ჰემატოგენი - სასარგებლო ტკბილეული
ხარის სისხლის საფუძველზე დამზადებული ეს ტკბილეული მყარი ფილების სახით პირველად 1917 წელს გამოჩნდა. ჰემატოგენი, როგორც საკვების ბიოლოგიური დანამატი და რკინაშემცველი პროფილაქტიკური პრეპარატი, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას. მას, ჩვეულებრივ, იღებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლიდან, რომელიც წინასწარ დეფიბრინირებას, გამოშრობას, სპეციალურ დამუშავებასა და ინფექციის გამომწვევებისაგან გაწმენდას განიცდის. ჰემატოგენის შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი), თაფლი, შესქელებული რძე, შაქარი, შოკოლადი, ნიგოზი და სხვა დანამატები გემოს გასაუმჯობესებლად. ჰემატოგენი გარეგნულად ერთგვარად შოკოლადის ფილას ჰგავს, თუმცა, გემოთი განსხვავდება მისგან, უფრო მეტად რძიანი ირისის არომატი აქვს.
XVIII-XIX საუკუნის ევროპაში მცხოვრებ გოგონებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული „მკრთალი სნეულება“, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის ფონზე ვითარდებოდა და არა შავი ჭირის შედეგად, როგორც თავდაპირველად ეგონათ. დაავადება ვლინდებოდა სისუსტით, თავბრუხვევით, მოდუნებულობით და განმეორებადი გულისწასვლით. აღნიშნული სიმპტომები ქრონიკულ სისხლდენას პირველად გამოჩენილმა რუსმა ექიმმა, ს. ბოტკინმა, დაუკავშირა, თუმცა, დაავადების ჭეშმარიტი მიზეზი მხოლოდ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დადგინდა. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდნენ მეცნიერები შვეიცარული ჰემატოგენით - ხარის სისხლისგან მიღებული თხევადი მიქსტურით, რომელიც ტკბილი ფილების სახით რუსეთში მოგვიანებით გამოუშვეს.
დღეს ჰემატოგენს მწარმოებელთა ნაწილი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის, ნაწილი კი - სამკურნალო პრეპარატის სახით უშვებს. შესაბამისად, ეს ტკბილეული არა მხოლოდ აფთიაქებში, ჩვეულებრივ მარკეტებსა და საკონდიტროებშიც იყიდება. სად შეიძენთ ჰემატოგენს, თქვენი გადასაწყვეტია, მთავარია, გაითვალისწინოთ მისი მიღების რეკომენდაცია - მოზრდილებისათვის დაშვებულია არაუმეტეს 50 გრამისა დღეღამეში, ბავშვებისათვის კი - არაუმეტეს 35 გრამისა.
შედგენილობა და სასარგებლო თვისებები
ჰემატოგენი ვიტამინების მსგავსი წამალია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება დღეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რკინა უკავშირდება ცილებს, ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ის ადვილად და პრაქტიკულად სრულად შეითვისება. მართალია, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ანემიის სამკურნალოდ რკინის შემცველი უამრავი პრეპარატია, რომელთაც ჰემატოგენზე ბევრად უფრო გამოხატული ეფექტი აქვთ, მაგრამ ეს ტკბილეული არ კარგავს თავის მნიშვნელობას, რადგან ჰემატოგენი უძველესი დროიდან გამოცდილი საშუალებაა, რაც მთავარია, გემრიელი და შედარებით იაფფასიანი. მისი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. ეს პროდუქტი სრულფასოვანი პროტეინების წყაროა, რომელშიც დაბალანსებულია ამინმჟავების, მინერალური ნივთიერებების, ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობა. მას სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ არა მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიის დროს, არამედ, მძიმე ინფექციური დაავადებების შემდგომ პერიოდში, ქრონიკული სისხლდენით მიმდინარე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ბუასილისა და არასრულფასოვანი კვების დროს.
ჰემატოგენს უნიშნავენ ბავშვებს, რომლებიც ჩამორჩებიან ზრდაში, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის ფუნქციის დარღვევა (A ვიტამინის შემცველობის გამო). ასაკოვნებს შორის ჰემატოგენი აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.
უკუჩვენებები
ჰემატოგენი არ უნდა ჭამონ მათ, ვისაც აღენიშნება აუტანლობა მის შემადგენლობაში შემავალი ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ. არარეკომენდებულია ის აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნისა და ანემიის იმ ფორმების დროს, რომლებიც არ უკავშირდება რკინის დეფიციტს.