უიღბლო ექსპერიმენტი
რომლებითაც პასუხობენ ახალბედა ექიმებისა თუ ექთნების გულუბრყვილო კითხვებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ცხვირიდან სისხლდენა კისერზე ლახტის დადებით იკურნება, მშობიარობისას ორივე ქვედა კიდურზე არტაშნის დადებაა საჭირო, რომ ქალმა სამშობიაროსკენ მიმავალ გზაზე არ გააჩინოს ბავშვი და სხვა.
სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ცხვირიდან სისხლდენის დროს ვინმეს კისერზე დაედოს ლახტი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია ფაქტი, რომ ერთმა დამწყებმა ფელდშერმა მართლაც დაადო არტაშნები ორივე ფეხზე მშობიარეს!.. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, რადგან მშობიარობის ტკივილები ახალდაწყებული იყო.
გამოძახებიდან ქვესადგურისკენ მიმავლებს გზაში ახალი მისამართი მოგვცეს. გამოძახების მიზეზი გულის შეტევა გახლდათ. მოცემულ მისამართზე მალე მივედით. კარზე დავაკაკუნეთ და შიგნიდან მისავათებული ხმით გვიპასუხეს: "ღიაა..." სახლში შესულებს უცნაური სურათი დაგვხვდა - ძველებურ ბადიან საწოლზე დედიშობილა, ხელში ჯოხმომარჯვებული მოხუცი მამაკაცი იჯდა. როგორც აღმოჩნდა, მოხუცი შიშველი ჩამომჯდარიყო საწოლზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი სიმძიმის ქვეშ ჩაზნექილიყო და საცოდავს სათესლე ჯირკვლები ბადის ხვრელის მახეში მოჰყოლოდა. ადგომა დააპირა, მაგრამ ბადეც აჰყვა და არ უშვებს! ასე იწვალა საწყალმა მთელი საათი, მერე კი ჯოხით ტელეფონს მისწვდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საბედნიეროდ, ბრიგადის წევრების ერთობლივი ძალისხმევით მისი გათავისუფლება მალევე მოხერხდა.
ეს ისტორია კი ჩემი კოლეგისგან, პროფესიით უროლოგისგან გამიგონია: ერთხელ მასთან მიღებაზე ძველი ბიჭი მივიდა სრული საპარადო აღკაზმულობით: მკაცრი სტილის პიჯაკით, ყელზე - ოქროს მომსხო ჯაჭვით, შავი სათვალით... ექიმმა გასინჯა, პროსტატიტზე მიიტანა ეჭვი და აუხსნა, რომ დიაგნოზის დასაზუსტებლად უკანა ნაწლავიდან თითით უნდა გაესინჯა, ხოლო თუ ეს დიაგნოზი დადასტურდებოდა, მაშინ მას მკურნალობის პროცესში იმავე ორგანოს იმავე ადგილიდან იმავე თითით მოუწევდა მასაჟის გაკეთება. ამის გაგონებაზე პაციენტმა თქვა, რომ ამის თაობაზე "საძმოს უნდა დალაპარაკებოდა" და გაქრა, მეორე დღეს კი ისევ გამოცხადდა ექიმთან და უთხრა: "საძმომ თქვა: თუ თითით ტარდება, მაშინ შეიძლება!"
საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშლა და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა. კომპანიას დალევა თითქმის აღარ შეუძლია, სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ამ დროს ერთმა ნათურას მოჰკრა თვალი და დანარჩენებს აუწყა, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობს: "ასე არ შეიძლება. მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით.
ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტეს. ექთანს დაუძახეს და პაციენტი აჩვენეს. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა მასწავლებლებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს, ტაქსიში ჩასხდნენ სასტუმროსკენ დაიძრნენ. "მაინც ვერაფერი გავიგე, - ეუბნება ერთი მასწავლებელი მეორეს, - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" მეორემ ისევ გააპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსიმ ისევ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. დაიჭირეს ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დაუჯერა. დარწმუნება დაუწყეს, ვერ დაარწმუნეს და ნათურა მისცეს. მოკლედ, ამჯერადაც მოუწიათ საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა! ტაქსის მძღოლმა ისინი სასტუმროსკენ წაიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაეღობათ, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოეჩვენა. ერთადერთმა მოლაპარაკემ, მაგრამ ნასვამმა, მოახერხა ყველაფრის ახსნა. ინსპექტორმა ზურგი აქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით ანიშნა, ჩაწეულიყვნენ. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა. ტაქსი კიდევ ერთხელ მიბრუნდა საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...