სანელებლები ჩვენი ჯანმრთელობისთვის
ნუ გადააჭარბებთ!
ნუ გიღალატებთ ზომიერების გრძნობა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა სუნელი თუ სანელებელი შეიცავს არომატულ ცხიმებს, მათი სიჭარბე კი არცთუ უსაფრთხოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ისინი თავისებურ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ორგანოსა და მათ ფუნქციებზე.
ილი
ილის ფესვი ოდითგანვე მიიჩნეოდა გამათბობელ, გამწმენდ და ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებად, ამიტომ რეკომენდებულია ილიანი ჩაის მიღება უმალვე, როგორც კი გაციების სიმპტომებს შეამჩნევთ. გარდა ამისა, სურნელოვანი ჩაი არაჩვეულებრივი ენერგეტიკის მატარებელია. ის აფხიზლებს, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, ავსებს ენერგიით. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება შუადღისას, როცა დაღლილობას იგრძნობთ. ილი იდეალურად ერწყმის თაფლს. განსაკუთრებულ გემოს აძლევს ნამცხვრებს, წვნიანებს, განსაკუთრებით - ქათმის ბულიონს.
მიხაკი
მიხაკის თბილი, ცხიმოვანი და მწკლარტე არომატი გვმატებს თავდაჯერებას და გვახალისებს. ჩინელი ექიმები გვირჩევენ, ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის დავღეჭოთ მიხაკი - არა უმეტეს ერთი-ორი ცალისა კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში. ეს ხერხი კარგია განწყობილების გამოსაკეთებლადაც, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ეფექტურია მიხაკის დაღეჭვა კბილის ტკივილის დროს - მიხაკში არსებულ ცხიმს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. დაბოლოს, ჩვენი ტრადიციული კერძი საცივი ხომ ნამდვილად წარმოუდგენელია მიხაკის არომატის გარეშე.
დარიჩინი
მრავალი ჩვენგანისთვის დარიჩინი დღესასწაულებთან ასოცირდება. მისი თბილი, ტკბილი, სურნელოვანი არომატი ხალისით გვავსებს, გვათბობს და მყუდროების შეგრძნებას გვგვრის. იდეალურად ერწყმის როგორც ცხარე, ისე ტკბილ კერძებს, დაშაქრულ ნუგბარს. თუ შავი ყავის მოყვარული ბრძანდებით, დაუმატეთ მას დროდადრო ცოტაოდენი დარიჩინი - მისი გამამხნევებელი არომატი, შეზავებული ყავის გემოსთან, საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ჯავზი (მუსკატის კაკალი)
ჯავზის (მუსკატის კაკლის) დამათრობელი არომატი გვეხმარება სტრესის დაძლევაში კონფლიქტის შემდეგ და შესანიშნავი წამალია ბრონქების ანთებითი დაავადებების დროს. ყველაზე სასარგებლოა მისი არომატული ზეთი. სპეციალისტთა აზრით, ის უფრო სათუთად მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე დაფქული ჯავზი. ძალიან უხდება ტკბილ კერძებს, მაგალითად, ღუმელში შემწვარ ვაშლს, ვაშლიან ღვეზელს. ჯავზით აზავებენ ცხელ ღვინოსაც.
კარდამონი
ევკალიპტისა და ქაფურის მკვეთრი არომატის გამო ბევრი კარდამონს წამლად აღიქვამს. სინამდვილეში ამ სუნელს არ აქვს სამკურნალო თვისებები. ხშირად კარდამონის თესლს იყენებენ სუნთქვის გასაუმჯობესებლად (საკმარისია 1-2 მარცვლის დაღეჭვა). იდეალურად ეხამება ალკოჰოლურ სასმელებს, ხორციან კერძებს (განსაკუთრებით - ღორის ხორცს), ნამცხვრებს, ღვეზლებს.
ანისული
ანისულის ხალისიანი არომატი იდეალური ანტიდეპრესანტი და სტრესსაწინააღმდეგო საშუალებაა. სტრესისა და დეპრესიის დროს მიიღეთ აბაზანა ანისის ეთერზეთით (რძეს დაუმატეთ 4-7 წვეთი ეთერზეთი და გააზავეთ წყალში). ანისული იდეალურად ერწყმის დაფნის ფოთოლს. ამ სანელებლით აზავებენ თევზის კერძებს, ალკოჰოლურ სასმელებს და საკონდიტრო ნაწარმს.