როგორ იტარებთ ყურის ჰიგიენურ პროცედურებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იტარებთ ყურის ჰიგიენურ პროცედურებს?

  • გოგირდის საცობი;
  • შუა ყურის ამა თუ იმ ეტიოლოგიის ანთება (მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, ფურუნკული, სოკოვანი დაზიანება - ოტომიკოზი);
  • ოტოსკლეროზი (სასმენი ძვლების უმოძრაობა);
  • შიგნითა ყურის სასმენი ნერვის ნევრიტი (კოხლეარული ნევრიტი).

გარდა ამისა, ყურებში ხმაური თან სდევს თავის ტვინში მდებარე სმენის ცენტრის სხვადასხვაგვარ დაზიანებას - სიმსივნეს, მენინგიომას (რეტროკოხლეარულ პათოლოგიებს), სხვადასხვა ვირუსულ დაავადებას - ადენოვირუსს, წითურას, წითელას, ყბაყურას. განსაკუთრებით აუტანელია ტინიტუსი ოტოსკლეროზის დროს. ყველა ჩამოთვლილი დაავადებისას ტინიტუსი სასმენი ორგანოს მორფოლოგიური დაზიანების მაჩვენებელია. არსებობს გადაღლის ტინიტუსიც, რომელიც ფუნქციური ხასიათისაა.

- როგორი შეიძლება იყოს ხმაური ყურებში?

- ტინიტუსი, მიზეზის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს ორმხრივი და ცალმხრივი. სხვადასხვანაირია მისი ინტენსივობაც: წყნარ, მშვიდ ვითარებაში ხმაურმა შესაძლოა იმატოს. ზოგი მას ხეების შრიალს ამსგავსებს, ზოგი - ზღვის ტალღების ხმას, ზოგიც - ჭრიჭინას ჭრიჭინს და სხვა. განსხვავებულია ხმაურის ხანგრძლივობაც: ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ - ხანგრძლივი, ზოგჯერ - მუდმივი.

- როგორ ვადგენთ, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე?

- დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ოტოსკოპია - ყურში თვალით ჩახედვა და აუდიომეტრია. ოტოსკოპია საშუალებას გვაძლევს, თვალით დავინახოთ ტინიტუსის მიზეზი, მაგალითად, გოგირდის საცობი, ანთებითი პროცესი, უცხო სხეული გარეთა ყურში. აუდიომეტრია (აუდიოგრამა) სმენის ორგანოს დაზიანების ხასიათის გასარკვევადაა საჭირო. მაგალითად, იმპედანსომეტრიის საშუალებით შუა ყურში არსებულ პათოლოგიას (ჩირქს, სითხეს, ოტოსკლეროზს) აღმოვაჩენთ, ხოლო კომპიუტერული აუდიომეტრიის საშუალებით ვადგენთ, ხმაურის მიზეზი სმენის ნერვის დაზიანებაა (ინტრაკოხლეარული პათოლოგია) თუ ტვინის ღრუს სიმსივნე - აკუსტიკური ნევრინომა (რეტროკოხლეარული პათოლოგია). როცა დაუყოვნებელი ოპერაციული ჩარევის საკითხი დგას, უტყუარი დიაგნოზი აუცილებელია. ამ შემთხვევაში დროის ფაქტორი გადამწყვეტია, რადგან საქმე სმენის ნერვის დაუზიანებელი უბნის შენარჩუნებას ეხება. სხვაგვარად სმენის ნერვი მთლიანად დაზიანდება. ეს კი, გარდა სრული სიყრუისა, სახის ნერვის სრული დამბლის გამო გარეგნობის შეცვლასაც გამოიწვევს. ამრიგად, ავადმყოფი ორმაგ ტრავმას მიიღებს.

- როგორია მკურნალობის პრინციპები?

- თუ მკურნალობა დროულად და სწორად არ ჩატარდა, შესაძლოა საქმე სრულ სიყრუემდე მივიდეს. ასე რომ, მკურნალობის პრინციპები ერთი მხრივ უშუალოდ ტინიტუსის მკურნალობას გულისხმობს, მეორე მხრივ კი იმ დაავადებისას, რომელმაც იგი გამოიწვია. მკურნალობის მიზანია, დეკომპენსირებული ფორმა კომპენსირებულში გადავიყვანოთ და შევძლოთ პროცესის მართვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ სმენა უკვე დაქვეითებულია, შევაჩეროთ დაზიანება, რათა სიყრუეს გადავურჩეთ. ამისთვის საუკეთესო გზაა სასმენი აპარატები. მათი მეოხებით პაციენტს აღარ შეაწუხებს საკუთარი ხმები, არსებულ დონეზე შეინარჩუნებს სმენას და თავიდან აიცილებს უხერხულობას ხალხთან ურთიერთობისას. საკუთარი ხმების შესანიღბად კი ჩვეულებრივი რადიოს გამოყენებაც შეიძლება. ის მუდამ ჩართული უნდა იყოს, - ცხადია, დაბალ ხმაზე. ამ გზით პაციენტი ეჩვევა გარეშე ხმების მოსმენას და ყურადღება მათზე გადააქვს. გარდა ამისა, დაბალი ხმა სმენის სიმახვილეს აუმჯობესებს. ყურებში მუდმივი ხმაური ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ცვლის. ავადმყოფი ნევროზული ხდება, იძენს დამახასიათებელ იერს (შეწუხებულ გამომეტყველებას) და სიარულის მანერას (ეჩვევა ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით სიარულს). არის სუიციდის შემთხვევებიც. თანამედროვე სასმენი აპარატები ყურის ნიჟარის უკან მაგრდება და უცხო თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველია, რითაც ადამიანს უამრავ კომპლექსს უხსნის.

- რას გვეტყვით მედიკამენტურ მკურნალობაზე?

- ამ თვალსაზრისით არსებობს სამი მიდგომა:

  • ამერიკული - სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატების (მაგალითად, ტანაკანის, პრედუქტალის) გამოყენება;
  • გერმანული - მიუნხენში, ტინიტუსის ცენტრში იყენებენ საგულე პრეპარატ ლიდოკაინს;
  • ავსტრიული - უშუალოდ ტინიტუსის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატით მკურნალობა. ეს პრეპარატია ტინიტონი, რომელიც ორგვარი ფორმით - ვენისა და კუნთის საშუალებით შეჰყავთ ორგანიზმში.

- ყურებში ხმაური შესაძლოა გოგირდის საცობმაც გამოიწვიოს. რა აჩენს მას და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?


- პარადოქსულია, მაგრამ გოგირდის საცობი მეტისმეტად სუფთა ადამიანებს უჩნდებათ. ისინი ხშირად იწმენდენ გარეთა ყურს, ჩხირი და ბამბა კი მექანიკურად აღიზიანებენ ჯირკვლებს, აძლიერებენ მათ სეკრეციას, გოგირდი ჭარბად წარმოიქმნება, გროვდება და საცობს აჩენს. საცობი გოგირდის, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტის, ქოლესტერინისა და კანის აქერცლილი ეპითელიუმისგან შედგება. გოგირდის საცობის ფერი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობს. კონსისტენცია თავდაპირველად რბილი, ცვილისმაგვარია, შემდეგ მკვრივდება და შესაძლოა ქვასავითაც კი გამაგრდეს. არის შემთხვევები, როცა საცობი ისეთი ზომისა ხდება, რომ მთლიანად ავსებს გარეთა სასმენი მილის ხვრელს. წყალი თუ მოხვდა, ჯირჯვდება და დაფის აპკს აწვება. შედეგად სმენა ქვეითდება, თავს იჩენს ტინიტუსი, რეფლექტორული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, პირღებინება. გარეთა სასმენი ხვრელი გოგირდის საცობისგან რომ გავათავისუფლოთ, ჯერ მისი დარბილებაა საჭირო. ამისთვის წყალბადის ზეჟანგს იყენებენ - ის პაციენტმა 2-3 დღის განმავლობაში უნდა იწვეთოს. საცობის გაჯირჯვების გამო ამ დროს სმენა ქვეითდება. შემდეგ ყურში დიდი შპრიცით მაღალი წნევით შეჰყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის მექანიკური ზემოქმედების შედეგად საცობი ვარდება. ფიზიოლოგიური ხსნარი აუცილებლად თბილი (37 გრადუსამდე) უნდა იყოს. თუ საცობი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ყურის ექიმს მიმართოთ. არაფრით სცადოთ მისი წვეტიანი ჩხირით ამოღება - შესაძლოა, ყური დაიზიანოთ და საქმე გაირთულოთ.

- უკვე აღვნიშნეთ, რომ ტინიტუსი ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა. ჩვენც ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს უსიამოვნება თავიდან ავიცილოთ? თუკი უკვე ვართ მსგავსი პრობლემის წინაშე, როგორ ვიცხოვროთ შემდგომ?

- რა ბანალურიც უნდა მოგეჩვენოთ, შემოგთავაზებთ ცხოვრების ჯანსაღ წესს:

  • სწორი კვებისა და დღის რეჟიმის ორგანიზებას;
  • სიგარეტსა და ჭარბ ალკოჰოლზე უარის თქმას (ვიმეორებ, ჭარბზე, თორემ სამკურნალო დოზით ღვინო რეკომენდებულიცაა, - მოგეხსენებათ, ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს).
  • ერიდეთ ამინოგლიკოზიდებს, ბისეპტოლს, ასევე - ასპირინს, შარდმდენებს, ტინიტუსს იწვევს ონკოპრეპარატებიც.

მინდა, ახალგაზრდების გასაგონად ვთქვა: ტინიტუსის პროვოცირებას უამრავი რამ ახდენს. დისკოთეკებსა თუ კლუბებში სიარულის მოყვარულებს სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან მაღალი სიხშირის ბგერის სასმენ ორგანოზე ხანგრძლივი ზემოქმედება საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს. იქმნება მანკიერი წრე: სტრესი - ხმაური ყურებში - ნევროზი - უძილობა - ფსიქიკური აშლილობა, რამაც შესაძლოა სუიციდამდე მიგვიყვანოს. პრობლემის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისგან თავის დაღწევა. შეგახსენებთ სამ ძირითად პრინციპს:

  • იცხოვრეთ მშვიდ და წყნარ გარემოში;
  • გამოიჩინეთ ზომიერება;
  • ყურებში ხმაურის აღმოცენებისთანავე მიმართეთ ექიმს.

ყურის დაავადებები ბავშვებში

- ყურის დაავადებები არანაკლებ პრობლემებს უქმნის ბავშვებს. სმენის ორგანოს დაზიანება შეიძლება მარტივმა ყოველდღიურმა ჰიგიენურმა პროცედურებმაც კი გამოიწვიოს. რა შეიძლება მოჰყვეს არასწორად ჩატარებულ პროცედურას?

- ჩვილს გარეთა სასმენი მილი ძალიან ფრთხილად უნდა გავუსუფთაოთ, რომ უნებლიეთ არ დავუზიანოთ. შუა ყურის ანთება, ოტიტი, 100-დან 60 შემთხვევაში ბავშვს პირველად წლამდე ასაკში ემართება. არსებითად, ის გადატანილ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება, მაგრამ მისი პროვოცირება შეუძლია ყურების გაწმენდის დროს მიღებულ ტრავმასაც. ბავშვს სასმენი ორგანოს აგებულება ისეთია, რომ ადვილად ზიანდება. ბავშვის ევსტაქის მილი, რომლითაც ერთმანეთს ყური და ცხვირ-ხახა უკავშირდება, მოზრდილისაზე მოკლე და განიერია, ამიტომ ინფექცია ცხვირ-ხახიდან უფრო იოლად ხვდება ყურში. როდესაც ეს მილი ლორწოთია ავსებული, იცვლება ყურის წნევა და იწყება ყურის ტკივილი. ჩვილი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, უმეტესად წევს. ამდენად, ლორწოსთან ერთად ყურში შესაძლოა ჩაუვიდეს დედის რძე ან ნარევიც, ამიტომ სწორად შეურჩიეთ პოზა კვების დროს - თავი ყოველთვის წამოწეული უნდა ჰქონდეს, ხოლო ბოთლი დედას უნდა ეჭიროს ხელში. ნუ დატოვებთ ჩვილს მარტოს ბოთლით პირში!

- როგორ უნდა გავუწმინდოთ ჩვილს ყურები?

- ჩვილს ყოველდღე სჭირდება ყურების ჰიგიენური დამუშავება. მას გოგირდისგან მხოლოდ ყურის ნიჟარები და გარეთა სასმენი მილი უნდა გავუსუფთაოთ. ბამბის ტამპონის ღრმად შეტანისას შესაძლოა გოგირდი მილში ღრმად შევიდეს ან დაფის აპკი დაზიანდეს. პროცედურა ჩაატარეთ ძალიან ფრთხილად, ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სპეციალური საბავშვო ყურის ტამპონით. ყურის ნიჟარა დაწიეთ ქვემოთ და უკან და წრიული მოძრაობებით გოგირდისგან ფრთხილად გაასუფთავეთ გარეთა სასმენი მილი. თუ გარეთა სასმენ მილში ბამბა ჩარჩა, მის გამოსაღებად სპეციალისტს მიმართეთ. თავად ნუ შეეცდებით ამის გაკეთებას - შესაძლოა, ბამბა უფრო ღრმად შეიტანოთ! ყოველდღიური ჰიგიენური დამუშავება სჭირდება ასევე კანს ყურის ნიჟარის უკან. ნიჟარა ფრთხილად გადმოკეცეთ წინ და თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაასუფთავეთ კანის ნაოჭები. ჩვილებს ყურის უკან ხშირად აქვთ კანზე ფუფხი. ამ ადგილას შეგიძლიათ საბავშვო კრემი ან ზეთი შეაზილოთ. შესაძლოა, ყურის ნიჟარის უკან, კანზე, წვრილი თეთრთავა გამონაყარი შეამჩნიოთ. ეს ადგილები დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანის ხსნარით. თუ პროცესი გახანგრძლივდა, უჩვენეთ პირად პედიატრს. ყურების გასუფთავება უმჯობესია საღამოს, დაბანის შემდეგ, როცა კანი დარბილებულია და პროცედურაც ბავშვისთვის ნაკლებად შემაწუხებელი იქნება.

- არცთუ იშვიათად ჩვილის უგუნებობის, ჭირვეულობის, უმადობის მიზეზი ყურია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს?

- ჩვილის ტირილსა და ჭირვეულობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამ დროს მთავარია დედის დაკვირვება - თუ ჩვილი ჭამის დროს მოულოდნელად იწყებს ტირილს, თავს ამოძრავებს ან უარს ამბობს კვებაზე, ამის მიზეზი შეიძლება ყურების ტკივილი იყოს, რადგან წოვითი მოძრაობები ყურის ტკივილს ამწვავებს. ამას თან ერთვის ტემპერატურის მომატება 38-40 გრადუსამდე, ბავშვი იღვიძებს ტირილით, ვეღარ ჩერდება, შეწუხებული ატრიალებს თავს. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება მარტივი პროცედურა: ყურის გარეთა შესასვლელს თუ მსუბუქად დააჭერთ თითს, ჩვილი იგრძნობს ძლიერ ტკივილს, იწყებს ტირილს, ე.ი. მას ყური სტკივა. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა აჩვენოთ ექიმს - ოტოლარინგოლოგს.


- როგორ უნდა მოიქცეს დედა, სანამ პატარას ექიმთან მიიყვანს?

- ყურების ტკივილი პატარას უმეტესად საღამოს ეწყება. თუ ექიმთან მისი მიყვანა ვერ მოხერხდა, მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუმსუბუქოს მას ტკივილი სახლის პირობებში. ჩვილებში ვხვდებით ოტიტის ორ ფორმას: კატარულ ანთებას - ყურიდან გამონადენი არ შეინიშნება და ჩირქოვანს, როცა გამონადენია. ამის გათვალისწინებით მიდგომა და მკურნალობაც სხვადასხვანაირია. კატარული ოტიტის დროს პატარას ყურის ტკივილს დაუამებს სხეულის ტემპერატურამდე წინასწარ გამთბარი ყურის ნებისმიერი წვეთები. ერთ წლამდე ბავშვს უმჯობესია წვეთები ექიმმა დაუნიშნოს. პატარას მდგომარეობას შეუმსუბუქებს მშრალი, თბილი კომპრესიც: დააფარეთ ყურზე ბამბა და დაახურეთ თბილი, მჭიდრო ქუდი. თუ სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მეტი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტწყალნარევი კომპრესი. მართკუთხედი ფორმის დოლბანდის ტამპონი გაჭერით ორად, დაასველეთ სითხეში და ჩამოაცვით ყურზე, შემდეგ დააფარეთ კომპრესის ქაღალდი (პერგამენტის ქაღალდი), დააფარეთ ბამბა და დაახურეთ ქუდი. ასევე აუცილებელია ყურის წვეთების სწორად ჩაწვეთების ცოდნა. თუ ტკივილს გამონადენი ახლავს და ექიმმა ყურის წვეთები დაგინიშნათ, ბავშვს ჯერ ბამბის მშრალი ტამპონით გამოუსუფთავეთ ყური და შემდეგ ჩააწვეთეთ სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი წვეთები (გასათბობად წვეთები ჩაუშვით თბილ წყალში) - პატარა დააწვინეთ გვერდზე, მტკივანი ყურით ზემოთ, ცალი ხელით ყურის ნიჟარა აუწიეთ ზევით და უკან, რათა სასმენი მილი გასწორდეს და ჩააწვეთეთ გამთბარი წვეთები. შემდეგ ჩაუდეთ მშრალი ბამბა, რამდენიმე წუთი ასე დააყოვნეთ და მეორე გვერდზე გადააბრუნეთ, რომ წამალი მეორე ყურშიც ჩააწვეთოთ. დაიმახსოვრეთ! განურჩევლად იმისა, ბავშვს ცხვირიდან აქვს თუ არა გამონადენი, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საბავშვო წვეთების ცხვირში ჩაწვეთებაც აუცილებელია - ორივე ნესტოში დღეში 3-4-ჯერ. თუ ექიმმა ცხვირის აეროზოლი დაგინიშნათ, ჯერ ერთხელ უნდა შეასხუროთ, კარგად გამოუსუფთაოთ ცხვირი მშრალი ტამპონით და პროცედურა გაიმეოროთ. ჩირქოვანი ოტიტის (ანუ ყურიდან გამონადენის) დროს ყური ჩირქისგან უნდა გავათავისუფლოთ, დავამუშაოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, ამოვამშრალოთ ბამბის ტამპონით და ბავშვი დასაძინებლად დავაწვინოთ მტკივანი ყურის მხარეს, რომ ჩირქი ყურში არ დაგროვდეს. ჰორიზონტალურად წოლისას პატარას ტკივილი უძლიერდება, ამიტომ თავი 30-45 გრადუსით წამოუწიეთ. ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი, რა თქმა უნდა, ასაკის გათვალისწინებით. პარაცეტამოლი სხვადასხვა ფორმით გამოდის - აბი, სიროფი, სანთელი. გაითვალისწინეთ ბავშვის მდგომარეობა და ისე გადაწყვიტეთ, მისთვის რომელი უმჯობესია.

თუ ტკივილი გაუყუჩდა

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პატარას ტკივილი უყუჩდება, მშვიდდება და ჩაიძინებს, მშობელი კი უკვე აღარ ჩქარობს ექიმთან მის მიყვანას. ასეთი საქციელი გაუმართლებელია! ყველა ის მანიპულაცია, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, პირველი სამედიცინო დახმარებაა და მშობელს მხოლოდ ექიმთან მისვლამდე გამოადგება. გირჩევთ, ნუ დაიმშვიდებთ თავს და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს - თუ მკურნალობა ბოლომდე არ ჩატარდა, შესაძლოა ანთება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და სერიოზული გართულებები განვითარდეს. ერთ-ერთი ასეთი გართულებაა ბაქტერიული მენინგიტი.

- შეგვიძლია თუ არა ოტიტის თავიდან აცილება?

- ოტიტის პროფილაქტიკას უშუალო კავშირი აქვს ჰიგიენასთან, ჰიგიენური პროცედურების სწორად ჩატარებასთან. გარდა ამისა, გირჩევთ:

  • დიდხანს აწოვოთ თქვენს პატარას ძუძუ;
  • კვებისას შეურჩიოთ მოხერხებული პოზა - უფრო ვერტიკალური, ვიდრე ჰორიზონტალური;
  • ბანაობისას ეცადეთ ყურებში წყალი არ ჩაუვიდეს. თუ მაინც ჩაუვიდა, კარგად გამოუმშრალეთ ბამბის ტამპონით;
  • ექიმთან ერთად შეიმუშავეთ გაკაჟების პროგრამა, რომ ჩვილის ორგანიზმმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებს;
  • ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულებისა და კონტროლის გარეშე;
  • დროულად უმკურნალეთ ცხვირ-ხახის დაავადებებს.

გოგირდისგან ყურების ღრმა გასუფთავება ხშირად არ არის სასურველი - ჯანმრთელ ყურებში 1-2 კვირაში ერთხელ თვითგაწმენდის პროცესი მიმდინარეობს, თანაც გოგირდს ბაქტერიების საწინააღმდეგო ფუნქცია აკისრია. როცა წამოიზრდება, ასწავლეთ ბავშვს ცხვირის სწორად მოხოცვა - ერთი ნესტო თითით უნდა იყოს დახშული, ხოლო პირი ოდნავ ღია; გადააჩვიეთ პატარა სურდოს დროს გამონადენის უკან შესუნთქვას.

ყურების გაწმენდა

ყურების გაწმენდის დროს მიზანშეუწონელია:

  • სპირტის გამოყენება. მისი მაღალი კოცენტრაცია აზიანებს კანს და შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს;
  • ჩხირზე ან ასანთის ღერზე ხელით დახვეული ბამბის ტამპონად გამოყენება. ამით შესაძლებელია ტრავმა მიაყენოთ ყურს - გახვრიტოთ დაფის აპკი. თუ ჩხირი გატყდა, საჭირო გახდება სპეციალისტის დახმარებით ამოღება;
  • ყურიდან გოგირდის თითით მოშორება - არსებობს რისკი ფრჩხილით გაჩხაპნისა, დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისა;
  • ჯანმრთელი ყურების ჰიგიენური პროცედურებისთვის ყურის სამკურნალო წვეთების გამოყენება;

თუ პატარა ალერგიული არ არის, შეგიძლიათ ყურის ტკივილის სამკურნალოდ ბალახებისგან დამზადებული ნაყენები გამოიყენოთ:

  • დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ პიტნის ან ბარამბოს ფოთლების ნაყენი;
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს კალენდულის ყვავილის ნაყენს. ჩააწვეთეთ დღეში 4-ჯერ, თბილი ხსნარი;
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს ევკალიპტის ფოთლების ნაყენსაც;
  • მრავალძარღვას ფოთლებისგან მომზადებული მალამოთი გაჟღენთილი ბამბის ტამპონი კი შეგიძლიათ ჩაუდოთ ყურში და დაუტოვოთ მთელი ღამით.