როცა სმენა გვღალატობს
ძალუძს თუ არა თანამედროვე მედიცინას, სმენადაქვეითებულებს დაეხმაროს? ამაზე ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი გვესაუბრება.
- ქალბატონო მაია, რა არის სიყრუე, როგორ განისაზღვრება იგი?
- სმენის დარღვევა პრობლემაა, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ნებისმიერი ადამიანი. ამ პრობლემის მოგვარება პაციენტის მშობლების, ახლობლების, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, პედაგოგ-დეფექტოლოგების, ლოგოპედების და სხვათა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სმენის სრული ან ნაწილობრივი დარღვევა ბგერების აღმოჩენისა და გაგების უნარის დაქვეითებაა. სმენა შეიძლება დაერღვეს ნებისმიერ ორგანიზმს, რომელსაც კი ბგერების აღქმის უნარი აქვს. ბგერითი ტალღები ერთმანეთისგან სიხშირითა და ამპლიტუდით განსხვავდება. სმენის დარღვევა ზოგიერთი (ან ყოველგვარი) სიხშირის ანდა დაბალი ამპლიტუდის ტალღების აღქმის უუნარობა გახლავთ.
- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს სიყრუე?
- სიყრუე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. პირველი დაბადებიდანვე დაჰყვება ადამიანს, ხოლო მეორე სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში ვითარდება. თანდაყოლილ და შეძენილ სიყრუეს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში დარღვეულია სმენის ორგანოთა ფორმირება ჩანასახოვან პერიოდში, ხოლო მეორე ნორმალურად ფორმირებული სმენის ორგანოების არახელსაყრელ ფაქტორთა ზემოქმედებით განპირობებული დაზიანების შედეგია.
- რა როლს ასრულებს თანდაყოლილი სიყრუის განვითარებაში მემკვიდრეობითი ფაქტორი?
- თანდაყოლილი სიყრუე მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს და არამემკვიდრეობითიც. მაგალითად, გამოწვეული იყოს გენეტიკური დაავადებით, რომელსაც ვარდენბურგის სინდრომი ეწოდება. თანდაყოლილი სიყრუე უმეტესად მემკვიდრეობითია და თაობებიდან თაობას გადაეცემა. იგი ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებით, რომელიც მოქმედებს ნაყოფზე (ასეთია გრიპი, წითელა, წითურა), ასევე - დედის მიერ ორსულობის პირველ თვეებში (როდესაც სმენის ორგანოების ჩანასახი განსაკუთრებით სათუთია) ალკოჰოლის გამოყენებით ან ზოგიერთი მედიკამენტის (სტრეპტომიცინი, კანამიცინი, მონომიცინი და სხვა) მიღებით.
- კიდევ რა კრიტერიუმებით შეიძლება მოვახდინოთ სიყრუის კლასიფიკაცია?
- სმენის დაკარგვის კლასიფიკაცია შეიძლება სმენის სისტემის იმ ნაწილის დაზიანების საფუძველზე, რამაც სიყრუე გამოიწვია. როდესაც პროცესში ჩართულია ნერვული სისტემა, სმენის სენსონერვულ დარღვევებზე ვლაპარაკობთ, ხოლო როდესაც ყურის ის ნაწილია ჩართული, რომელიც ნერვებისთვის ბგერის გადაცემაზე აგებს პასუხს, მაშინ ვამბობთ, რომ დაკარგულია სმენის გამტარობა.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა?
- შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე მიზეზი:
- ხმაური. თუ ადამიანი ცხოვრობს მეგაპოლისში, დიდ ქალაქში, სადაც ბევრი ხმაურია, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება მის ყურთასმენაზე. ხმამაღალი მუსიკის ხშირი და ხანგრძლივი მოსმენაც სმენის დაქვეითების რისკფაქტორია.
- ასაკი. ორგანიზმის დაბერების კვალდაკვალ ადამიანის შიგნითა ყურშიც ხდება ცვლილებები.
- დაფის აპკის გახეთქვა ინფექციის (ანთების) ან ტრავმის შედეგად.
- არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგიური პროცესი (მენიერის დაავადება, სიფილისი, ნერვის სიმსივნე) ან ტოქსიკური პრეპარატი განსაზღვრულ ნერვებს აზიანებს და ეს სმენის დაქვეითების მიზეზად იქცევა (სწორედ ეს არის სმენის სენსონერვული დაქვეითება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ).
ცნობილია გაურკვეველი მიზეზით სმენის დაკარგვის შემთხვევებიც. ამას იდიოპათიურ სმენის დაკარგვას ვუწოდებთ.
- როგორ შეიძლება გამოვლინდეს სიყრუე?
- თავად პაციენტისთვის დაავადების სიმპტომები ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ახლობლები და ოჯახის წევრები ყოველთვის ამჩნევენ ცვლილებებს, მაგალითად, იმას, რომ ადამიანი ბოლო ხანს ხმამაღლა უსმენს ტელევიზორს, საუბრისას ყვირის და ასე შემდეგ. ზოგჯერ პაციენტს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ყურები დახშული აქვს.Gგარდა ამისა, სიყრუის განვითარებისას ადამიანს შესაძლოა ჩაესმოდეს გარეშე ხმაური, გრძნობდეს თავბრუხვევას... სიყრუე საგრძნობლად არღვევს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის სამუშაოს შესრულებაში და საფრთხესაც კი უქადის. საბედნიეროდ, არსებობს სასმენი აპარატები, რომლებიც ასეთ ხალხს სმენის გაუმჯობესებაში ეხმარება.
- როგორ ხდება სიყრუის დიაგნოსტიკა?
- სიყრუის დიაგნოსტიკა ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, დაავადების ისტორიასა და აუდიოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. ამ უკანასკნელის მეშვეობით ექიმს შეუძლია დაადგინოს, რომელ სტადიაშია დაავადება. სმენის გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს, მაღალი სიზუსტით განვსაზღვროთ სმენის დარღვევა. შესაძლოა სირთულეებმა იჩინოს თავი ადრეული ასაკის ბავშვების გამოკვლევისას და სმენის გამოკვლევის ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენებით (მეტყველებით, კამერტონებით, აუდიომეტრით) მიზანს ვერ მივაღწიოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ჟღერადი სათამაშოები. უკანასკნელ ხანს ადრეული ასაკის ბავშვებში სმენის დარღვევების დიაგნოსტიკისთვის ფართოდ იყენებენ სპეციალური კომპიუტერული ხელსაწყოების საშუალებით გამოწვეული სმენითი პოტენციალების რეგისტრაციას.
- შესაძლებელია თუ არა სიყრუის პროფილაქტიკა და მკურნალობა?
- შეძენილი სიყრუის მრავალი ფორმა შეიძლება თავიდან ავიცილოთ ან განვკურნოთ. სიყრუეს თავიდან ავიცილებთ, თუ მოვერიდებით ხმაურს, მაღალ ბგერებს, რადგან დაფის აპკი ძალზე მგრძნობიარეა, დავიცავთ შრომისა და დასვენების ჰიგიენას, გულისყურით მოვეკიდებით ბავშვთა ტრავმატიზმის პროფილაქტიკას, დროულად და სწორად ვუმკურნალოებთ ინფექციებს. ზოგჯერ ძალიან ეფექტურია მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა.
გაცილებით რთულად არის საქმე თანდაყოლილი, განსაკუთრებით კი მემკვიდრეობითი სიყრუის შემთხვევაში. სმენის ასეთი დარღვევების დროს ადამიანს შეიძლება დავეხმაროთ სასმენი აპარატით, ურთულესი და ძალიან ძვირადღირებული ოპერაციით - ლოკოკინას იმპლანტაციით და პედაგოგიური რეაბილიტაციის სისტემით.
თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი სიყრუის დროს სმენის სრული აღდგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკასა და ადრეულ დიაგნოსტიკას. პროფილაქტიკა გულისხმობს მომავალი მშობლებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; ქრონიკული ინფექციების მკურნალობას; წითურასა და სხვა ინფექციების ვაქცინაციას, ანუ ყოველივე იმას, რასაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჰქვია. ეს თანდაყოლილი სიყრუის რისკის შემცირების რეალური გზაა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვებში სმენის დარღვევების ადრეული გამოვლენა - რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უკეთესი იქნება შედეგი. ექიმ აუდიოლოგებსა და სურდოლოგებს სათანადო გამოცდილებაც აქვთ და აპარატურაც საიმისოდ, რომ სმენის გამოკვლევა ყველაზე პატარებსაც კი ჩაუტარონ.
გენეტიკური სიყრუის შემთხვევაში კი ურიგო არ იქნება ოჯახმაც ჩაიტაროს სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაცია - ეს დაგვეხმარება, დავადგინოთ სიყრუის ტიპი და განვსაზღვროთ სმენადარღვეული ბავშვის დაბადების ალბათობა. მკურნალობა სმენის დაკარგვის მიზეზზეა დამოკიდებული. სახელდობრ:
- თუ მიზეზი ყურში გოგირდის საცობია, ის უნდა მოცილდეს;
- როდესაც საქმე გვაქვს ყურის ინფექციასთან, უნდა ჩატარდეს მისი მკურნალობა შესაბამისი საშუალებებით;
- უნდა შეწყდეს იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ოტოტოქსიკურობით გამოირჩევა.
ზოგჯერ კი აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
- რაკი მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს შევეხეთ, იქნებ ისიც გვითხრათ, დანერგილია თუ არა ეს მეთოდი საქართველოში.
- ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება სმენის აღდგენის ოპერაცია - კოხლეარული იმპლანტაცია, რომელსაც პროფესორი შოთა ჯაფარიძე ახორციელებს. სხვათა შორის, სწორედ ახლა, ჩვენი საუბრის დროს, მიმდინარეობს რიგით მეასე პაციენტის ოპერაცია.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ სმენის დაკარგვის დროს ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად იცვლება. როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა ამ შემთხვევაში ადაპტაცია?
- ზრდასრული ადამიანისთვის ეს არის შრომის უნარის შეზღუდვა (საყვარელი სამსახურის დაკარგვიდან სრულ ინვალიდობამდე), სირთულეები ახლობლებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისას და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სმენის დაკარგვის დროს აუცილებელია ადამიანმა მოახერხოს შეგუება და ისწავლოს ცხოვრება ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტოზური თუ სხვა სამედიცინო ჩარევის შედეგად დაავადების სიმპტომები გაივლის ხოლმე.
გაცილებით სერიოზული შედეგები მოაქვს სმენის დაქვეითებას პატარა ბავშვებში. ბავშვები ლაპარაკს სწავლობენ დიდებისაგან გაგონილი მეტყველების მიბაძვით, ამიტომ კარგი სმენა აუცილებელი პირობაა ბავშვის ნორმალური ფსიქო-მეტყველებითი განვითარებისათვის.
სმენადაქვეითებული ბავშვი ხშირად ჩამორჩება თანატოლებს გონებრივი განვითარებით, უჭირს სწავლა, გარდაუვალია სირთულეები ხალხთან ურთიერთობისას, მომავალი პროფესიის არჩევისას. ღრმა სიყრუე ადრეულ ასაკში მკურნალობის დაწყების გარეშე იწვევს მუნჯობასა და ინვალიდობას, ამიტომ ბავშვთა სიყრუე და სმენის დაქვეითება განსაკუთრებით მწვავე პრობლემად მიიჩნევა.
- ყრუმუნჯობისას პათოლოგიური პროცესი სამეტყველო აპარატშიც ხომ არ იჩენს თავს?
- არა, სამეტყველო აპარატის პათოლოგიური ცვლილებები ყრუ-მუნჯებს, ჩვეულებრივ, არ აღენიშნებათ. მეტყველების უუნარობა ანუ სიმუნჯე თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი სიყრუის შედეგია. როგორც მოგახსენეთ, მეტყველების განვითარება ხდება გარშემომყოფთა საუბრის სმენითი აღქმისა და მიბაძვის გზით. თუ ბავშვი ყრუ დაიბადა ან სმენა ერთ წლამდე დაკარგა, სწავლების სპეციალური მეთოდების გამოუყენებლად მეტყველებას ვერ დაეუფლება. როდესაც სმენის დაქვეითება ხდება მოგვიანებით, 2-3 წლის ასაკში, ანუ მაშინ, როდესაც მეტყველება მეტ-ნაკლებად უკვე არის განვითარებული, მაგრამ არასაკმარისად გამყარებული და გამჯდარი, - მეტყველების უნარი იკარგება, თუ მის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად სპეციალური მეთოდები არ გამოვიყენეთ.
- როგორ უნდა მოხდეს სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ადაპტაცია, სად შეუძლიათ მათ განათლების მიღება?
- სმენადაქვეითებულ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური ვარჯიშები, რომელთა საშუალებითაც დაეუფლებიან მეტყველებას, მათ შორის - ზეპირსაც (სურდოპედაგოგიკა). ყრუ-მუნჯებისთვის ზეპირი მეტყველების სწავლებისას გამოიყენება მეტყველების მხედველობითი აღქმა (ტუჩებით კითხვა) და თითების ანბანი - დაქტილოლოგია. დამხმარე საშუალების სახით - ტაქტილურ-ვიბრაციული მგრძნობელობა, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით აქვთ განვითარებული. რაც შეეხება განთლების მიღებას, თბილისში არის სმენადაქვეითებულთა სპეციალური სკოლა, სადაც სმენის დარღვევის მქონე ბავშვები სწავლობენ.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა მშობლებს?
- შვილის განვითარებას ადრეული ასაკიდანვე მიაქციონ ყურადღება. პედიატრთან კონსულტაციისას დაინტერესდით, ხომ არ ჩამორჩება თქვენი შვილი თანატოლებისგან ნერვულ-ფსიქიკური განვითარებით.
თუ ბავშვი:
- არ აქცევს ყურადღებას ხმამაღალ ბგერებს,
- არ ეხმაურება დაძახილს,
- აქვს გაუგებარი, თითქოსდა წაშლილი მეტყველება ან საერთოდ არ ლაპარაკობს,
- ცდილობს, ტელევიზორთან (ან ბგერის სხვა წყაროსთან) ახლოს მივიდეს, ხოლო უფრო მოზრდილ ასაკში - აპარატურას ხმა აუწიოს, - აუცილებელია სპეციალისტის - სურდოლოგის ან აუდიოლოგის - კონსულტაცია. ისინი ბავშვს სათანადო გამოკვლევებს ჩაუტარებენ და დაადგენენ, დაქვეითებული აქვს თუ არა სმენა.
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის სმენის გამოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეპყროთ. კერძოდ, მაშინ, თუ:
- სმენის დაქვეითება ბავშვობაში ოჯახის ერთ-ერთ წევრს მაინც აღენიშნებოდა;
- ორსულობის დროს დედამ გადაიტანა წითურა ან გაუმწვავდა ქრონიკული ინფექცია: ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი;
- ორსულობისას დედა იღებდა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს (სტრეპტომიცინს, კანამიცინს, ნეომიცინს, გენტამიცინს და სხვა), განსაკუთრებით - შარდმდენ საშუალებებთან ერთად;
- დაბადებისას ბავშვს ჰქონდა მძიმე ასფიქსია, რომელმაც ხანგრძლივი სარეანიმაციო ღონისძიებები მოითხოვა;
- ორსულობისას განვითარდა რეზუსკონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის, რომელმაც გამოიწვია ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების მძიმე ფორმა, ჩატარდა ჩანაცვლებითი სისხლის გადასხმა;
- ახალშობილობის პერიოდში ბავშვმა გადაიტანა მძიმე დაავადება, რომელმაც მოითხოვა ფილტვების ხანგრძლივი ხელოვნური ვენტილაცია;
- ბავშვმა გადაიტანა სამშობიარო ტრავმა, განუვითარდა ქალას ძვლების მოტეხილობა და ტვინში სისხლჩაქცევა;
- ბავშვმა გადაიტანა ოტიტი (ბაქტერიული ან სხვა წარმოშობისა), წითელა, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), მენინგიტი, ენცეფალიტი (ოტიტის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვის სმენის მაჩვენებლები აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული);
- ბავშვს გავლილი აქვს მკურნალობა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებით;
- გადატანილი აქვს ქალა-ტვინის ან ყურის ტრავმა;
- აქვს განვითარების თანდაყოლილი მანკი, განსაკუთრებით - გარეთა ყურისა, ქალასა და სახისა.
სმენადაქვეითებული ბავშვის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ოტორინოლარინგოლოგის, სურდოლოგის, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობით, ხოლო რეაბილიტაცია - დეფექტოლოგების, სურდოპედაგოგებისა და ლოგოპედების ხელმძღვანელობით.
- ზემოთ სასმენი აპარატები ახსენეთ. მათი გამოყენება ყველა სმენადაქვეითებულისთვის აუცილებელია?
- სასმენი აპარატი აუცილებელია მათთვის, ვისაც სმენის მაღალი ხარისხის დაქვეითება აღენიშნება. ეს ხელსაწყოები იმისთვის არის მოწოდებული, რომ ასეთმა ადამიანებმა შეძლონ სივრცეში ორიენტირება - გაიგონონ მოახლოებული ტრანსპორტის ხმა, რეაგირება მოახდინონ დაძახებაზე, ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დაწესებულებებში. სმენის პროთეზირება სრულფასოვანი სოციალური რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის ერთადერთი გზაა. მით უმეტეს მნიშვნელოვანია სმენადაქვეითებული და ყრუ ბავშვების დროული და ადეკვატური პროთეზირება. სწორად მომართული ხარისხიანი აპარატი ბავშვს შესაძლებლობას მისცემს, მოუსმინოს საკუთარ თავს და სხვებს, ისწავლოს ლაპარაკი, შეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა, მიიღოს სრულფასოვანი განათლება. ამრიგად, სმენის დროული და ადეკვატური პროთეზირებით ჩვენი შვილების მომავალს უზრუნველვყოფთ.
- ხომ არ უჭირთ პაციენტებს სასმენ აპარატთან შეგუება?
- როდესაც ადამიანი, რომელსაც ცუდად ესმის, იწყებს სასმენი აპარატის გამოყენებას, ხშირად უძნელდება, მაშინვე ისარგებლოს გაძლიერებული სმენის ყველა უპირატესობით. სმენის პროთეზირების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველადი რეგულირება, ადაპტაცია და დაზუსტებითი რეგულირება.
ყველაზე მეტ დროს მოითხოვს ადაპტაცია, რომელიც მოიცავს ფაქტორთა მთელ წყებას. სმენის არხში მოთავსებულ უცხო სხეულთან შეგუება აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. გაცილებით მეტ სირთულეს იწვევს ე.წ. სმენის ქაოსი - გარესამყაროდან მომდინარე ბგერების ნაკადი, რომელიც ერთბაშად მოაწყდება ადამიანის ცნობიერებას. ამ პერიოდში ყველა პაციენტი ერთსა და იმავეს უჩივის: ჟღერადობის არაბუნებრივ ტემბრს (მეტალის ელფერით), ადამიანთა ხმების უჩვეულო ჟღერადობას (განსაკუთრებით - საკუთარი ხმისას) და ფონურ ხმაურს.
ექსპერიმენტულმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ ადაპტაციას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დრო სჭირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხანგრძლივი და მასშტაბური იყო ბგერითი სტიმულაციის არარსებობა.
მეტყველებითი აუდიომეტრიის მიმდინარეობის პროცესში აღმოჩენილ იქნა, რომ აპარატის გამოყენების პირველი 3-6 კვირის განმავლობაში მეტყველების გაგების უნარი საწყის დონეზე რჩებოდა, მხოლოდ ამ ხნის შემდეგ იწყებდა გაუმჯობესებას, ზოგჯერ ეს პროცესი მთელი წელიც კი გრძელდებოდა. ადაპტაციის პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ინტენსიური სწავლების საშუალებით. გარდა ამისა, რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია სასმენი აპარატი, მით უფრო ზუსტად არის მომართული სმენის დაკარგვის შესაბამისად და უფრო ადეკვატურად ახდენს მის კორექტირებას. შესაბამისად, მით უფრო ხანმოკლეა აპარატთან შეჩვევის პერიოდიც.
დაბოლოს, ადაპტაცია მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ადამიანის მოტივაციას. პაციენტმა უნდა გაითავისოს: იმისთვის, რომ შეეჩვიოს სასმენ აპარატს, საჭიროა დრო. აპარატს არ შეუძლია სმენის მყისიერი გაუმჯობესება. ეს არ არის სათვალე, რომლის გაკეთებისთანავე ადამიანი კარგად ხედავს. კარგ სმენას აპარატის მეშვეობით ვერ იყიდით, მასზე ყოველდღიურად უნდა იმუშაოთ. მხოლოდ სათანადო პრაქტიკის არსებობისას აჟღერდება ბგერები ბუნებრივად, ხოლო ტვინი მიეჩვევა ფონურ ხმაურს და აღარ გაგაღიზიანებთ. მიუხედავად იმისა, რომ სასმენი აპარატის გამოყენებას პაციენტი ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს, მან უნდა გააცნობიეროს თავისი მიზანი: ისწავლოს სასმენი აპარატის გამოყენება ყოველდღე და მთელი დღის განმავლობაში. მეორე კვირის ბოლოს მან აპარატი გაღვიძებისთანავე უნდა გაიკეთოს და მოიხსნას მხოლოდ ძილის წინ. სანამ სასმენი აპარატი მფლობელის ცხოვრების ნაწილად არ იქცევა, ამ უკანასკნელის თავის ტვინი ვერ მიიღებს საკმარის სტიმულაციას იმისთვის, რომ ისწავლოს გარესამყაროს რეალური ბგერების ინტერპრეტაცია.
სასმენი აპარატის გამოყენება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი საკუთარ სოციალურ ფუნქციებს ასრულებს, დიდი შეცდომაა. ამ შემთხვევაში აპარატის ჟღერადობა ისევ უჩვეულო იქნება და შედეგად პაციენტმა შესაძლოა უარიც კი თქვას მის გამოყენებაზე.