ცხვირის დანამატი წიაღები სინუსები
რა არის სინუსები?
თავის ქალას ძვლებს შორის ზოგიერთი მათგანი შეიცავს ღრუებს, რომლებშიც ჰაერია მოთავსებული, ისინი დაკავშირებულნი არიან ცხვირის ღრუსთან, ამიტომ მათ ატმოსფეროსთან მუდმივი კავშირი აქვთ.
ამ თავისებურებათა გამო ასეთ ძვლებს ჰაეროვან ძვლებს, მათ ღრუებს კი წიაღებს, ანუ სინუსებს უწოდებენ.
ადამიანის სხეულში პარანაზალური, ცხვირის დანამატი წიაღები ჩანასახოვანი განვითარების ეტაპზე ფორმირდება და პროცესი სქესობრივი მომწიფების შემდგომ, დაახლოებით 20 წლის ასაკში სრულდება.
სინუსები შიგნიდან მოციმციმე ეპითელით, ლორწოს მაპროდუცირებელი უჯრედებითაა ამოფენილი, რომლებიც მოძრაობით ლორწოს წიაღების გასასვლელებისკენ განდევნიან, დაახლოებით 1 სმ/წთ-ში სიჩქარით. წიაღების გასასვლელები მცირე ზომისაა, დაახლოებით 1-2მმ-ის.
როგორც ცხვირის ღრუში, სინუსებშიც მუდმივად წარმოიქმნება სეკრეტი და შეუმჩნევლად ჩაედინება ცხვირის ღრუში, რამდენადაც სინუსები ვიწრო გასავლით ცხვირის ღრუს უკავშირდებიან.
ადამიანს ცხვირის 4 დანამატი, ე. წ. პარანაზალური წიაღი აქვს, რომლებიც ლოკაციის შესაბამის სახელს ატარებენ.
- ჰაიმორის წყვილი ღრუ, იგივე ზედაყბის წიაღი, რომელიც ზედაყბაშია და ყველაზე მსხვილია დანარჩენებს შორის, ზომითაც ყველაზე დიდია;
- შუბლის წყვილი წიაღი – მოთავსებულია შუბლის ძვალთან;
- ცხავის ძვლის ლაბირინთის წყვილი წიაღი – ფორმირებულია ცხავის ძვლის ლაბირინთების ფირფიტებით;
- ძირითადი ძვლის წყვილი წიაღი, რომლებიც მოთავსებულია ძირითადი ძვლის სხეულში.
ყველა ეს სინუსი უკავშირდება ცხვირის ღრუს და შესაბამისად, ცხვირის ლორწოვან გარსში გაჩენილი ანთებითი პროცესი, ადრე თუ გვიან, სინუსების არეზეც გადაინაცვლებს ხოლმე.
ზედაყბის სინუსი – ჰაიმორის ღრუ
ჰაიმორის ღრუს სახელი იმ მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც იგი პირველად აღწერა. იგი ყველაზე დიდია 15-45 სმ3, ზედაყბის ძვლის სხეულს მთლიანად იკავებს და უკავშირდება ცხვირის ღრუს შუა გასავალს ზედაყბის ნაპრალით, რომლის დიამეტრი მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 1-1,5 სმ-ია.
ზედაყბის სინუსის ყველაზე სქელი მისი წინა კედელია, მისი უკანა კედელი ერთგვარი არხია, რომლის წყალობითაც ღრუ ჰაეროვანია. არხის დახშობა პირდაპირ იწვევს სინუსის ანთებას.
თავად წიაღის ძირი ნაპრალზე დაბლაა, ამიტომ ანთებისას – ჰაიმორიტისას შიგთავსი ძნელად გადმოდის ცხვირის ღრუში, რაც შედარებით ადვილად ხდება თავის გარკვეულ მდგომარეობაში დაჭერისას.
მისი ქვედა საზღვარი იმდენად ახლოსაა ზედაყბის კბილების ფესვებთან, რომ საკმარისია პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა ან რაიმე პრობლემა, რომ პროცესი საკმაოდ ადვილად ჰაიმორის ღრუშიც ინაცვლებს.
რაც შეეხება ზედა საზღვარს, ის თვალბუდესთან მდებარეობს, ამიტომ ორივე შემთხვევაში თვალბუდეში არსებული ანთებითი პროცესი ინაცვლებს ჰაიმორის სინუსში და პირიქით, სინუსში არსებულმა პროცესმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს მხედველობაზე.
შუბლის ძვლის წიაღი
წყვილია, ვინაიდან იგი გაყოფილია შუაზე ძგიდის საშუალებით, გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ძგიდე არ არსებობდეს, ასევე იშვიათად შესაძლებელია არ იყოს განვითარებული თავად წიაღიც.
ცალკეული ნაწილები ერთმანეთს უშუალოდ არ უკავშირდებიან და შესაძლოა მოცულობით ერთნაირი არც იყოს.
იგი მდებარეობს შუბლის ძვლის კომპაქტურ ფირფიტებს შორის, რომლებიც მის წინა და უკანა კედლებს ქმნიან. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ღრუს სამკუთხედის ფორმა აქვს, წიაღის შესავალი ცხვირის ღრუს შუა გასავალში იხსნება და მისი დიამეტრი 2-6 მმ-ია.
ძირითადი ძვლის წიაღი
იკავებს ძირითადი ძვლის სხეულს, მას ოთხკუთხა წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს, რომლის ფუძის გვერდები დახლოებით 2 სმ-ს აღწევს, ხოლო სიმაღლე 2 სმ-ს უტოლდება.
წიაღის ხვრელი ცხვირის ღრუს ზედა გასავალში იხსნება.
ცხავის ძვლის წიაღი
შედგება მრავალი ცალკეული უჯრედისგან, რომლებიც მთლიანი წიაღების მსგავსად ამოფენილნი არიან ლორწოვანით, ცალკეული უჯრედის მოცულობაა 0.2-0.5მმ3, ხოლო ყველასი ერთად – 7-9მმ3, ყველაზე დიდი უჯრედია ცხავის ძვლის ბუშტულა.
წიაღის უჯრედები განლაგების მიხედვით დაყოფილია წინა, შუა და უკანა ფირფიტებად, ცხავის ძვლის წინ და ზევით მდებარე უჯრედები ცხავის ძაბრის საშუალებით იხსნებიან და უკავშირდებიან შუბლის ძვლის წიაღს.
სინუსთა ფუნქციები
ცხვირის დანამატი ღრუების ფუნქციათა შესახებ სპეციალისტები ჯერ კიდევ კამათობენ, თუმცა ცნობილია, რომ ისინი მონაწილეობენ შემდეგი პროცესების განხორციელებაში:
- ამცირებენ თავის ქალას ძვლების მასას;
- სასუნთქი – შესუნთქულ ჰაერს ფილტვებში მოხვედრამდე ატენიანებენ და ათბობენ;
- დაცვითი – მოციმციმე ეპითელისა და ლორწოვანი გარსის დახმარებით ნებისმიერი მავნე ქიმიური ელემენტი ყოვნდება და გამოიდევნება ორგანიზმიდან, ისე რომ მათ ორგანიზმში მოხვედრის საშუალება არ ეძლევათ, ამასთან სახის ტრავმების დროს სინუსები მნიშვნელოვნად ამცირებენ დარტყმით ძალას;
- სამეტყველო – მონაწილეობენ ხმის ტემბრისა და ხმის სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების ფორმირებაში – ცხავის ძვლის და ძირითადი ძვლის სინუსები რეზონირებენ შედარებით მაღალ ბგერებს, ზედაყბისა და შუბლის სინუსები კი შედარებით დაბალი ტონების რეზონატორებია.
რამდენადაც მოზრდილი ადამიანის სინუსების ზომა არ იცვლება, შესაბამისად, ადამიანის ხმის ტემბრიც ცხოვრების მანძილზე უცვლელია. უმნიშვნელო ხმის ცვლილებას იწვევს სინუსების ანთება, რომელსაც მათი ლორწოვანი გარსის შესქელება სდევს თან.
- ყნოსვითი – ქმნიან სუნებისა და არომატების ამოცნობის საშუალებას.