ლაბორატორიული კვლევები ჰიპერგლიკემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაბორატორიული კვლევები ჰიპერგლიკემიის დროს

სადღეისოდ შაქრიანი დიაბეტი აერთიანებს მეტაბოლურ დარღვევებს, რაც დაკავშირებულია ინსულინის გამომუშავების ან მისი ეფექტის დაქვეითებასთან, ან ორივე მათგანთან.

ლაბორატორიული კვლევები აუცილებელია დიაბეტის სკრინინგის (დაავადების გამოვლენა სიმპტომების აღმოცენებამდე), დიაგნოზის დადგენისა და შემდგომი მონიტორინგისათვის (მეთვალყურეობისათვის). ამ მიზნით ტარდება უზმოზე სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი.

ლაბორატორიული კვლევების ჩვენება

სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატების გამოსავლენად ტესტები უტარდებათ:

  • 45 წელზე მეტი ასაკის პირებს დაავადების სკრინინგის (დროული, სიმპტომების აღმოცენებამდე გამოვლენის) მიზნით;
  • მაღალი რისკის მქონე პირებს – მსუქან და ჭარბწონიან პაციენტებს;
  • ორსულებს ან მათ, ვინც ორსულობას გეგმავს და აქვს ჭარბი წონა ან სხვა რისკფაქტორები;
  • დიაბეტის დიაგნოზის დასადგენად იმ ადამიანებს, რომელთაც ჰიპერგლიკემიის (სისხლში მომატებული გლუკოზის) სიმპტომები აქვთ ან ოდესმე გამოუვლინდათ ჰიპერგლიკემია;
  • დიაბეტით დაავადებულებს გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის კონტროლისთვის.

შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, 45 წლის ასაკიდან ყველა ადამიანს, რომელსაც მომატებული გლუკოზის არავითარი სიმპტომი არ აქვს, უნდა განესაზღვროს სისხლში გლუკოზის შემცველობა დიაბეტის ან პრედიაბეტის (დიაბეტის აღმოცენების მაღალი რისკი) დროულად გამოსავლენად. კვლევა უნდა განმეორდეს ყოველი 3 წლის ინტერვალით, თუ არ გამოვლინდა უფრო ხშირი კონტროლის ჩვენება. 65 წლიდან შეიძლება კონტროლი კიდევ უფრო გახშირდეს.

გარდა სკრინინგის ამ პრინციპისა, არსებობს რისკზე დამყარებული სკრინინგი. ის უტარდებათ ქალებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და აქვთ ჭარბი წონა ან დამატებითი რისკფაქტორები. დამატებით შეიძლება განხილული იყოს ყველა მსუქანი ან ჭარბწონიანი და ამავე დროს, ერთზე მეტი რისკფაქტორის მქონე მოზრდილი პაციენტის სკრინინგის საკითხი. რისკფაქტორთაგან აღსანიშნავია გულ-სისხლძარღვთა დაავადების ისტორია, ჰიპერტენზია, სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი ან მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე.

რისკზე დამყარებული სკრინინგი უტარდებათ ასევე ჭარბი წონის და ამასთან ერთად, სულ მცირე, ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე ასიმპტომურ ბავშვებსა და მოზარდებს. ასეთი სკრინინგი იწყება 10 წლის ან სქესობრივი მომწიფების ასაკიდან. რისკფაქტორებად განიხილება დედის შაქრიანი დიაბეტი ან ორსულთა შაქრიანი დიაბეტი, მაღალ რისკთან ასოცირებული ეთნიკური ჯგუფი, ინსულინრეზისტენტობის სიმპტომები. სკრინინგის ამ ფორმისას კვლევა უნდა განმეორდეს 3 წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ სხეულის მასის ინდექსი მატულობს.

ორსულ ქალებს, რომელთაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, კვლევა ორსულთა დიაბეტის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეთ ორსულობის 24-28 კვირის ვადაზე. ამ მიზნით რეკომენდებულია გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი – პაციენტს უზმოზე სისხლში გლუკოზის კვლევისათვის უღებენ სისხლს, შემდეგ კი ის იღებს სპეციალურად მომზადებულ გლუკოზის ხსნარს. აღნიშნულიდან 1 და 2 საათის შემდეგ კვლავ ხდება სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. თუ ორსულს აქვს დიაბეტის მაღალი რისკი, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი შეიძლება უფრო ადრეულ ვადაზე ჩატარდეს და 24-28 კვირის პერიოდში განმეორდეს.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი

დიაბეტის დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია სისხლში გლუკოზის ან გლიკირებული ჰემოგლობინის შემცველობის განსაზღვრით. ჩვეულებრივ, სისხლში უზმოზე გლუკოზის განსაზღვრა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი და გლიკირებული ჰემოგლობინის შემცველობის განსაზღვრა თანაბრად შესაფერისია დიაბეტის სკრინინგისა და დიაგნოზისათვის, თუმცა, ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციების თანახმად, აღნიშნული ტესტები ერთი და იმავე პაციენტის შემთხვევაში დაავადებას ერთნაირად ვერ ავლენს.

საწყისი ტესტირება

უზმოზე სისხლში გლუკოზის განსაზღვრა

უზმოზე სისხლში გლუკოზის განსაზღვრით ვადგენთ სისხლში გლუკოზის შემცველობას საკვების მიღების ეფექტის გარეშე, რაც გლუკოზის მეტაბოლიზმის კარგი ინდიკატორია. კვლევამდე უკანასკნელი კვებიდან, სულ მცირე, 8 საათი უნდა იყოს გასული. უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრით მიღებული შედეგი შეიძლება სრულად არ შეესაბამებოდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტით მიღებულ მონაცემებს. გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტზე დაყრდნობით შეიძლება დიაბეტის დიაგნოზი უფრო ხშირად დაისვას, ვიდრე უზმოზე გლუკოზის ან გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრისას.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი

გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი ტარდება, რათა შეფასდეს ორგანიზმის პასუხი გლუკოზით დატვირთვის მიმართ. პაციენტი იღებს 75 გრამი გლუკოზის წყალხსნარს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლში გლუკოზა განისაზღვრება უზმოდ და ხსნარის მიღებიდან 1 და 2 საათის შემდეგ.

არსებობს უფრო მკაცრი, ე. წ. „ორსაფეხურიანი მიდ­გომა“, რომლის დროსაც პაციენტი იღებს 50 მგ გლუ­კოზის ხსნარს და აღნიშნულიდან 1 სთ-ის შემდეგ განისაზღვრება სისხლში გლუკოზის შემცველობა. იმ პაციენტებს, რომელთა გლუკოზის დონეც აღწევს ან აჭარბებს გარკვეულ ზღვარს, შემდეგ უტარდებათ გლუკოზისადმი ტოლერანტობის 3-საათიანი ტესტი 100 გრამი გლუკოზის ხსნარით. გარდა ორსულთა შაქრიანი დიაბეტის სკრინინგისა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი გამოიყენება დიაბეტის სკრინინგის მიზნით იმ პაციენტთა შორის, რომელთაც აქვთ ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი) ან ბოლო პერიოდში ჩატარებული აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია (გადანერგვა).

სისხლში გლუკოზის რანდომული (შემთხვევითი) განსაზღვრა

სისხლში გლუკოზის რანდომული განსაზღვრა ტარდება საკვების მიღების დროის მიუხედავად. ეს შესაძლოა საჭირო გახდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზის დასადგენად დაავადების კლასიკური სიმპტომების ან მომატებულ გლუკოზასთან დაკავშირებული კრიზისისას.

გლიკირებული ჰემოგლობინი – HbA1c

გლიკირებული ჰემოგლობინი განისაზღვრება მედიკამენტური მკურნალობის და/ან დიეტის შედეგად გლუკოზის შემცველობის კონტროლის შესაფასებლად. ის გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის შემცველობის საშუალო მაჩვენებელს ბოლო 3 თვის განმავლობაში. გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრას შეიძლება უპირატესობა მიეცეს, როცა პაციენტს არ შეუძლია შიმშილი. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ტესტს აქვს ნაკლები მგრძნობელობა და მაღალი ფასი. გარდა ამისა, კავშირი გლიკირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციასა და გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს შორის გარკვეულ პაციენტთა შორის სრულყოფილი არ არის, რასაც აქვს ახსნა – გლიკირებული ჰემოგლობინის ტესტირებისას განისაზღვრება სისხლის წითელ უჯრედებში – ერითროციტებში – არსებულ ჰემოგლობინთან მიერთებული გლუკოზის საშუალო რაოდენობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცვლის ერითროციტების განახლებას, ზემოქმედებს პასუხის სიზუსტეზე. სწორედ ამის გამო იმ პირთა მიღებული მაჩვენებელი ზუსტი არ იქნება, ვისაც აქვს ანემია ან ჰემოგლობინოპათია – ანომალიური აგებულების ჰემოგლობინი, ჰემოლიზური ანემია, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი. კავშირი გლიკირებულ ჰემოგლობინსა და გლუკოზის შემცველობას შორის დარღვეულია სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების – გაძლიერებული მიმოცვლისას, მაგალითად, ორსულობის, ჰემოდიალიზის (ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება), სისხლის გადასხმის ან აივ-ინფექციისას. ასეთ დროს დიაბეტის დიაგნოზი მხოლოდ სისხლში გლუკოზის შემცველობას ემყარება.

დიაბეტის სადიაგნოზო კრიტერიუმები

დიაბეტის დიაგნოზის დასადგენად, უმრავლეს შემთხვევაში, აუცილებელია ლაბორატორიული კვლევით ორჯერ იყოს მიღებული ნორმისაგან განსხვავებული მაჩვენებელი. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა დიაბეტის კლინიკური დიაგნოზი აშკარაა – პაციენტს აქვს ჰიპერგლიკემიური კრიზისი ან დიაბეტის სიმპტომები და რანდომულად განსაზღვრული გლუკოზის დონე – ≥ 200 მგ/დლ-ზე.

ქვემოთ მოგვყავს დიაბეტის სადიაგნოზო კრიტერიუმები სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგთა მიხედვით:

  • სისხლში გლუკოზის შემცველობა უზმოზე დიაბეტის დროს – ≥ 126 მგ/დლ (7.0 მმოლ/ლ).
  • გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის დროს, გლუკოზის ხსნარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, სისხლში გლუკოზის შემცველობა – ≥ 200 მგ/დლ (11.1 მმოლ/ლ).
  • გლიკირებული ჰემოგლობინი HბA1ც ≥ 6.5% (48 მმოლ/ლ).
  • რანდომულად განსაზღვრული გლუკოზა ≥ 200 მგ/დლ (11 მმოლ/ლ).

ორსულთა გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის შედეგების მიხედვით მოწოდებულია დიაბეტის სადიაგნოზო შემდეგი კრიტერიუმები:

ნ ერთსაფეხურიანი მიდგომისას (გლუკოზა განისაზღვრება უზმოზე 75 გ გლუკოზის ხსნარის მიღებისას და აღნიშნულიდან 1 და 2 სთ-ის შემდეგ) – დიაბეტისას გლუკოზა უზმოზე ≥ 92 მგ/დლ; 1 სთ-ის შემდეგ ≥ 180 მგ/დლ; 2 სთ-ის შემდეგ ≥ 153 მგ/დლ.

დამატებითი ტესტები

გარდა ზემოთ აღწერილი საწყისი, ფართოდ გავრცელებული ტესტებისა, სისხლში გლუკოზის შემცველობის მატებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ტესტები.

დიაბეტთან დაკავშირებული აუტოანტისხეულების კვლევა

ხშირად დიაბეტი ტიპი 1-ისა და ტიპი 2-ის განსხვავება შესაძლებელია კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით (მაგალითად, პაციენტის ასაკი, წონა, დაავადების გამოვლინების თავისებურებები), თუმცა არის შემთხვევები, როცა მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია რიგი მონაცემების თანხვედრის გამო. ასეთ დროს დახმარებას გვიწევს დიაბეტთან დაკავშირებული აუტოანტისხეულების (საკუთარი ორგანოებისა და ქსოვილების საწინააღმდეგო ანტისხეულები) კვლევა. მათი არსებობა დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ისთვის. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ანტისხეულები კუნძულოვანი უჯრედების მიმართ – კუნძულოვანი უჯრედების IგG კლასის ციტოპლაზმური ანტისხეულები, აუტოანტისხეულები კუნძულოვანი ანტიგენ-2-ის მიმართ; გლუტამინის მჟავას დეკარბოქსილაზას მიმართ; ინსულინომაასოცირებული ანტიგენი 2; თუთიის ტრანსპორტერის ანტისხეულები.

ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მითითებული ტესტების შედეგები არ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს – ზოგიერთ პაციენტს ტიპი 1 დიაბეტისას არ აქვს ანტისხეულები, ზოგჯერ კი ერთი ან რამდენიმე ანტიგენი შეიძლება ტიპი 2 დიაბეტისას გამოვლინდეს.

მოლეკულური კვლევა

დიაბეტის გარკვეული ფორმების დროს რეკომენდებულია გენეტიკური კვლევა დაავადების გენეტიკური ხასიათის დასადგენად, მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად და ოჯახის დაავადებული წევრების გამოსავლენად. აღნიშნული ეხება მონოგენური დიაბეტის სინდრომების (ნეონატალური დიაბეტი ან ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი დიაბეტის ახალგაზრდული ფორმა) შემთხვევებს.

დიაბეტის მონიტორინგი

გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი გვაძლევს დიაბეტის გართულებების პროგნოზირების საშუალებას. აღნიშნულის გამო რეკომენდებულია გლიკირებული ჰემოგლობინი დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტს განესაზღვროს. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციით, თავდაპირველად კვლევა ყოველ 3 თვეში უნდა ჩატარდეს, გლუკოზის სტაბილური მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ კი, სულ მცირე, წელიწადში 2-ჯერ.

მართალია, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა უპირველესი ინსტრუმენტია სისხლში გლუკოზის რეგულირების შესაფასებლად, მაგრამ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს დიაბეტით ტიპი 1) ენიშნება სისხლში გლუკოზის თვითკონტროლი ან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი დაავადების უკეთ მართვისა და მედიკამენტური მკურნალობის კორექტირებისათვის, განსაკურებით კი – ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება) თავიდან ასაცილებლად.

ამჟამად განიხილება გლუკოზის მონიტორინგისთვის ფრუქტოზამინის და 1,5 – ანჰიდროგლუციტოლის ტესტების გამოყენება, თუმცა მათი პროგნოზული მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

არსებული რეკომენდაციების თანახმად, გლიკირებული ჰემოგლობინის სამიზნე ციფრებია ორსულებს შორის < 6%-ზე; არაორსულებს შორის < 7%-ზე, ბავშვებს შორის < 7%-ზე. აქვე დავძენთ, რომ სამიზნე ციფრი ინდივიდუალურად დგინდება ყოველი პაციენტის შემთხვევაში.

კვლევები შორეული გართულებების მონიტორინგის მიზნით

შაქრიანი დიაბეტის დროს მომატებულია გულ-­სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. აღნიშნულის გამო მნიშვნელოვანია ლიპიდური სპექტრის მონიტორინგი და დარღვევების არსებობისას სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, რეკომენდებულია:

  • თირკმლის დაზიანების სკრინინგი – შარდში ალბუმინის განსაზღვრა, გორგლოვანი ფილტრაციის განსაზღვრა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, იმ პაციენტებისთვის, რომელთაც 5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ტიპი 2 ან თანმხლები არტერიული ჰიპერტენზია.
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს კვლევა აუტოიმუნური თიროიდიტისა და ცელიაკიის გამოსავლენად;
  • მამაკაცებს შორის ჰიპოგონადიზმის სიმპტომებისას დილით შრატში ტესტოსტერონის განსაზღვრა.