ქრონიკული სინუსიტი
ზოგჯერ სინუსიტს აქვს რეკურენტული (შებრუნებითი) მიმდინარეობა – წელიწადში 4 და მეტი გამწვავება, რომელთაგან თითოეული არ გრძელდება 30 დღეზე მეტხანს, მაგრამ ეპიზოდი მეორდება სულ მცირე 10-დღიანი გაუმჯობესების შემდეგ. თუ სინუსიტის სიმპტომები 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობისაა, საუბარია ქრონიკული სინუსიტის შესახებ.
ქრონიკული სინუსიტისას ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების – სინუსების – ლორწოვანის ანთება 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობისაა. როგორც წესი, სინუსების ქრონიკულ ანთებას თან ახლავს ცხვირის ლორწოვანის ანთებითი შეშუპებაც ანუ რინიტიც. ამის გამო ხშირად საუბრობენ ქრონიკული რინოსინუსიტის შესახებ. ქრონიკული სინუსიტი ხშირად არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის განმეორებითი ეპიზოდების შედეგია.
არცთუ იშვიათად ქრონიკული სინუსიტის წამყვანი მიზეზი თავდაპირველი ინფექცია არ არის და დაავადება დაკავშირებულია ალერგიასთან ან ცისტურ ფიბროზთან (დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია სეკრეციის პროცესი), ინფექციური პროცესი კი მეორეულად ვითარდება.
ქრონიკული სინუსიტისას სინუსების ამომფენი ლორწოვანი ანთების გამო შეშუპებულია, ანთებითი სეკრეტის გამოყოფა მომატებულია, ამავე დროს ანთებითი შეშუპებით გამოწვეული ობსტრუქციის (დახშობის) გამო დარღვეულია წიაღების ნორმალური დრენირება (სეკრეტისაგან დაცლა).
განასხვავებენ ქრონიკული სინუსიტის რამდენიმე მთავარ სახეს:
- ქრონიკული სინუსიტი პოლიპების გარეშე;
- ქრონიკული სინუსიტი პოლიპებით – პოლიპი არის ცხვირის ლორწოვანის ანომალიური ზრდის შედეგად ჩამოყალიბებული წარმონაქმნი;
- ალერგიული სოკოვანი რინოსინუსიტი – დაკავშირებულია სოკოს სპორების მიმართ ცხვირისა და სინუსების ალერგიულ რეაქციასთან.
ქრონიკული სინუსიტის მიზეზები
ქრონიკული სინუსიტი მრავალი ფაქტორის კომბინაციის შედეგია, რაც ქმნის ანთებითი რეაქციის ქრონიკული მიმდინარეობის პირობებს. ამ ფაქტორთაგან აღსანიშნავია:
- ცხვირის ღრუს პოლიპები – როგორც აღვნიშნეთ, პოლიპი არის ანომალიური ქსოვილოვანი წარმონაქმნი. მისი არსებობა იწვევს წიაღის სავალების დახშობას და არღვევს წარმოქმნილი ლორწოს და ანთებითი სეკრეტის დრენირებას (გამოყოფას). პოლიპი ხელს უშლის ცხვირის სეკრეტის გამოყოფასაც.
- ცხვირის ძგიდის გამრუდება – ძგიდის გამრუდებისას ძგიდის სიმეტრია დარღვეულია, შედეგად ცხვირის ღრუს ერთი მხარე შევიწროებულია და წიაღების დაცლაც შეფერხებულია. იქმნება სინუსების ანთების ქრონიკული მიმდინარეობის და მისი სიმპტომების გაუარესების პირობები.
- სისტემური დაავადებები – ქრონიკული სინუსიტის მიზეზი შეიძლება იყოს ცისტური ფიბროზი, შიდსი, ანთებითი და იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე სხვადასხვა დაავადება.
- სასუნთქი სისტემის განმეორებადი (რეკურენტული) ინფექციები – ზედა და/ან ქვედა სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი) იწვევენ სინუსების ამომფენი ლორწოვანის ქრონიკულ ანთებას და საბოლოოდ ქრონიკულ სინუსიტს.
- ალერგია – სინუსებისა და ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საყოფაცხოვრებო ალერგენებზე ანთებით პასუხთან.
იშვიათ შემთხვევებში ზედაყბის სინუსის ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს კბილის ინფექციით.
ქრონიკული სინუსიტის რისკფაქტორები
ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად ქრონიკული სინუსიტის აღმოცენებას ხელს უწყობს გარკვეული ფაქტორები. მათ შორის აღსანიშნავია:
- ალერგია ასპირინის მიმართ;
- პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და კბილის ინფექციები;
- დაბინძურებული გარემოს (თამბაქოს კვამლი, საწარმო მავნე გაზები) ზემოქმედება.
როგორ ვლინდება ქრონიკული სინუსიტი
ქრონიკული სინუსიტის სიმპტომებია:
- ცხვირის ღრუს ანთება;
- ცხვირის ქავილი;
- ცხვირიდან სქელი თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო გამონადენი. გამონადენის მოყვითალო ფერი მიგვანიშნებს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციაზე.
ხახის უკანა კედელზე ჩადინების შეგრძნება, რაც იწვეევს დისკომფორტს ხახაში, მის გაღიზიანებას, ხველას. ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინება არის ლორწოვანის დრენირების შედეგი – სავალი გზების დახშობის გამო სეკრეტი ცხვირის ღრუდან ვერ გამოიყოფა და ჩაედინება უკან.
- ცხვირის დახშობა (ობსტრუქცია), გაჭედვა;
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
- ტკივილი, შეშუპება თვალბუდის, ლოყის, ცხვირის, შუბლის არეში;
- ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება;
- ხმის ცვლილება;
- ყურის ტკივილი – უმთავრესად უკავშირდება ევსტაქის მილის დახშობას;
- ზედა ყბისა და კბილების ტკივილი, განსაკუთრებით ეშვის (მე-4 კბილი) არეში;
- ხველა;
- ხშირი ამოხველების სურვილი;
- ყელის ტკივილის ხშირი ეპიზოდები, რისი მიზეზიცაა სუნთქვა ღია პირით ცხვირის ბლოკადის გამო და სეკრეტის მუდმივი ჩადინება ხახის უკანა კედელზე;
- ცუდი სუნი პირიდან;
- ძილის დარღვევა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- სისუსტე.
ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზი
პაციენტის ჩივილების მიხედვით ექიმი ვარაუდობს ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზს. გასინჯვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მტკივნეულობა ცხვირისა და სახის არეში, გარკვეული ცვლილებები ცხვირისა და ცხვირხახის დათვალიერებისას. დიაგნოზის დადგენისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს:
- კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა – ამ დროს დეტალურად შეისწავლება ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ანატომია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ანატომიური წარმონაქმნები და ცვლილებები (მაგალითად, პოლიპები, სიმსივნური წარმონაქმნები), რომელთა დადგენაც სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებისას რთული ან შეულებელია.
- ენდოკსოპია – სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემით აღჭურვილი ხელსაწყოთი შესაძლებელია დათვალიერდეს ცხვირის ღრუ და წიაღები, გამოვლინდეს ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები, სიმსივნური წარმონაქმნი.
- ალერგიული ტესტები – ზოგჯერ, როცა ქრონიკული სინუსიტის მიზეზი ალერგიაა, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური კანის სინჯი ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რათა თავიდან ავიცილოთ აღნიშნული ფაქტორის ზემოქმედება.
- ცხვირის ღრუს და სინუსების სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – ჩვეულებრივ, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ქრონიკული სინუსიტის დიაგნოზის დაზუსტებისა და დაავადების მკურნალობისათვის აუცილებელი არ არის, თუმცა არის იშვიათი შემთხვევები, როცა დანიშნული ანტიბიოტიკი მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს და პაციენტის მდგომარეობა უარესდება. ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ცხვირის ღრუს სეკრეტის აღება და მისი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
როგორ ვუმკურნალოთ ქრონიკულ სინუსიტს
ქრონიკული სინუსიტის სამკურნალოდ გამოიყენება:
- ნაზალური კორტიკოსტეროიდები – ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც სპეციალური გამფრქვევი მოწყობილობით ცხვირის ღრუს ლორწოვანს ეფინება. ჰორმონები ამცირებენ ანთებას, აუმჯობესებენ დაავადების მიმდინარეობას.
- ცხვირის ღრუს დატენიანება მარილოვანი ხსნარებით – ცხვირის ღრუს დამატენიანებელი სპეციალური ხსნარების გამოყენებით შესაძლებელია შემცირდეს ანთებითი სეკრეტის გამოყოფა, ცხვირის ღრუს ლორწოვანზე ჰაერში არსებული ალერგიის გამომწვევი და გამღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედება.
- ჰორმონების გამოყენება ტაბლეტების ან ინიექციის სახით – მკურნალობის ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ცხვირის პოლიპების გამო აღმოცენებული ქრონიკული სინუსიტისას. მკურნალობა შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გადაწყდეს.
- ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები – როცა სინუსიტის მიზეზი ალერგიაა, შესაძლოა დაინიშნოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები – მათი გამოყენება აუცილებელია, როცა დგინდება სოკოთი გამოწვეული ინფექცია.
- მკურნალობის უახლესი მეთოდი – როცა პაციენტს აქვს ქრონიკული სინუსიტი და ცხვირის ღრუს პოლიპები, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ომალიზუმაბი ან დუპილუმაბი – მონოკლონური ანტისხეულების (ბოლოგიური) პრეპარატები. მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენებით შესაძლებელია პოლიპების ზომების, ცხვირის გაჭედვის შემცირება.
ქრონიკული სინუსიტის ქირურგიული მკურნალობა
არის შემთხვევები, როცა ქრონიკული სინუსიტის მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია. ასეთ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე ხშირად ენდოსკოპიურად ტარდება. ენდოსკოპიით ექიმი ადგენს სინუსების დახშობის მიზეზს, ცდილობს მათ მოცილებას, სავალების გაფართოებას დრენირების გაუმჯობესების მიზნით.
როგორ ავიცილოთ ქრონიკული სინუსიტი
ქრონიკული სინუსიტის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:
- თავიდან ავიცილოთ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია – ამისათვის საჭიროა ავირიდოთ კონტაქტი მათთან, ვისაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია („გაციება“) აქვს, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, გადავეჩვიოთ ხელით ცხვირთან და პირთან შეხებას.
- ვმართოთ ალერგია – ექიმის დანიშნულების ზუსტი შესრულებით შევამციროთ ალერგიის სიმპტომები, თავიდან ავიცილოთ ალერგიის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედება.
- არ მოვწიოთ, ავირიდოთ დაბინძურებულ გარემოში ყოფნა;
- ოთახში შევინარჩუნოთ ნორმალური ტენიანობა.