რატომ დავკარგეთ ყნოსვა?

ზოგიერთი მძაფრად შეიგრძნობს სურნელს, მაშინ როცა სხვები ვერაფერს ამჩნევენ, ზოგიერთს კი სუნის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია. სერიოზულ პრობლემებს ქმნის უსიამოვნო სუნის შეგრძნება. სურნელთა შეგრძნების დაკარგვის ან უსიამოვნო სუნის შეგრძნების შესახებ საუბრისას სხვა პათოლოგიებთან ერთად ცხვირისა და ყელის დაავადებებიც გვახსენდება. ჩვენი სტუმარია მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.
- ხშირად პაციენტები პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობას ყელის დაავადებას უკავშირებენ. რამდენად რეალურია მსგავსი შეხედულება, რომელი დაავადება შეიძლება იქცეს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზად?
- ამ შეხედულებას მართლაც აქვს საფუძველი. მწვავე ან ქრონიკული ტონზილიტი ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთება მართლაც ხშირად იწვევს ყელიდან უსიამოვნო სუნს. ამ დროს სუნის მიზეზი ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში დაგროვილი ჩირქია. არასასიამოვნო სუნის შეგრძნება მწვავე ტონზილიტის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია დაავადების ისეთ ნიშნებთან ერთად, როგორებიცაა ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება. ხშირად, როცა პაციენტი ბავშვია, მშობელი გრძნობს სპეციფიკურ ჩირქის სუნს და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიაქვს ეჭვი, რომ პატარას ჩირქოვანი ტონზილიტი აქვს. ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში კი არცთუ იშვიათად სუნი მუდმივად შეიგრძნობა, ის კბილების გახეხვის შემდეგად არ მცირდება, საკვების მიღებით შეიძლება არასასიამოვნო სუნი მცირე დროით გაქრეს, მაგრამ შემდეგ ისევ აღდგება. ხშირად ქრონიკული ტონზილიტისას არასასიამოვნო სუნთან ერთად პაციენტი აღნიშნავს ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას, ზოგჯერ სისუსტეს, მუხლების ტკივილს, თუმცა არ არის იშვიათი ისეთი შემთხვევებიც, როცა ცუდი სუნი პირიდან იზოლირებული ჩივილია. ზოგჯერ ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ პაციენტები ოპერაციული ჩარევით ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სუნის გამო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ცხვირის ღრუს რომელ პათოლოგიებს შეიძლება ახლდეს თან ცუდი სუნი?
- ბავშვთა ასაკში ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული. პატარა ბავშვმა შესაძლოა ცხვირში პატარა საგანი ისე შეიტენოს, რომ ეს მშობლისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ანთებითი მოვლენები ვითარდება და ჩნდება გამონადენი, რომელიც მალე ჩირქოვან ხასიათს იღებს. სწორედ ჩირქოვანი გამონადენია ცუდი სუნის მიზეზი.
- როგორ ხდება მსგავს შემთხვევებში დიაგნოსტიკა?
- საზოგადოდ ცხვირში უცხო სხეულის არსებობის დადგენა რთული არ არის. როცა პაციენტს აქვს უსიამოვნო სუნი ცხვირიდან, გამონადენი კი მხოლოდ ცალი ნესტოდან აღინიშნება, პირველ რიგში უცხო სხეულის არსებობას ვეჭვობთ. დიაგნოზს ადასტურებს პაციენტის გასინჯვა. უცხო სხეულის მოცილებისა და ანთების უკუგანვითარების შემდეგ სუნიც ქრება. მშობლებს ანალოგიურ შემთხვევებში უნდა ვურჩიოთ, არასოდეს ეცადონ უცხო სხეულის დამოუკიდებლად, ექიმის დახმარების გარეშე მოცილებას, რადგანაც შესაძლებელია ასეთი მცდელობა უცხო სხეულის ცხვირხახისაკენ გადანაცვლებითა და შედეგად ასპირაციით დამთავრდეს.
- გარდა აღნიშნული მდგომარეობისა, როდის შეიძლება ადამიანს ცხვირიდან უსიამოვნო სუნი აწუხებდეს?
- ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი ცხვირის ღრუში, ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ჩირქოვანი ანთება (მაგალითად ჰაიმორიტი). როდესაც ცხვირიდან ცუდი სუნის შესახებ ვსაუბრობთ, ცალკე უნდა გამოვყოთ ოზენა ანუ სურდო ცუდი სუნით. მას ახასიათებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის ატროფიული პროცესი. პროცესი შეუქცევადია, მისი მკურნალობა შეუძლებელია. სიმპტომურად ადგილობრივად იყენებენ ცხვირის ლორწოვანის დამატენიანებელ საშუალებებს. საბედნიეროდ, ეს დაავადება ჩვენს ქვეყანაში ძალიან იშვიათია.
- რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვის დაკარგვა?
- ყნოსვის არარსებობა ანუ ანოსმია და მისი დაქვეითება ანუ ჰიპოსმია შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. თანდაყოლილი ანოსმია ყნოსვის გზების განუვითარებლობის ან მათი არარსებობის, სახის ქალას ან ცხვირის განვითარების მანკების შედეგია. ხშირად ის განვითარების სხვა მანკებს ერწყმის. შეძენილი ანოსმია თავის მხრივ შეიძლება ცენტრალური (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული) ან ეგრეთ წოდებული პერიფერიული იყოს. სწორედ პერიფერიული ანოსმიაა საინტერესო ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების თვალსაზრისით. თავის მხრივ პერიფერიული ანოსმია დაკავშირებულია ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის პათოლოგიურ ცვლილებებთან, ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის - ყნოსვის რეცეპტორების დაზიანებასთან, ზოგჯერ კი ასაკოვან პირებში ვითარდება ან დროებით ხასიათს ატარებს.
- როდის არის ყნოსვის დაკარგვა დროებითი?
- ყნოსვის დროებითი დაკარგვა ხშირია გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ალერგიული რინიტების დროს. ამ შემთხვევებში პაციენტს მწვავე დაავადება აქვს, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის და ყნოსვაც აღდგება. ყნოსვის დროებითი დაკარგვა შეიძლება აღმოცენდეს ნევროზისა და ისტერიის დროსაც. ანოსმიის მსგავს შემთხვევებს ფუნქციურს უწოდებენ. ეს ტერმინი აღნიშნავს, რომ პაციენტს რაიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება არ აქვს.
- ცხვირის ღრუს რომელი დაავადებები იწვევს ანოსმიას?
- ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული ანუ რესპირატორული ანოსმია შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, ცხვირის პოლიპებმა, ადენოიდებმა, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიამ. აღნიშნულ დაავადებებს ანოსმიის განვითარების თვალსაზრისით ერთი საერთო მექანიზმი აქვთ. ყოველი მათგანის შემთხვევაში ჰაერი, რომელიც ცხვირის ჰაერგამტარ გზებში გაივლის და იმ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებმაც ყნოსვითი ანალიზატორის მიერ სუნის აღქმა უნდა განაპირობონ, ვერ აღწევს ცხვირის ღრუს იმ ნაწილს, სადაც ყნოსვის პერიფერიული რეცეპტორებია განლაგებული.
- ზემოთ ასაკოვან პირთა ანოსმია ახსენეთ. რა იწვევს მას?
- ხანში შესულთა ანოსმია ცხვირის ღრუს ლორწოვანის, მისი ჯირკვლოვანი ეპითელიუმის ატროფიისა და ამის გამო ცხვირის ღრუს ტენიანობის დაქვეითების შედეგია. ამ დროს ყნოსვის რეცეპტორები დაზიანებული არ არის.
- რა იწვევს ყნოსვის რეცეპტორების დაზიანებას და რისი ბრალია ამ შემთხვევებში ყნოსვის დაქვეითება?
- რეცეპტორი ნერვული დაბოლოებაა. ის ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიულ ნაწილს წარმოადგენს. ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის დაზიანებასთან დაკავშირებულ ანოსმიას სამედიცინო ტერმინოლოგიით ესენციურს უწოდებენ. ამ ტიპის ყნოსვის დაქვეითების მიზეზთა შორის უნდა აღვნიშნოთ ანთებითი პროცესი, რომელიც ხშირად ცხვირის ღრუში ვრცელდება და იმ ნაწილსაც მოიცავს, სადაც ყნოსვის რეცეპტორები მდებარეობენ. გარდა ამისა, ესენციური ანოსმიის მიზეზებია ყნოსვის ეპითელიუმის ატროფია ან ჰიპერტროფია, ცხვირხახის ღრუს ტრავმა, რაც თავის მხრივ შეიძლება იყოს ქირურგიული, საყოფაცხოვრებო ან ნებისმიერი სხვა გენეზის, ცხვირხახის თერმული ან ქიმიური დამწვრობა, ცხვირის ღრუში ხანგრძლივი ზეწოლა (მათ შორის პოლიპის გამო), ყნოსვის რეცეპტორის ტოქსიკური დაზიანება, მაგალითად ინფექციური დაავადების ან ინტოქსიკაციისას.