გადაძღომა: როგორ დავეხმაროთ თავს ქეიფის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადაძღომა: როგორ დავეხმაროთ თავს ქეიფის შემდეგ

კვება სხვების წამხედურად

თუ ერთად სეირნობისას მეგობარი იყიდის ყავას და ფუნთუშას, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდით ამას. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ჭამის დაწყება კულინარიული პროგრამების ან რესტორნებისა და სადღესასწაულო სუფრების სცენების შემცველი ფილმების ყურებისას და იმ წიგნების კითხვის დროსაც კი, რომლებიც აღწერს, თუ რას ჭამს გმირი.

სადღესასწაულო სუფრაზე სხვების წამხედურად ვჭამთ. როცა ათობით გემრიელი კერძი გვიდევს ცხვირწინ, ძნელია საკუთარ თავს უარი ვუთხრათ რომელიმე ერთის გასინჯვაზეც კი. ის, რომ სუფრაზე, ჩვენ გვერდით, გემრიელად შეექცევა საჭმელს ამდენი ადამიანი, გიბიძგებთ კიდევ და კიდევ გასინჯოთ ესა თუ ის კერძი.

უზომოდ ჭამა ემოციების გამო

ხშირად, როცა პრობლემების გამო ვნერვიულობთ, ვიწყებთ ჭამას. ადამიანს შიგნიდან „ჭამს“ მარტოობა, წყენა, დარდი, შფოთვა, მოწყენილობა, შიში, დანაშაულის გრძნობა და იწყებს ჭამას. ხშირად ამ ჩვევას ბავშვებს უფროსები უნერგავენ, მაგალითად, როცა საკვები ჯილდოდ იქცევა („თუ ჩაიკითხავ წიგნს ბოლომდე, კაფეში წაგიყვან“) ან დანაშაულის გრძნობას თავიდან გვაცილებს ("ბებია ცდილობდა, ამზადებდა ამ კერძს და შენ არ უნდა დააფასო მისი შრომა?“) და ა.შ. ემოციებთან გამკლავების უუნარობა ჭარბი კვების მიზეზი ხდება.

საჭმელი, როგორც ძირითადი საქმიანობის ფონი

მუშაობის დროს, მოგზაურობისას ან კინოში ჭამის შემთხვევაში, ძალიან ძნელია მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი. ტვინი აკონტროლებს ძირითადი მოქმედების შესრულებას (სამუშაოს, თვალიერების, ფილმის ყურების და სხვა), საკვები კი მხოლოდ ფონის როლს ასრულებს.

შიმშილის გახანგრძლივებული შეგრძნება

ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცავთ ყოველდღიურ რეჟიმს და ვაკეთებთ დიდ შესვენებებს კვებებს შორის. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება დაბალკალორიული დიეტის დაცვა და „შიმშილობის“ დღეების კეთება წონაში დაკლების მიზნით. როდესაც ადამიანი შიმშილის გრძნობით იწყებს გემრიელი კერძის ჭამას, ამას აკეთებს ხარბად, ვერ შეიგრძნობს ტვინიდან მომდინარე დანაყრების სიგნალს და ჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბევრი ჭამისგან სუნთქვა უძნელდება.

"სუფთა თეფშის საზოგადოება"

ბევრს გვსმენია დედისგან ან ბებიისგან, რომ თეფშზე გადმოღებული კერძი აუცილებლად ბოლომდე უნდა შევჭამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადაყრა მოგვიწევს და წყალში გადაყრილი იქნება მის ყიდვაზე დახარჯული თანხა, ან თუ კერძს ისე შეჭამთ ბოლომდე, რომ თეფში გაპრიალდეს, მაშინ ლამაზი მეუღლე გვეყოლება. ეს და კიდევ უამრავი სხვა რამ შეიძლება გახდეს თეფშის ბოლომდე მოსუფთავების ჩვევაში გადასვლის მიზეზი, მაშინაც კი, თუ ჭამა აღარ გვინდა და ამას ძალდატანებით ვაკეთებთ.

როგორ არ ვჭამოთ ზედმეტი სადღესასწაულო სუფრაზე

თუ ყოველივე ზემოთქმული არ გეხებათ და მხოლოდ საახალწლო ან სხვა სადღესასწაულო სუფრაზე (ერთჯერადად) მიირთმევთ ბევრს, ნუ დაიტანჯავთ თავს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება დაგემართოს ერთი ჭარბი ჭამისგან, არის სიმძიმის შეგრძნება მუცელში, გულძმარვა და მოთენთილობა.

იმისათვის, რომ ერთჯერად ჭარბ კვებას არ მიეცეს სისტემატიური ხასიათი, შემოგთავაზებთ რამდენიმე ლაიფჰაკს (ყოფითი იდეა), რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გადაძღომა საახალწლო დღესასწაულზეც კი:

1) ნუ იშიმშილებთ მთელი დღე, იმის გამო, რომ შუაღამეს, საახალწლო სუფრაზე მოილხინოთ. სრულფასოვნად ისაუზმეთ და მსუბუქად ისადილეთ. ასეთ შემთხვევაში, ღამე მაინც გექნებათ მადა და თან ჭამის კონტროლსაც შეძლებთ.

2) არ გაივსოთ თეფში ერთი სახის კერძით. თუ 1-2 კოვზ ყველა სახის კერძს გასინჯავთ, თან ისიამოვნებთ და თან ზედმეტსაც არ შეჭამთ.

3) დალიეთ წყალი: მყართან შედარებით თხევადი საკვების გადამუშავებას ნაკლები დრო სჭირდება და კუჭში დიდხანს არ ყოვნდება.

4) მიირთვით ბოსტნეული: ბოსტნეულში არსებული უჯრედისი ასტიმულირებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის გადაადგილებას.

5) ნუ იჯდებით სადღესასწაულო სუფრასთან მთელი ქეიფის განმავლობაში. პერიოდულად ადექით, გაიარ-გამოიარეთ, იცეკვეთ და ა.შ.

6) დანერგეთ ტრადიციად ახალი წლის ღამეს სუფრის შემდეგ სამაგიდო თამაშებით გართობა. ეს მოითხოვს მაგიდიდან კერძების ალაგებას, მაქსიმუმ ხილი შეიძლება დატოვოთ.

7) თუ დიასახლისი დაჟინებით მოითხოვს მისი კიდევ ერთი კულინარიული შედევრის გასინჯვას, მაშინ სთხოვეთ, პატარა კონტეინერით სახლში გაგატანოთ, რადგან ახლა მეტის ჭამა აღარ შეგიძლიათ, ხვალ კი უფრო გემრიელად მიირთმევთ და ისიამოვნებთ ამ კერძით.

ადამიანი სუსტი არსებაა და შეიძლება გაუჭირდეს ჭამის პროცესის გაკონტროლება საახალწლო სუფრაზე, რომელსაც მთელი წელი ელოდება. რა უნდა გააკეთოს, თუ ეს მოხდება?

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს სადღესასწაულო სუფრის შემდეგ

ზრდასრული ადამიანის კუჭი დაახლოებით 1 ლიტრს იტევს. ეს არის საკვების რაოდენობა, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი. თუ მეტს ვჭამთ და ვსვამთ, კუჭი იჭიმება. ამ შემთხვევაში იკარგება ის თავისუფალი მოცულობა, რომელიც კუჭის კედლების შეკუმშვის და საკვების ნაწლავებში გადატანის საშუალებას აძლევს.

თუ ჭარბად მხოლოდ დროდადრო ვიკვებებით, ძირითადად კი საკვების მოცულობა და ხასიათი მეტ-ნაკლებად ერთნაირია, კუჭი გამოიმუშავებს გარკვეული რაოდენობის წვენს ამ საჭმლის მონელებისთვის. ზედმეტი ჭამის შემთხვევაში კუჭის წვენი არ არის საკმარისი. საკვები კუჭში ყოვნდება და დუღილს იწყებს, რაც ვლინდება გულძმარვითა და შებერილობით.

რა შეიძლება გაკეთდეს ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

1) გადაძღომის თანმდევი სიმპტომების გაჩენისთანავე არ წამოწვეთ. მართალია ბევრი ჭამის შემდეგ მოდუნდებით და დაწოლა მოგინდებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში საჭმლის მონელების პროცესი ნელდება. არც ხტუნვაა კარგი კუჭში ჩასული საკვების ნაწლავებში „ჩატენვის“ მცდელობის მიზნით. აირჩიეთ ოქროს შუალედი - მშვიდი გასეირნება. თუ ქეიფი დიდხანს გაგრძელდა, ძალიან კარგი ვარიანტია ცეკვა.

2)მდუღარე წყალი ლიმონით ან თბილი ჩაი ჯანჯაფილით ააქტიურებს საჭმლის მონელებას. გახსოვდეთ, რომ კუჭი გადავსებული გაქვთ, ამიტომ დაისხით პატარა ჭიქაში და დალიეთ მცირე ყლუპებით.

3) ქეიფის მეორე დღეს უმჯობესია დაასვენოთ კუჭი. მსუბუქი, უცხიმო საკვები მცირე ულუფებით დაეხმარება გადაღლილ კუჭს ძალების აღდგენაში.

წამლები

მოახლოვებული დღესასწაულების წინ იწყება გადაძღომის საწინააღმდეგო წამლების რეკლამების შემოტევა. საკითხავია, რეალურად თუ მუშაობენ ეს წამლები.

მუშაობენ, მაგრამ სხვადასხვაგვარი მოქმედება აქვთ. მოდით გავერკვიოთ, კონკრეტულად რა დაგვეხმარება ჭარბი ჭამის შედეგ.

ჭარბი ჭამის შედეგ კუჭის გადავსების გამო შეიძლება გაჩნდეს შემდეგი სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება მუცელში, სუნთქვის გაძნელება, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება და ღებინებაც კი. როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ბევრი საკვებით სავსე კუჭში თავისუფალი სივრცის არარსებობის გამო, მისი კედლები ვერ იკუმშება და კუჭიდან საკვები ვეღარ გადაადგილდება ნაწლავებში. პროკინეტიკები (მაგალითად, Motilium, Doprokin, Domperidone, Cerucal, Ganaton) აღადგენენ გადავსებული კუჭის ტონუსს, საკვები გადავა ნაწლავებში და ვიგრძნობთ შვებას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროკინეტიკები უნდა მივიღოთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ამიტომ, თუ უკვე ჭარბად მიირთვით, წამლის მიღებას აზრი არ აქვს.

თუ ახალი წლის აღნიშვნას მდიდრულ სუფრაზე გეგმავთ, ჯობია თავი დაიზღვიოთ, წინასწარ დალიოთ პროკინეტიკები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკუჩვენება არ გაქვთ) და წვეულებისთვის მოამზადეთ მუცელი.

იმისთვის, რომ ამ მედიკამენტებმა ზიანი არ მოგაყენოთ, მათ მიღებამდე, კონსულტაციის მიზნით აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

ფერმენტები (მეზიმი, ფესტალი, კრეონი და სხვები), რომლებსაც რეკლამებში წარმოაჩენენ, როგორც გადაძღომის შემდეგ მუცელში გაჩენილი დისკომფორტის საწინააღმდეგო საშუალებას, სინამდვილეში სხვაგვარად მუშაობენ. ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა, რომლებსაც ეს პრეპარატები შეიცავენ, რეალურად ხელს უწყობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების დაშლას, მაგრამ ისინი იწყებენ მუშაობას მხოლოდ ნაწლავებში. ფერმენტები მოთავსებულია სპეციალურ გარსში, რომელიც იცავს მათ კუჭის წვენის აგრესიული მოქმედებისგან და იხსნება მხოლოდ თორმეტგოჯა ნაწლავში. გარდა ამისა, საეჭვოა, რომ ამ ფერმენტებმა ჭარბად მიღებული საკვების დაშლაზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინონ. თუ ჭარბად იკვებებით და კუჭში სიმძიმეს გრძნობთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პანკრეასი არ აწარმოებს საკმარის ფერმენტებს და თქვენ უნდა დაეხმაროთ მას. ამ შემთხვევაში აუცილებელია კუჭს დაეხმაროთ საკვების ნაწლავებში გადატანაში და ამას პროკინეტიკები გაუმკლავდებიან და არა ფერმენტები.

დასკვნა

კვების ჩვევების შეცვლას დრო სჭირდება. ამიტომ, თუ დედა და ბებია გააწყობენ სუფრას მაიონეზის სალათებით, ცხელი, მსუყე კერძებით, ნამცხვრითა და ხაჭაპურებით, გაგებით მოეპყარით ამას: სადღესასწაულო სუფრების დახმარებით სიყვარულის გამოხატვა ჩვენს კულტურულ კოდშია ჩადებული. ერთჯერადი ჭარბი ჭამისგან დიდი ზიანი არ მოგადგებათ, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატიური ხასიათი. თუ შეამჩნევთ, რომ ჭარბი კვება ჩვევაში გადაგდით და ამას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. დიეტოლოგი ან გასტროენტეროლოგი დაგეხმარებათ დიეტის შერჩევაში და კვების სწორი სისტემის შექმნაში. ფსიქოლოგი კი დაგეხმარებით გაუმკლავდეთ ემოციების ნიადაგზე უზომო და უაზრო ჭამის ჩვევას.

ჭარბი ჭამისადმი მიდრეკილების გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, არ მოგერიდოთ სპეციალისტთან მისვლა და დახმარების თხოვნა.