სასარგებლოა თუ არა რძე (სამი ულუფა დღეში)
ასეთი დევიზიც კი აქვთ: სამი ულუფა დღეში (“3 A - Day”). სხვათა შორის, მრავალ ქვეყანაში რძეს “მენეჯერთა სასმელს” უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, შეიცავს უფრო მეტ სასარგებლო ნაერთს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი და ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს მინერალებისა და ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ნახევარი ლიტრი რძე აკმაყოფილებს ცილების დღიური მოთხოვნილების 20%-ს, კალციუმის 72%-ს, ფოსფორის 10%-ს, იოდის 22%-ს და ვიტამინების 30%-ს.
სადავოდ აღარ მიიჩნევა, რომ ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი განვითარებისა და იმუნური სისტემის განმტკიცებისთვის რძესა და რძის ნაწარმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რძე კარიესისა და ოსტეოპოროზის (ძვლის გამეჩხერების) პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. ის ენერგიის უნივერსალური წყაროცაა. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ეს სასმელი ყოველი ადამიანის რაციონის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ადამიანში რძე ნაწლავთა შებერილობასა და ბოყინს იწვევს, ზოგიერთს ღვიძლიც შეახსენებს ხოლმე თავს, ბევრს ნაღვლის ბუშტი უღიზიანდება. ისეთი ხალხიც არსებობს, სპეციფიკური სუნის გამო რძეს სათოფეზეც რომ არ ეკარება. ყოველივე ეს რძის რთული ბიოქიმიური შემადგენლობის ბრალია, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რძე მავნებელია! პირიქით, მეტად სასარგებლო პროდუქტი გახლავთ. ის წყლის, ცილების, ცხიმების, ლაქტოზის, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების საუკეთესო ნაკრებია. გარდა ამისა, შეიცავს პიგმენტებს, ფერმენტებს, ფოსფოლიპიდებსა და აირებს. ზოგი ამ სასმელს “წყალში ცხიმთა ემულგატს” უწოდებს. ეს იმიტომ, რომ რძეში ცხიმი მიკროსკოპული ბურთულების სახითაა წარმოდგენილი. ერთ ჩაის კოვზ რძეში 15 მილიარდამდე ასეთი ბურთულაა. რძის შეფერილობაც მასში შემავალი ცხიმის ფერითაა განპირობებული - რაც უფრო ნაკლებცხიმიანია რძე, მით უფრო მოცისფრო ელფერი დაჰკრავს მას. რძის ფასიც სწორედ ცხიმების შემცველობის კვალობაზე იცვლება.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (მათთან ერთად - საქართველოშიც) ცხიმიანი რძე უფრო მეტად ფასობს. აი, აშშ-ში კი, სადაც დღედაღამ ქოლესტერინის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებაზე ფიქრობენ, ყველაზე ძვირი “ლურჯი” ანუ უცხიმო რძე გახლავთ. ამერიკელები ამ პროდუქტის მთავარ ღირსებად არა ცხიმების, არამედ კალციუმისა და ცილების შემცველობას მიიჩნევენ. ცნობილია, რომ რძის ზოგიერთი კომპონენტი ძნელად მოსანელებელია (ზოგიერთის საჭმლის მომნელებელ სისტემას მათი გადამუშავება უჭირს). ნაწლავთა შებერილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებისა და სხვა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ასეთმა ადამიანებმა უმჯობესია პასტერიზებული რძე სვან.
რა არის პასტერიზაცია
პასტერიზაციის დროს რძეს 2 წამის განმავლობაში 135-2380C-ზე აცხელებენ, მერე კი მყისიერად აცივებენ. ამის წყალობით ვიტამინებისა და მინერალების დანაკარგი უმნიშვნელოა და რძე კვებით ღირებულებას მთლიანად ინარჩუნებს. სამაგიეროდ, UHT (Ultra High Temperature – ზემაღალი ტემპერატურა) არასასურველ მიკრობებს უვნებელყოფს. ასეპტიკური შეფუთვა პროდუქტს ჰაერისა და სინათლისგან იცავს. ამგვარად დამუშავებული რძე შეგიძლიათ 60-90 დღის განმავლობაში უმაცივროდ შეინახოთ.
UHT მეთოდით დამუშავებული რძე არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატს, ასე რომ, თამამად მიირთვით. თუ მოწინავე ქვეყნების პოპულარულ დევიზს “სამი ულუფა დღეში” ვერ დაიცავთ, კვირაში სამჯერ თითო ჭიქა მაინც დალიეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ის:
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მეხსიერებასა და მხედველობას;
- ამაღლებს გუნება-განწყობილებას, იწვევს სასიცოცხლო ძალთა მოზღვავებას;
- ზრდის მრავალი დაავადებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.