გრიპი და ოტიტი
ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მწვავე ოტიტი ორგანიზმის ზოგადი სნეულებაა, რომელიც ყურში განვითარებული ადგილობრივი ანთებით-ინფექციური პროცესით ვლინდება. მწვავე ოტიტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, მის წილად ყურის დაავადებათა 25-30% მოდის. ყველაზე ხშირად ის 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. მეორე ადგილი ხანშიშესულებს უკავიათ, ხოლო მესამე – 14 წლამდე ასაკის მოზარდებს.
-
რა იწვევს მწვავე ოტიტს
მწვავე ოტიტი სხვადასხვა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მიკრობებმა, ვირუსებმა, სოკოებმა ანდა სამივემ ერთად. უმეტესად ანთების გამომწვევია სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ჰემოფილური ჩხირი, ასევე - სხვა პათოგენური და პირობითპათოგენური ბაქტერიები (მორაქსელა, კლებსიელა, ლურჯმწვანე დაჩირქების ჩხირი). გამომწვევთა მრავალფეროვნების მიუხედავად, დადგენილია, რომ დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია და გრიპი (ბევრი ორივე მდგომარეობას გრიპს უწოდებს). ცხვირის ლორწოვანი გარსის ვირუსული ან ბაქტერიული ანთება ზემოთ ჩამოთვლილ მიკრობებს ააქტიურებს. ოტორინოლარინგოლოგების აზრით, გრიპოზული ოტიტი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით - გრიპის ეპიდემიისას.
-
რატომ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს
გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს ხველის, ცემინების ან ცხვირის ენერგიულად მოხოცვის დროს ოტიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი სასმენი მილის გავლით შუა ყურში აღწევს. ეს არის ეგრეთ წოდებული ტუბარული გზა. ინფექციური პროცესი შუა ყურზე შეიძლება ჰემატოგენურადაც (სისხლის მეშვეობით) გავრცელდეს. ზოგ შემთხვევაში მიკროორგანიზმების გავრცელების მიზეზი დაზიანებული დაფის აპკია.
მიკრობების მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის ზოგადი რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირისა და ცხვირ-ხახის ქრონიკული პათოლოგიური პროცესები და მწვავე ოტიტის არარაციონალური მკურნალობა ხელს უწყობს მწვავე ოტიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას.
-
რა ნიშნები ახასიათებს ოტიტს გრიპის დროს?
გრიპოზული ოტიტი მკვეთრი სიმპტომებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით ვლინდება. გრიპის კლინიკური სურათის შედარებითი გაუმჯობესების ფონზე იწყება ყურის მუდმივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გადაეცემა თავს, კისერს, კბილებს. ღამით ტკივილი ძლიერდება. არცთუ იშვიათად ვითარდება ნევრალგიური ტკივილი, რომელიც სამწვერა ნერვის ტოტების საპროექციო არეში (თვალისკენ, ცხვირისკენ, ქვედა ყბისკენ) ვრცელდება.
ავადმყოფი უჩივის სმენის მკვეთრ დაქვეითებას, ხმაურს ყურებში. მოსალოდნელია თავბრუხვევა და ღებინება, სისუსტე, ხელახალი შემცივნება და ტემპერატურის მომატება. გრიპული ოტიტის დროს სმენის დაქვეითება არცთუ იშვიათად შერეული ხასიათისაა და ანთებასთან ერთად სმენის ნერვზე ვირუსის ტოქსიკურ ზემოქმედებას უკავშირდება.
ამ ზოგადი სიმპტომების გარდა ყურადღებას იპყრობს დაავადების ადგილობრივი ნიშნები, რომლებიც ოტოსკოპის – სპეციალური ხელსაწყოს – მეშვეობით ყურში ჩახედვისას ხდება თვალსაჩინო. გრიპული ოტიტისას ყურში სისხლიანი სითხით სავსე ბუშტუკები ჩნდება. ეს ბუშტუკები, ეგრეთ წოდებული ბულები, შეიძლება სპონტანურად ანუ თავისთავად გასკდეს და სასმენ მილში სისხლიანი გამონადენის გაჩენა ჯერ კიდევ დაფის აპკის პერფორაციამდე (გახვრეტამდე) გამოიწვიოს.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად იცვლება გამონადენის ხასიათიც – ის ჩირქოვანი ხდება, ოდენობა იმატებს. დაფის აპკის გახვრეტისას იწყება ოტიტის მეორე პერიოდი, რომელსაც ტკივილის შემცირება და გარეთა სასმენი მილიდან ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა ახასიათებს. სხეულის ტემპერატურა ქვეითდება ან ნორმალიზდება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, მადა აღდგება, ძილიც მოწესრიგდება. მესამე პერიოდში ყურიდან გამონადენი მცირდება, შემდეგ ქრება, ოტოსკოპიური სურათი ნორმას უბრუნდება, აღდგება სმენა, პაციენტს ყურებში ხმაური აღარ აწუხებს. ჯამში, ოტიტი დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება.
-
გრიპული ოტიტის მკურნალობა
გრიპული ოტიტის მკურნალობის ტაქტიკა განსაკუთრებული თავისებურებით არ გამოირჩევა. მართალია, გრიპი ვირუსული ინფექციაა, მაგრამ რაკი ოტიტი ამ დროს მიკროფლორის აქტივაციასთან არის დაკავშირებული, ანტიბიოტიკებს იყენებენ. გარდა ამისა, რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების როგორც ადგილობრივი, ისე შინაგანი (ტაბლეტების სახით) გამოყენება. ზოგჯერ, როცა დაფის აპკის პერფორაცია თავისთავად არ ხდება, მაგრამ აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაცია, ტკივილი და აპკის დაჭიმვა, მიმართავენ პარაცენტეზს – დაფის აპკს კვეთენ.
-
მოსალოდნელია თუ არა გართულებები?
ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, მენინგიტი, სახის ნერვის პარეზი და ა. შ.
გახსოვდეთ: ოტიტი მარტო ყურის ტკივილი როდია; ეს არის ანთება, რომელსაც დროულად უნდა ვუმკურნალოთ. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, პროცესი მიმდებარე სტრუქტურებზე, მათ შორის - ტვინის გარსებზე გავრცელდეს და პაციენტისთვის საბედისწერო გახდეს. ეს რომ არ მოხდეს, ყურის ტკივილისას აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. დროული და მართებული მკურნალობისას ოტიტი უმეტესად გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაფის აპკის პერფორაციული ხვრელი არ იხურება და ქრონიკული ანთება ვითარდება ან დაფის ღრუს შეხორცებები სმენის მყარ დარღვევას იწვევს. ხვრელის დახურვის მიზნით ზოგჯერ ოპერაცია ტარდება.