დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
რომელი რაციონია ყველაზე მავნე?
მოგწონთ ჩიფსები და გაზიანი სასმელები? კვების ამ ტიპს მეცნიერები „დასავლურ დიეტას“ უწოდებენ და მას ჯანმრთელობის რისკებთან აკავშირებენ. ასეთ რაციონში მცენარეული წარმოშობის უჯრედისი მცირეა – ანუ ცოტაა ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული და პარკოსნები.
ზოგჯერ „დასავლურ დიეტას“ სტანდარტულ ამერიკულ დიეტასაც უწოდებენ.
-
„დასავლური დიეტის“ გავლენა ორგანიზმზე
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ „დასავლური დიეტა“ ზრდის მრავალი არაინფექციური დაავადების რისკს, მათ შორის სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ის, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გულის იშემიური დაავადების რისკს. აღნიშნული დიეტის საშიშროება არა მხოლოდ მავნე საკვების გადაჭარბებული მოხმარებაა, არამედ რაციონში ჯანსაღი საკვები ნივთიერებების (სასარგებლო ნუტრიენტების) ნაკლებობაც.
-
ღრმა გადამუშავების პროდუქტები
ტკბილი არაალკოჰოლური (გაზიანი გამაგრილებელი) სასმელები, ჩიფსები, კანფეტები, მზა კერძები და გადამუშავებული ხორცი მაღალკალორიულია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი საკვების გადაჭარბებული მოხმარება ზრდის ნაწლავის პათოლოგიების, სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და ყველა მიზეზით სიკვდილის რისკს.
მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ღრმა გადამუშავების პროდუქტებს, უფრო ხშირად ეწევიან, ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და ცხოვრების უმოძრაო წესითაც ცხოვრობენ.
-
უჯრედისის ნაკლებობა
უჯრედისით ღარიბი დიეტა ცუდად მოქმედებს ფეკალური მასების რეგულარობაზე.
უჯრედისი არის ნაწლავის ბაქტერიების ძირითადი საკვები წყარო. მცენარეული ბოჭკოების ნაკლებობამ შეიძლება დაარღვიოს ნაწლავის მიკრობიოტის მრავალფეროვნება და ბალანსი.
განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მრავალფეროვანი მიკრობიოტა აქვთ, ვიდრე ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლებს, სადაც „დასავლური დიეტაა“ გავრცელებული.
აღსანიშნავია, რომ ბოჭკოების დაშლისას, ბაქტერიები ათავისუფლებენ (გამოყოფენ) ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, მაგალითად, ბუტირატს, რომელიც კვებავს ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედებს და იცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი.
„დასავლური დიეტა“ ამცირებს სასარგებლო ბაქტერიების რიცხვს, რაც იწვევს ნაწლავის დისბიოზს და ამცირებს მიკრობიოტის ანთების საწინააღმდეგო პოტენციალს.
-
„დასავლური დიეტა“ და ენტეროტიპი „დიდი ქალაქის მკვიდრი“
„დიდი ქალაქის მცხოვრებლების“ მიკრობიოტაში დომინირებს (ჭარბობს) Bacteroides გვარის ბაქტერიები. ეს არის ნაწლავებისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც აუცილებელია მრავალი სახის ბოჭკოს, ასევე შაქრისა და ცილების დაშლისათვის. მაგრამ ამ მიკროორგანიზმების მოთესვა (მომრავლება) მცირე ადგილს უტოვებს სხვა თანამოძმეებს, მათ შორის სასარგებლო ბაქტერიებს Faecalibacterium და Akkermansia, რომლებიც წარმოქმნიან ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს.
ზოგჯერ Bacteroides გვარის ბაქტერიები 80%-ს აღწევს „დიდი ქალაქის მცხოვრებლების“ ნაწლავებში. მათ, ვინც მიჰყვება „დასავლურ დიეტას“, აქვთ მიკრობიოტის დაბალი მრავალფეროვნება ან ნაწლავის დისბიოზი. ეს ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებთან.
სტანდარტული ამერიკული დიეტის პრინციპით კვება ზრდის გარკვეული დაავადებებისა და მდგომარეობების განვითარების რისკს. მათ შორისაა:
- ანთება, ნაწლავის დაავადებები;
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, ინსულინორეზისტენტობა;
- კოლორექტალური კიბო;
- სიმსუქნე;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.
ზოგიერთი კვლევა მიუთითებს იმასაც, რომ ამ ტიპის კვება შეიძლება ასოცირდეს სტრესთან, შფოთვასა და დეპრესიასთან.