მოიგე დრო, მაგრამ არ დაივიწყო კონტროლი
საკვლევ ბიოლოგიურ მასალებს შორის უპირატესობა შარდს ენიჭებოდა, ხოლო პირველი პათოლოგია, რომელიც მისი გამოკვლევით გაშიფრეს, შაქრიანი დიაბეტი იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჩვ. წ. აღ-მდე ჯერ კიდევ 1500 წლით ადრე მედიკოსები შარდის შეფერილობის, მისი სუნისა და გემოს საფუძველზე სვამდნენ ამ დაავადების დიაგნოზს. ეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა და იხვეწებოდა ლაბორატორიული კვლევის მეთოდებიც. სადღეისოდ ცნობილია რამდენიმე ათასი ლაბორატორიული ტესტი, რომლებიც კლინიკური მედიცინის მრავალ დარგში გამოიყენება. დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე ხანში მივიღოთ ზუსტი შედეგი, დავსვათ სწორი დიაგნოზი და გადავარჩინოთ ადამიანი. სადღეისოდ არსებობს სწრაფი ანალიზის ორი სახეობა: სადიაგნოსტიკო ტესტ-ჩხირები და იმუნოანალიტიკური ტესტ-კასეტები. არსებობს სწრაფი დიაგნოსტიკის სამედიცინო ხელსაწყოები და სპეციალური ბიოაპარატებიც. სწრაფი დიაგნოსტიკის შესაძლებლობათა შესახებ გვესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პათომორფოლოგიური დეპარტამენტის ექიმი-მორფოლოგი, იმუნოჰისტოქიმიური კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი არმაზ მარიამიძე:
- თავდაპირველად ექსპრესტესტების დანიშნულებას შევეხები. პირველ რიგში მათ დიაგნოსტიკური დანიშნულება აქვთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპერაციამდე დიაგნოზი გაურკვეველია, ანუ დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს პაციენტს - სიმსივნე თუ სხვა რამ, ან ოპერაციამდე ჩატარებულმა კვლევებმა არ მოგვცა ის შედეგი, რომლის საფუძველზეც ზუსტად დავადგენდით პროცესის რაობას, მაგრამ ოპერაცია აუცილებელია. ამ შემთხვევაში ოპერაციის მსვლელობისას იღებენ მასალას, ანუ დაზიანების ან წარმონაქმნის ნაწილს (ქსოვილის ნიმუშს), რომელიც იგზავნება პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც ოცი წუთის განმავლობაში უნდა გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე. კვლევის შემდეგ განისაზღვრება ქირურგიული ჩარევის მასშტაბი - რადიკალური ოპერაცია გაკეთდეს თუ ამოიკვეთოს ლოკალურად არსებული დაზიანება. დიაგნოსტიკის მეთოდი, რადგან სწრაფია, ამიტომ მეტად რთული, რთულად შესასრულებელი გახლავთ. ექსპრესდიაგნოსტიკაში რამდენიმე მორფოლოგი მონაწილეობს, რათა შემცირდეს ცდომილების ალბათობა, რომელიც თან ახლავს ამ მეთოდს. რამდენიმე სპეციალისტის აზრი იმისთვისაც არის საჭირო, რომ არ მოხდეს ჰიპერდიაგნოსტიკა ან პირიქით. არის სიტუაციები, როდესაც უნდა დადგინდეს, რადიკალურად არის თუ არა შესრულებული ოპერაცია. როდესაც წინასწარ არის ცნობილი, რომ საქმე გვაქვს სიმსივნურ პროცესთან, ქირურგი ასრულებს სტანდარტულ რადიკალურ ოპერაციას - კვეთს ყველაფერს, რაც კი სიმსივნით არის დაზიანებული და მათთან ერთად - ირგვლივ მდებარე ქსოვილების განსაზღვრულ ნაწილს. მაგრამ ეს გახლავთ სტანდარტული ოპერაცია. ადამიანი, შესაბამისად, ავადმყოფობაც, ინდივიდუალურია, ზოგჯერ სტანდარტმა შესაძლოა არ გაამართლოს, ამიტომ პათომორფოლოგები ოპერაციის მიმდინარეობისას შეისწავლიან მოკვეთილი ზონის კიდეებს და ადგენენ სიმსივნის არსებობას ან არარსებობას. თუ კიდეებზე აღმოჩენილ იქნა სიმსივნური უჯრედები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მონაცემებს აწვდიან ქირურგს, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს ოპერაციის მასშტაბს, რათა მთლიანად იქნეს ამოღებული სიმსივნური წარმონაქმნი. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როცა პაციენტს გადიდებული აქვს პერიფერიული ან სხვა ტიპის ლიმფური კვანძები. ამ დროს შესაძლებელია მათი ამოკვეთა სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, რა პროცესთან გვაქვს საქმე. ეს გამოკვლევაც სასწრაფო გამოკვლევების ნუსხას მიეკუთვნება.
- რამდენად სანდოა ეს ტესტები, რას ამბობს სტატისტიკა?
- შეცდომების პროცენტული მაჩვენებელი ძალზე მცირეა. მაგალითად, ძუძუს დაზიანების დროს ექსპრესდიაგნოსტიკის შედეგების ცდომილება მხოლოდ 1-3%-ს შეადგენს. საზოგადოდ, სასწრაფო კვლევის ჩატარება ქირურგის შთაბეჭდილებასა და არჩევანზეა დამოკიდებული. როდესაც ქირურგს საეჭვო შემთხვევასთან აქვს საქმე ან სურს საკუთარი ეჭვების უარყოფა თუ დადასტურება, ნიშნავს სასწრაფო კვლევას. მაგრამ, თუ ექიმი ხედავს, რომ საქმე სიმსივნესთან აქვს, შეიძლება, ექსპრესკვლევაზე უარი თქვას და დაზოგოს პათომორფოლოგის ნერვები. ნუ გაიოცებთ - სასწრაფო კვლევა მეტად საპასუხისგებლო პროცედურაა. მორფოლოგი ძალიან მოკლე ხანში უნდა ჩაეტიოს და ამის გამო უკიდურესად დაძაბულია. საზოგადოდ, დროს მედიცინაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დროულად დაწყებული მკურნალობა ხშირად ადამიანის გადარჩენის საწინდარია. კიდევ ერთი: სასწრაფო კვლევის დროს მეტად მნიშვნელოვანია მორფოლოგისა და მკურნალი ექიმის (ქირურგის) თანამშრომლობა, რათა გაზიარებულ იქნეს ყველა ეჭვი და ექსპრესდიაგნოსტიკას გარკვეული მიმართულება მიეცეს.
ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბიოქიმიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლია ვარაზი (ვარაზაშვილი):
მსოფლიო კონვენციების მიხედვით, მეთოდის ხარისხი დამოკიდებულია მომუშავე პირის პროფესიონალიზმსა და იმ აპარატურის ხარისხზე, რომელიც ლაბორატორიაში დგას. ბიოქიმიურ ლაბორატორიაში მრავალნაირი სასწრაფო ანალიზი ტარდება, მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების, სისხლის შედედების სისტემის, შაქრის დონის, კალციუმის დონის დასადგენად... ახლახან დაინერგა მაგნიუმის სწრაფი გამოკვლევა. მაგნიუმის დეფიციტს ეკოლოგიური პირობები იწვევს, საკვებში ან სასმელ წყალში მისმა დეფიციტმა კი შესაძლოა უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. ამ საინტერესო გამოკვლევაზე მოგვიანებით ვისაუბროთ... მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ერთი მეტად პრობლემური საკითხის შესახებ ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ. საქართველოში ფინანსური დეფიციტია. ყველამ იცის, რომ ონკოლოგიას შეუწყვიტეს დაფინანსება. ონკოლოგიურ პაციენტს რომ დაფინანსებას შეუწყვეტ, ეს მისი სიცოცხლის უფლების ხელყოფას არ ნიშნავს?! დაფინანსების შეწყვეტა დიაგნოსტიკაზეც აისახა. ჩემი პირადი სტატისტიკით, რომელიც დირექციასაც მივაწოდე, ანალიზები საკმაოდ შეზღუდულად კეთდება. ადრე არსებული კოდები (ამ კოდებში მითითებული იყო, რა უნდა გაეკეთებინათ, ვიდრე საოპერაციოდ გაიყვანდნენ პაციენტს) ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა (პლუს შეწყვეტილი დაფინანსება) და ყველაფერი ექიმი-კლინიცისტის პრეროგატივად აქცია - რასაც ეს უკანასკნელი მიიჩნევს საჭიროდ, მხოლოდ ის უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ ექიმ-ლაბორანტს (ანუ იმას, ვისაც ეს დიპლომი აქვს - არ ვგულისხმობ ბიოლოგებს, რომლებიც ადრე ძირითადად ამ სფეროში მუშაობდნენ) უფლება აქვს, მიუთითოს კლინიცისტს ფინანსური მომჭირნეობით გათვალისწინებული გამოკვლევების გაფართოებაზე. კლინიცისტი დამნაშავე არ არის, ისიც მსხვერპლია, უბრალოდ, თანხის სიმცირის გამო მას არ აქვს საშუალება, დანიშნოს ესა თუ ის ანალიზი, ამიტომ სჯერდება უფრო მეტად ინფორმაციულ ტესტს, მაგალითად, კრეატინინის ოდენობის განსაზღვრას, და არ ითხოვს აზოტის ანალიზს. არადა, პირადად მე მქონია შემთხვევები, როდესაც კრეატინინი ნორმაშია, მაგრამ აზოტია მომატებული. უყურადღებოდ დარჩენილი მომატებული აზოტით პაციენტი ოპერაციაზე გადის, ამან კი შესაძლოა უამრავი გართულება გამოიწვიოს, რომელთა მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ოპერაციამდე აზოტის ოდენობის განსაზღვრა და სხვა ტაქტიკის შემუშავება. მინდა, მრავალჯერ ნათქვამი კიდევ ერთხელ გავიმეორო: ქართველ ექიმებს სხვაზე არანაკლები კვალიფიკაცია აქვთ, მაგრამ ფინანსური დეფიციტის გამო იძულებულნი არიან, ბევრი რამ შეზღუდულად აკეთონ, ჯამში კი ყოველივე ეს პაციენტის სიცოცხლეზე აისახება.
- მოდი, ჩვენი საუბრის თემას დავუბრუნდეთ...
- ექსპრესმეთოდები უმთავრესად სასწრაფო ოპერაციის შემთხვევებზეა გათვლილი. როცა პაციენტი კლინიკაში წვება და მისი ოპერაცია რამდენიმე დღის შემდეგ არის დაგეგმილი, ასეთი ანალიზების გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს. ექსპრესანალიზები პირველ რიგში ტარდება სპეციალური აპარატით (ამ აპარატით ტარდება სხვა, არასასწრაფო ანალიზებიც). ორივე ტიპის ანალიზების ჩატარების მეთოდი ერთი და იგივეა. სხვათა შორის, სპეციფიკურ სადიაგნოსტიკო ტესტებს (ტესტ-ჩხირებს) და ჩვეულებრივი ლაბორატორიული წესით ჩატარებულ ანალიზებს შორის ცდომილება არ არის. ხშირად დამიყენებია პარალელური სინჯები და არავითარი განსხვავება არ მიმიღია...
- ისე, ქალბატონო ლია, არ შეიძლება, რომ სერიული ანალიზების მაგივრად, რომელთა პასუხებიც, წესისამებრ, რამდენიმე საათის შემდეგ ან მეორე დღეს გაიცემა, ყველა ანალიზი ექსპრესმეთოდით გაკეთდეს?
- რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის აპარატურაა საჭირო. ისევ საქართველოში არსებულ სიტუაციამდე და ფინანსურ დეფიციტამდე მივდივართ... როდესაც ერთი აპარატი გაქვს და მასზე ათი ექიმი-ლაბორანტი მუშაობს, ყველა ანალიზის პასუხს რამდენიმე წუთში ვერ გასცემ, რიგგარეშე მხოლოდ ექსპრესანალიზები ტარდება. ეს პრობლემა ავტომატური ანალიზატორის შემოსვლით შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ მასზე ათი ექიმი ვეღარ იმუშავებს... საზოგადოდ, ცივილიზებულ, ნორმალურ ქვეყანაში ინიშნება ადამიანისათვის საჭირო თითქმის ყველა გამოკვლევა, იქ ჯანდაცვის სისტემა აწყობილია, სადაზღვევო მედიცინა - განვითარებული და ექიმი პაციენტს კვლევების ჩატარებისას არ ზღუდავს. ვისურვებდი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ლაბორატორიები მალე ასულიყოს იმ დონეზე, რომ მნიშვნელოვანი გამოკვლევები საჭიროებისამებრ დაენიშნოთ, ექიმს მისი პროფესიისთვის შესაფერისი ანაზღაურება ჰქონოდეს და სტრუქტურა, რომელიც მე წარმომიდგენია, რომელიც ჩემი ოცნების ლაბორატორიას წარმოადგენს, ძალიან მალე ჩამოყალიბებულიყოს საქართველოში. გპირდებით, ჩემს მცირე წვლილს ამაში აუცილებლად შევიტან.
"ოჯახის მკურნალი", თავის მხრივ, დასძენს: მართალია, ვითარება ქართულ მედიცინაში არცთუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ სწრაფი ანალიზის ტექნიკური საშუალებების (ტესტ-ჩხირები, ხელსაწყოები) მკაცრი კონტროლი დამზადების წუთიდანვეა აუცილებელი. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მათი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ზუსტ დაცვას, რადგან მედიცინაში ერთი თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა შესაძლოა კატასტროფის მიზეზად იქცეს.