წონა და ფიზიკური აქტიურობა

ფიზიკური აქტიურობის საშუალებით რომ ჭარბი კილოგრამების დაკლებაა შესაძლებელი, ესეც ყველამ იცის. სხვა საქმეა, რომ ბევრს ნებისყოფა ღალატობს და რეგულარულად არ ვარჯიშობს. ასეთ ადამიანებს შევახსენებთ, რომ ფიზიკური აქტიურობის წყალობით ორგანიზმში ძლიერდება ჟანგვითი პროცესები, რაც ქსოვილებში ცხიმის ჩალაგებას აფერხებს. სპეციალურად შერჩეული ვარჯიშების მეშვეობით, გარდა იმისა, რომ ჭარბ წონას ვიკლებთ, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციობაც უმჯობესდება, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, იწრთობა და ძლიერდება კუნთები, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა შინაგან ორგანოებში, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას.
სწორედ ფიზიკური აქტიურობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი პავლე კასრაძე:
- რა მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტიურობას სიმსუქნესთან და, საზოგადოდ, ჭარბ წონასთან ბრძოლისას?
- ვიდრე ფიზიკური აქტიურობის როლს შევეხებოდეთ, უნდა განვმარტოთ, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა სრულიად განსხვავებული პროცესების ამსახველი ცნებებია. სიმსუქნე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ენდოკრინული სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიის შედეგი გახლავთ. რაც შეეხება ჭარბ წონას, ის უმთავრესად მაშინ გროვდება, როდესაც ადამიანი საკვების საშუალებით მიღებულზე გაცილებით ნაკლებ კალორიას ხარჯავს (მკითხველს ნუ ეგონება, რომ კალორიების დასაწვავად მაინცდამაინც სირბილი ან მძიმე ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. კალორიები არა მხოლოდ ფიზიკური აქტიურობის, არამედ გონებრივი მუშაობისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, დასვენების დროსაც კი იწვება). ამრიგად, მიღებასა და ხარჯვას შორის ბალანსის დარღვევისას ყოველთვის იჩენს თავს ჭარბი წონის პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჭარბ წონასთან ბრძოლის დროს დიეტოლოგის მიერ ჩამოყალიბებული სქემის დაცვასა თუ ფსიქოლოგის მიერ მოწოდებულ სეანსებთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტიურობაც. სხვა საქმეა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ამ აქტიურობის სათანადოდ დოზირება და სწორად მართვა. არადოზირებული და არარაციონალური ფიზიკური აქტიურობა ადამიანისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს.
- თქვენ, სპორტული მედიცინის წარმომადგენელს, არაერთი ტრავმირებული სპორტსმენი გადაგირჩენიათ. დაზარალებულ სპორტსმენთა რეაბილიტაცია, მათი მკურნალობა და აქტიურ სპორტში დაბრუნება დღესაც თქვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ ჭარბი წონის მქონე პაციენტები თუ გაკითხავენ? თუ კი, როგორ მკურნალობთ მათ, როგორ ახდენთ მათთვის ფიზიკური აქტიურობის დოზირებას?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რა თქმა უნდა, ტრავმირებულ, დაშავებულ სპორტსმენებთან ერთად სხვა კატეგორიის პაციენტებიც მოგვმართავენ. მათი ამა თუ იმ ჩივილის მიზეზი ხშირად სწორედ ჭარბი წონაა. არც არის გასაკვირი - ჭარბი წონა ხომ გულსა და სისხლძარღვებთან ერთად ძვალსახსროვან სისტემასაც უამრავ პრობლემას უქმნის. ამ პრობლემათაგანია მუხლის, კოჭ-წვივის სახსრის, ტერფის პათოლოგიები, ქვედა კიდურების ტკივილი და სისუსტე. ამ და სხვა ჩივილების აღმოსაფხვრელად წონის დაკლება ხშირად უმთავრესი პირობაა. შესაბამისად, მკურნალობისას ვარჯიშს, ფიზიკურ აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც მთავარია, საჭიროა ფიზიკური დატვირთვის დოზირება, მისი შერჩევა ინდივიდუალურად - ასაკის, სქესის, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის, ფიზიოლოგიური და ფუნქციური მაჩვენებლების შესაბამისად.
ადამიანისთვის სამკურნალო თუ პროფილაქტიკური ვარჯიშის შერჩევისას, მისთვის ფიზიკური დატვირთვისა თუ სპორტული რეჟიმის განსაზღვრისას მთელი ეს კონცეფცია ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ პაციენტი მას აუცილებლად მიჰყვეს, არ მობეზრდეს, ძნელად შესასრულებელი არ აღმოჩნდეს და, შესაბამისად, მალევე არ მიატოვოს.
მოგეხსენებათ, ქართველ კაცს ვარჯიშსა და მოძრაობაზე მეტად გემრიელი სმა-ჭამა, მხარ-თეძოზე წამოწოლა და კოტრიალი ურჩევნია. აქედან გამომდინარე, თუ ფიზიკური დატვირთვა მეტისმეტად დიდი დოზით და ერთბაშად განხორციელდა, ორგანიზმი თავისი ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობით ამაში სათანადოდ ჩართვას ვერ მოახერხებს და შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს. ვარჯიში ტანჯვად იქცევა და ადამიანი მას მალევე მიატოვებს. სამაგიეროდ, თუ თითოეული ინდივიდისთვის, მისი ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაციონალურად ჩამოყალიბდება აქტიურობის რეჟიმი და შემუშავდება დატვირთვის ერთგვარი კონცეფცია, ადამიანი ნაკლებად დაიღლება, თავს უკეთ იგრძნობს, დარწმუნდება, რომ ვარჯიში მისთვის სასარგებლოა და კიდევ უფრო წაადგება მომავალში, ამის კვალობაზე, მეტი სტიმულიც მიეცემა.
ვარჯიშის დროს ხომ ფსიქოემოციური განტვირთვაც ხდება, ამდენად, ის ამ კუთხითაც სასარგებლოა. როდესაც ყოველივე ამას გააცნობიერებს, პაციენტს აღარ გაუჩნდება ვარჯიშის მიტოვების სურვილი. მთავარია, ფიზიკური აქტიურობა ადამიანის ცხოვრებისეული რეჟიმის ნაწილი გახდეს და რეგულარული ხასიათი მიიღოს (თუნდაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გამოინახოს ამისთვის დრო). ისიც უნდა ითქვას, რომ ფიზიკური აქტიურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურას, საზოგადოდ, გარემოს.