როგორ შევამციროთ კალორიები
თქვენი საყვარელი სალათი
ეცადეთ, სალათები თქვენ თვითონ გამოიგონოთ. როგორც წესი, დიასახლისები სალათებს ნაირ-ნაირი ბოსტნეულისგან: კომბოსტოსგან, სტაფილოსგან, კარტოფილისგან, კიტრისგან, პომიდვრისგან ამზადებენ, უმატებენ ხახვს, მწვანილს. შეგიძლიათ, ტრადიციულ რეცეპტებში ცვლილებები შეიტანოთ. მაგალითად, ჩვეული მწვანილი მჟაუნის ფოთლებით შეცვალოთ (ის მდიდარია ბეტა კაროტინით) ან დაამატოთ ავოკადო, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და წარმოადგენს ლუთეინის წყაროს.
გადავიდეთ დესერტზე
ხილი არა მხოლოდ შაქარს, არამედ საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. გამოდის, რომ მხოლოდ პირს კი არ ვიტკბარუნებთ, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებითაც ვივსებთ.
შაქრის შემცვლელები
ბევრი, იმისთვის, რომ ჭარბი წონა მოიცილოს, შაქრის შემცვლელებს იყენებს. სპეციალისტთა აზრით, შაქრის შემცვლელები ნაკლებკალორიულია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ერთნაირად უსაფრთხო არ არის. ყველაზე უვნებელია ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა, რომელიც გემოთი ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილ შაქარს. ნაკლებკალორიული შემცვლელები ყველა პროდუქტს შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ხორცს. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, ხორცის ალტერნატივად მოვიაზროთ სოკო ან ლობიო. სინამდვილეში არჩევანი უფრო დიდია - ცხოველური წარმოშობის ცილები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მოიპოვება სხვა მცენარეულ პროდუქტებშიც: ტოფუში - სოიის ხაჭოში, ასევე კაკალში, მზესუმზირაში, ოსპში. ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში - ის გაცილებით მრავალფეროვანი გახდება და მეტ სარგებლობასაც მოუტანს ორგანიზმს. ერთფეროვანი საკვები არც სასიამოვნოა და არც სასარგებლო.
საუკეთესო სასუსნავი
ხშირად ვამბობთ: "უნდა წავიხემსო". ასეთ დროსაც შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებკალორიული, მაგრამ სასარგებლო შემცვლელები გამოიყენოთ. ისინი შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოსაც. საზოგადოდ, არ არის აუცილებელი, საღამოობით სასუსნავზე უარი თქვათ. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მათი ენერგეტიკული ღირებულება 200 კკალ-ზე ნაკლებია. მაგალითად, ერთი ულუფა ქიშმიში ან გარგარის ჩირი სულ 80-90კკალ-ს შეიცავს. შიმშილს მოგიკლავთ ბანანი - ერთ ცალ საშუალო ზომის მწიფე ნაყოფში 109 კკალ და მხოლოდ 1 გრამი ცხიმია. ქალების 62%-მა ზედმეტი წონა მას შემდეგ მოიშორა, რაც უარი თქვა მკაცრ დიეტებზე. მათი "სილამაზის პროგრამა" დაახლოებით ასეთი იყო: ცომეულის შეზღუდვა, ცხოველური ცხიმის შემცირება და მეტი ფიზიკური დატვირთვა.
მომზადების საუკეთესო ხერხი
- ბოსტნეული უნდა მოხარშოთ სქელძირიან და მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში. სახურავი რაც შეიძლება იშვიათად უნდა ახადოთ. ასე ბოსტნეული უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს.
- ბოსტნეულის მოშუშვა გსურთ? მომზადებისას ნუ დაუმატებთ მარილს, თორემ ბოსტნეული დაკარგავს წვენს, მასთან ერთად კი სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც.