კვებითი ქცევის დარღვევები როდის იქცევა საკვები მტრად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვებითი ქცევის დარღვევები როდის იქცევა საკვები მტრად?

არღვევს საერთო ცხოვრების ხარისხს – გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, სამუშაოსა და პიროვნულ განვითარებაზე.

ნებისმიერი კვებითი დარღვევა, მიუხედავად მისი სახელწოდებისა თუ კლასიფიკაციისა, არის საშიში მდგომარეობა, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს და საჭიროებს სათანადო მკურნალობას. აღნიშნული დარღვევების თავისუბერებებზე გვესაუბრება ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაციის პრეზიდენტი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კლინიკური ნუტრიციოლოგი, ელისაბედ (ლიზი) კუჭავა. ქალბატონი ლიზი დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი და მეტად გულისხმიერი ექიმია. მზრუნველი და გულთბილი დამოკიდებულების გამო ის პაციენტებსა და კოლეგებს განსაკუთრებულად უყვართ.

– ქალბატონო ლიზი, დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ კვებით ქცევასთან დაკავშირებულ დარღვევებზე. რას წარმოადგენს აღნიშნული პრობლემა და რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს ის პაციენტის, მისი გარემოცვისა და ფართო საზოგადოების კეთილდღეობაზე?

– კვებითი აშლილობები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და რთულად სამართავი დაავადებების ჯგუფია, რომლის კლინიკური მიმდინარეობა შენიღბულია, ხოლო ეტიოლოგია, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანი და რთულად დასადგენი. აღნიშნული ართულებს დროულ დიაგნოსტიკასა და სათანადო მკურნალობის დაწყებას.

თითოეულ კვებით აშლილობას თავისი დამახასიათებელი თავისებურება აქვს, თუმცა, ყველა მათგანს აერთიანებს საერთო ელემენტები, რომელთა საფუძველზეც შეგვიძლია ეს მდგომარეობები ერთიან ჭრილში განვიხილოთ.

კვებითი დარღვევის მქონე ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ საკვების რაოდენობაზე, შემადგენლობაზე, მიღების სიხშირეზე, სხეულის წონასა და ფორმაზე, რაც ხშირად სტანდარტული წარმოდგენებისგან საგრძნობლად განსხვავდება. საკვები მათთვის შეიძლება კომფორტის, სიამოვნების, ენერგიის წყარო იყოს, ან, შესაძლოა, მის მიმართ უარყოფითი და საზიანო დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კვებითი აშლილობები არ არის უბრალოდ უცნაური ჩვევა ან მავნე ჰობი. ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია, რომლებიც ადამიანის საკვებთან ურთიერთობას არაჯანსაღი კავშირის ხასიათს აძლევს.

კვებითი აშლილობების მიზეზები მრავალფეროვანია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, გარემოს გავლენა, სხვა მენტალური დაავადებები, სხეულის უარყოფითი აღქმა ან გადატანილი ტრავმული გამოცდილება – თითოეული ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს დაავადების ჩამოყალიბების ნიადაგი.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, კვებითი აშლილობები მოიცავს დაავადებებს, როგორიცაა:

  • ანორექსია (Anorexia Nervosa),
  • ბულიმია (Bulimia Nervosa),
  • კომპულსური კვებითი აშლილობა (Binge Eating Disorder),
  • ასევე უფრო იშვიათი ფორმები, როგორიცაა ორთორექსია (Orthorexia Nervosa), OSFED (Other Specified Feeding or Eating Disorder), ARFID (Avoidant/Restrictive Food Intake Disorder) და სხვა.

– როგორია კვებითი დარღვევების გავრცელება და ზოგადი სტატისტიკა მსოფლიოს მაგალითზე?

– „ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო“ – „DSM-V“-ის მიხედვით, კვებითი დარღვევები, იგივე აშლილობები, განისაზღვრება ფსიქიკური დაავადებების ჯგუფად, როდესაც ადამიანი საკვებს ან მის შეზღუდვას იყენებს ემოციურ სტრესთან გასამკლავებლად. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა ანორექსია, რადგან ფსიქიკურ აშლილობებს შორის ის ყველაზე მაღალი ლეტალობით გამოირჩევა.

სტატისტიკის თანახმად, ანორექსიით დაავადებულები ოთხჯერ უფრო ხშირად მიმართავენ სუიციდს, ვიდრე დეპრესიით დაავადებული პაციენტები და 18-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ჯანმრთელი თანატოლები.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მონაცემებით, კვებითი აშლილობები მოსახლეობის დაახლოებით 5%-თან გვხვდება, განსაკუთრებით კი 13-დან 17 წლამდე გოგონებს შორის. თუმცა, აშლილობებს მკაცრი გენდერული და ასაკობრივი ჩარჩო არ გააჩნია: ისინი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს.

კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში კვებითი აშლილობების დიაგნოზი 20 მილიონ ქალსა და 10 მილიონ მამაკაცს უვლინდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ დაავადებების სერიოზულობასა და გავრცელების მასშტაბებს.

2001-2023 წლების მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ კვებითი დარღვევები განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა ქალებთან (3,8%), მაშინ როცა, მამაკაცებს შორის მათი გავრცელება გაცილებით ნაკლებია (1,5%). მიუხედავად იმისა, რომ ანორექსიით დაავადებულთა მეოთხედი მამაკაცები არიან, ისინი სიკვდილიანობის ბევრად უფრო მაღალ რისკს ექვემდებარებიან, რადგან დიაგნოზი, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით გვიან უდგინდებათ. ეს, ნაწილობრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს იმ მცდარი წარმოდგენით, რომ მამაკაცებს კვებითი აშლილობები იშვიათად აწუხებთ (კვების დარღვევების რესურსების კატალოგი, 2014). ბევრ მათგანს უჭირს დახმარებისთვის ექიმთან მისვლა, თუნდაც სირცხვილისა და ერთგვარი სტიგმის არსებობის გამო.

კვებითი აშლილობების შესახებ არსებული სტერეოტიპის მიუხედავად, ეს პრობლემა მხოლოდ „თინეიჯერ“ გოგონებს არ აწუხებთ. სინამდვილეში, კვებითი დარღვევა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, განურჩევლად ასაკის, სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა. ამასთან, სხეულის მოდური პარამეტრები, პოპულარული დიეტებისა და რეცეპტების კულტურული ტენდენციები ცივილიზებულ დასავლურ სამყაროში უფრო მყარად არის დამკვიდრებული.

გლობალურად, 50 წელზე უფროსი ასაკის ქალების 13%-თან ვლინდება კვებითი აშლილობის (თუნდაც ნაკლებ საგანგაშო) ნიშნები, რაც მიუთითებს პრობლემის მასშტაბურობაზე (კვების დარღვევების საერთაშორისო ჟურნალი, 2012).

კვლევების მიხედვით, კვებითი აშლილობის დიაგნოსტირების საშუალო ასაკი შეადგენს 21 წელს ჭარბი კვების აშლილობისთვის და 18 წელს ანორექსიისა და ნერვული ბულიმიისთვის.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკის აკადემიის ჟურნალის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ში 2010 წელს მოზარდებს შორის კვებითი დარღვევების გავრცელება 2.7%-ს შეადგენდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ბოლო წლების მანძილზე მზარდია.

კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მონაცემია ის, რომ აშშ-ში, 2010 წელს ჩატარებული მასშტაბური 8-წლიანი კვლევის ფარგლებში, რომელშიც 496 მოზარდი გოგონა მონაწილეობდა, დადგინდა, რომ 20 წლის ასაკისთვის მათი 5%-ზე მეტი დააკმაყოფილებდა ანორექსიის, ბულიმიის ან ჭარბი კვების აშლილობის დიაგნოზის კრიტერიუმს. ასევე, 13%-ზე მეტი ამჟღავნებდა კვებითი აშლილობის მსგავს სხვა არაერთგვაროვან სიმპტომს. კვლევამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი პრევალენტობა 17-18 წლის ასაკში (3%) ფიქსირდებოდა.

– რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? აქტუალურია თუ არა ეს პრობლემა ჩვენთვისაც?

– სამწუხაროდ, კვებითი აშლილობები საქართველოსთვისაც არანაკლები გამოწვევაა, თუმცა, პრობლემის მასშტაბისა და მისი მართვის ეფექტური სტრატეგიების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მწირია. არასწორი წარმოდგენების გამო, რომლებიც ხშირად კვების დარღვევებთან დაკავშირებულ სტიგმებს აძლიერებს, პრობლემა წლების მანძილზე უგულებელყოფილი იყო როგორც სოციალურ, ისე სამედიცინო დონეზე. ამან კი გამოიწვია ის, რომ პაციენტები ხშირად არასწორ მკურნალობას იღებდნენ ან საერთოდ რჩებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის მიღმა.

ბოლო წლებში, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, კვებითი აშლილობის სხვადასხვა ფორმით დაავადებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ხსენებული პრობლემა ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაშიც აქტუალური გახდა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი საკითხები: მკურნალობის შესაბამისი სტრატეგიები, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამების ნაკლებობა, მულტიდისციპლინური გუნდების არასაკმარისი მომზადება და სპეციფიკური კლინიკების არარსებობა.

საქართველოში კვებითი დარღვევების მკურნალობა მრავალ სირთულეს აწყდება: დაგვიანებული დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა, ფინანსური შეზღუდვები და სტიგმები, რაც პაციენტებს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე კლინიკურ ფსიქიატრთან ვიზიტის არიდებისკენ უბიძგებს!

კვებითი დარღვევების მქონე პაციენტები უფრო თამამად და ინტენსიურად ეწერებიან ვიზიტზე ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან ან ფსიქოლოგთან, ვიდრე ფსიქიატრთან, რის გამოც დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობის სტრატეგია ხშირად დაგვიანებით ან არასწორად ინიშნება. ამის კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა ,,სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის 32-ე კონფერენცია“, სადაც მედიცინის საპატიო დოქტორი, პროფესორი ნინო ჭუმბურიძე, კვებითი დარღვევების შესახებ სამეცნიერო მოხსენებით წარდგა. ფართო აუდიტორიასთან აქტიური დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული პრობლემითა და თანმხლები მძიმე გართულებებით პაციენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, სიმპტომური მკურნალობისთვის.

თემის განხილვის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ყველა სირთულის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოში კვებითი აშლილობის მართვის სტრატეგიისა და მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, რათა პაციენტებმა დროულად მიიღონ კვალიფიციური დახმარება და სრულფასოვანი რეაბილიტაცია.

საქართველოს ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ კვებითი აშლილობის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ვალდებულება ზოგადი პროფილის საავადმყოფოებს არ გააჩნიათ. პაციენტებისთვის, რომლებსაც რეანიმაციული მხარდაჭერა ესაჭიროებათ, ერთადერთი გამოსავალი ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაა, თუმცა, ეს არც ისე ეფექტური გზაა.

სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო პრაქტიკის, სტატისტიკის, გზამკვლევების („გაიდლაინების“) გაცნობა და სამედიცინო მენეჯმენტის ოპტიმალური ვარიანტების დაგეგმვა-შემუშავება მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად. მხოლოდ პრობლემისადმი ფართომასშტაბიანი მიდგომა და სტიგმების დაძლევა მისცემს საზოგადოებას საშუალებას, უკეთ გაუმკლავდეს ამ მზარდ საფრთხეს.

– არსებობს თუ არა სპეციფიკური რისკფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კვებითი დარღვევების აღმოცენებასა და მიმდინარეობაზე?

– კვლევებმა აჩვენა, რომ ნერვული ანორექსიის შემთხვევები უფრო ხშირია იმ პირებთან, რომლებსაც მსგავსი დიაგნოზის მქონე პირველი რიგის ნათესავები ჰყავთ. სტატისტიკურად, ამ პირებთან ეს რისკი 4-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საერთო პოპულაციაში. ოჯახური ანამნეზი ანორექსიის განვითარების რისკს 60%-მდე ზრდის, რაც მიუთითებს გენეტიკური მოწყვლადობის მნიშვნელოვან როლზე. თუმცა, ეს განაჩენი არ არის, არსებობს მრავალი გარემო ფაქტორი, რომელიც აფერხებს ამ მდგომარეობის კლინიკურ გამოვლინებას.

ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, რომელიც იწვევს კვებით აშლილობებს, არის ფსიქოლოგიური ტრავმა: ძალადობა, ბულინგი, დაცინვა, მუქარა, სილამაზის სტანდარტები და წონის გარშემო არსებული სტიგმა, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ნეგატიურ გავლენას ახდენს სტრესული ცხოვრებისეული სიტუაციები: ფინანსური პრობლემები, ახლობლის დაკარგვა, საომარი მდგომარეობა და სხვა მოვლენები, რომლებიც გონებრივ და ემოციურ სტრესს იწვევს.

მსგავსი ფსიქოლოგიური ფაქტორები განსაკუთრებით საყურადღებოა გარდატეხის ასაკის კონტინგენტთან. დადასტურებულია, რომ სქესობრივი მომწიფება ხშირად ასოცირდება კვებითი დარღვევების აღმოცენებასთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოზარდს უჭირს ახალ რეალობასთან შეგუება. სწორედ ამ ასაკში პაციენტები, სხეულის ფორმების შეცვლის მიზნით, ხშირად მიმართავენ კვებით შეზღუდვებს, აკრძალვებს, მისდევენ სხვადასხვა პოპულარულ, მაგრამ არაჯანსაღ დიეტებს, იყენებენ არალიცენზირებულ საკვებ დანამატებს, უკონტროლო და ხანგრძლივ დიეტურ შეზღუდვებს, რომელთა მიღმაც ხშირად დგას სხეულის სრული კონტროლის სურვილი. მდგომარეობას სერიოზულად ამძიმებს თანმხლები მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები.

– როგორია თანამედროვე მედიცინის სამეცნიერო მიღწევების როლი კვებითი აშლილობების შესწავლაში?

– ბოლო კვლევებმა მრავალი საინტერესო ფაქტი გამოავლინა კვებითი აშლილობების მქონე პაციენტების თავის ტვინის აქტივობის შესახებ. დადგინდა, რომ ასეთ პიროვნებებს ხშირად აღენიშნებათ სეროტონინის დონის ცვლილებები, რაც გავლენას ახდენს ემოციების კონტროლსა და შიმშილის შეგრძნებაზე. ასევე, ტვინის გარკვეულ უბნებში გამოვლენილი აქტივობის დისბალანსი, შესაძლოა, კვებითი დარღვევების გამომწვევი იყოს.

ნეირომეცნიერები ხშირად მიუთითებენ გარემო ფაქტორების როლზე და აღნიშნავენ, რომ საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმები, „იდეალური“ სხეულის სტანდარტების პროპაგანდა და გაზრდილი ყურადღება გარეგნულ მონაცემებზე, პოტენციურ პაციენტზე ერთგვარ ზეწოლას ახდენს, რაც ფსიქიკურად ლაბილურ პირებთან კვებითი აშლილობის განვითარების საწინდარი ხდება. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში დაწყებული „ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიამ, ბარიატრიული ჩარევებისა და „გასახდომი“ საშუალებების პოპულარიზაციამ შესაძლოა, კვებითი აშლილობის რისკი კიდევ უფრო გაზარდოს.

დადგენილია, რომ ნერვული ანორექსია ხშირად ასოცირდება პერფექციონიზმთან, აკვიატებულ-კომპულსიურ მიდრეკილებებსა და თვითშეფასების დაბალ დონესთან. საკვების შეზღუდვა ასეთი პაციენტებისთვის ცხოვრების კონტროლის მოპოვებისა და რთულ ემოციებთან გამკლავების საშუალებაა.

კვლევები ადასტურებს, რომ სოციალურ მედიაში მოდელების ფოტოების ხშირი ნახვა, განსაკუთრებით მოზარდებს შორის, იწვევს სხეულით უკმაყოფილებას, რაც კვების დარღვევას განაპირობებს.

ადრეულ ასაკში კვების აქტი არა მხოლოდ ფიზიოლოგიური შიმშილის დაკმაყოფილების მოთხოვნილება, არამედ უსაფრთხოების, სიყვარულისა და მზრუნველობის განცდის მიღების გზაც არის. საკვებზე უარის თქმა, კვებითი აშლილობის დროს, ხშირად ამ განცდებთან არის დაკავშირებული და მისი მიზეზები შესაძლოა, ღრმა ბავშვობის მტკივნეულ გამოცდილებებში იმალებოდეს, რომელთა შესახებ ადამიანებს შეგნებულად არც კი ახსოვთ.

მშობელთან განშორება, პიროვნული საზღვრების დარღვევა ან ბავშვის მოთხოვნილებების უგულებელყოფა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსგავსი აშლილობების განვითარებაში.

– კონკრეტულად რომელი კვებითი დარღვევები არსებობს და რა არის მათი სპეციფიკური თავისებურება?

  • – სერიოზული კვებითი დარღვევაა ანორექსია. ის განსაკუთრებით ხშირია ქალებთან და ხშირად ადრეულ ასაკში იწყება. პაციენტი ცდილობს, იწონიდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე მის ასაკსა და სიმაღლეს შეესაბამება. ამისთვის, მას შეუძლია საჭმლის მიღების მკაცრი შეზღუდვა და გადაჭარბებული ვარჯიში. ამ პროცესს თან სდევს ღებინების ხელოვნურად გამოწვევა და კალორიებზე არაჯანსაღი ფიქრი.

პაციენტებს ხშირად აქვთ სხეულის არაადეკვატური აღქმა, რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის სერიოზულ გაუარესებას: მუდმივი სიცივის შეგრძნებას, ენერგიის ნაკლებობას, თმისა და ფრჩხილების მსხვრევას, მენტალურ დარღვევებს, მავნე ჩვევებს. მკურნალობაზე უარის თქმას, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს წონის მომატების შიში, რაც მკურნალობის დაწყებას აფერხებს.

  • წონის მატების თავისებური ფორმაა დიაბულიმია (ED-DMT1) – მდგომარეობა, რომელიც შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ის მქონე ახალგაზრდა ქალებს აღენიშნებათ, რომლებიც წონის მომატების შიშით, გამიზნულად არ იყენებენ ინსულინს.

ბრიტანული მონაცემებით, 2023 წელს, დიაბულიმიით გამოწვეული შემთხვევების გამო, 8 000-ზე მეტი პაციენტი მოხვდა საავადმყოფოში.

  • კვების რეჟიმთან სპეციფიკური დამოკიდებულება ვლინდება ღამის კვების სინდრომის (Night Eating Syndrome) დროს, როდესაც ადამიანები ღამის საათებში აქტიურად იღებენ საკვებს ან ჭამენ დიდი მოცულობის ვახშამს, დღის ნორმალურ რაციონთან შედარებით.
  • ბულიმიაც (Bulimia Nervosa) ხასიათდება უკონტროლო ჭამის ეპიზოდებით, თუმცა, მათ მოსდევთ საკომპენსაციო ქცევები, მაგალითად, ღებინება, შიმშილი, ჭარბი ვარჯიში ან გასახდომი პრეპარატების მიღება.

ბულიმია ხშირად გვხვდება ნორმალური წონის მქონე ადამიანებთან, თუმცა, ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა სხეულის კომპლექციით უკმაყოფილება და წონის მომატების შიში, მაინც იწვევს მათი ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას.

  • უკონტროლო კვების აშლილობის (Binge Eating Disorder; BED) მქონე პაციენტები ვერ აკონტროლებენ საკვების რაოდენობას, რაც იწვევს სიმძიმისა და დანაშაულის განცდას. ეს ხშირად სიმსუქნის ან ჭარბწონიანობის მიზეზი ხდება.

აშშ-ის მონაცემებით, 2022 წელს ქალების 1.6%-ს და მამაკაცთა 0.8%-ს დაუდასტურდა BED-ის დიაგნოზი. შედარებით იშვიათია დრანკორექსია (Drunkorexia), რომელიც მოიცავს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას საკვების შეზღუდვის პარალელურად, რის გამოც ვითარდება კვებითი და ალკოჰოლური აშლილობის ერთობლიობა. ასეთ პაციენტებთან ხშირია ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ ღებინების ხელოვნურად გამოწვევა ან ჭარბი ვარჯიში.

  • ორთორექსია (Orthorexia Nervosa) არ არის ოფიციალური დიაგნოზი DSM-5-ში, თუმცა, ჯანსაღი კვების აკვიატება ხშირად იწვევს სერიოზულ პრობლემებს. პაციენტები ყურადღებას ამახვილებენ არა საკვების რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე, რის შედეგადაც ვითარდება ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემები.

ტერმინი 1996 წელს სტივენ ბრატმანმა შემოიტანა, რათა ყურადღება მიექცია ჯანსაღი კვების ობსესიური აკვიატების პრობლემებზე. დიამეტრალურად საპირისპიროა პიკა (Pica). ეს აშლილობა, გამარტივებულად რომ წარმოვიდგინოთ, არის საკვებად გამოუსადეგარი ნივთიერებების მიღებისადმი მიდრეკილება, რაც მოიცავს თიხის, ქვიშის, ცარცის, ნემსების, ფანქრების ან სხვა უვარგისი საგნების ჭამას. ასეთი ქცევა განსაკუთრებით ხშირია მოზარდებს შორის ან შეიძლება წარმოიშვას კულტურული ფაქტორების გამო.

  • პედიატრიულ კონტინგენტთან პრაქტიკულად არ აღინიშნება კვებითი აშლილობების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, საფაღარათო ან გაფაღარათების აშლილობა (Purging disorder), რომლის დროსაც ინდივიდები განზრახ იყენებენ ღებინებას, საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს, რათა საკვები ძალით გამოდევნონ სხეულიდან.
  • პაციენტებს ხშირად აქვთ ფეთფობია (Fatphobia) – ჭარბი წონის შიში, რაც დასავლური კულტურის დიდ პრობლემადაა ცნობილი. მსგავსი პრობლემა შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივად არადიაგნოსტირებული იყოს, ვინაიდან ხშირად მისი მქონენი მაღალი ინტელექტის ადამიანები არიან, რომლებიც თავიდან კარგად ნიღბავენ პრობლემას.
  • რაც შეეხება გურმანის სინდრომს, ის ძირითად ანამნეზში ორგანულ დაზიანებას მოიცავს და შესაძლოა განვითარდეს მარჯვენა ნახევარსფეროს საფეთქლის წილის ორგანული დაზიანების დროს (ენცეფალიტი, ტრავმა).

ეს სინდრომი ხასიათდება დახვეწილი საკვებისადმი ლტოლვითა და პათოლოგიური მადის შერწყმით. ამ მოვლენის პირველი შემთხვევა აღწერეს რეგარდმა და ლანდისმა, როცა პაციენტის საკვებზე გაზვიადებული ფიქრით, წერითა და საუბრით გამოიხატებოდა.

შერჩევითი კვებითი აშლილობა (ARFID), სხვა სპეციფიკური კვებითი აშლილობა (OSFED) და რუმინაციის დარღვევა კვებითი აშლილობების სამი განსხვავებული ფორმაა, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევა სიმპტომებითა და გავლენით.

  • ARFID ხასიათდება პაციენტის მხრიდან საკვების მკაცრად შერჩევით და განსაზღვრულ დიეტაზე დამოკიდებულებით, თუმცა, აქ არ ვლინდება სხეულის აღქმის დარღვევა, რაც ანორექსიას ახასიათებს.
  • OSFED მოიცავს იმ კვებით აშლილობებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ანორექსიის, ბულიმიის ან უკონტროლო კვებითი აშლილობის კრიტერიუმებს, თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად აზიანებენ პაციენტის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.
  • რუმინაციის დარღვევა კი განსხვავდება სხვა აშლილობებისგან საკვების რეფლექსური რეგურგიტაციის გამო, რომელიც ხშირია ბავშვებსა და კოგნიტური შეზღუდვების მქონე პირებთან, რაც პრობლემას უფრო ფიზიკურ მდგომარეობად აქცევს, ვიდრე მენტალურ აშლილობად.

– როგორ უნდა დავეხმაროთ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს?

– როცა თქვენი ახლობელი კვებით აშლილობას ებრძვის, მოთმინება და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, პირველ რიგში, თქვენს თავზე იზრუნეთ. მოიწესრიგეთ ემოციური მდგომარეობა და გარკვეული საზღვარი გაავლეთ, რადგან შეუძლებელია დახმარება გაუწიოთ სხვას, თუ თავად გადაღლილი და დათრგუნული ხართ.

ეცადეთ, არ დააკნინოთ პრობლემა, არ დაამციროთ პაციენტი! არასწორი ან რადიკალური შეფასებებით ნუ ეცდებით მის ,,გამოფხიზლებას“! გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ახლობელს ისედაც ძალიან უჭირს თავის განსაცდელთან გამკლავება და ნუ დატოვებთ მას ამ უთანასწორო ბრძოლაში მარტო! ნუ აგრძნობინებთ თავის არასრულფასოვნებას! ნუ მოაკლებთ თქვენი თანადგომის იმედს!

თუ თქვენს ახლობელს პროფესიონალთან მიმართვა არ შეუძლია, ეცადეთ თავად მიმართოთ სპეციალისტს. თქვენი ფიზიკური და მენტალური მდგრადობა და სწორი სტრატეგია მნიშვნელოვანია დაავადების დაძლევის პროცესში! როდესაც კვებითი აშლილობის მქონე ადამიანს ესაუბრებით, იყავით მაქსიმალურად დელიკატური.

დიალოგის წარმატებისთვის შეარჩიეთ შესაფერისი დრო და ადგილი. დარწმუნდით, რომ საუბარს არავინ უსმენს და გარემო უსაფრთხოა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხმრავალი ადგილები არ გამოდგება. წინასწარ გაიარეთ რეპეტიცია: მოიფიქრეთ, როგორ აპირებთ საუბარს, რათა არ ჟღერდეს მკაცრად. ესაუბრეთ პირველ პირში: „ვფიქრობ, რომ...“, „შევამჩნიე, რომ...“, ,,ვხედავ, რომ...“. მოერიდეთ ბრალმდებლურ ტონს!

კვებითი აშლილობის პროცესში, აუცილებელია პრობლემის იდენტიფიცირება: მისი დანახვა, აღიარება და მიღება. მაგრამ, თუ სოციუმი უფრო ემპათიური და დახმარებაზე ორიენტირებული იქნება, ნებისმიერი ინდივიდის „არამოდური“ ან ,,არასახარბიელო“ გარეგნობა მხოლოდ ვიზუალური ფაქტი გახდება, ხოლო სტიგმა და ტვირთი, რომლის ზიდვაც მას უწევს, გაქრება ან შემცირდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობის „სამედიცინო განათლება“ მოსალოდნელი საფრთხის დროულად ამოცნობისა და მაპროვოცირებელი ფაქტორების შემცირების მიმართულებით.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ კვებითი აშლილობები გლობალური პრობლემაა, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. მის წარმატებით დასაძლევად აუცილებელია საზოგადოების, პროფესიონალებისა და თვითდახმარების სქემების ერთობლივი მუშაობა. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოავლენს თანადგომისა და დახმარების სურვილს, მით უფრო ადვილი იქნება სირთულეების გადალახვა. აუცილებელია, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ამ თემაზე და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მხოლოდ საზოგადოების საერთო ძალისხმევით შეგვიძლია შევცვალოთ არსებული სტიგმა და ხელი შევუწყოთ კვებითი აშლილობების მქონე ადამიანებს აღიდგინონ ჯანმრთელობა და სულიერი ბალანსი.