვენებელი გულის დაავადებას არ უკავშირდება და მისი სიხშირე იზრდება ისეთი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიცაა:
- ენერგიული თამაში და დატვირთვა;
- ტკივილი;
- შფოთვა და სტრესი;
- ცხელება, ავადმყოფობა;
- კოფეინიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება;
- დეჰიდრატაცია - სითხის დეფიციტი.
თუ რომელიმე მითითებული ფაქტორის ზემოქმედებისას ბავშვს აქვს ჩქარი პულსი, დაძაბვის საფუძველი არ გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის პულსი, ჩვეულებრივ, უფრო ჩქარია და ფიზიკური აქტივობის დროსაც უფრო მკვეთრად მატულობს, ვიდრე მოზრდილი ადამიანის გულსცემა. თუ ბავშვს, პულსის აჩქარებასთან ერთად, აქვს დისკომფორტი გულის არეში ან სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ძილის დროს ბავშვის პულსი მცირდება. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს პულსი შენელებული აქვს დღის განმავლობაში, თან ახლავს ძილიანობა ან გამოვლინდა გონების კარგვის ეპიზოდი, მაშინაც აუცილებელია ვიზიტი ექიმთან.
არტერიული წნევა
არტერული წნევის მაჩვენებელი ციფრები გამოხატავს გულის შეკუმშვისას გადატყორცნილი სისხლის ზეწოლას არტერიების კედლებზე. მაღალი არტერიული წნევისას - არტერიული ჰიპერტენზიისას - ჩვენი სხეულის არტერიების კედლები მუდმივ გაზრდილ ზეწოლას განიცდიან. არტერიული ჰიპერტენზია საფრთხეს უქმნის ორგანიზმს ამ ფაქტორის და კიდევ იმის გამო, რომ გული გაზრდილი დატვირთვითა და არაეფექტურად მუშაობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი არტერიული წნევა
დროთა განმავლობაში მუდმივად მომატებული არტერიული წნევა იწვევს თვალის, თირკმლის, ტვინისა და სისხლძარღვების მნიშვნელოვან დაზიანებას. მაღალი არტერიული წნევა აქვეითებს აზროვნების, გახსენების, დასწავლის უნარსაც. სადღეისოდ აღწერენ დემენციის ერთ-ერთ სახეს - ვასკულურ (სისხლძარღვოვან) დემენციას, რომელიც მაღალი არტერიული წნევითაა გამოწვეული. დაავადების ფართოდ გავრცელებისა და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობის გამო, როგორც წესი, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მის დამაზიანებელ ზემოქმედებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაღალი არტერიული წნევა არღვევს სამიზნე ორგანოების (ტვინი, გული, თვალი, თირკლმელი, სისხლძარღვები) ფუნქციებს. საბედნიეროდ, მაღალი არტერიული წნევა ადვილად გამოვლინდება. ამისათვის საკმარისია მისი გამოზმვა, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა.
როგორ იზომება არტერიული წნევა
ტრადიციულად, არტერიული წნევა იზომება მხრის არეზე შემოსახვევი გასაბერი მანჟეტის გამოყენებით. მანჟეტში ჩაჭირხნილი ჰაერის ნელა გამოშვებისას წარმოქმნილ ხმიანობაზე დაყრდნობით განისაზღვრება წნევის ორი მაჩვენებელი:
- სისტოლური არტერიული წნევა - პირველი (მაღალი, „ზედა“) მაჩვენებელი - ასახავს გულის შეკუმშვისას გადატყორცნილი სისხლის ზეწოლას არტერიების კედლებზე;
- დიასტოლური წნევა - მეორე (დაბალი, „ქვედა“) მაჩვენებელი - ასახავს სისხლის ზეწოლას არტერიების კედლებზე, როცა გული მოდუნებულია მორიგი დარტყმის წინ.
არტერიული წნევა იზომება მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტებით - მმ. ვწყ.სვ.
არტერიული წნევის ნორმა
გაზომვისას მიღებული მაჩვენებელი შესაძლოა მოხვდეს რომელიმე მითითებულ კატეგორიაში:
- ნორმა - ნაკლებია 120/80-ზე;
- მომატებული - 120-129 სისტოლური წნევისათვის და 80 მმ.ვწყ.სვ.-ზე ნაკლები დისტოლურისათვის;
- ჰიპერტენზია, სტადია 1 - 130-139 სისტოლური წნევისათვის და 80-89 მმ.ვწყ.სვ. დიასტოლური წნევისათვის;
- ჰიპერტენზია, სტადია 2 - 140/90 და მეტი.
არტერიული წნევის ნორმები ბავშვებში
სხვა პარამეტრების მსგავსად, ბავშვთა ასაკში არტერიული წნევის ნორმებიც განსხვავებულია.
- სიცოცხლის პირველი 12 საათის განმავლობაში არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლებია: სისტოლური წნევისთვის - 60-85, დიატოლურისთვის - 45-55;
- შემდგომ 96 საათამდე: სისტოლური წნევისთვის - 67-84, დიატოლურისთვის - 35-53;
- პირველიდან 12 თვის ჩათვლით: სისტოლური წნევისთვის - 80-100, დიასტოლურისთვის - 55-65;
- ერთიდან 2 წლის ჩათვლით: სისტოლური წნევისთვის - 90-105, დიასტოლურისთვის - 55-70;
- 3-დან 5 წლის ჩათვლით: სისტოლური წნევისთვის - 95-107, დიასტოლურისთვის - 60-71;
- 6-დან 9 წლის ჩათვლით: სისტოლური წნევისთვის - 95-110, დიასტოლურისთვის - 60-73;
- 10-დან 11 წლის ჩათვლით: სისტოლური წნევისთვის - 100-119, დიატოლურისთვის - 65-76;
- 12-დან 15 წლის ჩათვლი: სისტოლური წნევისთვის - 110-124, დიასტოლურისთვის - 70-79.
ცხოვრების წესი მაღალი არტერიული წნევისას
თუ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუდგინდა, დაინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო არამედიკამენტური ღონისძიებები, ცხოვრების წესის შეცვლა:
- თამბაქოს მოწევის შეწყვეტა - ყოველი შესუნთქვა იწვევს წნევის მატებას და დროთა განმავლობაში არტერიების კედლების დაზიანებას;
- დიეტა - ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო დიეტა გულისხმობს მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტების მიღებას, ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლით მდიდარი საკვების შეზღუდვას. არსებული მონაცემების თანახმად, ასეთი დიეტით შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება 11 მილიმეტრით;
- ფიზიკური აქტივობა - 30 წუთის განმავლობაში დღის და 150 წუთის განმავლობაში კვირის განმავლობაში - ასეთი აქტივობით შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება 5-8 მილიმეტრით;
- ალკოჰოლიანი სასმელების შეზღუდვა - ალკოჰოლის მიღება, თუ არ არის სხვა დაავადების მხრივ უკუჩვენება, დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული დღეში ქალებისათვის და ორი ერთეული მამაკაცებისათვის. ასეთი შეზღუდვით შეიძლება არტერიული წნევა 4 მმ.ვწყ.სვ-ით დაქვეითდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ერთი ერთეული არის 125 მლ ღვინო, 250 მლ ლუდი, 25 მლ სპირტი;
- სუფრის მარილის შეზღუდვა - მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არტერიული წნევის დაქვეითებისათვის.