ცხიმები და ორგანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმები და ორგანიზმი

ცხიმებს ორგანიზმი საკვებთან ერთად იღებს, გარდაქმნის და საჭირო დროს დანიშნულებისამებრ იყენებს. ცხიმები ორგანიზმში ცხიმოვან უჯრედებში გროვდება, რაც ნივთიერებათა ცვლაში, კერძოდ, მის ცხიმოვან რგოლში მიმდინარე რთულ და მრავალრიცხოვან ქიმიურ გარდაქმნებს უკავშირდება.

ცხიმის წარმოქმნის მექანიზმი

ცხიმი ორგანიზმში გამომუშავდება ყოველი ჭამის შემდეგ, მიღებული ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან. პროდუქტებიდან მიღებული ნახშირწყლების 70% სისხლში გადადის და მომდევნო 6 საათის განმავლობაში ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, დანარჩენი 30% კი გეზს ცხიმოვანი უჯრედებისკენ იღებს, სადაც ცხიმებად გარდაიქმნება და მარაგად ინახება.

ცხიმოვანი ქსოვილი აგებულებით ფიჭას წააგავს, რომლის უჯრედებიც თხევადი ცხიმით - ტრიგლიცერიდებით არის ამოვსებული. ორგანიზმში მოხვედრილი საკვები გლუკოზამდე იშლება. როდესაც საკვებს ჭარბად ვიღებთ და ორგანიზმი ვერ ასწრებს მის გამოყენებას, ცხიმებისგან გლიცეროლფოსფატები წარმოიქმნება. სწორედ ამ გლიცეროლფოსფატებზე ფიქსირდება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და ქმნის ტრიგლიცერიდებს ანუ ცხიმს. ცხიმოვანი ქსოვილის ტრიგლიცერიდები ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს. საშუალო აღნაგობის ადამიანს დაახლოებით 35 მილიარდი ადიპოციტი - ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედი - აქვს. თითოეული მათგანი ამოვსებულია 0,4-0,6 მგ ტრიგლიცერიდით. გაცხიმოვნებულ ადამიანებს კი ადიპოციტი 4-ჯერ მეტი აქვთ, თანაც თითოეული ორჯერ მეტ - 0,8-1,2 მგ ტრიგლიცერიდს შეიცავს. მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივე და ჰიდროფობიური თვისებები ტრიგლიცერიდებს 5-ჯერ ეფექტიან საწვავად აქცევს, ვიდრე გლიკოგენია. ტრიგლიცერიდები დაჟანგვისას გამოყოფენ 9,3 კკალ ენერგიას და ცხიმოვან უჯრედებში ზეთოვანი წვეთების სახით არიან მოთავსებულნი, ადიპოციტების 85%-ს შეადგენენ, გლიკოგენი (ცხოველური სახამებელი) კი დაშლისას გამოყოფს 4,1 კკალ ენერგიას, იგი ერთგვარი გელის სახითაა ჩალაგებული უჯრედშორის არეებში და მის ყოველ გრამზე 2 გ წყალი მოდის.

ალფა და ბეტა რეცეპტორები

ცხიმოვანი უჯრედების მემბრანები ალფა და ბეტა რეცეპტორებით არიან აღჭურვილნი. ალფა რეცეპტორები ხელს უწყობენ ცხიმოვანი მარაგის წარმოქმნას, ბეტა რეცეპტორები კი ასტიმულებენ მის დაშლას. ნორმაში ადამიანთა უმრავლესობას ალფა და ბეტა რეცეპტორების თანაბარი რაოდენობა აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც დაბადებიდანვე აღენიშნებათ ალფა ან ბეტა რეცეპტორების სიჭარბე. ხდება ისეც, რომ თანაფარდობა ცხოვრების მანძილზე იცვლება - იქმნება რომელიმეს დეფიციტი და ირღვევა წონასწორობა.

ალფა რეცეპტორების დეფიციტის დროს ორგანიზმი ცხიმების ჭარბად წვას იწყებს, ბეტა რეცეპტორების დეფიციტის შემთხვევაში კი პირიქით, ჭარბი სამარაგო ცხიმი უგროვდება. მაგალითად, სტრესის დროს ორგანიზმში მუცლის წინა ნაწილზე ხშირად ზიანდება ბეტა რეცეპტორები და კანსა და კუნთებს შორის ზედაპირული ცხიმოვანი ქსოვილი იმატებს.

ქალებში კაპილარული და ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა იწვევს ცხიმების დამშლელი ბეტა რეცეპტორების განადგურებას თეძოებსა და ხელების უკანა ნაწილზე და კანქვეშა ცხიმოვანი ფენის ზრდას.

ცხიმის განლაგება

ცხიმი კანქვეშ და მუცლის არეში ლაგდება. ცხიმოვანი შრის სისქე ჭარბი წონის ადამიანებში ზოგჯერ 15-20 სმ-საც აღემატება. ცხიმოვანი შრე არ არის სქელი ერთგვაროვანი მასა, იგი ცხიმოვან უჯრედებში 5-10 მმ-იანი ერთგვარი მარცვლების სახითაა ჩალაგებული. ყველაზე კარგად ცხიმოვანი შრე გამოხატულია მუცლის არეში და იქ, სადაც მოთავსებულია თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და აორტა.

ცნობილია ცხიმის ჩალაგების ორი ტიპი - ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური ტიპის დროს ცხიმოვანი ქსოვილი მუცლის ღრუშია ფორმირებული (ამის გამო ამ ფორმას ზოგჯერ აბდომინურსაც უწოდებენ), პერიფერიულის დროს კი უპირატესად კანქვეშ. ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნების დროს შინაგანი ორგანოები გაცხიმოვნებულია მუქი ფერის, მეტაბოლურად აქტიური ცხიმით, ანუ აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, პერიფერიული ტიპის დროს კი კანქვეშ მეტაბოლურად არააქტიური თეთრი ცხიმია ჩალაგებული.

ერთმანეთისგან განსხვავებულია ამ ორი ტიპის გაცხიმოვნების შედეგებიც: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება ცენტრალურ გაცხიმოვნებას უკავშირდება. დიაბეტი, ჰიპერტონია, არტერიოსკლეროზი სწორედ ცენტრალური ტიპით არის განპირობებული.


ცხიმოვანი ცვლის განმსაზღვრელი ფაქტორები

ცხიმოვანი ცვლის განმსაზღვრელი ფაქტორებია:

  • ენერგიის მოხმარება - მოხმარებული ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებსა და ნაწლავების მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვის ხარისხზე.
  • ენერგიის მომარაგება - მარაგის სახის ენერგიის შენახვა დამოკიდებულია ცხიმების ღვიძლში დაჟანგვაზე და ლიპიდების ცხიმოვან ქსოვილში დაგროვებაზე.
  • ენერგიის ხარჯვა - ეს კუნთებისა და სხვა ქსოვილების მიერ ენერგიის მოხმარებაა, რომელიც ცხიმოვან ქსოვილში მიმდინარე თერმოგენეზზეა დამოკიდებული.

ნორმაში ორგანიზმმა საკვების მეშვეობით იმდენი ენერგია უნდა მიიღოს, რამდენსაც ხარჯავს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ნორმალურ წონას, არც ჭარბი წონა დაემუქრება და არც წონის დეფიციტი.

შიმშილი და ნაყროვანება

შიმშილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც სისხლში საკვები ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებით არის განპირობებული და სისხლში მათი ნორმალური ბალანსის აღდგენას ისახავს მიზნად. ნაყროვანება პროცესთა ჯამია, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, უარი თქვას საკვებზე, რადგან სისხლში საკვები ნივთიერებების დონემ უკვე მიაღწია საჭირო მაჩვენებელს.

შიმშილსა და ნაყროვანებას ადამიანის ორგანიზმში კვების ცენტრი განაგებს, რომელიც ორი: შიმშილისა და ნაყროვანების - "დეპარტამენტისგან" შედგება. მათთან ინფორმაცია ორი გზით მიდის: I - კუჭიდან და ნაწლავებიდან გამოსული ნერვებით და II - ნივთიერებებით, რომელთაც სისხლი შეიცავს. ეს იმიტომ, რომ ყოველგვარი შეცდომა გამოირიცხოს.

კუჭ-ნაწლავიდან კვების ცენტრში მიდის ინფორმაცია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საკვებით ავსების შესახებ, სისხლიდან კი ინფორმაცია სისხლის საჭირო საკვები ნივთიერებებით: ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით - შევსების შესახებ. სწორედ ამიტომ არის, რომ სრული დანაყრების შეგრძნება ადამიანს საკვების მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ეუფლება და არა ჭამის დაწყებისთანავე, - მაშინ, როცა კვების ცენტრი ორივე უწყებიდან მიიღებს ინფორმაციას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზში მოთავსებული ცენტრებისთვის საკვანძო ნივთიერებებია გლუკოზა, ინსულინი (ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისებაზე) და ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ტვინს სიგნალებს უგზავნის იმის შესახებ, რომ ცხიმის მარაგი საკმაოდ დიდია). ლეპტინი მრავალ ფუნქციას ასრულებს. იგი ცხიმოვანი უჯრედებიდან მაშინ გამოთავისუფლდება, როცა ცხიმის კონცენტრაცია იზრდება და სისხლის მეშვეობით ჰიპოთალამუსს სიგნალს აძლევს, რომ მადა შეასუსტოს, სისხლში მისი კონცენტრაციის შემცირებას კი ჰიპოთალამუსი მადის გაძლიერების სიგნალად აღიქვამს.

გარდა ლეპტინისა, ამ პროცესებში მონაწილეობს წვრილი ნაწლავების მიერ გამოყოფილი ჰორმონი ქოლეცისტოკინინი, რომელიც აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ლეპტინთან ერთად აძლიერებს ან აქვეითებს მადას. ხანგრძლივი შიმშილისას, ასევე მაშინ, როდესაც სხეულიდან ერთბაშად იხარჯება დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მარაგი, მოქმედებას იწყებს პარადოქსული მექანიზმი - ორგანიზმში შესული ნივთიერებები პირდაპირ სამარაგო ნივთიერებების სახით ინახება და პრაქტიკულად აღარ ხდება მათი ენერგეტიკული ხარჯვა. ასე ჩვენი სხეული შიმშილობისგან თავის დაცვას ცდილობს.

რა არის BMI

BMI (body mass index) სხეულის მასის ნორმულობის მაჩვენებელია. ინდექსის გამოსათვლელად კილოგრამებში გამოსახული მასა სიმაღლის მეტრებში გამოსახული მაჩვენებლის კვადრატზე უნდა გავყოთ. სწორედ ამ ინდექსით განისაზღვრება დღეს მთელ მსოფლიოში ჭარბი წონა თუ წონის უკმარისობა. BMI-ს ნორმულ მაჩვენებლად უმეტესად მიჩნეულია 24,9. ცნობილი დიეტოლოგი მიშელ მონტინიაკი შედარებით მკაცრია. მისი აზრით, ფიგურა ნორმაშია, როდესაც BMI 20-დან 23-მდეა, ჭარბია წონა 24-დან 29-მდე, 30-ზე მეტი კი გაცხიმოვნების მაუწყებელია. შედარებით დემოკრატიულია ამერიკელ დიეტოლოგთა სტანდარტები. მათი აზრით, 30-ზე ქვემოთ შეგიძლიათ თავი ანებოთ დიეტაზე ფიქრს, 30-ის დროს საჭიროა მეტი მოძრაობა, 30-დან 40-მდე კი დიეტაზე უნდა იფიქროთ. ისინი გვირჩევენ, ენდოკრინოლოგს მაშინ მივმართოთ, როდესაც ინდექსი 40 ან უფრო მაღალია.

ცხიმი ორგანიზმში

ქალის სხეულში ცხიმის შემცველობა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს საერთო მასის 18%-ს და არ უნდა აღემატებოდეს 25-ს. მამაკაცებისთვის 12-დან 18%-მდეა დასაშვები. სპეციალისტთა აზრით, ადამიანს ცხიმის 22%-ის შემცველობისას აქვს ჯანმრთელობისთვის ყველაზე ოპტიმალური წონა.

ჭარბი წონის მიზეზები

ჭარბი წონის მიზეზებია: მემკვიდრეობა, სტრესი, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი, ჰორმონული ცვლილებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს. იცენკო-კუშინგის დაავადება საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც სისხლში სტეროიდული ჰორმონების მაღალ კონცენტრაციას და გაცხიმოვნებას იწვევს.

უკანასკნელ ხანს ადამიანებში ჭარბი წონის უმთავრეს მიზეზად ცხოვრების დონის ამაღლება იქცა, რამაც საკვებ რაციონში ნახშირწყლების შემცველობის ზრდა გამოიწვია. ასეთი აღმოჩნდა სწრაფი კვების პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეულის, შოკოლადის, ტკბილი წვენების, გაზიანი სასმელებისა და ნაყინის ფართო ასორტიმენტი. მოხდა ისე, რომ ეს საკვები პროდუქტები აღარ გამოიყენება როგორც მხოლოდ დესერტი, არამედ ზოგისთვის ძირითად საკვებად იქცა.

მეორე უმთავრესი მიზეზი ჰიპოდინამიაა - ფიზიკური აქტიურობის დაქვეითება, ავტომობილებით გადაადგილება. ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები ადამიანის ფიზიკურ აქტიურობას ასევე ზღუდავს.

გენეტიკური ფაქტორები

არანაკლებ მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორების როლიც, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ცხიმოვან ცვლაზე, სისხლში ჰორმონების შემცველობაზე, განსაზღვრავენ მადას და ათიდან 7 შემთხვევაში იწვევენ გაცხიმოვნებას, აგრეთვე - სიგამხდრისა და წონის დეფიციტისკენ მიდრეკილებას.