კვება და ფსორიაზი
კვების შეზღუდვა ფსორიაზის დროს
მკაცრი და კონკრეტული დიეტა ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული მანამდე, ვიდრე არ გამოვლინდება მისი სხვადასხვა ფორმა.
ამისგან განსხვავებით არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს დაავადებაზე. რადგან ფსორიაზი არის ანთებითი დაავადება – დიეტაც უნდა იყოს ანთების საწინააღმდეგოდ მიმართული, რადგან არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც ახდენს ანთების პროვოცირებას.
ფსორიაზიან პაციენტებს ურჩევენ ისეთ დიეტას, რომელიც არ შეიცავს კარტოფილს, პამიდორს, წიწაკას. ეს იმიტომ, რომ ფიქრობენ ასეთი ტიპის საკვები შეიცავს ალკალოიდებს, რომლებიც ანთების მედიატორებია.
გარდა ამისა, ანთების პროვოცირებას ახდენს ცხიმიანი ხორცი. ამერიკის დერმატოლოგიის ასოციაციის წევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კანის დაავადებები, არ უნდა მიიღონ ცხიმიანი საკვები.
ჩვენი ცხიმის უჯრედები აწარმოებენ დიდი რაოდენობით პროტეინ TNF– alpa-ს, რომელიც არის „მამოძრავებელი ძალა“ ფსორიაზისთვის. როგორც კი მცირდება ადამიანის წონა, მცირდება ამ პროტეინების გამომუშავებაც, ამიტომ დიეტა უნდა იყოს ისე მიმართული, რომ მოხდეს წონის კლება.
ფსორიაზით დაავადებულებს ხშირად მდგომარეობა უმძიმდებათ ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ალკოჰოლი ხელს უწყობს ანთების ადვილად შეღწევას კანში და აძლიერებს დაავადებას. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღება ხელს უწყობს დეჰიდრატაციას, აშრობს კანს და ამით ართულებს ფსორიაზის მიმდინარეობას. ასე რომ, დაავადების დროს აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი.
რა უნდა ჭამოთ ფსორიაზის დროს
როგორ უნდა შეადგინოთ საკვები რაციონი, რა ამოიღოთ ან დაამატოთ თქვენს კვების რეჟიმს?
ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაავადებულ ადამიანებს შორის D ვიტამინის დაბალი დონე. ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება იმუნური სისტემის აქტივობაში. ამდენად, თქვენს საკვებ რაციონში უნდა დაამატოთ D ვიტამინი და გაიძლიეროთ იმუნიტეტი.
პაციენტები იღებენ თევზის ქონსაც და აღნიშნავენ ქავილის შეგრძნების შემცირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ დიეტა არის დაბალანსებული და შეგვიძლია ხანგრძლივად გამოვიყენოთ – არ უნდა დავანებოთ თავი.
ფსორიაზის მკურნალობის სადღეისოდ არსებული ყველა მეთოდი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, მაგრამ ვერ კურნავს. არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს და გააქროს კიდეც დაავადების ნიშნები. ეს გახლავთ ცხოვრების ჯანსაღი წესი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას. ფსორიაზის დროს დიეტის მთავარი მიზანი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაა. დიეტა ინიშნება მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად.
გამწვავების სტადიაში (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) დიეტა 2-3 კვირას გრძელდება. რაციონი უნდა შეიცავდეს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს, ცხიმების წილი კი უნდა შემცირდეს. სრულფასოვანი ცილებით მდიდარია რძის ნაწარმი (ყველაზე მეტად – ხაჭო), ვიტამინებით – ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მათი წვენები. რაც შეეხება ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (შაქარს, თაფლს, მურაბას), მათი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიოლოგიური ნორმის ზედა ზღვარს. სასურველია, რაციონში ჩავრთოთ ზღვის პროდუქტები (ზღვის კომბოსტო, კალმახი).
ხილ-ბოსტნეულის დიეტა ფსორიაზიანი ავადმყოფისთვის
პირველი საუზმე: 200გ ასკილის ცხელი ნახარში, უმი კომბოსტოს, სტაფილოსა და ვაშლის სალათა, შეზავებული 10 გ მცენარეული ზეთით.
მეორე საუზმე: ბოსტნეულის პიურე, 100 მლ ხილის წვენი.
სადილი: 250 გ ბოსტნეულის სუპი, ბოსტნეულის სალათა, შეზავებული 10 გ არაჟნით ან მცენარეული ზეთით, 100 გ ნიგოზი.
სამხარი: გახეხილი სტაფილო ან ჭარხალი, ასკილის ნახარში.
ვახშამი: ვინეგრეტი, შეზავებული 10გ ზეთით, 200 მლ ჩირის კომპოტი ან ხილის წვენი, 100 გ დაღერღილი მარცვლეულის უმარილო პური, შაქარი ან ქსილიტი – დღეში 30 გ.
ხორცი და თევზი სასურველია მოხარშული ჭამოთ, მაგრამ ერიდეთ ხორცისა და თევზის ნახარშს. კარგი იქნება, თუ რაციონში უხვად ჩართავთ ჩ და P ვიტამინების შემცველ საკვებსა და სასმელს (მაგალითად, ასკილის, ქაცვის, ასფურცელას ნახარშს). უნდა გაიზარდოს კალიუმის ოდენობაც. კალციუმის ოდენობა იზრდება რძის ნაწარმის ხარჯზე. აკრძალულია ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი (ლუდი, ღვინო, არაყი). გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს, რომლებიც ფსორიაზიანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:
სტაფილოს სალათა
საჭიროა: 80 გ სტაფილო, 3 გ ნიორი, 10 გ მაიონეზი.
ქორფა სტაფილო წვრილად გახეხეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მაიონეზი და კარგად აურიეთ.
ვაშლის სალათა
საჭიროა: 2 ცალი ვაშლი, 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ დაკეპილი კამა, 4 ს/კ თხელი საწებელი, მარილი – გემოვნებით.
ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი, შეაზავეთ პირშუშხათი და მარილით, მოასხით საწებელი და მოაყარეთ კამა.
ნაღების კარაქი ჭინჭრით
საჭიროა: 500 გ ნაღების კარაქი, 65 გ ხორცსაკეპში გატარებული ჭინჭრისა და სამყურას ფოთოლი, 35 გ გახეხილი პირშუშხა.
აურიეთ ერთმანეთში ჭინჭარი, სამყურა და პირშუშხა, დაამატეთ კარაქი. ეს ნარევი წაისვით პურზე ან მოასხით ბურღულის ფაფას.
ჭარხალი პირშუშხათი
მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, შეაზავეთ პირშუშხათი და მოასხით არაჟანი. გემოვნებისამებრ შეკაზმეთ მარილითა და შაქრით.
შვრიის წვნიანი
საჭიროა: 30 გ შვრია, 350 მლ წყალი, 10 გ ნაღების კარაქი, 150 მლ რძე, 2 გ შაქარი, 1/4 კვერცხი.
გარეცხეთ შვრია, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშვამდე ადუღეთ. გადაწურეთ, მარცვალი გასრისეთ საწურზე და თავისსავე ნახარშში ჩააბრუნეთ. დაამატეთ ცხელი რძე. წამოადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. კვერცხი ათქვიფეთ და ჩაასხით ცხელ სუპში. შეაზავეთ მარილით, შაქრითა და კარაქით.