რა არის აუდიომეტრია და როდის მიმართავენ ამ კვლევას
სმენის დარღვევის გამოსავლენად გამოიყენება სადიაგნოსტიკო მეთოდი ტონალური აუდიომეტრია. ეს პროცედურა სმენის სიმახვილის განსაზღვრის საშუალებას იძლევა ხმის სიგნალის სხვადასხვა სიხშირის პირობებში.
აუდიომეტრია ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
- შუა და შიგნითა ყურის სხვადასხვა დაავადებებისას, რომელთაც შეიძლება სმენადობის გაუარესება გამიწვიონ;
- ნერვული სისტემის დაავადებებისას, როდესაც ზიანდება სმენის ნერვები ან სმენაზე პასუხისმგებელი ტვინის ზონები;
- ყურისა და თავის ტრავმებისას, რამაც შეიძლება სმენა დაარღვიოს;
- პროფესიული დაავადებების რისკისას;
- სმენის აპარატის შერჩევისას.
ამ კვლევას არ გააჩნია უკუჩვენება და არ საჭიროებს მომზადებას.
აუდიომეტრიის სახეები
არსებობს ამ პროცედურის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი თავისებურებები გააჩნია.
მეტყველებით აუდიომეტრიას სპეციალური საშუალებები არ სჭირდება. მისი ჩატარებისას ექიმი პაციენტისგან 6 მეტრის მანძილზე დგება და სიტყვების სპეციალურ ნაკრებს ჩურჩულით ან ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვამს. პაციენტმა ის უნდა გაიმეოროს. პროცედურა ინიშნება სმენის ორგანოების მუშაობის შესაფასებლად ან სკრინინგული კვლევისთვის.
მეთოდი სუბიექტურია, რადგანაც პაციენტმა შეიძლება ექიმი შეაცდინოს. ამასთან, სმენადობის ხარისხის სხვაობა მარცხენა და მარჯვენა ყურში ძნელი გასარჩევია.
ტონალური წინა მეთოდიკის ანალოგიურია, მაგრამ პაციენტმა უნდა გაიგოს არა მეტყველება, არამედ სხვადასხვა სიხშირის ბგერები. მან ღილაკს ხელი უნდა დააჭიროს ბგერის გაგების დაწყების მომენტში.
კვლევის შედეგია აუდიოგრამის გრაფიკი, რომელიც აჩვენებს პაციენტის სმენის ხარისხის დამოკიდებულებას ხმოვანი სიგნალის სიხშირესთან. მეთოდის უპირატესობაა ის, რომ საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოცემულ სიხშირეზე სმენადობის დარღვევა. ამ მეთოდის დახმარებით განისაზღვრება მარჯვენა და მარცხენა ყურს შორის სმენადობის სხვაობა, სხვადასხვა წარმოშობის ხმოვანი სიგნალების ზღვრული მნიშვნელობა.
მეთოდის ნაკლოვანებას წარმოადგენს პაციენტისთვის დისკომფორტი.
კომპიუტერული აუდიომეტრია – მეტად ეფექტური მეთოდია. მის საფუძველს წარმოადგენს უპირობო რეფლექსების გამოყენება, რომელიც აღმოცენდება ხმოვანი გაღიზიანებისას. პაციენტის ცნობიერება არ ერთვება ტესტის პროცესში, ყველაფერი ხდება რეფლექსების დონეზე. ბგერის სიხშირესა და ხმამაღლობაზე პაციენტის რეაქციის ფიქსირება ავტომატურად ხდება.
ამ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი რეფლექსორული გამოვლინება და რეაქცია:
- მკვეთრ ბგერებზე ქუთუთოების შეკუმშვა და დახუჭვა;
- გუგების შევიწროება/გაფართოება გარკვეული ტონალობის ბგერებისას;
- კანის ელექტრული წინაღობის ცვლილება;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის პარამეტრების ცვლილება – წნევა, გულისცემისა და პულსის ცვლილება;
- ორგანიზმის სხვა ფუნქციების დათრგუნვა/დაჩქარება.
კვლევის ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ბავშვებთან და ფსიქიკური პრობლემის, მეტყველების ან კოორდინაციის დარღვევის მქონე პაციენტებთან.
მიღებული აუდიოგრამით ექიმი განსაზღვრავს პაციენტის მიერ ბგერის აღქმის ხარისხსა და სმენის დაქვეითების დონეს.
არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლის მიხედვითაც ფასდება სმენის ორგანოების აღქმის ხარისხი.
აუდიომეტრია შეიძლება სხვა დიაგნოსტიკურ პროცედურებთან ერთად იქნეს გამოყენებული.
სმენის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ყურში მიმდინარე პროცესებმა, არამედ ტვინში სმენის ნერვის საშუალებით სიგნალის გადაცემის დარღვევამ.
დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდის ერთდროულად გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს დიფერენციალური დიაგნოზის დადგენას. პაციენტთან მიდგომა საჭიროა არა ცალკეული ორგანოების დაავადებების კუთხით, არამედ კომპლექსურად, რაც მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიწროდ სპეციალიზებული კვლევა და მკურნალობა.
სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი და ორგანიზმის ბევრი ფუნქცია დაკავშირებულია კარგ სმენადობასთან, ამდენად აუდიომეტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
აუდიოდიაგნოსტიკის სწორი ორგანიზაციისას დანახარჯები მინიმალურია, მაგრამ მიღებული ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხარისხიანი შეფასების საშუალებას იძლევა.
სმენის დაკარგვისგან არავინაა დაზღვეული. პროფილაქტიკისთვის პროცედურის დროული ჩატარება სმენის ორგანოების დაავადებათა არიდებისა და სმენის ხანდაზმულობამდე შენარჩუნების საშუალებას იძლევა.