კორონაროგრაფია და ანგიოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონაროგრაფია და ანგიოგრაფია

კორონაროგრაფია

გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდად კორონაროგრაფია ითვლება. ამ დროს რენტგენის სხივების დახმარებით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი. კორონაროგრაფია განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა ადამიანს დასმული აქვს გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი, გადატანილი აქვს ინფარქტი ან აქვს სტენოკარდია - ინფარქტის შემდგომი, გართულებული ან იმ ტიპისა, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, ასევე - თუ ადამიანი, რომელიც 35 წელს არის გადაცილებული, ღია გულზე იკეთებს ოპერაციას (მაგალითად, სარქვლების პროთეზირებას, გულის თანდაყოლილი მანკების კორექციას და სხვა). მოკლედ, თუ მკურნალი ექიმი დარწმუნებულია კორონაროგრაფიის აუცილებლობაში, პაციენტმა ჯერ უნდა გაიაროს ზოგიერთი გამოკვლევა. მაგალითად, საჭიროა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, განისაზღვროს სისხლის ჯგუფი, ღჰ-ფაქტორი, გაკეთდეს სინჯები ბ და ც ჰეპატიტებზე, შიდსზე, აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია და სხვა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს დამატებითი ანალიზები. დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პაციენტი ხვდება რენტგენოენდოვასკულარული ქირურგიის სპეციალიზებულ განყოფილებაში. კორონაროგრაფია ტარდება როგორც გეგმურად, ასევე გადაუდებელ შემთხვევებშიც. პროცედურა მცირედ ტრავმულია და ამ მანიპულაციის დროს მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია კეთდება, ამიტომ ადამიანს შეუძლია თვალი ადევნოს, როგორ შეჰყავთ სპეციალური კათეტერი ფეხში ბარძაყის (ზოგ შემთხვევაში - წინამხრის) არტერიიდან და თანდათან ანაცვლებენ აორტის ზედა ნაწილისკენ, კორონარული არტერიების სიღრმეში. შემდეგ კათეტერის საშუალებით შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც სისხლის ნაკადს კორონარულ სისხლძარღვებში მიაქვს და მათი ვიზუალიზაცია სპეციალური დანადგარის - ანგიოგრაფის საშუალებით ხდება, რომელსაც ჩატარებული გამოკვლევის შედეგი მონიტორის ეკრანზე გამოაქვს, ამიტომ კარგად ჩანს, როგორ, სად და რამდენად არის დაზიანებული გულის მკვებავი სისხლძარღვები. ამას კი შემდგომი მკურნალობის - ბალონური ანგიოპლასტიკის ან კორონარული შუნტირების - სწორი ტაქტიკის ასარჩევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში კი პაციენტის თანხმობის მიღების შემდეგ შეიძლება იქვე ჩატარდეს მკურნალობა რომელიმე ზემოხსენებული მეთოდით. თუ პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს, ნერვიულობა კორონაროგრაფიის გამო არ ღირს. რა თქმა უნდა, გარკვეული გართულებები მას შეიძლება მოჰყვეს, - მაგალითად, სისხლდენა ჩხვლეტის ადგილიდან, გულის რიტმის დარღვევა, საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგია, არტერიის თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება, - მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება და სასწრაფო დახმარებას ყოველთვის ექვემდებარება. თუმცა კორონაროგრაფია საშიშია, როცა არსებობს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვითი ფუნქციის მძიმე დარღვევები და გულის გამოხატული უკმარისობა, გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა, მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის მაღალი ხარისხის სტენოზირებაზე (შევიწროებაზე) ეჭვი - მსგავსი პათოლოგიების დროს კორონაროგრაფიის ჩატარება არ ღირს. თუ მდგომარეობა მეტისმეტად მიშვებული არ არის და პროცედურას პროფესიონალი ატარებს, რომელიც უსაფრთხოების ყველა წესს იცავს, მაშინ ყველაფერი უნაკლოდ ჩაივლის.

ანგიოგრაფია

ანგიოგრაფია სპეციალური რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ჩვეულებრივ რენტგენოგრამაზე არტერიები, ვენები და ლიმფური სადინარები არ ჩანს, რადგან ისინი ისევე შთანთქავენ რენტგენულ გამოსხივებას, როგორც მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილები. მხოლოდ მოხუცებული პაციენტების რენტგენოგრამაზე შეიძლება ამ დანალექებიანი სისხლძარღვების ხილვა, რადგან მათი სისხლძარღვები ათეროსკლეროზით არის დაზიანებული, სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული დანალექებია. სისხლძარღვთა დასანახად ანგიოგრაფიის მეთოდები გამოიყენება. არტერიების გამოკვლევას არტერიოგრაფიას უწოდებენ, ვენებისას - ვენოგრაფიას (ფლებოგრაფიას), ლიმფური სისხლძარღვებისას - ლიმფოგრაფიას. სისხლძარღვთა ხელოვნური კონტრასტირებისთვის მათში იოდის ორგანული შენაერთები შეჰყავთ. ანგიოგრაფიას ატარებენ საერთო კლინიკური გამოკვლევის შემდეგ, თუ კვლევის სხვა მეთოდები ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა. ეს კვლევა ავლენს: სისხლძარღვთა დაზიანებას და მათი განვითარების მანკებს (ანევრიზმა, სისხლძარღვთა შევიწროება, სიმსივნური წარმონაქმნები), სისხლძარღვთა გამავლობის დარღვევას, სიმსივნეებს, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებასა და განვითარების მანკებს და სხვა. ანგიოგრაფია უკუნაჩვენებია:

მწვავე ანთებითი და ინფექციური დაავადებების;

ავადმყოფის მძიმე მდგომარეობის;

ფსიქიკური დაავადებების;

გულის, ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული უკმარისობის;

იოდის პრეპარატებზე ალერგიის დროს.

გამოკვლევის წინ ექიმმა პროცედურაზე პაციენტის თანხმობა უნდა მიიღოს. გამოკვლევის წინა საღამოს ინიშნება ტრანკვილიზატორები. დილით არ საუზმობენ. გამოკვლევის მიდამოში უნდა მოიპარსოს თმა. გამოკვლევამდე 30 წუთით ადრე ტარდება პრემედიკაცია: პაციენტს უკეთებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ალერგიული რეაქციების პროფილაქტიკა), ტრანკვილიზატორებსა და ანალგეტიკებს. გამოკვლევა იწყება სისხლძარღვის პუნქციით (ჩხვლეტით) ან მისი კათეტერიზაციით (სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური კათეტერი, რომლის საშუალებითაც შეიყვანება საკონტრასტო ნივთიერება). უფრო ხშირად ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ტარდება. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ კანზე აკეთებენ მცირე, ნახევარ სანტიმეტრამდე ზომის განაკვეთს, პოულობენ არტერიას, ჩხვლეტენ მას სპეციალური ნემსით, რომელშიც ატარებენ ლითონის გამტარს, შემდეგ გამტარი საჭირო დონემდე მიაქვთ და საჭირო წერტილში შეჰყავთ საკონტრასტო კათეტერი. გამტარს ამოიღებენ.

ყველა ეს მოქმედება რენტგენოტელევიზიით კონტროლდება. კათეტერიდან შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება და მაშინვე იწყებენ მიცემული პროგრამის მიხედვით მაღალსიჩქარიან რენტგენოგადაღებას. გადაღებულ მასალას ნახულობენ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით სურათებსაც იღებენ. პროცედურის დამთავრების შემდეგ კათეტერს ამოიღებენ და პუნქციის ადგილას ერთი დღე-ღამით ადებენ ნახვევს. ავადმყოფს წოლითი რეჟიმი ენიშნება. მისი მდგომარეობა აუცილებლად უნდა აკონტროლოს მკურნალმა ექიმმა, გაუსინჯოს ტემპერატურა და ოპერაციული ჩარევის ადგილი. გართულება შეიძლება იყოს ნაჩხვლეტი მიდამოს ჰემატომა (სისხლჩაქცევა), ძალიან იშვიათად - პერიფერიული არტერიის თრომბოემბოლია. ანგიოგრაფიის დროს გადაღებების თანამიმდევრული სერია ტარდება, რომლებიც საშუალებას იძლევა, მსხვილ არტერიებში, შედარებით წვრილებში, კაპილარებში და შემდეგ ვენებში სისხლის მიმოქცევის პროცესის შესახებ ვიმსჯელოთ. ვენოგრაფიას ატარებენ სპეციალური ჩვენებით:

ქრონიკული თრომბოფლებიტის;

თრომბოემბოლიის;

ვენების განვითარების ანომალიებზე ეჭვის;

ვენური სისხლდენის სხვადასხვა დარღვევის დროს.

ვენოგრაფია ტარდება პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით. პირველ შემთხვევაში საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ ვენაში შეჰყავთ პუნქციის ან კათეტერიზაციის გზით, ხოლო არაპირდაპირი ვენოგრაფია სამი მეთოდით შეიძლება ჩატარდეს: 1) საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით არტერიაში, საიდანაც ის ხვდება ვენებში; 2) საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით ორგანოს ქსოვილში და 3) კონტრასტის შეყვანით ძვლის ტვინის მიდამოში.

ვენოგრაფიის უკუჩვენებაა თრომბოფლებიტი.

ლიმფოგრაფიისას საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ ლიმფურ სადინარში. ძირითადად ხდება მენჯისა და ქვედა კიდურების ლიმფური სადინარების გამოკვლევა ლიმფოკვანძების კონტრასტირებისა და სიმსივნეების აღმოჩენის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარების გამო ამ მეთოდს დღეს იშვიათად იყენებენ.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ასპარეზზე გამოვიდა კვლევის ახალი მეთოდები. სისხლძარღვთა გამოკვლევის ახალი მეთოდიკა - დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფიაა. მას სხვაგვარად ციფრულ სუბტრაქციულ ანგიოგრაფიასაც (დსა) უწოდებენ. ეს გახლავთ სისხლძარღვების კონტრასტული გამოკვლევა მიღებული ინფორმაციის შემდგომი კომპიუტერული დამუშავებით. ის საშუალებას იძლევა, მივიღოთ მაღალი ხარისხის სურათები, შემცირდეს შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების რაოდენობა და ეს ნივთიერება შეყვანილ იქნეს არა არტერიიდან, არამედ ვენიდან, რაც პაციენტისთვის ნაკლებტრავმულია.

3დ: ციფრული ანგიოგრაფიის 3დ-დამუშავების მეთოდი ანგიოგრაფიდან მიღებული გამოსახულების სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

ფერადი ანგიოგრაფია: ციფრული ანგიოგრაფიის ცოლორ-დსა დამუშავების მეთოდი ფერადი კოდირების მეშვეობით საშუალებას იძლევა, ერთ გამოსახულებაში ერთდროულად განთავსდეს არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევისა და პერფუზიის (ბუნებრივ პირობებში ორგანოების სისხლით მომარაგების) სურათები. ამ მეთოდის უპირატესობა ის გახლავთ, რომ სწრაფად ხდება ჰემოდინამიკის შეფასება მკურნალობამდე და მის შემდეგ.

კტ-ანგიოგრაფია: კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის მეშვეობით მიიღება სისხლძარღვების ზედმიწევნით ზუსტი სურათი და შესაძლებელია სისხლის მიმოქცევის ხარისხის შეფასება. ჩვეულებრივ ანგიოგრაფიასთან შედარებით მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ გამოირიცხება ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ გართულების რისკი და გაცილებით დაბალია პაციენტის სხივური დატვირთვა.A

კტ-ანგიოგრაფიის ჩვენებებია:

სისხლძარღვის სტენოზი ან თრომბოზი (მათ შორის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);

ანევრიზმები;

სისხლძარღვთა სხვა დაავადებები და განვითარების ანომალიები.

დაბოლოს, მრ-ანგიოგრაფია, ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც მიიღება სისხლძარღვთა ისეთი სურათები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლის მიმოქცევის როგორც ანატომიური, ასევე ფუნქციური თვისებები. მას რამდენიმე ვარიანტი გააჩნია, რომლებიც, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებისა, მოწოდებულია ანევრიზმის აშრევების, გულის თანდაყოლილი მანკების, სისხლძარღვთა კედლის ანთებისა და არტერიების ათეროსკლეროზული ცვლილებების გამოსავლენად. მოკლედ, როგორც იტყვიან, ტექნიკა წინ მიდის. მთავარია, ფეხი ავუწყოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!